სამოქალაქო ომის წინათგრძნობა

სამოქალაქო ომის წინათგრძნობა

        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორია (თუ გულწრფელად შევაფასებთ) უზნეო მოღვაწეთა პიროვნული ამბიციების შედეგად გაჩაღებულ «სამოქალაქო ომთა» ისტორიაა - ქართულ კულტურაში არ მოიძევება ამ ომის აღმნიშვნელი მხატვრული სიმბოლო ან თუნდაც რაიმე ნაწარმოები (რასაკვირველია, თუ ლევან სანიკიძის «უქარქაშო ხმლების» ზოგიერთ პასაჟს არ ჩათვლით), რომელიც «ქართული სამოქალაქო ომის», ან, თუნდაც, ნებისმიერი სამოქალაქო ომის რაიმე თვალსაზრისით ღირებულ მხატვრულ სახეს ქმნიდეს.
        ეს პარადოქსი ჩვენი ეროვნული კულტურის ზოგადი სისუსტისა და სიმყიფის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
        რაც უფრო ნიშანდობლივია, უკანასკნელი «ქართული სამოქალაქო ომიდან» 7-8 წელი გავიდა, მაგრამ რაიმე ღირებული ამ თემაზე საერთოდ არ შექმნილა; ან, კიდევ უარესი, შექმნის მცდელობაც კი არ ყოფილა.
        პირველი ამაზრზენი შთაბეჭდილებაც სწორედ ეს არის: როგორ შეიძლება, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენას რაიმე გამოხმაურება არ მოჰყოლოდა: 1991-93 წლების მოვლენები ხომ ენით აუწერელი, საზარელი, შემაძრწუნებლი ეროვნული ტრაგედია იყო?
        სამაგიეროდ, სხვა ერებმა «სამოქალაქო ომის» შინაარსის ბრწყინვალე მხატვრული ნიმუშებიო შექმნეს – თუნდაც, სალვადორ დალის «სამოქალაქო ომის წინათგრძნობა», რომელიც სულისშემძვრელი ფსიქოლოგიური სიზუსტით ასახავს სამოქალაქო დაპირისპირებას საზოგადოების შიგნით.
        სწორედ ეს არის სამოქალაქო ომი – ამიტომაც მტკნარი სისულელეა «სამოქალაქო ომად», ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, «ქართულ-აფხაზური» ან «ქართულ-ოსური» კონფლიქტების შეფასება (გამომდინარე «მოქალაქის» ცნების უნივერსალური გაგებიდან) ვინაიდან არც ომი აფხაზეთში და არც ომი ოსეთში არ ყოფილა კონფლიქტი ერთი საზოგადოების ფარგლებში (ამ საზოგადოების შიგნით, საერთო ფასეულობათა არსებობის პირობებში), სხვადასხვა სოციალურ და საზოგადოებრივ ძალას შორის.
        ამრიგად, წარმოვიდგინოთ კიდევ ერთხელ სალვადორ დალის შემაძრწუნებელი სურათი და დავბრუნდეთ იმ შავბნელ ეპოქაში, როდესაც დაიწერა აკაკი ბაქრაძის «ცნობიერების ლიბანიზაცია» (1991 წლის სექტემბერი).
       
       

        სხვათა შორის, მე ვთქვი და კვლავაც დარწმუნებით ვიმეორებ, რომ მხატვრული თვალსაზრისით, რაიმე ღირებული «სახე», «ხატი» იმ მოვლენებისა ქართულ კულტურაში არ შექმნილა, მაგრამ პოლიტოლოგიურ და პუბლიცისტურ ასახვაში არის ერთი გამონაკლისი – აწ განსვენებული, ცხონებულ აკაკი ბაქრაძის «ცნობიერების ლიბანიზაცია».
