რუსული დესანტი შატილთან

რუსული დესანტი შატილთან


              

პარასკევს, სისხამ დილით, რუსეთის ერთ-ერთი სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფებმა ჰაერიდან შეტევით დაიპყრეს არღუნის ხეობის დასასრულს, საქართველოს საზღვართან მდებარე ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლე და დიდი ძალებით გამაგრდნენ მასზე.
        სიმაღლეზე «გამაგრება» იმას ნიშნავს, რომ უმალვე გაითხარა სანგრები, დაინაღმა მიმდებარე ტერიტორია (როგორც ჰაერიდან ჩამოყრილი ნაღმებით, ასევე უშუალოდ) და შეირჩა საცეცხლე ორიენტირები საბრძოლო თვალსაწიერში;
        რუსული მედია აცხადებს, რომ სიმაღლე რუსმა მედესანტეებმა ბრძოლით დაიკავეს, რაც აშკარა ტყუილია - ჩეჩენი მებრძოლები მას არ იცავდნენ, რაც უეჭველად გვაფიქრებინებს, რომ არღუნის ხეობასა და მასზე გამავალ გზას სინამდვილეში, ჩეჩნური მხარისთვის არ ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა «საქართველოდან იარაღის შემოტანის» თვალსაზრისით.
        ეს ფაქტი ყველაზე უკეთ ადასტურებს: სინამდვილეში არავითარი «იარაღი» და არავითარი «ბოევიკები» იჩქერიაში საქართველოდან არ შედიოდნენ. ასე რომ ყოფილიყო, ჩეჩნები ადვილად არ დაანებებდნენ რუსებს არღუნის ხეობის ბუნებრივ კარიბჭეს.
        ამ სამხედრო აქციას, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შინაარსი აქვს - რათა ჩეჩნებს წინააღმდეგობის სურვილი და ნება გაუტეხოს, შეუქმნას მათ «ალყაშემორტყმულობის» შთაბეჭდილება; თუმცა, შემდგომ ეტაპზე, რუსებმა შეიძლება სცადონ შეტევის განხორციელებაც «ქვევით», ანუ ჩრდილოეთის მიმართულებით.
        იმავდროულად, ძირითადი ნაწილები შეუტევენ ჩრდილოეთიდან- «ზევით». თუმცა, ეს სამომავლოდ, ამჟამად კი, რასაკვირველია, კავკასიონის ქედზე დესანტირებას პოლიტიკური აზრიც ჰქონდა - მოსკოვში მიმდინარე გააფთრებული უმოწყალო და ყოველგვარ ზღვარგადასულად, უზნეო პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით;
        მანამდე (ოთხშაბათს) რუსულმა არმიამ სცადა ერთი დარტყმით აეღო გროზნო, რომელიც ჩეჩნებმა წინააღმდეგობის სიმბოლოდ აქციეს.
        როგორც ჩანს, რუსულ გენერალიტეტს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს გროზნოში «ბოევიკები» უკვე აღარ იმყოფებოდნენ და ტრიუმფით შეძლებდნენ ქალაქის ცენტრში «შეგრიალებას»; მწარედ მოტყუვდნენ: ჩეჩნებმა «მინუტკას» მოედნამდე შეუშვეს, შემდეგ კი სამხედრო კოლონა პირწმინდად გაანადგურეს.
        «ამბის წამღებიც» არ გაუშვიათ. საპარლამენტო არჩევნების წინ, «პრეზიდენტობის კანდიდატ» ვლადიმირ პუტინისთვის ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იყო; ამიტომ მან გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ისეთი აქცია (საქართველოს საზღვარზე დესანტირება), რაც კვლავ გაზრდიდა მის ავტორიტეტს და განუმტკიცებდა წარმატების შანსს პოლიტიკურ გაერთიანება «ედინაია როსსიას».
        პუტინი სწორედ მას აპირებს დაეყრდნოს მომავალი საპრეზიდენტო ბატალიებისას.
