რუსული შტაბი ტოვებს საქართველოს

რუსული შტაბი ტოვებს საქართველოს

 

    რამდენიმე წლის წინ ცნობა კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის თბილისიდან-ერევანში გადატანის თაობაზე უეჭველად სენსაციას გამოიწვევდა. დღეს ამგვარი გადაწყვეტილება უკვე აღარავის უკვირს. თავად რუსი სამხედროების ინფორმაციით, კავკასიის სამხედრო ოლქი ფაქტობრივად გაუქმებულია. სანაცვლოდ იქმნება ჯარების ორი დაჯგუფება: «სომხეთი» და «საქართველო». ორივეს საკუთარი სარდალი ეყოლება, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას დაექვემდებარებიან.
    ეს მოვლენა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. თბილისი ხომ რუსული არმიის «კავკასიური გარნიზონის» ცენტრი უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იყო. რუსული ჯარები სომხეთში, ჩრდილოეთ ირანში (აზერბაიჯანში) საქართველო-თურქეთის საზღვარზე და თვით ჩრდილოეთ კავკასიაშიც სწორედ თბილისიდან იმართებოდნენ.
    მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ «კავკასიის სამხედრო ოლქი» საერთოდ უქმდება და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი დაჯგუფება იქმნება. ამით რუსეთი იძულებულია აღიაროს, რომ კავკასიაში ერთიანი სამხედრო პოლიტიკის გატარება მას უკვე აღარ ძალუძს და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კავკასია (როგორც ერთიანი რეგიონი) აღარ წარმოადგენს «რუსული სივრცის» ნაწილს.
    საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი რამდენიმე სამხედრო ბაზას ტოვებს - ახალქალაქში, გუდაუთაში, ბათუმსა და ვაზიანში (თბილისში). ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც გაუქმდება კავკასიის სამხედრო შტაბი, რუსეთი თანდათანობით შეამცირებს ჯარების რაოდენობას ვაზიანში და ბოლოს საერთოდ გააუქმებს სამხედრო ბაზას.
    ერთიანი სარდლობა მხოლოდ ჯარების ჯგუფ «არმენიას» ეყოლება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ბაზები როსტოვში მყოფ ხელმძღვანელობას დაექვემდებარება. ვაზიანის სამხედრო ბაზაც თანდათანობით დაიცლება და რუსეთი სამხედრო ქვედანაყოფებს დატოვებს მხოლოდ იმ რეგიონებში (ჯავახეთში, აჭარაში, აფხაზეთში), რომლის მოსახლეობაც მისი ჯარების გაყვანის წინააღმდეგი იქნება.
    თბილისში შტაბის გაუქმება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის ბევრ რამეს შეცვლის. ამით საბოლოოდ დასრულდება ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ «გუდაუთის სამხედრო დაჯგუფება» თბილისის შტაბს დაექვემდებაროს, ხოლო «კავკასიის სარდლობამ» 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მოქმედებაზე აგოს პასუხი.
    როსტოვში მყოფი სარდალი მიუწვდომელი გახდება ქართული საზოგადოებრივი ელიტისათვისაც, რომელიც 1992-93 წლებში ხშირად სტუმრობდა რეუტთან და «ემუდარებოდა» მას, საქართველოს დახმარებოდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ვახტანგ გოგუაძე გამოირჩეოდა - რეუტთან მისი მეგობრობა საყოველთაოდ იყო ცნობილი, თუმცა შედეგი (საქართველოსათვის დადებითი) დღემდე არ ჩანს და აღარც გამოჩნდება.
    რუსული სამხედრო «ლინიის» ისტორია საქართველოში დასასრულს უახლოვდება. იწყება ახალი ეპოქა და მასში ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო გარნიზონი გადამწყვეტ როლს ვეღარ შეასრულებს.

მერიდიანი, 28 მარტი, 1997 წ.