        დღევანდელი გადასახედიდან იმ სტატიაში თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ღირებული ის არის, რომ აკაკი ბაქრაძემ უკვე მაშინ (ჯერ კიდევ ძირითად მოვლენებამდე) შენიშნა დაპირისპირებულ ძალთა მთავარი თვისება: ფანატიზმი და მისი თანამდევი გონებრივი სიჩლუნგე, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირად ახასიათებდა, ანუ აკაკი ბაქრაძე უკვე მაშინ მიხვდა, რომ სამოქალაქო ომი იწყებოდა, რომ პრობლემა მხოლოდ გამსახურდია არ იყო, როგორც პრობლემა არ იყო მხოლოდ «ჯაბა», «კიტოვანი» ან «სიგუა», რომ გარდაუვალი ხდებოდა საქართველოს ქცევა «ლიბანად», ყველას ომი ყველას წინააღმდეგ და (რაც მთავარია) უმძიმესი შედეგები არა რომელიმე ერთი მხარის, არამედ მთელი ქვეყნისათვის.
        სწორედ ეს შორსმჭვრეტელობაა აკაკი ბაქრაძის, როგორც მოაზროვნის, უმთავრესი ღირსება და ამით განსხვავდებოდა (დღესაც განსხვავდება) იგი «რეგვენი ინტელექტუალებისგან», რომლებიც დღემდე ცდილობენ სამოქალაქო ომის შავ-თეთრი ფერებით ასახვას მაშინ, როდესაც ეს პრინციპში შეუძლებელია.
        სხვათა შორის, ეს ფენომენიც (რეგვენი ინტელექტუალების აქტივობა) წმინდად ქართული მოვლენაა და ამის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია ზუსტად აღვიქვათ (აღვიქვათ მაინც, თუ ვერ გავიგებთ) ის ტრაგედია, რაც თბილისსა და მთელ საქართველოში დატრიალდა 8 წლის წინათ.

XXX

            ხელისუფლების მიერ შეწყალებულიო «ზვიადისტები» ამაყობენ, რომ მათ ხელისუფლებისთვის შეწყალება არ უთხოვიათ.
        ციხის კარიბჭესთან ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ კვლავინდებურად სძულს ეს (სწორედ ეს. – ავტ.) ხელისუფლება და აპირებს, მას პოლიტიკურად დაუპირისპირდეს. თანაც, დაუპირისპირდეს სწორედ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ დაამხო «კანონიერი ხელისუფლება» 1992 წლის იანვარში.
        როგორც ჩანს, «ზვიადისტები» ვერ აცნობიერებენ., რომ «გამოვიდნენ» სრულიად სხვა საქართველოში, სხვა განზომილებაში, რომელიც პოსტზვიადისტური კი არა, უკვე «პოსტ-პოსტზვიადისტურია».
        მათი დღევანდელი პოზიციის მარაზმი სწორედ ის არის, რომ ახირებული სიჯიუტით ცდილობენ იმდროინდელი (8 წლის წინანდელი) რეალიების პროეცირებას თანამედროვეობაზე მაშინ, როდესაც დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას (ვისაც უნდა დაუპირისპირდნენ) საერთო არაფერი აქვს იმ ძალასთან, რომელმაც დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო.
        მიაქციეთ ყურადღება: ხელისუფლების მიერ შეწყალებული «ზვიადისტები» იოტისოდენად არ უპირისპირდებიან იმათ, ვინც მაშინ (1991-93 წლების მოვლენების დროს) ბარიკადის მეორე მხარეს იდგა და ახლაც «ოპოზიციაშია». სწორედ ეს არის ყველაზე მეტად სიმპტომატური – პირიქით, მათთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ – ციხეშიც საკმაოდ «შეხმატკბილებულნი» იყვნენ.
        ეს უკანასკნელებიც, რაკი თავადაც «ვირის აბანოში» ამოჰყვეს თავი – ამჟამად ყოვლელნაირად ცდილობენ, «წააქეზონ» ექს-პრეზიდენტის მომხრეები სწორედ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.
        ზუსტად ასე იქცევა, აგრეთვე, ის სეგმენტი ქართული საზოგადოებისა, რომელსაც ფანატიკურად სძულდა ზვიად გამსახურდია, ამჟამად ძალზე გაღიზიანებულია «ზვიადისტების» გათავისუფლებით და ცდილობს, ამისთვის «ზვიადისტების» შემწყნარებელ ხელისუფლებას სამაგიერო იმით გადაუხადოს, რომ ისინი ხელისუფლებას «მიუსისინოს» პრინციპით: ხომ შეიწყალეთ ეს ნაძირალები – ახლა ნახავთ, რას გიზამენ და ახი იქნება თქვენზე!