        მაგრამ «რეიტინგს» გამოდევნებულმა პუტინმა, მისდაუნებურად, საქართველოს კეთილი სამსახური გაუწია და აი, რატომ: ჩეჩნეთის ომის დაწყებისთანავე მრავალი დამკვირვებელი გამოთქვამდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვს, რომ ეს ომი ერთგვარი «პრელუდია» იქნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ფართომაშსტაბიანი «პროვოკაციის» (შესაძლოა, პირდაპირი აგრესიის) წამოსაწყებად.
        სწორედ ამ მიზნით ავითარებდა რუსეთის მასმედია ანტიქართულ ისტერიას, რომ თითქოსდა საქართველოდან ჩეჩნეთს მიეწოდება იარაღი, გადადიან ბოევიკები და ასე შემდეგ.
        დესანტირების შედეგად შეიქმნა თვისებრივად ახალი ვითარება: პუტინის რეჟიმი უკვე თავად არის დაინტერესებული, აღარ მოხდეს «საქართველოდან ჩეჩნეთის დახმარების» თემის მუსირება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ნულს გაუტოლდება «დესანტირების» პროპაგანდისტული შედეგი: თუკი (მიუხედავად «არღუნის კრაიბჭის» დაკავებისა), ჩეჩნები მაინც იღებენ დახმარებას, რაღა საჭირო იყო ასეთი «ბუკ-ნაღარა»?
        გარდა ამისა, ელემენტარული ლოგიკითაც, ამიერიდან შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, თითქოს არღუნის ხეობით მოძრაობენ «ბოევიკები», ხოლო რაკი სხვა გზა საქართველოდან - ჩეჩნეთში, უბრალოდ არ არსებობს, ზემოთ ხსენებულ ანტიქართულ ისტერიას საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი;
        თუმცა, არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მოხდეს «პანკისის ხეობის» თემის მუსირება; მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში პანკისიდან ჩეჩნეთში გადასვლა თითქმის შეუძლებელია.
        ვამბობ «თითქმის», ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, გამოცდილი «ალპინისტი», (ვთქვათ, რეინჰოლდ მესნერი) ყველგან გაივლიდა და გაივლის.
        არღუნის ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, შეუძლებელი გახდა, აგრეთვე, ბოევიკთა «გამოდევნა» საქართველოსკენ - ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის წამოსაწყებად.
        საერთოდ კი, ძალზე საეჭვოა, ბრძოლებმა ამ «კარიბჭემდე» მოაღწიონ; რუსულ გენერალიტეტს შეუძლია დესანტი გამოიყენოს იმისთვის, რათა გააფართოოს ეს პლაცდარმი- ჰაერით გადაისროლოს მძიმე არტილერია და «ზემოდან დასცხოს» ჩეჩნურ ფორმირებებს, მაგრამ არღუნის ხეობის შესასვლელიდან -ვედენომდე და სხვა რაიონებამდე, სადაც ჩეჩნები არიან გამაგრებულნი - ათეულობით კილომეტრია.
        რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, გენერალმა ტროშევმა პირდაპირ განაცხადა: «რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დესანტის გადმოსხმა პრობლემა არ არის. პრობლემაა მისი შემდგომი მომარაგება, ვინაიდან, ჩეჩნებს, ახლომდებარე სიმაღლეებიდან უბრალო ტყვიამფრქვევებითაც შეეძლებათ ჩვენი ვერტმფრენების ჩამოგდება».
        მიუხედავად ამისა, დესანტირება მაინც შედგა - სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს წინააღმდეგ სხვა მაშტაბისა და შინაარსის პროვოკაციის განხორციელება.
