საქართველოს ფედერალიზაცია

საქართველოს ფედერალიზაცია

 გუშინწინდელ დღეს მთელი საქართველო დაძაბული იყო. საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი ფსიქოლოგიური ფონი შექმნეს, რომ თითქოს პარლამენტში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო - ლამის საბოლოოდ გადაწყვეტილიყო და გარკვეულიყო ქვეყნის ბედი.
    თუმცა, იმთავითვე ნათელი იყო: პარლამენტი ვერც ერთ სტრატეგიულ პრობლემას ვერ გადაწყვეტდა და დრო უქმად გაიფლანგებოდა ყოვლად უსაგნო დისკუსიაში. ეს დისკუსია სწორედ «უსაგნო» გამოდგა, რადგან აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა, ბოლოს და ბოლოს, რა სურდა ოპოზიციას.
    რამდენადაც მახსოვს, სამშაბათის სხდომაზე კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარემ, თემურ ჟორჟოლიანმა სახელმწიფოს მეთაურს მრავალ მომაკვდინებელ ცოდვაში დასდო ბრალი. მათ შორის: ქვეყნის კრიმინალიზაციაში, ტერიტორიების დაკარგვაში, საკუთარი პერსონის წარმოჩინებისათვის ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფაში, ეროვნული ცნობიერების გახლეჩაში და ა.შ. ჟორჟოლიანმა უვადო შიმშილობაც კი გამოაცხადა. მაგრამ ხუთშაბათის სხდომაზე მანვე შექმნა ტრაგიკომიკური სიტუაცია - პარლამენტისადმი გამოგზავნილ მის წერილში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ მას (ჟორჟოლიანს) არ სურს დესტაბილიზაცია და არც ის, რომ ხელი შეუშალოს სახელმწიფოს მეთაურს, რათა ამ უკანასკნელმა „საქართველო ღირსეულად წარმოაჩინოს გაეროში“. იმის კითხვა: თუ შევარდნაძე, ჯერ კიდევ გუშინწინ, ჩვენი ყველა უბედურების მთავარ წყაროდ (ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელ პირად) მიგაჩნდა, მაშინ დღეს როგორღა ენდობი, რომ გაეროში საქართველოს ინტერესების დაცვას სთხოვ?
    ჟორჟოლიანთან დაკავშირებულ ინციდენტს სხვა უცნაურობაც ახლდა თან: უმრავლესობის ბევრმა წარმომადგენელმა მას თითქოს «დაამადლა» ის გარემოება, რომ მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის წარდგინებას, - კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერისათვის სადეპუტატო უფლებამოსილებათა ჩამორთმევის თაობაზე. იგულისხმებოდა: «ჩვენ შენი თავი არ დავაჭერინეთ და შენ კი არ დაგვიფასე». გაუგებარია, რით ხელმძღვანელობდნენ ეს დეპუტატები ხმის მიცემის დროს - კანონიერებით თუ კორპორაციული სულისკვეთებით? დამნაშავე უნდა დაისაჯოს. თუ დეპუტატებს ჟორჟოლიანი დამნაშავედ მიაჩნდათ, მაგრამ «ძმაბიჭობით», ან სხვა რაიმე მოსაზრებით მხარი დაუჭირეს - ძალიან უზნეოდ მოქცეულან და მათი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად არ არის.
    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად გაუმართლებელი, არაადეკვატური და ერთგვარად უპასუხისმგებლოც კი იყო სახელმწიფოს მეთაურის რეაქცია ამ ჩვეულებრივ (ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის ჩვეულებრივ) დემარშზე.
    სახელმწიფოს მეთაურს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ არა აქვს უფლება ხუთგზის განაცხადოს ამის შესახებ და არც ერთხელ არ გადადგეს რეალურად. სახელმწიფოს მეთაურის აღუსრულებელ განცხადებებს გადადგომის შესახებ, მის თითქმის ყოველდღიურ ჭმუნვას, რომ იგი «გადადგომაზე ოცნებობს და ათი ათას მადლობას ეტყვის პარლამენტს, თუკი ეს საკითხი გადაწყდება» - საშინლად დამანგრეველი შედეგი მოაქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის; აღარაფერს ვამბობ ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზე. ლიდერი უპირველესად პასუხისმგებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცვასა და განმტკიცებაზე. «გადადგომის» თემის განუწყვეტელი მუსირება (თვით ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან) იწვევს ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციას, მათ დასუსტებასა და დეზორგანიზაციას. გარდა ამისა, ასეთი არაადეკვატური რეაქცია ბადებს ეჭვს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ საბაბია, რეალური მიზეზი კი სხვაგან ძევს.
   

    აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ამჟამად მართლაც «წკიპზე მივიდა». ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადადგამს გარკვეულ ნაბიჯს რუსეთის მიმართ. უფრო სწორად, წავა იმ კომპრომისზე, რომელსაც რუსეთი მისგან მოელის.
    საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იძულებულია, პროცესები დააჩქაროს, რადგან საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი დასავლეთში თანდათანობით იხრება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ინტეგრაციული პროცესების საწინააღმდეგოდ. ამ ვითარებაში რუსეთი საკმაოდ მკაფიო მოთხოვნებს უყენებს იმ «რესპუბლიკებს» რომელთა შიდაპოლიტიკური ვითარების მართვისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ყველა ბერკეტი, მიზეზთა და მიზეზთა გამო, მან უკვე იგდო ხელთ.
    საქართველოს მიმართ ეს მოთხოვნები უკვე საკმაოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული:
    1. საქართველოს ფედერალიზაცია (ყოფილ ავტონომიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობათა გაფორმებით)
    2. რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემა;
    3. შემდგომი ინტეგრაცია СНГ-ს სივრცეში და ამ პროცესის გაღრმავებისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმების ჩადება საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტში, რომელიც ამჟამად მუშავდება.