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს ძალა, რომელმაც 1991-92 წლებში (სექტემბრიდან იანვრამდე) ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო, შემდეგ წლებში «სახელისუფლებო ოლიმპიდან» თვითონაც გამოაპანღურეს და ოპოზიციაში აღმოჩნდა, ახლა ცდილობს, «ზვიადისტების» შეურიგებლობა და სიძულვილი გამოიყენოს უკვე მისთვისაც საძულველი ხელისუფლების წინააღმდეგ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა იმდროინდელი მოვლენებისთვის – გაიძვერულად გააიგივოს დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა იმ ძალასთან, რომელმაც ექს-პრეზიდენტის უნიათო და უნიჭო ხელიოსუფლება დაამხო სამხედრო ძალის გამოყენებით.
        მიაქციეთ ყურადღება, როგორ «ნაბავენ» თვალს და «იჩეჩენ მხრებს» იმდროინდელი და ამჟამინდელი «ოპოზიციონერები», რომლებიც მაშინ (8-9 წლის წინათ) ყველანაირად ცდილობდნენ საქმე სისხლისღვრამდე მიეყვანათ; დღეს კი, თურმე,M ეს ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც მაშინ მოხდა!
        კი მაგრამ, ვინ - ზურაბ ჟვანია, ვაჟა ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკო ლეკიშვილი, გიგი წერეთელი, ნინო ბურჯანაძე, რეზო ადამია, სხვები და სხვები – ისინი ხომ საერთოდ არ ასოცირდებიან მაშინდელ «ბარიკადებთან»?
        სამაგიეროდ, იმ ბარიკადებთან ნამდვილად ასოცირდებიან დღევანდელი ოპოზიციონერები და მაშინდელი «კანონიერი ხელისუფლების» დამცველები, დღეს რომ «შეხმატკბილდნენ» «ბათუმურ ბლოკში» საერთო მიზნით.
        რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს «მთავარი არგუმენტი» (რამაც «შეახმატკბილა»); - ედუარდ შევარდნაძე!
        საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც «მოაწყო დეკემბერ-იანვრის გადატრიალება». არადა, ეს დებულება, რომ თითქოს სწორედ შევარდნაძემ «მოაწყო» სამოქალაქო ომი საქართველოში, არის უზნეო და უსინდისო ტყუილი! ძალიანაც რომ მოენდომებინა, ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან საქართველოში «სამოქალაქო ომს» ვერ «მოაწყობდა».
        გარდა ამისა, თუ მან «მოაწყო» სამხედრო გადატრიალება საქართველოში, მაშინ რატომ იყვნენ სიგუა და კიტოვანი («გადატრიალების» მთავარი ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები) საქართველოში მისი დაბრუნების წინააღმდეგი? განა აბსურდი არ არის ასეთი «ლოგიკა»? – გადატრიალების უშუალო ორგანიზატორები (თურმე) შევარდნაძის მითითებას ასრულებდნენ, მაგრამ შემდეგ საქართველოში მისი დაბრუნების წინააღმდეგი იყვნენ.
        სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ 1991-92 წლების სექტემბრის პროვოკაციიდან – 1992 წლის 7 მარტამდე, მოსკოვში ყოფნისას, ედუარდ შევარდნაძეს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება (თუმცა, «ოპოზიცია» აქედან დაჟინებით სთხოვდა), რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული, როგორც ერთ-ერთი მხარის წაქეზება ან მხარდაჭერა.
        პირიქით, შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1991 წლის ნოემბერში თბილისურ პრესაში გამოქვეყნდა ედუარდ შევარდნაძის განცხადება რომლითაც იგი მხარეებს «შუამავლობას» სთავაზობდა. პოლიტიკური ენიდან თუ «გადმოვთარგმნით», ეს განცხადება ორივე მხარისგან გამიჯვნას ნიშნავდა და ამ განცხადებამ არა მხოლოდ «ზვიადისტები» გაამძვინვარა (აქაოდა, «ის კრემლის აგენტი საქართველოს საქმეებში რატომ ერევაო»), არამედ «ყრუდ» გააღიზიანა (თუმცა, არ შეიმჩნიეს), ეგრეთ წოდებული «ელიტარული ინტელიგენციის» ის ნაწილი, რომელიც ბარიკადის «მეორე მხარეს» იყო.
