საპარლამენტო პარადიგმები

საპარლამენტო პარადიგმები

        საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, გასულ კვირას პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი კვლავ პარლამენტში «ფეთქავდა», რაც ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, - გრძელდება «31 ოქტომბრის» სინდრომი, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ედუარდ შევარდნაძის ჩართვის შედეგად, «მოქალაქეთა კავშირმა» საკმაოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა მთავარი მოწინააღმდეგე - «აღორძინება».
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ორმხრივ გაყალბებას არჩევნების შედეგზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია და შედეგმა საკმაო სიზუსტით ასახა ძალთა განლაგება ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
        «მოქკავშირის» 42 პროცენტი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 58 პროცენტი მისი მოწინააღმდეგეა, მაგრამ დემოკრატიული ტრადიცია (ყველა ქვეყანაში) ასეთ «მექანიკურ» ლოგიკას, რა თქმა უნდა, გამორიცხავს.
        ამრიგად «მოქკავშირის» უმრავლესობა პარლამენტში ცდილობს ამ უპირატესობის განვრცობას, - «31 ოქტომბრის» «ინერციის გაგრძელებას და საპრეზიდენტო არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას.
        ტყუილად ჰგონია საპარლამენტო უმცირესობას (ერთხელ ნათქვამს გავიმეორებ: «ოპოზიციად» მისი ხსენება არ არის სწორი, ვინაიდან იგი არასდროს უპირისპირდება მთავრობას ან რომელიმე მინისტრს. – ავტ.), თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში «სტატისტების» როლის შესრულებით «ბევრს არაფერს დაკარგავენ» სამომავლოდ.
        სინამდვილეში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა «აღორძინებას» პერსპექტივაში იმდენი ვერ დააკარგვინა (მით უმეტეს, 1 ნოემბრიდან ელექტროენერგიის საყოველთაო გამორთვის გათვალისწინებით), რამდენიც დაკარგა შემდგომი მოვლენებით, - «საკანდიდატო გაურკვევლობით», ძნელად დასაფარი შიდა წინააღმდეგობებით და, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებითა თუ ქმედებებით.
        თვით «აღორძინების» ელექტორატმაც ვერაფრით გაიგო, რატომ «ღირდა» ასლან აბაშიძის კანდიდატურის წამოყენება 31 ოქტომბრის არჩევნებამდე, - «ძველი» საარჩევნო კანონის პირობებში და რატომ «აღარ ღირს» მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ სრული დოყლაპიობა გამოამჟღავნა (ეს დოყლაპიობა მას ადრე თუ გვიან ძალიან ძვირი დაუჯდება) და «უმცირესობის» 100 მოთხოვნიდან 99 («მარკირების» გარდა) დააკმაყოფილა.
        მათ შორის ისეთი მოთხოვნაც, როგორიცაა საარჩევნო კომისიიდან პარტიულ წარმომადგენელთა გამოწვევის (!) უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტიული წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვალდებული იქნება გადაწყვეტილება მიიღოს არა კომისიაში მუშაობის, კომისიაში მსჯელობის, განხილვის, დისკუსიის (საბოლოოდ კი, საკუთარი შეხედულების), არამედ მისი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
        ვერ დამისახელებთ დედამიწის ზურგზე თუნდაც ერთ ქვეყანას, სახელმწიფოებრივი მექანიზმის ასეთ ნორმა არსებობდეს კოდექსში.

        მათ თითქოსდა კეთილშობილი მიზანი აქვთ – უზრუნველყონ ხელისუფლებათა ცვლის დემოკრატიული მექანიზმის დამკვიდრება. აქვე, ერთმნიშვნელოვნად და უეჭველად ვეთანხმები ყველას, ვინც სამართლიანად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებათა ცვლა დემოკრატიის აუცილებელი, ჟანგბადივით სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემური თვისება უნდა იყოს.
        დემოკრატია არ არსებობს ხელისუფლებათა ცვლის გარეშე _ აუცილებლად უნდა წავიდეს ერთი ხელისუფლება და მოვიდეს მეორე ხელისუფლება (არა, უბრალოდ ერთი ფიგურა შეიცვალოს მეორე ფიგურით), მაგრამ კვლავ და კვლავ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: თავი რომც დავანებოთ იმას, რომ ხელისუფლებათა «ცვლა» არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოებრივ-კონსტიტუციური წყობისა და ზოგადსახელმწიფოებრივი კურსის ცვლას – კეთილშობილი, თუნდაც სავსებით გამართლებული მიზანი ვერ მიიღწევა უკეთესი და თვისებრივად ანტიდემოკრატიული მექანიზმით, ეგრეთ წოდებული «კონსენსუსის» შხამის ჩანერგვით დემოკრატიულ სხეულში. ეს სიმსივნე სულ უფრო გაავრცელებს მეტასტაზებს, დაალპობს მთელ სხეულს.

