«საბრძოლო დაზვერვა» კოდორში

«საბრძოლო დაზვერვა» კოდორში

        სამხედრო სტრატეგიაში არის ასეთი ტერმინი «რაზვედკა ბოემ», როდესაც ხდება მოწინააღმდეგის საომარი და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებით. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი აქცია განახორციელეს სეპარატისტებმა მარუხის უღელტეხილის მიდამოებში. პროვოკაციამ გაამართლა და ზოგიერთი, საკმოად შემაშფოთებელი სიმპტომი გამოავლინა. მაგალითად, ერთდოულად, რამდენიმე საინფორმაციო საშუალება გუშინ დაჟინებით აცხადებდა, რომ 100 აფხაზ სეპარატისტს აჩადარასა და მარუხს შორის 50-60 ქართველი მოლაშქრე დაუპირისპირდა.
        რაკი არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ამ ცნობის მართებულობაში ეჭვი შევიტანოთ, იძულებული ვართ დავასკვნათ, საქმე ხეობაში ძალიან ცუდად არის. აბა სხვა როგორ შეიძლება შევაფასოთ, თუ დესანტის გასანეიტრალებლად ორჯერ ნაკლები ძალა გაემართა ხეობიდან?! არადა, ასეთ ვითარებაში ძალა ექვსჯერ-შვიდჯერ აღმატებული უნდა იყოს – დესანტმა ხომ გამაგრება, ტერიტორიის დანაღმვა და საცეცხლე წერტილების შერჩევა მოასწრო.
        თანაც ეს პირველი შემთხვევა არ არის _ საბრძოლო ხელოვნების არსი კი ძალთა კონცენტრაციაში მდგომარეობს, «საჭირო ადგილას და საჭირო დროს», როგორც კლაუზევიცი წერდა. ამ თვალსაზრისით, ასი ათას აფსუას ყოველთვის ექნება უპირატესობა ხუთმილიონიან საქართველოზე, თუ «საჭირო ადგილას, საჭირო დროს» აღმატებული ძალის კონცენტრაციას მოახერხებენ.
        მთლიანობაში, ის რაც სამშაბათს ხეობაში ხდებოდა, მრავალ კითხვას წარმოშობს. ზოგიერთ საკითხს თვით სეპარატისტთა ლიდერებმა მოჰფინეს ნათელი, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს. მაგალითად, ანრი ჯერგენიამ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ «აფხაზური ძალები დიდი ხანია იმყოფებიან იმ რაიონში». მაშასადამე, დესანტი სინამდვილეში 2-3 დღის შემოსული არ არის. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან კოდორის ხეობის გარშემო სიმაღლეებზე აფხაზურმა მხარემ ეგრეთ წოდებული «რადისტები» (საარტილერიო ცეცხლის მაკოორდინირებლები) გადმოსხა, რათა ისინი გამოეყენებინა ქართული სოფლების ზუსტი დაბომბვისთვის.
        როგორც ჩანს, აჩადარა-მარუხის ხაზზე დესანტის გადმოსხმით, სეპარატისტთა სარდლობა (რა თქმა უნდა, რუსი «ინსტრუქტორების» რჩევით) აძლიერებს პლაცდარმს კოდორის ხეობის გარშემო იმ შემთხვევისთვის, თუ სოხუმსა და მოსკოვში მიიღებენ გადაწყვეტილებას კოდორში ქართველთა ეთნოწმენდის ორგანიზების თაობაზე. თავისთავად, ეს დესანტი ჯერ კიდევ არ ემუქრება ხეობას, ვინაიდან, მოქმედება განვითარდა ქართული სოფლებიდან 20-30 კილომეტრში, მაგრამ თუ დესანტი იქ გამაგრებას შეძლებს, შეიქმნება პლაცდარმი ხეობასთან ჩრდილოეთიდან «მოსაჩოჩებლად», რაც ძალიან სერიოზულ საფრთხეს შექმნის.
        როდესაც საშიშროება უშუალოდ კოდორის ხეობას დაემუქრება (ვგულისხმობთ, თვით ქართულ სოფლებს), მაშინ მობილიზაციის პრობლემა არ იარსებებს, მაგრამ, შეიძლება, საუბედუროდ, უკვე გვიან იყოს. ძალთა პოზიციური განლაგება უკვე ყველაფერს გადაწყვეტს.
        აქედან გამომდინარე, სავსებით სწორი და გამართლებული რეაქციაა, როდესაც ქართული მხარე ცდილობს, არ დაუშვას სეპარატისტთა სამხედრო სტრატეგიული პუნქტის გამაგრება კოდორის ჩრდილო-დასავლეთით. სხვა საქმეა, რამდენად მოხერხდა ამ ამოცანის გადაწყვეტა კონკრეტულად გუშინდელი ოპერაციის დროს. ქართული წყაროები ამტკიცებენ, რომ აფხაზურმა დესანტმა უკან დაიხია და სოხუმისკენ გაემართა. აფხაზური წყაროები ამას არ ადასტურებენ.
        საერთოდ, მათი რეაქციიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ კოდორის ხეობის მიდამოებში (ჩრდილოეთიდან) სხვა «საყრდენი წერტილებიც» არსებობს. ამჟამინდელი კი მხოლოდ შემთხვევით აღმოაჩინა ქართულმა მხარემ, რაკი ცეცხლი გაუხსნეს ვერტმფრენს.

დილის გაზეთი, 14 აგვისტო, 2002 წელი