რუსული სტანდარტი

რუსული სტანდარტი

        შაბათს ბაქოში დამთავრდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიას შორის.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩანს, ძალიან «აწვებიან» რუსი სამხედროები და ანტიქართულად განწყობილი რუსული ისტებლიშმენტის გავლენიანი წრეები.
        მინისტრ იგორ ივანოვს დედით ქართველობაში სდებენ ბრალს, რაც თანამედროვე ნეონაციზმის გზაზე დამდგარ რუსეთში ძალიან სერიოზული ბრალდებაა.
        ამიტომ, ბუნებრივია, იგორ ივანოვს სწორედ ქართველ დედას აგინებენ რუსულად - «გრუზინებისადმი» დაკავებული არასაკმარისად მტკიცე პოზიციის გამო, რაც თავის დროზე იმაში გამოიხატა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ საქართველოს (შატილის დაბომბვისათვის) ბოდიში მოუხადა.
        თუმცა, მაშინ ამ უწყებას სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა, ხოლო იგორ ივანოვის «სირბილის» მიზეზი საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარული როდი იყო: 6 წლის ასაკიდან ახმეტასთან მას აღარაფერი აკავშირებს, ხოლო დედამისს (წლების განმავლობაში მოსკოვის გაი-ს ყოფილ უფროსს) ქართული დიდი ხანია დაავიწყდა.
        სინამდვილეში, იგორ ივანოვი, როგორც ძალზე ჭკვიანი პოლიტიკოსი, შესანიშნავად ხვდებოდა (ახლაც ხვდება), რომ საქართველოზე უხეში დიპლომატიური ზეწოლით არაფერი გამოვა და მოსკოვი მხოლოდ წააგებს, ვინაიდან საქართველო მიიღებს საშუალებას პროპაგანდისტული კონტრშეტევისათვის.
        გარდა ამისა, იგორ ივანოვი ბრწყინვალედ გრძნობს საერთაშორისო ვითარებას და იცის, რომ რაც უფრო მიაწვება საქართველოს რუსეთი, მით უფრო მოაწვება ამ უკანასკნელს დასავლეთი, რომელიც მიიღებს ურყევ არგუმენტს: «კი, ბატონო, ჩეჩნეთი თქვენი ტერიტორიის ნაწილია და თუმცა არ ვიწონებთ ადამიანის უფლებათა დარღვევას, მაგრამ იძულებულნი ვართ შევურიგდეთ რეალობას და მხოლოდ რბილი პროტესტი გამოვთქვათ. საქართველო კი, ნურას უკაცრავად, დამოუკიდებელიო სახელმწიფოა და მასთან არაფერი შეგეშალოთ».
        ეს გათვლა მთლიანად გამართლდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს წინააღმდეგ გაავრცელა ცნობილი განცხადება აბსურდული ბრალდებებით. თბილისმა კი საპასუხოდ მიმართა ეუთოს, - ჩეჩნეთის საზღვრის მონაკვეთზე დამკვირვებელთა გამოგზავნის თხოვნით.
        ეს თხოვნა, დასავლეთის სახელმწიფოთა დაინტერესების შედეგად, უმოკლეს ვადაში იქნა განხილული და დაკმაყოფილებული, რამაც რუსეთის გაცოფება გამოიწვია. მაგრამ რაღას გააწყობდა?
        საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და, რასაკვირველია, აქვს უფლება მიმართოს შესაბამის თხოვნით ეუთოს. ამ შემთხვევაში კი რუსეთს არ ჰქონდა «ვეტოს უფლება». ისღა დარჩენოდა, თავისი წარმომადგენლები მიევლინებინა ამ მისიაში და ეღიარებინა მისიის კანონიერება. თუმცა მოსკოვში მაშინვე წერდნენ (იუგოსლავიის ანალოგიით), რომ ეუთოს ფეხდაფეხ მიჰყვება ნატო.
        მიუხედავად ამისა, რუსი გენერლები არ ცხრებოდნენ. სალდაფონ -დერჟიმორდებს ასე ადვილად ვერ შეაგნებინებდი, რომ საქართველოზე პროპაგანდისტული შეტევით რუსეთი მხოლოდ აგებდა. ამიტომ ივანოვის უწყება იძულებული გახდა კიდევ ერთი ანტიქართული ნაბიჯი გადაედგა: საქართველოს ელჩი რუსეთში, მალხაზ კაკაბაძე მიიწვიეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და კატეგორიულად მოსთხოვეს «დახურულიყო» ან «გაუქმებულიყო» (რაც ერთი და იგივე არ არის იურიდიული თვალსაზრისით) ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა საქართველოში.
        ძნელი სათქმელია, რა უპასუხა კაკაბაძემ რუს დიპლომატებს, მაგრამ ედუარდ შევარდნაძესა და ირაკლი მენაღარიშვილის შემდგომი რეაქცია მეტყველებს, რომ ოფიციალური თბილისი ამ შემთხვევაში ასე ადვილად უკან დახევას არ აპირებს: ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა «კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში» თბილისში გაიხსნა 1997 წელს, როდესაც ელცინი მასხადოვს ეხუტებოდა კრემლში და ხელს აწერდა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო დოკუმენტს. «რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის 400-წლიანი ომის დამთავრების და იჩქერიასთან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობათა დამყარების შესახებ».
        ამ დოკუმენტში შავით თეთრზე ეწერა, რომ, მართალია, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას რუსეთი არ ცნობს, მაგრამ ურთიერთობას მაინც საერთაშორისო სამართლის პრინციპზე დაყრდნობით ააგებს, ხოლო სტატუსის საკითხს 2001 წლის 1 იანვრამდე გაარკვევს.
        როგორც ჩანს, ახლაც არკვევს.
        ამ მოვლენებამდე 5 წლით ადრე, 1992 წლის 10 ოქტომბერს, გაგრის ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის რეფორმატორული კაბინეტის (გაიდარის მთავრობის) წევრთა თანდასწრებით მოსკოვში საზეიმოდ გაიხსნა «აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა კულტურისა და ეკონომიკის საკითხებში».
        საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს გააფთრებულ პროტესტებს მოსკოვიდან ჯერ არ პასუხობდნენ, შემდეგ კი სტანდარტული პასუხი მოდიოდა: აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება (აფხაზი ეროვნებისა), რიგითი თანამშრომლებიც მოსკოველი აფხაზები არიან, ისინი მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, - არ არღვევენ რუსეთის კონსტიტუციას, უბრალოდ, ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ თავიანთი შეხედულებების შესაბამისად. ამგვარი ქმედებების უფლებას კი რუსეთი თავის მოქალაქეებს ვერ წაართმევს.