    «სახელმწიფოებრივ - კონსტიტუციურ» შინაარსს რაც შეეხება, მიაქციეთ ყურადღება: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ «აღორძინების ბლოკში» შემავალი პარტიები არც მალავდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეცვლიდნენ კონსტიტუციას, დააფუძნებდნენ «მინისტრთა კაბინეტს» და შექმნიდნენ «კოალიციურ მთავრობას», რომელშიც ყველა მათგანს «ერგებოდა რაღაც თანამდებობა».
        ეს უკვე «ხელისუფლებათა ცვლა» აღარ არის, არამედ გაცილებით საშიში მოვლენაა: არ შეიძლება არჩევნების შედეგი სახელმწიფოებრივ-კონსტიტუციური წყობის ცვლილებას იწვევდეს!
        ასეთ შემთხვევაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობას დაკარგავს და სრულ, პერმანენტულ ქაოსში ჩაიძირება. თუმცა, ესეც იმ ყალბად გაგებული «კონსენსუსის» ერთ-ერთი მეტასტაზია, რასაც უპასუხისმგებლოდ შეუწყო ხელი «მოქკავშირმა», როდესაც «ედპ»-ს ახირებით დაუშვა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პრეცედენტი.
        ეს პრეცედენტი კიდევ გამოიღებს დამანგრეველ შედეგს და უეჭველად იქცევა არა «მოქკავშირის» არამედ ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობისთვის საზიანო მოთხოვნათა არგუმენტად.
        სწორედ აქ, «კონსენსუსის» ამ სიმსივნეში გადაეჭდო ერთმანეთს უკვე აშკარად პარტიკულარისტულად განწყობილი რეგიონული ელიტისა და იმ, ეგრეთ წოდებული, «ოპოზიციის» ინტერესები, რომელიც საკუთარი ბოღმისა და ამბიციის მიღმა ვეღარაფერს ხედავს.
        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მართლაც ასგზის მეტი იქნება ხელისუფლების ისტორიული პასუხისმგებლობა, თუ იგი დროულად არ დაიკავებს პრინციპულ პოზიციას და ყველაფერს თავის სახელს მაინც არ დაარქმევს.
        თეორიული მსჯელობის განმტკიცება სულ ადვილია გასული კვირის «მდიდარი» ფაქტობრივი მასალით: ფინანსთა სამინისტროს წინადადებით, პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელიც აღარ ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ, «საგადასახადო შეღავათებს» რეგიონების მიმართ.
        ბუნებრივია, «აღორძინებამ» და «თბილისურმა დეპუტაციამ» მტკიცე პროტესტი გამოთქვა, მაგრამ მათ პოზიციაში იყო უაღრესად პრინციპული განსხვავება: «თბილისური ელიტის» წარმომადგენლები პროტესტს აცხადებენ, აკრიტიკებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა (უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ) დაამტკიცა, თბილისში არავის არ მოუვა აზრად თქვას, რომ იგი არ დაემორჩილება ამ გადაწყვეტილებას.
        რაც მთავარია (ეს გახლავთ ყველაზე მთავარი და პრინციპული მომენტი), რომც მოუვიდეს ასეთი რამ აზრად (რატომაც არა?) – იგი ამას ვერ გაბედავს!!! აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები კი არა მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, არამედ არც მალავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ. ისევ და ისევ გაისმის მოწოდება «კონსენსუსისკენ» («ავტონომიიის უზენაესმა საბჭომ მიიღო უკვე ბიუჯეტი» და ასე შემდეგ), არადა, ელემენტარული ეკონომიკური ანა-ბანაა, რომ საბაჟო შემოსავალს, აქციზს და დამატებითი ღირებულების გადასახადს ნებისმიერ სახელმწიფოში განკარგავს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება.
        და მაინც, ცალმხრივი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, ისიც უნდა ითქვას, რომ დისკუსია «ცენტრსა და რეგიონს» შორის გადასახადების განაწილების თაობაზე სავსებით ნორმალური მოვლენაა.
        «ბუნდესტაგში» ან «იაპონიის პარლამენტში» დეპუტატებმა შეიძლება ერთმანეთს თავ-პირი დაამტვრიონ ამ საკითხის განხილვისას. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში «ლანდების» (მიწების) დეპუტატები, ადგილობრივ საკანონმდებლო-წარმომადგენლობით ორგანოებში გამოსვლისას, ლანძღვა-გინებით იკლებენ «ცენტრალურ» ხელისუფლებას რეგიონების ინტერესთა «გაუთვალისწინებლობისთვის» და «სატანის ბუდეს» უწოდებენ. – ეს სავსებით ნორმალურია: დეპუტატი იმის დეპუტატია, რომ გააფთრებით, თუნდაც ყველა ხერხითა და არგუმენტით უნდა იცავდეს იმ სოციუმის (ამ შემთხვევაში, რეგიონული მოსახლეობის) ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც იგი არის. ვიმეორებ: ეს სავსებით ნორმალურია.
        «არანორმალურობა» იწყება მაშინ, როდესაც კეთდება განცხადება: «თქვენ კი მიიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილებით, ვინაიდან იგი არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. - «ჩვენ» გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, «ჩვენ» გვყავს «ჩვენი» უზენაესი საბჭო და «თქვენ», რაც გნებავთ, გადაწყვიტეთ, - «ჩვენ» მაინც არ შევასრულებთ.
        ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ შტატს თავისი კონსტიტუცია აქვს, ჰყავს «თავისი» კონგრესი, მაგრამ რასაკვირველია, არავის მოუვა აზრად, არ დაემორჩილოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებას.

