სომხეთის პრეზიდენტი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი გადადგა

სომხური ცარცის წრე?

 ლევონ ტერ-პეტროსიანის გადადგომამ კავკასიაში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა. დღემდე სომხეთი სტაბილურობას ინარჩუნებდა სახელმწიფოებრივად არამდგრადი მეზობლების - საქართველოს და აზერბაიჯანის ფონზე. მაგრამ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, სხვადასხვა ვექტორის მქონე «მსოფლიო ძალთა» შეჯახებამ, ბოლოს და ბოლოს, თავისი გაიტანა: ბალანსი დაირღვა, «სომხური სტაბილურობა» დაემხო; არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ერთი რამ უკვე შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას: მომხდარმა დაადასტურა, რამდენად ცდებოდნენ ისინი, ვინც ამტკიცებდა, თითქოს დასავლეთმა ერთხელ და სამუდამოდ აღიარა კავკასია (სამხრეთ კავკასია) რუსეთის გავლენის სფეროდ. აღმოჩნდა, რომ ეს ვითარება (თუ იგი მართლაც არსებობდა) განუხრელად იცვლება. «ნავთობის ფაქტორი» აიძულებს დასავლეთს, ჩაერთოს მისთვის ზოგადად საკმოად არასასურველ კონფრონტაციაში რუსეთთან იმ სივრცეშიც კი, რომელშიც მისი (დასავლეთის) პოზიციები, ობიექტური ისტორიული მიზეზების გამო, საკმოად სუსტია. ლევონ ტერ-პეტროსიანი, რა თქმა უნდა, აუტკივარ თავს არ აიტკივებდა - რომ არა მძლავრი ზეგავლენა «გარედან». იგი ხომ სომხეთის ისტორიაში უდავოდ დარჩებოდა, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სომეხ ხალხს ბოლო საუკუნეთა განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვებები მოუტანა.
    მაგრამ ტერ-პეტროსიანი იძულებული გახდა, საკუთარი ერის ნების წინააღმდეგ წასულიყო, ვინაიდან ხედავდა რა, პროცესების განვითარება იწყება კავკასიაში დასავლეთის ძალისხმევით. რადიო «თავისუფლების» კორესპონდენტთა ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლაუს კინკელმა ერევანში მასთან შეხვედრისას აშკარად, დაუფარავად განაცხადა: ჩვენ (ანუ დასავლეთი) არ დავუშვებთ, რომ ევროპულ პოლიტიკას სოფლის მასწავლებელი განსაზღვრავდეს. იგულისხმებოდა ყარაბაღი და მისი ლიდერები. არანაკლებ მტკიცე იყო სხვა ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. თვით ასეთი დაინტერესების მიზეზი ადვილად ასახსნელია: ერაყის კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლურ პოსტინდუსტრიულ ცივილიზაციას ენერგიის ალტერნატიული წყარო ესაჭიროება, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში ფანატიზმის ისეთი მარაგია - ადრე თუ გვიან ამ რეგიონს უეჭველად ააფეთქებს. კასპიის აუზი ენერგიის წყარო შეიძლება იყოს დაახლოებით 50-60 წლის განმავლობაში. სომხეთი აქ «ხელისშემშლელი ფაქტორი» ხდება, ვინაიდან იგი არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანის გაძლიერებით. მაშასადამე, ნავთობის ტრანსპორტირების თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც ყველანაირად შეუშლის ხელს, მაგრამ თუ დღემდე, რუსეთის ფარული მხარდაჭერით, სომხები «განსაცვიფრებელ გამარჯვებებს» აღწევდნენ ყარაბაღის ფრონტებზე, ხვალ ვითარება შეიძლებოდა შეცვლილიყო, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთსაც აქვს ზემოქმედების შესაბამისი ბერკეტები, ხოლო აზერბაიჯანის პოზიციები პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით დღითი დღე ძლიერდებოდა. ტერ-პეტროსიანს დათმობა არ სურდა, მაგრამ გარისკვის შეეშინდა. მისი მოწინააღმდეგენი კი მზად არიან, გარისკონ.
