«სისხლის ჯგუფი»

«სისხლის ჯგუფი»

  

    თუ რაიმეს შეუძლია დღეს (თებერვლის შემდეგ) შეარყიოს შევარდნაძის პოზიციები და ეჭვქვეშ დააყენოს მის გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ესაა საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების გაძლიერება, რომლებიც დაკავშირებულია ედუარდ შევარდნაძის ოჯახურ გარემოსთან, მის ნათესაობასთან ანუ ე.წ. «კლანურობის» თაობაზე ჩამოყალიბებულ შეხედულებებთან
    ორი-სამი წლის წინ ამგვარი რამ წარმოუდგენლად ითვლებოდა. ყველაფერს აბრალებდნენ ედუარდ შევარდნაძეს: რუსეთის აგენტობას, აფხაზეთის «გაყიდვას», ქვეყნის დაქცევას და ა.შ. მაგრამ არც ერთ, თუნდაც ყველაზე რადიკალურად და შეურიგებლად განწყობილ ოპოზიციონერს არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ედუარდ შევარდნაძის პირადი მოუსყიდველობა, არაკორუმპირებულობა.
    “კლანურობის„ მოტივი მხოლოდ ერთი-ორი წლის წინ გაჩნდა. ჯერ ფრთხილი სიმპტომის სახით, შემდეგ თანდათან გაძლიერდა - მოგონილი თუ რეალური ფაქტებით შეივსო, დომინანტური მნიშვნელობაც კი შეიძინა.
    დღეს უკვე აშკარად ლაპარაკობენ: ნუგზარ შევარდნაძემ 16-სართულიანი სახლი იყიდა ორთაჭალაში, «ქიმკომბინატი» კაპიკებად (თეთრებად) შეისყიდა, ჯოხთაბერიძე საკომუნიკაციო ბაზარს აკონტროლებს, ფართოვდება - მდიდრდება... ეკონომიკას იპყრობს და ა.შ.
    უმრავლეს შემთხვევაში ამ ხმებს საფუძველი ნამდვილად გააჩნია. ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის უკეთესობისაკენ და უეჭველად ცდილობს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს მიზნის მისაღწევად.
    პრეზიდენტი, როგორც ჩანს, თავადაც ხედავს და აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც უკვე რეალურად არსებობს. ამიტომაც იმეორებს სულ უფრო ხშირად: «მე ბიზნესის კეთებას ვერავის დავუშლი... მხოლოდ კანონის ფარგლებში... ვინც უნდა იყოს» და ა.შ.
    მაგრამ ასეთი განცხადებებით საქმეს ვერ შველის... ნეგატიური სტერეოტიპი სულ უფრო ძლიერდება; ამგვარი სტერეოტიპის (ზოგიერთი მას «კონცენტრირებულ სტერეოტიპს» უწოდებს) თვისებაა: თუ ერთხელ ჩამოყალიბდა, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური არგუმენტის ფუნქცია შეიძინა, შემდეგ მისი დაშლა უკვე ძალზე ძნელი ხდება.
    იწყება ჩვეულებრივი სახელისუფლებო თამაშიც. ის თანამდებობის პირები, რომელთაც ევალებათ კანონის დაცვა, «პრინციპულ პოზიციას» არ იკავებენ. უმრავლეს შემთხვევაში, რასაკვირველია, მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუმცა საზოგადოებას თავს ისე აჩვენებენ, თითქოს «სხვა გზა არა აქვთ». მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. პრეზიდენტი კი ერთობ საჩოთირო მდგომარეობაში ვარდება: ერთი მხრივ, სტერეოტიპის დასაშლელად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შესაბამისი «ანტისტერეოტიპების» შექმნა, მეორე მხრივ, საზოგადოებაში შეიძლება დაიწყოს მუსირება ახალი სტერეოტიპისა: საკუთარი «ღვიძლი» არ დაინდო... და ა.შ.
    მიუხედავად ამისა, სხვა გამოსავალი აღარ არის. რაკი ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თავად ვერ ხვდება და აინუშშიც არ აგდებს იმ ფაქტს, რომ უხერხულ (რბილად ნათქვამია - ავტ) მდგომარეობაში აყენებს პრეზიდენტს და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე ასუსტებს მის პოზიციებს, პრეზიდენტიც იძულებული გახდება, საპასუხო ზომები მიიღოს.
    ნეგატიური სტერეოტიპი სულ უფრო ძლიერდება, იგი უკვე რუსულმა მასმედიამაც აიტაცა; ამიტომ შევარდნაძემ უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს გარკვეული ზომები და  ისეთი ვითარებაც კი შექმნას, რომ «შევარდნაძის ნათესავობა» ნორმალური ბიზნესის წარმოებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორადა იქცევა - ამისათვის საკმარისია განახორციელოს «მცირე რეპრესია» გარკვეული თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა მოქმედებაში არაობიექტურობა შეინიშნება.
    ეს ერთგვარად ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ «შევარდნაძეების კლანმა შეჭამა საქართველო».

მერიდიანი, 13 მარტი, 1998 წ.