    სახელმწიფოს მეთაური, როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აფხაზეთის დაბრუნებისთვის ასეთ კომპრომისზე წასვლა ყოვლად აუცილებელია, მაგრამ იგი ვერ გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას მოსალოდნელი დესტაბილიზაციისა და ოპოზიციის გამძვინვარების შიშით.
    თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ხელოვნურად შექმნილი სახელისუფლებო კრიზისით ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ძალთა შემოწმებას ცდილობდეს და ემზადებოდეს საბოლოო, გადამწყვეტი შეჯახებისათვის.
    თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ უნდა ვაღიაროთ: განვლილმა სხდომამ ხელისუფლება ნამდვილად უნდა დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში. ამ სხდომაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უმწეობა, - რეალური ზეგავლენა მოახდინოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებაზე. თანაც, არა მხოლოდ მცირე რიცხოვნობის გამო, არამედ იმის შედეგადაც, რომ  დეზორიენტირებული და დაბნეულია.
    ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციონერთა პრეტენზიები სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ სფეროში. СНГ-ში შესვლის შემდეგ საქართველო თითქოსდა ერთმნიშვნელოვნად დაადგა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზას. და თუ ასეა, მაშინ რატომ აკვირვებთ ზოგიერთებს შევარდნაძის მცდელობა, სწორედ რუსეთის მეშვეობით, რუსეთზე დაყრდნობით და რუსეთთან კომპრომისით მოაგვაროს საქართველოსათვის ყველა სტრატეგიული პრობლემა?
    რასაკვირველია, ამ დათმობების გარეშე რუსეთი არაფერში დაგეხმარება, მაგრამ კატეგორიულად მცდარია აზრი, თითქოს რუსეთი არ დაეხმარება საქართველოს იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი ზემოთჩამოთვლილ დათმობებზე წავა. საქართველო ხომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის ერთადერთი პრობლემა არ არის თავისი საზღვრების მთელ პერიმეტრზე. მას კიდევ მრავალი ასეთი «ურჩი» მეზობელი ჰყავს, რომელთა დაშოშმინებასაც იგი ამავე მეთოდებით ცდილობს და თუ მეთოდი «არ იმუშავებს» საქართველოში, - იგი არ იმუშავებს არც მოლდოვაში, არც აზერბაიჯანში და არც იმ მომავალი კონფლიქტების კერებში, რომელიც ჯერ კიდევ იგეგმება ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ამჟამინდელი СНГ-ს ტერიტორიაზე.
    ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რამდენად «მოლბა» რუსეთი საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა რიგ სტრატეგიულ დათმობებზე წავიდა. რუსეთი საქართველოსაგან მოითხოვს (ან, თუ გნებავთ სთავაზობს მას) არა მხოლოდ ეკონომიკის აქციონირებას, არამედ «სუვერენიტეტის აქციონირებასაც».
    რამდენადაც აბსოლუტურად რეალურია, საქართველომ მოახდინოს, მაგალითად, ენერგეტიკული ობიექტების აქციონირება (საკონტროლო პაკეტის რუსეთისათვის გადაცემით) და სანაცვლოდ მართლაც მიიღოს ენერგომატარებლების საჭირო რაოდენობა - ამ დარგში მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესებით - ამდენადვე რეალურია ის, რომ თუ საქართველო დათანხმდება სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი წილის რუსეთისათვის გადაცემას, რუსეთი მართლაც მოეხმარება მას გადაწყვიტოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამდენიმე პრობლემა. მაგალითად: თუნდაც ნაწილობრივ დააბრუნოს ლტოლვილები აფხაზეთში და (ასევე ნაწილობრივ) აღადგინოს ამ ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქცია.
    რა თქმა უნდა, კრემლის «პატიოსნებისა» იოტისოდენად არ მჯერა. თუ იგი შეასრულებს თავის პირობებს, შეასრულებს არა თანდაყოლილი კეთილშობილების გამო, არამედ იმიტომ (ვიმეორებ), რომ ეს იქნება პრეცედენტი სხვებისათვის.
    აი, სწორედ ამ საკითხებზე უნდა იმსჯელოს დღეს საქართველოს პარლამენტმა და არა იმის თაობაზე, უნდა გადადგეს თუ არ უნდა გადადგეს სახელმწიფოს მეთაური, უნდა შეუმცირდეს მას უფლებამოსილება თუ პირიქით - უნდა დაემატოს.
    ყოველივე ამის გათვალისწინებით, გუშინწინდელი დებატები სრულიად უსაგნო, არაფრისმომცემი გამოდგა. ეს იყო მორიგი «წყლის ნაყვა». ანუ «აურზაური არაფრის გამო», რამაც, ფაქტობრივად, არც ერთ მხარეს (ოპოზიციასა თუ ე.წ. «პოზიციას») არაფერი მისცა - ტყუილად ნერვების წყვეტისა და პრესტიჟის შელახვის გარდა.

«ივერია-ექსპრესი», 1-6 ოქტომბერი, 1994 წელი.