«სამი წლის ბელი ვარ და არ გავალ»

«სამი წლის ბელი ვარ და არ გავალ»

      

        დაუვიწყარ «პირველ პარლამენტში» (1992-1995 წლები), ბობოქარი დისკუსიების დროს, ჯაბა იოსელიანი ასე პასუხობდა ირაკლი წერეთლის მოთხოვნებს «რუსეთის ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის» შესახებ. რა ვქნათ, ვეუბნებით გადიო, მაგრამ გვპასუხობს - სამი წლის ბელი ვარ და არ გავალო.
        იგულისხმება, რომ სამი წლის ბელის გაბრაზება არ ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჭკუათმყოფელი მოტივაციიდან გამომდინარე, თორემ შეიძლება, შორს ვეღარც გაასწრო.
        ამის მიუხედავად, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მისი გატყუება მაინც მოვახერხეთ - ოღონდ მხოლოდ დასავლეთის მხარადჭერითა და ზემოქმედებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვაზიანის სამხედრო აეროდრომიდან წასვლას არც აპირებდნენ.
        ასეა თუ ისე, რუსული არმადა თბილისის შემოგარენიდან უკვე გავიყვანეთ.
        გაცილებით რთულად არის საქმე გუდაუთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით. სტამბოლის შეთანხმების შესაბამისად, 1 ივლისამდე არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ გუდაუთის ბაზაც უნდა დაცლილიყო.
        თუმცა, მოსკოვში იმედი ჰქონდათ, რომ მიაღწევდნენ ქართველებთან შეთანხმებას, გუდაუთის სამხედრო ბაზის ნაცვლად, იმავე ადგილას, ეგრეთ წოდებულ, «შმვიდობისმყოფელთა» სარეაბილიტაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ. თავდაპირველად, საქართველოს ხელისუფლება თანახმა იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ფსოუზე «შეღავათიანი» რეჟიმი დაამყარა.
        დეკემბერშივე, მინსკში შეხვედრისას, ედუარდ შევარდნაძემ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფსოუზე არ დაწესდებოდა ნორმალური სავიზრო რეჟიმი, საქართველო უარს იტყოდა გუდაუთაში «სარეაბილიტაციო ცენტრის» დაფუძნებაზე. პუტინს კი, როგორც ჩანს, ეგონა, რომ ქართველები ამას ვერ გაბედავდნენ, რაკი შეეშინდებოდათ სეპარატისტული ფორმირებების შესვლისა ყოფილ რუსულ ბაზაზე, რომელიც საუკეთესო იყო სამხრეთ კავკასიაში.
        მაგრამ თბილისში, არცთუ უსაფუძვლოდ, განსაჯეს, რომ ფსოუზე უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისას, დიდწილად მნიშვნელობა აღარ აქვს, გუდაუთაში საკუთრივ ადიღთა რაზმები განლაგდებიან თუ რუსული ფორმირებები.
        რუსები ამას არ ელოდნენ და, როცა საქმე «წკიპზე მიდგა», უკანასკნელი კოზირი გამოიყენეს: გუდაუთაში დაიწყო აფსუა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების უვადო აქცია. ისინი (თუ ყურადღებით დავაკვირდებით) არა იმდენად ბაზის შენარჩუნებასა და რუსების დარჩენას მოითხოვენ, რამდენადაც სამხედრო ტექნიკის დატოვებას, რაც კიდევ შეიძლება «გამოადგეთ», თუ «საქართველო ხელმეორედ შეეცდება აფხაზური პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას».
        ამ მოტივით, რუსები გასვლაზე უარს აცხადებენ და ეშმაკურად იყენებენ სტამბოლის შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რომლის შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს რუსული კონტინგენტის უსაფრხთოება გაყვანის პროცესში - ესე იგი, საქართველოს ავალდებულებენ, დაშალოს აფხაზური პიკეტი და უზრუნველყოს მაგისტრალების გაწმენდა - ვითომ არ იციან, რომ საქართველო გუდაუთას, დღეს კი არა, საბჭოთა პერიოდშიც ვერ აკონტროლებდა ხეირიანად, ვინაიდან იგი სეპარატისტთა ნამდვილი ბუდე იყო.
        ამ ვითარებაში, ძალიან ძნელია ადეკვატური დიპლომატიური დემარშის მიგნება, რადგან სტამბოლის ოქმის ჩანაწერი («უშიშროების» შემდეგ) რეალობად რჩება. სინამდვილეში, ეს, რა თქმა უნდა, მოსკოვის «ნაეშმაკარია», თუმცა, სავსებით ბუნებრივად მოეჩვენება ნებისმიერ დასავლელ სპეციალისტს, ვინც არ იცნობს საქართველოს «კონფლიქტოლოგიურ» სპეციფიკას.
        ასეთი პუნქტი ყველა დოკუმენტში არსებობდა ნებისმიერი ქვეყნიდან უცხო სახელმწიფო ჯარების გაყვანის შესახებ.
        აქ, ისევ და ისევ, მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის და პრობლემების შესაბამისი ანგაჟირების იმედი უნდა გვქონდეს. ოღონდ, თავადაც უარი უნდა ვთქვათ, მაგალითად, ვაზიანში ყოველწლიურად 48 რუსული თვითმფრინავის მიღებაზე და ასე შემდეგ. შესაბამისი მექანიზმები არსებობს.

დილის გაზეთი, 30 ივნისი, 2001 წელი