        ავიღოთ ყველაზე მთავარი «ზოგადსახელმწიფოებრივი» ინტერესი: სუვერენული (საგარეო) ვალის მომსახურება. «ყველაზე მთავარი» - ვინაიდან უამისოდ სახელმწიფო «ბანკროტად» გამოცხადდება და «საერთაშორისო მარგინალად» იქცევა, მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყანა, საგარეო ვალი არ ჰქონდეს. «სუვერენული ვალის» მომსახურება კი უპირველესი პრიორიტეტია.
        საქართველოს ყველა რეგიონი (თბილისიდან რაჭა-ლეჩხუმამდე) ცენტრალურ ბიუჯეტში რიცხავს თანხებს, რათა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანამ შეძლოს სუვერენული ვალის მომსახურება.
        გამოდის, ერთ-ერთი რეგიონი ამაზე უარს აცხადებს, ისევე, როგორც უარს აცხადებს სახსრებისა და რესურსების «გადანაწილებაზე» შედარებით მდიდარი რეგიონებიდან - ღარიბი რეგიონებისთვის.
        ყველა ქვეყანაში სწორედ ასე ხდება. «ცენტრალური ბიუჯეტისთვის» ეს კიდევ ერთი პრიორიტეტია: უზრუნველყოს ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება.
        ბოლოს და ბოლოს, თუ ერთი ქვეყანა ვართ, ამის აუცილებლობას ყველა უნდა აღიარებდეს; თუ არა და, ასეთი ქმედება, ყოველგვარი აგრესიის, ძალმომრეობის, დაძაბულობის, დაპირისპირების გარეშე დასვამს (ადრე თქუ გვიან) დღის წესრიგში სავსებით ბუნებრივ კითხვას: ვართ კი ერთი ყვეყანა? თუ ვართ ერთი ქვეყანა, მაშინ ერთი ქვეყანა საერთო-სახელმწიფოებრივ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. თუ ვართ ორი სხვადასხვა სახელმწიფოს კონფედერაციული კავშირი, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა ითქვას, ასეთ შემთხვევაში, «ერთი ქვეყანა» აღარა ვართ.
        სხვათა შორის, როგორი ისტერიკაც არ უნდა მოჰყვეს ამ დებულებას, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, «საქართველო» არის მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. სხვა ტერიტორია კი (თუნდაც ფორმალურად საქართველოში შედიოდეს), სინამდვილეში საქართველო არ არის – ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. «ჭეშმარიტი გამგები» კი უეჭველად სწორად გაიგებს.
        «ტერიტორიული მთლიანობა» და «ქვეყნის ერთიანობა» არ არის მხოლოდ გეოგრაფიული და კულტურული (ან ენობრივი) ცნება – იგი, უპირველესად, სახელმწიფოებრივ-სამათრლებრივი ცნებაა. ხოლო თუ გასულ კვირას მიღებული ბიუჯეტის ამ მხარეს წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისით მივუდგებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თვითონ არაფერს აგებს.