        იოტისოდენად არ მაინტერესებს და არ მაღელვებს, ვინ რას იფიქრებს, მაგრამ შევარდნაძე რომ ჭეშმარიტი პოლიტიკოსია, ამ შორსმჭვრეტელობიდანაც ჩანს. იგი უკვე მაშინ მიხვდა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში ფიზიკურად გამარჯვებული მხარე მორალურ და პოლიტიკურ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა.
        აი, ამით განსხვავდება ედუარდ შევარდნაძე (როგორც პოლიტიკოსი) იმავე სიგუა-კიტოვან-იოსელიანისგან, რომლებმაც 1992 წლის 31 მარტს გროზნოში მყოფ გამსახურდიას დამცინავი მისალოცი დეპეშა გაუგზავნეს. შევარდნაძემ ამ დეპეშას ხელი არ მოაწერა, ვინაიდან ასეთი «დეშოვკა» ნამდვილ პოლიტიკოსს არ ეკადრება.
        იმავე თვისებით აღემატება აკაკი ბაქრაძე მის კოლეგა, ზემოთ ხსენებულ «ინტელექტუალებს», ვინაიდან მისი წინასწარჭვრეტაც ადრევე გამოვლინდა «ცნობიერების ლიბანიზაციაში».
        რაც შეეხება შევარდნაძის ცნობილ განცხადებას, რომლითაც თბილისში დაბრუნების შემდეგ იგი «მიესალმა» იმას, რაც მოხდა – ეს უკვე პოლიტიკური ტექნოლოგიაა და სულაც არ გულისხმობს წინარე მოვლენათა «ორგანიზატორობას».
        აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ისეთი ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსი, როგორიც შევარდნაძეა, ამ ფრაზას შემთხვევით და საკუთარი ნებით არ იტყოდა. ეს იყო წინასწარ საგანგებოდ მომზადებული წინადადება, - იგი თბილისში დაბრუნებისთანავე (აეროპორტში) შევარდნაძემ თქვა იმ ადამიანთა, იმ ძალთა კატეგორიული მოთხოვნითა და წინასწარი შეთანხმებით, რომელთაც ძალიან არ ეპიტნავებოდათ ის შესაძლებლობა, რომ ედუარდ შევარდნაძე «ორივე მხარეს» გამიჯვნოდა და «მესამე პოზიცია» დაეკავებინა.
        სწორედ ამიტომ «გაუშვეს» საღ-სალამათი ექს-პრეზიდენტი თბილისიდან (თუმცა, მისი დაკავება თავისუფლად შეეძლოთ) – დაპირისპირება რომ გაგრძელებულიყო, თორემ თუკი გამსახურდიასა და «ზვიადისტების» პრობლემა მოგვარდებოდა, - ვიღას რა «ჩირად» დასჭირდებოდა გადატრიალების უშუალო ორგანიზატორები?
        ანუ, დღევანდელი პრეზიდენტის ხსენებული განცხადება იყო მისი საქართველოში დაბრუნების «წინასწარშეთანხმებული» პირობა, თორემ შევარდნაძეს რომ მოქმედების თავისუფლება ჰქონოდა, განა მისთვის გაცილებით ხელსაყრელი არ იქნებოდა, «მესამე პოზიცია» დაეკავებინათ?
        მაგრამ ამის საშუალებას მას არც «ზვიადისტები» მისცემდნენ და არც «ანტიზვიადისტები».
        რაც შეეხება იმ პათოლოგიურ არგუმენტს, რომელსაც «ზვიადისტები» მათთვის დამახასიათებელ სიჯიუტით იმეორებენ: «საერთოდ, რატომ დაბრუნდა და რატომ ჩაუდგა სათავეში იმ ხელისუფლებას, რომელიც გადატრიალების გზით მოვიდა».