    ჩვენთვის, უპირველესად, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარება; მართალია, სომხეთის ახალი ლიდერები აცხადებენ, რომ «ამ მხრივ არაფერი შეიცვლება», მაგრამ ეს განცხადებები ნაკლებად სარწმუნოა. ჯერ ერთი, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესები სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. აზერბაიჯანის წინააღმდეგ გალაშქრება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესთა შელახვასაც ნიშნავს, რადგან აზერბაიჯანის გარეშე ჩვენი ქვეყანა არათუ «ევრაზიის ხიდად», არამედ გეოპოლიტიკურ ჩიხად იქცევა. გარდა ამისა, ნამდვილად შემაშფოთებელია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, რობერტ კოჩარიანის პირველივე ბრძანებულება, რომლითაც მან ტერ-პეტროსიანის მიერ ადრე აკრძალული «დაშნაკების» პარტიის ლეგალიზება მოახდინა. ეს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ საქართველოს აშკარა გამოწვევაა. «დაშნაკები» უკიდურესი ნაციონალისტები არიან. მათი პრეტენზიები ჯავახეთზეც ვრცელდება.
    კოჩარიან-სირადეგიან-სარქისიანის ტრიუმვირატი უახლოეს მომავალში უეჭველად შეეცდება, რუსეთზე დაყრდნობით აღკვეთოს კავკასიაში დასავლეთის ეკონომიკური, ხოლო შემდეგ პოლიტიკური «შემოსვლა». ამრიგად, სომხური პოლიტიკის არეალი, რომელიც 1992 წელს საოცრად ფართო იყო (ტერ-პეტროსიანის ბრძანებულებით, საგარეო საქმეთა მინისტრად იმ დროს ამერიკის მოქალაქე - ამერიკელი სომეხი დაინიშნა, რომელმაც რუსული არ იცოდა) - ამჟამად ეს არეალი დავიწროვდა და მკვეთრად გამოხატული «ჩრდილოური ვექტორის» სახე მიიღო.
    თუმცა, ამ სტრიქონების ავტორს ეჩვენება, რომ სომხებს მაინც მოუვიდათ შეცდომა: ლევონ ტერ-პეტროსიანი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც თავისი ქვეყანა ნამდვილად, გულწრფელად უყვარდა; რაკი მან კომპრომისი აუცილებლად მიიჩნია, მაშასადამე, ის კომპრომისი მართლაც გარდაუვალი იყო ობიექტური მიზეზების გამო. მისი მოწინააღმდეგენიც პატრიოტები არიან, მაგრამ კომპრომისს დაუშვებლად მიიჩნევენ. კაცობრიობის ისტორიამ კი დაადასტურა, რომ ასეთი დაპირისპირებისას თითქმის ყოველთვის «რადიკალი» ტყუის - იგი მრავალტანჯული ერის განწყობით თამაშობს და პოლიტიკის მრისხანე კანონებს არ ითვალისწინებს. ამრიგად, დაპირისპირებაში სომხეთმა ნებისმიერი თვალსაზრისით წააგო სახელმწიფოებრივად. ტერ-პეტროსიანმა, ბრეხტის ცნობილი მეტაფორის შესაბამისად, საყვარელი შვილის «შუაზე გახლეჩას» (სამოქალაქო ომის წამოწყებას) დათმობა და არენიდან წასვლა არჩია. საქართველომ კი შექმნილ ვითარებაში ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა მის ხელთ არსებული კოზირები არ დაკარგოს, ან უსარგებლოდ არ გამოიყენოს.
   

აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის - ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე
   

    31 იანვარს ამოიწურა აფხაზეთში დისლოცირებული რუსი «მშვიდობისმყოფლების» მანდატის მორიგი ვადა. თბილისში თითქმის არავის ეპარება ეჭვი (მით უმეტეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების შემდეგ), რომ დსთ-ის მარტის მომავალ სამიტზე მოსკოვში ვადა გაგრძელდება და რუსული სამშვიდობო კონტინგენტი 1998 წლის 31 ივლისამდე მიიღებს მოქმედების მანდატს.
    თუმცა, ვითარება შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის ზონაში რაიმე ექსტრაორდინარული მოხდა, ან რუსეთმა ფაქტობრივად გააუქმა არძინბას რეჟიმის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები.
    რაც ყველაზე საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებას უკვე წინასწარ შეეგუა თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში, თვით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ორგანიზაციათა უმრავლესობის ჩათვლით - აღარაფერს ვამბობ არასაპარლამენტო ან საპარლამენტო პარტიებზე.
