საქართველოს კორუფცია მართავს

საქართველოს კორუფცია მართავს

 

    საქართველო რომ მრავალი თვალსაზრისით მართლაც უნიკალური მოვლენაა, ისტორიაც ადასტურებს და დღევანდელობაც. საქართველოში არსებული და მოქმედი ზოგიერთი სოციალური სისტემის ანალიზი ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ «ქართული ფენომენი» ან საერთოდ არ თავსდება სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ფასეულობათა საკაცობრიო «რეესტრში» ან მიზეზ-შედეგობრივ კავშირთა ჩვეულ (ნორმალურ) კანონზომიერებას არღვევს და, მართლაც «ღვთიური ტვიფარით» აღბეჭდილ ანომალიად უნდა ჩაითვალოს...
    რა ვართ მაინც ეს ქართველები!!!
    სამაგალითოდ კორუფციის «ქართული მოდელიც» კმარა. თუ ეს მოვლენა და სოციალური მანკი «არაქართულ» მსოფლიოში რეგრესულობის, ჩამორჩენილობისა და ველურობის ნიშან-თვისებაა, საქართველოში პირიქით, - პროგრესისტულ ფუნქციას ასრულებს.
    კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა ეპოქა, როდესაც საქართველო დიდი პირამიდა იყო (წვერით - მოსკოვში) და აკრეფილი ფული «ცკ»-ს ზავორგების დავალებით, «რამკიან ქურდებს» ჩაჰქონდათ მოსკოვში - «პირველ ხელთან». ქართველ «ხელმძღვანელ მუშაკთა» აბსოლუტური უმრავლესობა თავის უმთავრეს მისიას იმაში ხედავდა, რომ იმ ეპოქის მთავარი მაჩვენებელი - გეგმა შეემცირებინა. შემდეგ ეს გეგმა «გადაეჭარბებინა» (ამაში განსაკუთრებული აზრი იყო - რაც მეტად შეამცირებდი, მით მეტად გადააჭარბებდი) და ჯილდოც მიეღო იერარქიულ «ესკალატორზე» ამაღლების სახით.
    ამ დროს ქართულ პარტნომენკლატურას სხვა საქმე ფაქტიურად არ ჰქონდა. მთავარი იყო, როგორმე გეგმა შეესრულებინა რესპუბლიკას, რათა «გარდამავალი წითელი დროშა» არ ჩამოერთმიათ მისთვის და სხვა «მოძმე რესპუბლიკისთვის» არ გადაეცათ. ასეულობით კარგად დაგეშილი ქართველი პარტოკრატი დაძრწოდა იმ დროს მოსკოვში «ლენინისთავიანი» კუპიურებით გაძეძგილი ჩანთით და სხვადასხვა საქმეებს «აიმასქნებდა».
    ტყუილია, თითქოს მხოლოდ «ორი ბოთლი კონიაკით კეთდებოდა საქმე» - ფულის ყადრი მოსკოველებმაც კარგად იცოდნენ, ამიტომ ყველაფერს თავისი ნიხრი და რეიტინგი ჰქონდა.
    ამგვარმა მოღვაწეობამ (ათეული წლების განმავლობაში) ქართულ სამეურნეო და სახელმწიფო-ნომენკლატურულ ელიტას განსაკუთრებული ფსიქოლოგიური კომპლექსი ჩამოუყალიბა, რომლის მთავარი ნიშანი (თუ შეიძლება ასე ითქვას) «ქრთამის აპრიორულობაში» მდგომარეობს. საქართველოში გამონაკლისია - წესი, ხოლო წესი - გამონაკლისი. «ხელფასზე ცხოვრება» შეუძლებელ და წარმოუდგენელ «სხიმნიკობად» (რუსული სხიმნიკ - ავტ.) მიიჩნეოდა; სამაგიეროდ, ხელისუფლებას შესანიშნავი საშუალება ჰქონდა, მტკიცედ ემართა პროცესი და თავისი გავლენა გაეძლიერებინა.
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: სახელმწიფო მექანიზმის მოქმედებას საქართველოში სწორედ ამ მექანიზმის კორუმპირებულობა განაპირობებს, ვინაიდან სხვა სახელმწიფოებრივი ტრადიცია საქართველოში არ არსებობს. სწორედ კორუფცია იქცა იმ შინაგან, შინაარსობლივ მოტივაციად, რომელიც ხელისუფალს საშუალებას აძლევს პროცესები მართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო საერთოდ უმართავი ქვეყანა იქნებოდა. ანუ (პარადოქსია) ქართველი სახელმწიფო მოხელეები უმწიკვლო პატიოსნებით რომ იყონ გამორჩეულნი - ქვეყანა დაიქცეოდა.