        კარგით, დავუშვათ არ დაბრუნებულიყო - ამით რა შეიცვლებოდა? ამ ამ უბედურებს ვერაფრით შეაგნებინებ მთავარს: ედუარდ შევარდნაძე ქართულ პოლიტიკაში საერთოდაც რომ არ არსებულიყო, ის ძალები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო, მას მაინც დაამხობდნენ. დაამხობდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ (ვთქვათ) ედუარდ შევარდნაძე 1991 წლის ნოემბერში, თბილისში გამართულ «ზვიადისტურ» მიტინგზე გამოვიდოდა და «ზვიადი-ზვიადის» ძახილით დაამთავრებდა ხელისუფლების მხარდამჭერ სიტყვას
        და საერთოდ, კიდევ კარგი, აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო ის, რაც უნიათობის გამო ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიამ, ანუ კრიმინალებს მიუჩინა მათი ადგილი და ხანგრძლივი, მრავალწლიანი, ეშმაკური, ზუსტად გათვლილი, ფრთხილი, მაგრამ მიზანმიმართული ქმედებით «გადაუძახა» მათ იქ, სადაც ყოველთვის იყო მათი ადგილი – ანუ ციხეში, ანუ საზოგადოების «ფსკერზე».
        სწორედ მან დაამთავრა «კრიმინალთა პოლიტიზაციის» პროცესი, რომელიც 1989 წელს დაიწყო «მოძრაობის» ორივე ფრთამ: ერთი მხრივ, «კონგრესის», მეორე მხრივ, ერთადერთი, მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების მომხრეებმა – შემდეგ რომ სისხლმოწყურებული აფთრებივით დაერივნენ ერთმანეთს.
        კი, ბატონო, დავუშვათ, არ ჩამოვიდოდა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში 1992 წლის 7 მარტს – ამით რა შეიცვლებოდა? – აბსოლუტურად არაფერი! უბრალოდ (დარწმუნებული ვარ), დღემდე ვიქნებოდით დაახლოებით ისეთ მარაზმში, როგორშიც ვიყავით 1992 წლის 8 იანვარს – ექს-პრეზიდენტის თბილისიდან წასვლის შემდეგ.
        ყოველივე ამას «ზვიადისტებს» ვერაფრით შეაგნებინებ. როგორც კი ასეთ საკითხზე დაელაპარაკები, თუთიყუშებივით იმეორებენ დაზუთხულ არგუმენტებს: «ზვიადმა მე-7 კლასში საქართველოს გათავისუფლების ორგანიზაცია შექმნა, მას უყვარდა საქართველო, იგი სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა» და ასე შემდეგ.
        ხალხნო, გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ პოლიტიკოსის ერთადერთი ღირსება არის პოლიტიკური ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ფლობა – არაფერი სხვა პოლიტიკოსს არ მოეთხოვება – სხვა ყველაფერი დემაგოგიაა.
        ზვიად გამსახურდიას დანაშაული (დიახ, დანაშაული) ის კი არ იყო, რომ (როგორც მაშინ «ანტიზვიადისტები» გაჰყვიროდნენ მიტინგებზე) – შავ მაგიას მისდევდა, მანანა «სარეცხი ჯოხით» სცემდა, ცოლისდას მილიციაში აბეზღებდა, «გეკაჩეპეს» შეეკრა და ასე შემდეგ – მისი მთავარი უბედურება პოლიტიკური უნიჭობა და შეცდომები, რომლითაც ბრწყინვალედ ისარგებლეს მისმა მოწინააღმდეგე ძალებმა. A
        ამ ძალთა უდიდესი ნაწილი სულ მალე ედუარდ შევარდნაძის «ოპოზიციაში» (მათ შორის, «შეიარაღებულ ოპოზიციაში») აღმოჩნდა, მაგრამ ამასთან «არ გაუვიდათ» იგივე ხრიკები, თავად დაუშვეს უმძიმესი შეცდომები, ბრინჯივით დაიბნენ, დაიქსაქსნენ, შემდეგ კი ზოგი ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდა, ზომაც ციხეში ამოყო თავი.
        «საყოველთაო ამნისტიის» შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარების უმთავრესი თვისებაც სწორედ ის არის, რომ ის ძალები, რომელნიც, «ბარიკადის მეორე მხარეს» იყვნენ 1991-92 წლების მოვლენებისას და გადატრიალებით მოპოვებული ვერ შეინარჩუნეს, ახლა ცდილობენ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართონ გათავისუფლებული «ზვიადისტების» ბრმა სიძულვილი და ამით საკუთარი ბოღმა დაიკმაყოფილონ. თუმცა, «ზვიადისტები» სინამდვილეში ისევე სძულთ და ეზიზღებათ, როგორც მაშინ, - როდესაც «კარვის ქალებზე». ყვებოდნენ უწმაწურ ანეკდოტებს.