    ხელისუფლებამ მიაღწია იმგვარი ვითარების შექმნას, როცა სტაბილურობის შენარჩუნებით პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობაა დაინტერესებული. ამდენად, საეჭვოა მანდატის ვადის გაგრძელებამ რაიმე ექსცესი, ან თუნდაც დაძაბულობა გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
    თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატთან დაკავშირებული პროცესები ჩვენთვის საკმაოდ არასასიამოვნო რეალობას ქმნის. საქმე ის არის, რომ «მოსკოვური პროპაგანდა» ოსტატურად იყენებს მანდატის, ანუ იურიდიული საფუძვლის გარეშე რუსული კონტინგენტის ენგურის აუზში ყოფნის ფაქტს. იქმნება პრეცედენტი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისა, ფაქტობრივად, იმ ქვეყნის თანხმობის გარეშე, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება სამხედრო აქცია. სწორედ ამიტომ უსვამენ ხაზს რუსი ტელეკომენტატორები: მანდატის ვადა ამოიწურა, მაგრამ რუსი «ცისფერჩაფხუტიანები» მაინც არ ტოვებენო კონფლიქტის ზონას. თანაც, არასდროს აღნიშნავენ, რომ საქართველო არ მოითხოვს ჯარების გაყვანას.
    აქვთ მაგალითი, როდესაც შარშან ზაფხულში მანდატის მორიგი ვადა ამოიწურა, საქართველომ არ დაადასტურა ვადის გაგრძელება, მაგრამ არც სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა მოუთხოვია;
    რა თქმა უნდა, ამ დროს მიზანმიმართულად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი საქართველოს აზრს უგულებელყოფს, რაც სინამდვილეს, ფორმალური თვალსაზრისით არ შეესაბამება, მაგრამ ამ მომენტის ხაზგასმა ძალზე წამგებიან განწყობას ქმნის.
    თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის გარდაუვალი საფასური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დესტაბილიზაცია საქართველოში ყველა პოლიტიკური პროცესის ჩაშლას გამოიწვევს უდავოდ, რაც ნამდვილად არასასურველია.
    31 ივლისამდე რუსული სამხედრო კონტინგენტისათვის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს პოლიტიკური დემარშებისა და კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართულ ყველა სუბიექტზე ზეგავლენის შეწყვეტას. შევარდნაძემ არაერთგზის განაცხადა: «ვწუხვარ, რომ კიშინიოვის სამიტის გადაწყვეტილებები ჯერაც არ არის ხელმოწერილი»; გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის გაუგებარია, მაგრამ სპეციალისტებმა იციან: ეს არის აშკარა საყვედური რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ბორის ელცინმა, ყველას კარგად გვახსოვს, თითქოსდა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს პოზიციას აფხაზეთის საკითხში დსთ-ს კიშინიოვის უმაღლესი დონის შეხვედრაზე და საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევგენი პრიმაკოვიც ლაზათიანად გამოლანძღა საჯაროდ.
    მაგრამ ეს თურმე კარგად დადგმული სპექტაკლი ყოფილა, ან, ყოველ შემთხვევაში, ელცინს ბრაზმა გადაუარა და პრიმაკოვს დაუჯერა. ოფიციალური თბილისის წინადადებათა მიღება რუსეთისთვის მართლაც გარკვეული რისკის შემცველია, ვინაიდან მათი განხორციელება შეუძლებელია აფხაზებთან და ჩრდილოკავკასიელებთან სერიოზული დაპირისპირების გარეშე, რაც ელცინის ადმინისტრაციას სულაც არ ეპიტნავება. არც არაფერში სჭირდება, ვინაიდან, ჯერჯერობით (ხაზს ვუსვამ: ჯერჯერობით) საქართველოს ხელთ არსებული კოზირები რუსეთისას «ვერ ჭრის» და ვერ აიძულებს მას, გარისკოს, ოღონდ კი ჩვენი ქვეყნის ლოიალობა საეჭვო არ გახდეს.
