რუსულ-ამერიკული მიტელშპილი

რუსულ-ამერიკული მიტელშპილი

      

        მიუხედავად შიდაპოლიტიკური «ძიძგილაობისა», რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებას უკავშირდება, ძნელია, მხედველობიდან გამოგრჩეს უფრო სერიოზული პროცესები, რომლებიც საქართველოს გარშემო ვითარდება.
        ვთქვათ, ბოლო ორი-სამი დღეა თბილისში კვლავ «სტუმრიანობა» გვიდგას - დელეგაციები ერთმანეთს ცვლიან.
        დედაქალაქში თითქმის ერთდროულად ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო უწყებათა წარმომადგენლები. მართალია, მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფოა, მაგრამ პოსტსაბჭოური სივრცე გეოპოლიტიკურ კოორდინატთა სხვა სისტემაში იმყოფება, ამიტომ ძალები აქ უკვე თითქმის თანაბარია.
        არ დაიჯეროთ ზღაპრები, თითქოს საქართველოს საერთოდ არანაირი ადგილი არ უკავია შტატების გეოპოლიტიკურ განზრახულობათა სქემებში «დიდ საჭადრაკო დაფაზე» (ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნის სათაური). ასეთი მდგომარეობა იყო მხოლოდ მანამ, სანამ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა «გაჩნდა» ვაშინგტონის (მათ შორის, პენტაგონის) რუკებზე და იმ დღიდან იკრებს «წონას», როგორც ფიგურა ხსენებულ «საჭადრაკო დაფაზე».
        საქართველოს უმთავრესი ამოცანაა, გაითვალისწინოს ამერიკული პრაგმატიზმი და არ დაუშვას ისეთი ვითარება, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთს «ხურდაში დაუბრუნოს» (რაიმე დიდი გარიგების კონტექსტში) მაგალითად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაშლაზე მოსკოვის თანხმობის სანაცვლოდ.
        ეს ძალიან რთული ამოცანაა, რომელიც ფილიგრანულ ტექნიკას მოითხოვს - პოლიტიკა არ აღაირებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა «ერთგულება», «პატიოსნება» და ასე შემდეგ.
        აქვე უნდა ითქვას, რომ, აგრეთვე მტკნარი სისულელეა აზრი, თითქოს «საქართველო არ უნდა იქცეს საჯილდაო ქვად რუსეთსა და ამერიკას შორის».
        თუ მშვიდი ცხოვრება გვინდოდა, მაშინ დამოუკიდებლობა საერთოდ არ უნდა გამოგვეცხადებინა. დამოუკიდებელი საქართველოს გარშემო (და საქართველოში თავად) დიდი გეოპოლიტიკური თამაშები გარდაუვალია - ეს ობიექტური რეალობაა და ჩვენი ამოცანაა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, თორემ კაცმა რომ თქვას, «იქით» გზა ჰქონია ამერიკასაც და რუსეთსაც თავისთავად.
        ორშაბათს, თბილისში ერთდროულად ჩამოვიდნენ ამერიკელი და რუსი სამხედროები. კერძოდ, რუსეთის გენერალური შტაბის საერთაშორისო განყოფილების უფროსი, ლეონიდ ივაშოვი და ამერიკის თავდაცვის მინისტრიეს ახლად დანინული «სპეციალური მრჩეველი» (ამერიკაში ეს იგივეა, რაც თანაშემწე) საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებში - ოთარ შალიკაშვილი.
        როგორც ცნობილია, იგი ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამაა. მალხაზ შალიკაშვილი კი ახლო წარსულში აშშ შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე იყო - ეს უმაღლესი სამხედრო პოსტია ამერიკაში, ხოლო აშშ-ის «წონის» გათვალისწინებით, თვით ნატოშიც.
        ოთარ შალიკაშვილის დანიშვნა, რა თქმა უნდა, მისი რეკომენდაციით მოხდა. თანაც, მიაქციეთ ყურადღება - ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთისა და ამერიკის სამხედრო დელეგაციები ერთსა და იმავე დღეს ჩამოდიან თბილისში (გავიხსენოთ თუნდაც მოლაპარაკება სტამბოლის ხელშეკრულებათა განხორციელებაზე). თანაც, ასეთი «თანხვედრის» ინიციატორები ყოველთვის ამერიკელები არიან და არა რუსები.
        გენერალ ივაშოვს აშკარად არ ესიამოვნებოდა პენტაგონის ინტერესი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ოთარ შალიკაშვილის ვიზიტის შინაარსს - განსხვავებით თავად ივაშოვის მისიისგან.
        რუსებმა ვერ დაარწმუნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ აუცილებელია საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის ჯართა მოსამსახურეებს მიეცეთ ნება ქვეყანაში «სამსახურებრივი პასპორტებით» შემოსვლისა, ანუ ვიზების გარეშე. სანაცვლოდ... არაფერი! გინდ დაიჯერეთ გინდ არა - ფსოუზე «იშვიათი რეჟიმის» გაუქმებაზე საუბარიც არ სურთ. უბრალოდ, თქვენ უნდა წამოხვიდეთ დათმობაზე» - მორჩა და გათავდა.
        პენტაგონი, ჯერჯერობით, «უვიზო რეჟიმის» არ გვთხოვს. თუმცა, ოთარ ქალიკაშვილის თქმით (თვით მისი პოსტის შემოღება ძალზე ნიშანდობლივია), საქართველომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება მიაღწიოს ისეთ სამხედრო სტანდარტებს, როდესაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა «ხილვადი» გახდება.
        რასაკვირველია, ბატონ ოთარს ესმის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მისი განცხადება ვაშინგტონის (მათ შორის პენტაგონის) რეაქციაა ედუარდ შევარდნაძის გაცხადებაზე «ნეიტრალიტეტის» შესახებ.
        ეს იყო სიგნალი (თბილისიდან): გაანძრიეთ ხელი და დაგვეხმარეთ, თორემ უაზრო ალტრუიზმით არც საქართველოა დაავადებული,.
        როგორც ხედავთ, განერვიულდნენ და «ხელიც გაანძრიეს» - ფოთთან სამხედრო მანევრები და 9 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი პირველი ნიშანია.

დილის გაზეთი, 16 თებერვალი, 2001 წელი