        ჰოდა, თუ ასეა, საქართველოსაც შეუძლია ახლა მოიყვანოს ანალოგიური არგუმენტი: ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი არის საქართველოს მოქალაქე (ხიზრი ალდამოვი - ჩეჩენი ეროვნებისა); რიგითი თანამშრომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არღვევენ ქვეყნის კონსტიტუციას; უბრალოდ, ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ თავიანთი შეხედულებების შესაბამისად. ამგვარი ქმედებების უფლებას კი საქართველო თავის მოქალაქეებს ვერ წაართმევს.
        რუსეთთან სხვაგვარი ლაპარაკი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასდროს ვაიძულებთ მას (თუნდაც გაცნობიერების დონეზე), აღიქვას ერთგვარად აფხაზეთისა და ჩეჩნეთის პრობლემები.
        სხვა საკითხია, რამდენად არის ეს პრობლემები იდენტური ობიექტურად, მაგრამ მთავარი ისაა, რუსეთმა იცოდეს: თუ იგი განაგრძობს აფხაზ სეპარატისტთა ყოველმხრივ მხარდაჭერას, არ უნდა ჰქონდეს იმედი საქართველოს მხრიდან თუნდაც კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტისა ჩრდილოკავკასიურ კონფლიქტებთან დაკავშირებით.
        ჩეჩნეთის ომი კი უკანასკნელი ნამდვილად არ არის.

მერიდიანი, 8 მარტი, 2000 წელი