    რაც შეეხება სეპარატისტულ რეჟიმს აფხაზეთში, არძინბამ ბოლო დროს ეკონომიკური ბლოკადის გასარღვევად ახალ ტაქტიკას მიმართა. იგი ცდილობს, უშუალო კონტაქტი დაამყაროს მოსაზღვრე კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციასთან და ხელშეკრულებებიც კი გააფორმოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. კრასნოდარის გუბერნატორი კონდრატენკო კომუნისტია, ამდენად, მოსკოვს ეძლევა საშუალება, სამყაროსავით ძველ ხერხს მიმართოს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და «უმართავ ადგილობრივ თავადს» დააბრალოს ქმედება, რომელიც თითქოსდა არ არის სანქცირებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
    ვლადისლავ არძინბა კვლავ დიდი ოსტატობით იყენებს რეალურ თუ წარმოსახვით წინააღმდეგობებს რუსულ ისტებლიშმენტში. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოც უეჭველად უნდა გახდეს «იძულებული» მიიღოს ადეკვატური ზომები. კერძოდ, ჩეჩნეთთან დაამყაროს ურთიერთობა მოსაზღვრე ახმეტის რაიონის მეშვეობით. ჩვენი ქვეყნისთვის სირთულე აქ უეჭველად ის იქნება, რომ რაიონის გამგებელი (კრასნოდარის გუბერნატორისაგან განსხვავებით) ჯერჯერობით ცენტრიდან ინიშნება, მაგრამ საკრებულოთა არჩევნების შემდეგ გარკვეული მანევრირების საშუალება მაინც შეიქმნება.
    მთავარია იყოს პოლიტიკური ნება და თვით რუსეთის მიერ შექმნილი პრეცედენტი, ხოლო აფხაზეთის პრობლემა (ეს უნდა ვაღიაროთ) ამჟამად ჩიხში იმყოფება. ამან არ უნდა შეგვაშინოს. ნებისმიერი ჩიხის განგრევა შეიძლება ჭკვიანური, მიზანსწრაფული და ძალთა კონსოლიდაციაზე აგებული პოლიტიკის შედეგად.
    სომხეთის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სეპარატიზმის გარშემო პოლიტიკური ვითარების მდგრადობა მოჩვენებითია. მიზანმიმართული ძალისხმევა (პრობლემის «სუსტ წერტილთა» გათვალისწინებით), ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მთავარია, გვქონდეს მოთმინება, რაკი არ გვეყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნება და ელემენტარული შნო - გვეომა ისე, როგორც საჭირო იყო დღევანდელი დამამცირებელი ვითარების თავიდან ასაცილებლად.
   

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი ახალ სიურპრიზებს გვპირდება
   

    პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ბრძანებულებას კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი კომისიის შექმნის თაობაზე, ოღონდ, ამჯერად საუბარია «საპრეზიდენტო კომისიაზე», ანუ ედუარდ შევარდნაძე (სხვათა შორის, პირველად ბოლო წლების განმავლობაში) თავად კისრულობს პასუხისმგებლობას.
    დღემდე უამრავი ასეთი კომისია შექმნილა, მაგრამ გარდატეხა პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით მაინც ვერ მოხერხდა. თუ პრეზიდენტი თავად წარმართავს მორიგ «შეტევას», მაშასადამე, რაღაც მომწიფდა პრობლემაში და დაყოვნებაც შეუძლებელია. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, კომისიის «პირადი შემადგენლობის» დასაკომპლექტებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებში, არც ისე ადვილი იქნება 30-40 ადამიანის გამოძებნა, რომლებიც ერთად შექმნიან საზოგადოებრივი პატივისცემითა და ნდობით აღჭურვილ არეოპაგს. შესაძლოა, ეს არც იყო საბოლოო მიზანი, ხოლო ავტორიტეტის მოპოვებას კომისია კონკრეტული საქმეებით, ანუ კონკრეტულ დამნაშავეთა მხილებით გეგმავდეს.
    მაშასადამე, საქართველოში ნამდვილად დიდი ამბებია მოსალოდნელი. თუ პირადად ედუარდ შევარდნაძემ მოჰკიდა პრობლემას ხელი - ეს უკვე მის პრესტიჟად იქცევა. ამდენად, უმჭიდროესად დაუკავშირდება მოახლოებული არჩევნების თემას. აქ კი შეცდომა «ქულათა» სერიოზული რაოდენობის დაკარგვის ტოლფასია. არის კიდევ ერთი ნიუანსი: საზოგადოებრივი განწყობა უკვე ისეთია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აღიქმება არა «კომუნისტური რეპრესიის გამოვლენად», არამედ სახელმწიფოებრივი მექანიზმის ამ სენისგან გაწმენდის საშუალებად; თუმცა საეჭვოა, საბოლოოდ «წმენდამ» შედეგი გამოიღოს და კორუფცია აღმოიფხვრას - იგი გაცილებით მყარ და ღრმად ჩაზრდილ სოციალურ თუ ეთნოფსიქოლოგიურ ინსტიტუტებს ემყარება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
    არც ის არის გამორიცხული, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ 1995 წლიდან (როდესაც შეიქმნა 1991-1995 წლებში მთავრობის მიერ გამოცემულ ბრძანებულებათა კანონიერების დადგენის კომისია), პრეზიდენტი შესაბამისი ვითარების მომწიფებას ელოდებოდა. ოღონდ, კომისიის მუშაობაზე დრო და დრო აპელირებით შეახსენებდა ხოლმე საზოგადოებას, რომ «მთავარი მოთამაშე» ჯერ კიდევ არ ჩართულა თამაშში.