        ციხიდან გამოსულ «ზვიადისტებს» რაც შეეხებათ, მათ როგორც ჩანს, თავი «გამარჯვებულად» მიაჩნიათ და «მორალური აღმატებულობის» შეგნებით ლაპარაკობენ. ნუ გაიკვირვებენ, რომ სინამდვილეში ისინი უკვე დამარცხებულნი არიან იმით, რომ, ჯერ ერთი, სწორად ვერ შეარჩიეს დამნაშავე სუბიექტი და პირიქით, მის ხელში იქცევიან ბრმა იარაღად.
        გარდა ამისა, ისინი «მორალურად გამარჯვებულნი» იქნებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ «შევარდნაძის ხელისუფლება» საქართველოს დააბრუნებდა «რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში», დააბრუნებდა «რუსის ჯარს», ერთი სიტყვით, მთლიანად ორიენტირებული იქნებოდა რუსეთზე. მაგრამ ასე ხომ არ მოხდა?! აბა, ერთი გავიხსენოთ მთავარი სტერეოტიპი, რომელსაც «ზვიადისტები» ამკვიდრებდნენ თავიდანვე: «ქართველმა ერმა აირჩია «ეროვნული პრეზიდენტი», რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ კრემლმა იგი დაამხო, მოიყვანა «პრორუსული შევარდნაძე» და ასე შემდეგ.
        დააკვირდით, რა უცნაურად გაქრა არა მხოლოდ «ზვიადისტების», არამედ მთლიანად ეგრეთ წოდებული, «მოძრაობის» წარმომადგენელთა ლექსიკიდან ეს ცნებები: «რუსის ჯარი», საოკუპაციო ჯარი» , «რუსეთის მარიონეტული ხელისუფლება».
        კი მაგრამ, რატომ, ბატონებო? «რუსის ჯარი» ხომ ჯერ არ გასულა საქართველოდან? რატომ არც ერთი სიტყვით აღარ ახსენებენ მას? – იმიტომ ხომ არა, რომ ცნობიერად ან ქვეცნობიერად გრძნობენ: ეს ჯარი (რომელმაც, რაკი საშუალება მიეცა, რასაკვირველია, აქტიური მონაწილეობა მიეღო ექს-პრეზიდენტის დამხობაში) – ნამდვილად არ არის დღევანდელი ხელისუფლების დასაყრდენი?
        აბა, ვის მოუვა აზრად ამტკიცოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება «პრორუსულია» - თუნდაც, იმ პრიმიტიული და ყოველგვარ რაციონალურობას მოკლებული აზრით, რაც ამ ცნებებს («პრორუსული», «პროდასავლური») - «მოძრაობამ» დააკისრა?
        «პრორუსული» კი არა, ლამის «ნატოში» პირველნი შევიდეთ!
        გარდა ამისა, არა მგონია, შევარდნაძის «მენტალურად პრორუსულობაზე» მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მის წინააღმდეგ ორჯერ მოაწყვეს ტერაქტი, თანაც (რაც ძალზე ნიშანდობლივია) – ერთხელ «მხედრიონელების», მეორედ «ზვიადისტების» მეშვეობით. ანუ მათ შეძლეს სამოქალაქო ომში დაპირისპირებული ორი ძალის გაერთიანება «საერთო მტრის» წინააღმდეგ – ამით შექმნეს მოდელი, რომელსაც ახლა პოლიტიკურ სიბრტყეზეც გადაიტანენ – ციხეებიდან ერთდროულად «გამოშვებული» იმავე «მხედრიონელებისა» და «ზვიადისტების» მეშვეობით.
        თუმცა, ბოდიშს ვიხდი, დამავიწყდა, რომ შევარდნაძემ «თვითონ» აიფეთქა თავი 1995 წლის 29 აგვისტოს და «თვითონ» ესროლა საკუთარ ავტომანქანას «რგდ-7» კუმულატიური ნაღმები.