        კერძოდ, რუსები უეჭველად შეეცდებიან დაიწყონ დესანტის მომარაგება (მისი რიცხვი 200 მებრძოლამდეა - წარმოიდგინეთ, რამდენი საკვებია საჭირო. მხოლოდ საკვები - სხვაზე არ ვლაპარაკობ) ვერტმფრენებით, ოღონდ მარშრუტი ისეთნაირად ააგონ, რომ იგი თითქმის მთლიანად გადიოდეს საქართველოს საჰაერო სივრცეზე, რათა ჩეჩნებმა ვერ შეძლონ და ვერ მოახერხონ მათი ჩამოგდება;
        არადა, ჩეჩნურ ფორმირებებს საკმაოდ მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აქვთ - მიაქციეთ ყურადღება, ორი თვის განმავლობაში მათ უკვე 8 ვერტმფრენი და 4 ავიაგამანადგურებელი (!) ჩამოაგდეს. ამაში ჩეჩნეთის რელიეფიც უწყობთ ხელს - მაშინ, როდესაც იუგოსლავიის (!) წინააღმდეგ ომში ამერიკელებმა მხოლოდ ერთი თვითმფრინავი დაკარგეს.
        რუსული გენერალიტეტი   ამ მიზნით გამოიყენებსვაზიანის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებს. ვაზიანის ბაზა 2001 წლის ივლისამდე «ლეგიტიმურად» იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ რუსეთს ჯერ კიდევ ვერავინ ვერ აუკრძალავს რეგულარულ ფრენას ვაზიანიდან შატილის გავლით - არღუნის სიმაღლემდე, რუსული დესანტის მოსამარაგებლად.
        სხვა საქმე იქნებოდა, რუსებს ეს ბაზა რომ არ ჰქონოდათ, მაგრამ რაკი ჯერ კიდევ აქვთ, აუცილებლად გამოიყენებენ.
        ყველაზე საშიში ვითარება კი იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ჩეჩნები შეეცდებიან რუსული დესანტის განადგურებას. რუსეთი უმალვე აამოქმედებს ავიაციას და ბრძოლა გაიმართება თითქმის შატილის თავზე.
        არ არის გამორიცხული, რუსებმა რამდენჯერმე «შემთხვევით» ისევ დაბომბონ შატილი, ან მესაზღვრეები გახდნენ იძულებულნი გახსნან ცეცხლი, - ასეა თუ ისე, საზღვარზე მეტად საშიში ვითარება იქმნება.
        კიდევ კარგი, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება «ეუთოს» დამკვირვებელთა შატილში განლაგების თაობაზე. ისინი შეძლებენ დაადასტურონ აგრესორის ვინაობა. რუსულმა დიპლომატიამ ჩვეულად «იეშმაკა» და კატეგორიულად მოითხოვა რუსი დამკვირვებლის «ჩასმა» ამ ჯგუფში.
        რუსულ «მონიტორინგს» საზღვარზე ქართული მხარე არ თანხმდებოდა. უფრო სწორად, თბილისი მოითხოვდა სანაცვლოდ ქართველი დამკვირვებლების დაშვებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის «ოსურ» და «აფხაზურ» მონაკვეთზე, რაც თავის მხრივ, მოსკოვისთვის აღმოჩნდა კატეგორიულად მიუღებელი.
        მაგრამ «ეუთოს» დამკვირვებელთა ჯგუფი მაინც სხვა საქმეა.
        ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული ორგანიზაცია ატარებს არა ფორმალურ, არამედ რეალურ მონიტორინგს საქართველოში;
        როგორც უნდა დამთავრდეს ჩეჩნეთის ომი - ამით საქართველო ნამდვილად მოიგებს. ჩეჩნეთის ომმა უკვე გამოიწვია დასავლეთის ყურადღების განუზომელი ზრდა ჩვენი ქვეყნისადმი. არასდროს საქართველო ასეთი ყურადღების ფოკუსში არ ყოფილა; მაშასადამე, ქართულ დიპლომატიას «კოზირები» შეემატა, რათა ქმედითად დავიცვათ ჩვენი ინტერესები.
        თვალნათელია, რომ უახლოესი 2-3 წელი, ყველა თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება.

დილის გაზეთი, 5 დეკემბერი, 1999 წელი