    ანუ, უეჭველად მოუწევთ მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა თურქმენეთთან ცნობილი «ბარტერული» ოპერაციის» ავტორებს, რის შემდეგაც საქართველოს 450 მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა. არის ზოგიერთი სხვა «მსხვილი საქმეც», თუმცა ამჯერად, ძირითადი სამიზნე მაინც უკანონო ლობირების, ანუ ეგრეთ წოდებული «კრიშების» პრაქტიკა იქნება.
    ჩვენში ხშირად ძალიან გამარტივებულად ესმით კორუფციის პრობლემა. არადა, თითქმის არ არის შემთხვევა (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა), როდესაც თანამდებობის პირი ქრთამს იღებს აშკარა უკანონობისთვის. კორუფცია ამ თვალსაზრისით მარგინალური ქმედებაა - იგი ყვავის უკანონობისა და კანონიერების ზღვარზე. სწორედ ამიტომაა ძნელი მის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამდებობის პირი ქრთამს იღებს არა იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენის უფლება კანონით არა აქვს, არამედ ისეთი ქმედებისთვის, რაც სავსებით კანონიერია, მაგრამ შეიძლება არც გააკეთოს. ვთქვათ, შეუძლია გასცეს კრედიტი, მაგრამ შეუძლია არც გასცეს; შეუძლია მიაკუთვნოს ესა თუ ის ექსკლუზიური უფლება ამა თუ იმ სუბიექტს; მაგრამ შეუძლია სხვასაც მიაკუთვნოს; ერთი სიტყვით, ჩვენს სინამდვილეში, რაც უფრო ფართოა ჩინოვნიკის (მინისტრის, სახელმწიფო მოხელის) თავისუფალი არჩევანის დიაპაზონი, მით უფრო იზრდება ქრთამის აღების ალბათობა.
    სწორედ ასეთ სისტემაშია შესაძლებელი იმგვარი აბსურდი, როდესაც კომერციული კრედიტის ამღებიც კი ვალდებულია, ქრთამი «მოტეხოს» (ე.წ. «ოტკატი»), თუ არადა, ვერაფერს მიიღებს. პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისია, ჩემი აზრით, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ როგორმე მიაგნებს რაიმე საშუალებას კანონიერებისა და უკანონობის ზღურბლზე ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად - რაც ძალიან ძნელია.
    პარადოქსია, მაგრამ როცა ჩვენში ამბობენ: თითოეული მინისტრი თავის სფეროში გადამწყვეტი სიტყვის უფლებით უნდა სარგებლობდესო - ეს თითქოს დემოკრატიის, ძალაუფლების დეცენტრალიზაციის გამოვლენაა; ოღონდ, მეორე მხრივ, ნიშნავს ზემოხსენებული «თავისუფალი არჩევანის» დიაპაზონის გაფართოებას, - შესაბამისი შედეგით კორუფციის დონის თვალსაზრისით.
    თუ ახალი კომისია აპირებს სწორედ ამ პრობლემას (ანუ მიზეზს და არა შედეგს) ებრძოლოს, მაშინ ეს ქართული სახელმწიფოებრივი კონცეფციის ახალი მოდელის შემმუშავებელი კომისია ყოფილა.
   

საქართველოს მთა მაშველს ელის
   

    ათწლიანი შესვენების შემდეგ შეიქმნა რეალური შესაძლებლობა, რათა აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დედაქალაქსა და საქართველოს მთის რეგიონებს შორის. იგულისხმება, პირველ ყოვლისა, თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი და კოდორის ხეობა.