    საქართველოში პირველ პირს (ამჟამად - პრეზიდენტს, წარსულში - «ცკ»-ს მდივანს) სწორედ იმის გამო უადვილდება მართვა, რომ ნებისმიერ მოხელეზე არა მხოლოდ «ფორმალურ», არამედ «არაფორმალურ» ზეწოლას ახორციელებს; რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რემი ვაშაკიძემ ეს მომენტი არ გაითვალისწინა, დარგი ცუდად მართა და სასტიკი სასჯელიც მიიღო. სხვა ქვეყანაში «ცუდად მართვას» უბრალოდ გადადგომა მოჰყვებოდა, მაგრამ საქართველოში - ნურას უკაცრავად. ეს სამაგალითო «აუტოდაფე» იყო, რომელმაც ყველა სხვა მინისტრიცა და «ხელმძღვანელიც» მართლმორწმუნე სიყვარულითა და იეზუიტური შიშით აღავსო. არავინ მათზე უკეთ არ იცის, რა და რამდენი აქვთ «ნაჭამი» და (საჭიროების შემთხვევაში) რამდენი წლით უკრავენ თავს ვირის აბანოში.
    ანუ, ნებისმიერი მოხელის ციხეში გაშვება მხოლოდ «ტექნიკის» საქმეა - საკმარისია გამოცდილი ფინინსპექტორი მიუგზავნო «რევიზიაზე» და ბუღალტერია შეუმოწმო სამინისტროში. ჩვენებური მინისტრების ხელისუფლებათმორჩილებაც (არა კანონმორჩილება) აქედან გამომდინარეობს. მეორე მხრივ, «ცენტრალურმა» ფსიქოლოგიურმა კომპლექსმა ქართველ ბიუროკრატს განსაკუთრებული თვისებებიც შესძინა, რომელიც (კიდევ ერთი პარადოქსი) ხელს უწყობს საქართველოში საბაზრო რეფორმებს. საქმე ისაა, რომ მოსკოვური «გოსპლანისა» და «გოსსნაბის» ადგილი მათ ფსიქოლოგიაში «სავალუტო ფონდმა» და «მსოფლიო ბანკმა» დაიკავა. ამ ორგანიზაციებს შორის რომ უზარმაზარი თვისობრივი განსხვავებაა, სხვა საკითხია; მთავარია, რომ ქართული ნომენკლატურა მათ ისევე მეტაფიზიკურად აღიქვამს, როგორც აღიქვავდა მოსკოვში «გეგმის დამდგენ» ორგანიზაციებს ანუ კორუმპირებული ცნობიერება «დასავლური ორიენტაციის» წინაპირობაც ხდება!
    პარადოქსია აბა რა ჯანდაბაა? მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა!
    ზემოთქმულიდან კი «ლოგიკურად» გამომდინარეობს დასკვნა: საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაარსობლივად ნიშნავს, ებრძოლო სახელმწიფოებრივ წყობას, რეფორმებს (რომლებიც ამ სახელმწიფო მექანიზმების მეშვეობით ხორციელდება) და თვით დასავლურ ორიენტაციას კი!!!
    საბედნიეროდ (დიახ, საბედნიეროდ), საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ ძალები (მათ შორის, მმართველ დაჯგუფებაში) რომელთაც ზემოთ აღწერილი «ლოგიკური სქემა» არ მიიღეს და მიუხედავად «პატრიოტული შინაარსისა» ნორმალური, კოსმოპოლიტური სქემა ამჯობინეს: კორუფცია არის ბოროტება, რომელიც ალპობს სახელმწიფო სისტემას (მიუხედავად დროებითი უცნაური სარგებლისა კონკრეტული ხელისუფლისთვის) ხრწნის საზოგადოებას და იდიოტიზმად აქცევს ნებისმიერ «ორიენტაციას» - საერთოდ, ნებისმიერ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს.
    თუმცა ის, რაც ნორმალურია «არაქართულ» სინამდვილეში, ნორმალური ცხოვრების წესია ქართულში და პირიქით.
    აბა სხვა რით შეიძლება აიხსნას თუნდაც ის, რომ «ბარამიძის კომისია», რომელიც დონკიხოტურად განწყობილმა «ახალმა თაობამ» შექმნა, - ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩა და, ფაქტობრივად, შეწყვიტა კიდეც მუშაობა. უფრო ზუსტად, ბარამიძე «დაწინაურებით» ჩამოაშორეს ნამდვილ საქმეს (რომლის გაკეთებას მართლა ცდილობდა) ხოლო კომისია აქციეს ბუტაფორიად, რომლის მეშვეობით ზურაბ ჟვანია უკვე ვეღარ შეძლებს მექრთამე მინისტრების გამოძევებას ხელისუფლების «მომიჯნავე» შტოდან. აღმასრულებელი ხელისუფლების «ავტორიტეტმა» ამ შემთხვევაშიც თავისი გაიტანა.

7 დღე, 15 აპრილი, 1997 წ.