        ნუ გაიკვირვებენ «ზვიადისტები», რომ მათი ციხიდან «გამოსვლა» სულაც არ არის «გამარჯვება» და «ტრიუმფი». ისინი დამარცხებულნი არიან, რაკი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ (მას არც ერთი თვალსაზრისით არაფერი აქვს საერთო იმ ძალასთან, რომელმაც ექსპრეზიდენტი დაამხო) – გაცილებით უკეთ და წარმატებულად განახორციელა ის საქმე (საქართველოს რუსეთისგან მოგლეჯა), რისთვისაც ისინი, მათივე მტკიცებით, «თავს სწირავდნენ».
        ანუ, თუ «ზვიადისტებს» მართლა იდეა ამოძრავებდათ და არა პიროვნული ბოღმა ან (კიდევ უარესი) ბინძური ტრაიბალიზმი (ეს საზიზღარი მოვლენა კი ზვიად გამსახურდიასთვის ნამდვილად უცხო იყო) – ისინი არავის ხელში არ იქცევიან ბრმა იარაღად, სხვისი ბოღმის დასაკმაყოფილებლად.
        თუ არადა, ჯერ კიდევ ბევრი დრო ექნებათ, წარმატებით ითანამშრომლონ იმავე «მოდერნიზებული იმპერიის» სპეცსამსახურებთან, რომლებიც ასეთი თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არიან.

            X X X
        «საყოველთაო შერიგების» აქტი, რა თქმა უნდა, სრულებით ფუჭად ჩაივლის იმ აზრით, რომ შეურიგებელთა შემორიგება არ შეიძლება – უფრო ზუსტად, იგი «შეურიგებლებს შეარიგებს» არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ ახლა გამოჩნდება, რამდენად მყარია ჩვენში დემოკრატიული ინსტიტუტები და რამდენად გამოიმუშავა საზოგადოებამ იმუნიტეტი პროვოკაციების მიმართ.
        საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა სერიოზული ანტაგონიზმის სიმპტომები, შესაბამის ცნობიერი სტერეოტიპები, მატულობს ახალ საფუძველზე წარმოშობილი ფანატიკური დაპირისპირების საფრთხე. იზრდება დამანგრეველი ენერგიისა და პოტენციალის კიდევ ერთხელ გამოვლენის საშიშროება.
        ეს არც არის გასაკვირი – 1991-93 წლების სამოქალაქო ომი ნამდვილად არ ყოფილა «სუბიექტური მოვლენა» იმ აზრით, რომ პერსონალიები მხოლოდ თანამდევი ფაქტორები იყვნენ.
        განმსაზღვრელი კი გახდა (კიდევაც ხდება) თვით ქართული საზოგადოების თვისებრიობა. ამიტომაც არის ჩვენი ისტორია – ისტორია «სამოქალაქო ომებისა», ამიტომაც დატრიალდა კვლავ ჰაერში მორიგი «სამოქალაქო ომის» სურნელი. ოღონდ, ახალ იდეურ და ფსიქოლოგიურ საფუძველზე.
        თუმცა, გასული 8 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი «გამაწონასწორებელი» მექანიზმი შეიქმნა, - ორმხრივი ამნისტიაც ამ «შეკავება-გაწონასწორების» მექანიზმთა გაძლიერებას ისახავდა მიზნად, ანუ ეს იყო სავსებით რაციონალური და ზუსტად გათვლილი ნაბიჯი.
        «შეკავება-დაპირისპირება-გაწონასწორების» მექანიზმები არ დაუშვებს საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის წარმოშობას.
        და მაინც, ჯობს, საზოგადოება მუდმივ შიშში ცხოვრობდეს და მუდმივად ასხოვდეს ის საზარელი ტრაგედია იმისთვის, რომ აღარ დაუშვას სამოქალაქო ომი.
        სამოქალაქო ომის წინაპირობები ხომ (ფსიქოლოგიურ წინაპირობებს ვგულისხმობ) სწორედ მშვიდობიანობისას ყალიბდება პატარ-პატარა, თითქოსდა, შეუმჩნეველი და უმნიშვნელო ანტაგონისტური ნიუანსებით.
        ამიტომ, სამოქალაქო ომი დამთავრდა საქართველოში.
        გეშინოდეთ მშვიდობისა ახალ სამოქალაქო ომამდე!

დილის გაზეთი, 24 აპრილი, 2000 წელი