    ქართული მთიანეთი ბოლო წლებში დღენიადაგ იცლებოდა მოსახლეობისაგან. ამის ძირითადი მიზეზი იყო უტრანსპორტობა. ეს განსაკუთრებით ეხება კოდორის ხეობას და თუშეთს, საიდანაც ზამთრის პერიოდში ავადმყოფის გადმოყვანაც კი ყოვლად შეუძლებელია. პარლამენტის მიერ 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო 250 ათასი ლარი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამი ვერტმფრენის შეკეთება და კომერციული ფირმა «აისის» ამოქმედება.
    კოდორის ხეობაში უკვე ხუთი რეისი შესრულდა. ერთი ვერტმფრენი უამინდობის გამო დღესაც იქაა ჩარჩენილი. ამიერიდან, კვირაში სულ ცოტა ერთხელ იფრენს ვერტმფრენი თბილისი-ალვანი-ომალო-დიკლოს, აგრეთვე, ალვანი-ბარისახოს მიმართულებითაც. ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს ლამის ფუფუნებად მიაჩნდათ - ასეც ამბობდნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, რომელმაც თავად გაიარა მარშრუტი პირველი რეისით.
    ომალოს და თუშეთის სხვა სოფლებში სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის, - ლეკები ადგილობრივ მოსახლეობას ნელ-ნელა ავიწროვებენ, ანუ ნელ-ნელა «მოჩოჩავენ» საქართველოს ტერიტორიაზე, იკავებენ ქართულ სოფლებს, ხსნიან სკოლებს, ამრავლებენ პირუტყვს, თავადაც მრავლდებიან და ასე შემდეგ. ზოგიერთი თუში სირცხვილით არ ამხელს, მაგრამ ზოგჯერ იძულებულია, ავტომატით შეიარაღებული დაუპატიჟებელი სტუმარი თვეობით შეინახოს. მატერიალურად ადგილობრივებს არაფერი უჭირთ, მაგრამ უსაფრთხოება უფრო ძვირია და საამისოდ ჯერ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება.
    ისიც გასარკვევია, საერთოდ, როგორ ვაპირებთ მომავალში რუსეთთან კავკასიონზე თითქმის ათასკილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთის დაცვას 3-4 სასაზღვრო საგუშაგოს მეშვეობით? ექნება თუ არა სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, ააგოს ნორმალური, თუნდაც მინიმალურად აუცილებელი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა - ოღონდ ყველა აუცილებელი ატრიბუტით: სასაზღვრო ზოლით, დამცავი ნაგებობებით, დანაღმული ველებით, მჩხვლეტავი ჯებირებით და ასე შემდეგ.
    მესაზღვრეები ცხენებს მოითხოვენ, რათა ძნელად მისასვლელი უბნების კონტროლის საშუალება ჰქონდეთ; «მეორე მხარეს» ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარი უკვე, ფაქტობრივად, სახელმწიფო საზღვარს ჰგავს. სამაგიეროდ, საქართველოს საზღვარზე «ჩვენი ძველი მეგობრები» რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურიდან იმავეს არ აკეთებენ. მიზეზი გასაგებია: ამ მიმართულებით მოსახლეობის თავისუფალი მიმოსვლა მათთვის ხელსაყრელიცაა.
    მოსახლეობა ემადლიერება კავშირგაბმულობის სამინისტროს - თბილისთან მუდმივი სატელიტური სატელეფონო კავშირი აქვთ, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სატელიტის მეშვეობით ტრანსლირებისას კი არა მხოლოდ თუშეთში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი გახდება ტელევიზიის გადაცემათა მიღება - სარელეო ხაზის გარეშე, რომელიც დიდი ხნის წინათ გამოვიდა მწყობრიდან.
    უდიდესი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკა, - ერთნახევარი მეგავატის სიმძლავრის ქარის ან ჰიდროელექტროსადგური მთელ თუშეთს ეყოფოდა, მაგრამ მილიონნახევარი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
    ზურაბ ჟვანია თუშებს დაპირდა, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს კანონს «მთის შესახებ», რომელშიც ჩამოყალიბდება მოსახლეობისათვის შეღავათების სისტემა.
    კანონი გაითვალისწინებს დანამატებს ხელფასზე, პენსიაზე, შეღავათებს სასკოლო გადასახადებში და ასე შემდეგ. ამას სახელმწიფო ვერ გაექცევა - ნებისმიერ ქვეყანაში არის რეგიონები, რომელთაც განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნათ; თუ არადა, თუ მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპი იმოქმედებს, - ქართული მთა საბოლოოდ დაიცლება.

დილის გაზეთი, 9 თებერვალი, 1998 წ.