        სწორედ ეს არის ოფიციალური ბათუმის უმთავრესი შეცდომა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მან თავად შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ცენტრალური ხელისუფლებას «დაუსჯელად» შეეძლო მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება: ადრე მოქმედი განაკვეთების შესაბამისად, საბაჟო შემოსავლის, დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩებოდა «ადგილობრივ ბიუჯეტში», მაგრამ ის ნაწილიც, რომელიც ფორმალურად «ცენტრალურ ბიუჯეტში» უნდა გადმორიცხულიყო, სინამდვილეში თბილისში კი არ ირიცხებოდა, არამედ «ადგილზე გახსნილ» ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე; ანუ «ცენტრალური ხელისუფლება» რეალურად ვერ განკარგავდა ამ თანხებს, - ეს თანხები იხარჯებოდა ცენტრალური ბიუჯეტის ვალდებულებათა დასაფინანსებლად ავტონომიურ რესპუბლიკაში.
        იმ შემთხვევაში, თუ თანხები თბილისში გადმოირიცხებოდა, ცენტრალურ ხელისუფლება მათ «გადაანაწილებდა» პრიორიტეტების შესაბამისად.
        აქედან გამომდინარეობს სწორედ არგუმენტი: «თბილისში რომ გადავრიცხოთ, უკან ვეღარ მივიღებთ». ბუნებრივია, შეიძლება ვერ მიეღოთ, ისევე, როგორც ვერ იღებს (ხშირად) იმერეთი, კახეთი, სამეგრელო და ასე შემდეგ, მაგრამ საკითხის ასე დასმამ ცენტრალური ხელისუფლება მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ «განაკვეთების არსებობას» საერთოდ აზრი არა აქვს.
        მართლაც, თუ ის ნაწილიც კი, რომელიც ფორმალურად თბილისში უნდა გადმოირიცხოს, რეალურად მაინც არ ირიცხება, მაშინ განა არ სჯობს, გაუქმდეს «განაკვეთები» და ოფიციალურ ბათუმს ეს არგუმენტიც აღარ დარჩეს თანხების «გადმოურიცხავობის» გასამართლებლად?
        ამიერიდან, აქციზის გადასახადის, დამატებითი ღირებულების გადასახადის და საბაჟო შემოსავლის თუნდაც 1 პროცენტის ჩარიცხვა ადგილობრივ ბიუჯეტში საქართველოს კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევა იქნება, ხოლო თუ ცენტრალური ბიუჯეტის «ადგილობრივ ანგარიშზე» ჩაირიცხება მთლიანად და არამიზნობრივად გაიხარჯება – ეს კიდევ უარესი.

        მთელ ამ ამბავში ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს, რომელთაც რატომღაც თავი საქართველოში «პოლიტიკურ მონოპოლისტებად» მიაჩნიათ, აქვთ ილუზია, თითქოს «ხალხი რეგვენია» და ვერაფერს ამჩნევს.
        ამაში მწარედ ცდებიან. შუა საუკუნეთა შემდეგ ქართველ ერს ამ საზიზღარი მოვლენის მიმართ ისტორიული იმუნიტეტი გამომუშავდა.

დილის გაზეთი, 13 მარტი, 2000 წელი