რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?

რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?

       რუსეთში დატრიალებული ამბები, რიგით, ორდინალურ კრიზისად არ შეიძლება ჩაითვალოს. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის საბოლოო და სამუდამო კრახთან. რუსული ცივილიზაციის ისტორიამ დაადასტურა, რომ მას განვითარების შინაგანი რესურსები არ გააჩნია. იგი მიხრწნილი ცივილიზაციაა; სინამდვილეში დიდ ხნის მკვდარია, მაგრამ სხვადასხვა შეფერილობის კონცეფციებითა და თეორიებით, დროგამოშვებით, «სულს უბრუნებენ» და საზიზღარ სანახაობას აგრძელებენ.
    ერთი შეხედვით, ასეთი შორსმიმავალი დასკვნის გაკეთების საფუძველს თითქოს არ უნდა იძლეოდეს რუსული რუბლის დევალვაცია. ვითომ რა მოხდა ისეთი - განა პირველია რუსეთის ისტორიაში, რომ ქვეყნის მთავრობა ურცხვად და უსინდისოდ ამბობს უარს ვალების გადახდაზე (ფაქტობრივად, კონფისკაციას ახდენს და თავს ბანკროტად აცხადებს) ან რეფორმათა მორიგი ეტაპის, მოდერნიზაციის მორიგი მცდელობის კრახს აღიარებს?
    რა თქმა უნდა, არ არის პირველი - თვალი გადავავლოთ რუსეთის ისტორიას: რამდენი მცდელობა იყო მოდერნიზაციისა? ჯერ პეტრე I, შემდეგ სტოლიპინი, თვით რუს ბოლშევიკთა ქმედებაც ხომ, საბოლოოდ, ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად; შემდეგ გორბაჩოვი, ელცინი . . . . . ყველა ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა.
    ახლა ელცინის რუსეთიც დამარცხდა, ელცინის რეფორმებიც ჩაფლავდა, რუსეთი სრულ უკუნეთში ეშვება და ალბათ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში მაინც გარდაუვალია.
    მაშასადამე, რუსული ცივილიზაციის ძირითადი თვისება ის არის, რომ იგი ვერ ვითარდება, მას (ვიმეორებ) განვითარების რესურსი და თვისება არ გააჩნია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, იგი უშუალოდ ეხება საქართველოს პრობლემატიკას.
    დასავლურ ლიტერატურაში თემა უაღრესად ღრმად და დაწვრილებით არის შესწავლილი. მკვლევართა უმეტესობა მას «ბიზანტინიზმის» პრობლემას უკავშირებს. რუსული სახელმწიფოებრივი ტრადიცია რუსეთს «მესამე რომად» აღიარებდა, ხოლო რუსულ ცივილიზაციას - ბიზანტიური ცივილიზაციის მემკვიდრედ. მაგრამ რას წარმოადგენდა თვით ბიზანტიური ცივილიზაცია? მართალია, იგი ძველ რომაულ და ბერძნულ ცივილიზაციებს ეყრდნობოდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ძველი ცივილიზაციებიდან ყველაზე რეაქციული და კონსერვატიული მუხტი აიღო, რაც იმთავითვე გამორიცხავდა განვითარების, განახლების ყოველგვარ შესაძლებლობასა და პერსპექტივას.
    ბიზანტია, თვით იუსტინიანეს «ოქროს ეპოქიდან» დაწყებული, განუწყვეტლივ ლპებოდა და იხრწნებოდა, - თითქმის ათასი წლის განმავლობაში! სანამ, ბოლოს და ბოლოს, თურქულმა მახვილმა მთლიანად არ მოსპო 1453 წლის 29 მაისს, როცა მეჰმედ II-მ თეთრი ცხენი შეაჭენა სოფიის ტაძარში დაგროვილი გვამების მთაზე და სისხლით წითლად შეღება იგი.
    მაგრამ ხრწნადი გენი ამით არ მოსპობილა, - იგი რუსეთის მზარდმა სახელმწიფომ შეითვისა, შემდგომ კი ყველა იმ ხალხს ჩაუნერგა, რომელიც «თეთრი მეფის» იმპერიული სკიპტრის ქვეშ აღმოჩნდა. საქართველოს «ჩანერგვა» არ დასჭირდებოდა, ვინაიდან ბიზანტინიზმის ხრწნადი შხამით იგი იმთავითვე იყო მოწამლული.
    გამოვლინება ამ ძირითადი თვისებისა, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო ბიზანტიისა და რუსეთისათვის, არის რელიგიური (მართლმადიდებლური) ორთოდოქსობა. და პირიქით - რუსულ-ბიზანტიური ორთოდოქსალური ქრისტიანობა თავისთავად ბოჭავდა, განვითარების საშუალებას არ აძლევდა ცივილიზაციას, ვინაიდან მის თვისებრიობასა და შინაარსს წარმოადგენდა; შინაარსის განვითარების გარეშე კი პროგრესი, მოდერნიზაცია შეუძლებელია.
    სულ სხვაგვარად, შეიძლება ითქვას, საპირისპიროდ ვითარდებოდა ამ დროს დასავლური (ევროპული) ცივილიზაცია, რომელიც აგრეთვე ეფუძნება ბერძნულ-რომაულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურიდან, ამ დიდი ცივილიზაციიდან, სწორედ ყველაზე პროგრესული თვისებები შეიძინა.
    უპირველეს ყოვლისა, ასეთი თვისება იყო განახლების უნარი. მაშინ, როდესაც რუსეთში ნებისმიერი ცვლილება ცხოვრების წესსა და მის იდეოლოგიურ გამოვლინებაში უდიდეს წინააღმდეგობებს აწყდებოდა, როცა მთელი სოფლები თავს იწვავდნენ იმის გამო, რომ არ სურდათ სამი თითით გადაეწერათ პირჯვარი (ნიკონის საეკლესიო რეფორმის დროს) ნაცვლად ორი თითისა, - ევროპული ცივილიზაცია განუწყვეტლივ ვითარდებოდა, ითვისებდა ახალს, უფრო სრულყოფილს, რის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია. დასავლური ტრადიციონალიზმი და კონსერვატიზმი მხოლოდ ფორმის შენარჩუნების ფუნქციას შეიცავენ. საყოველთაოდ აღიარებულია ბრიტანული კონსერვატიზმი, ტრადიციებისადმი პატივისცემა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმის ან სახელმწიფოებრივი ტრადიციის შენარჩუნების გამოხატულებაა, შინაარსობლივად კი ანუ თვისებრივად, - ანგლოსაქსები ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და რეფორმისტული ერია პლანეტაზე.
    ევროპული შუა საუკუნეები განუწყვეტელი ძიების, განახლების, ახლის შეთვისების, გარდაქმნის, წინსვლის ეპოქაა. განსხვავებით რუსულ-ბიზანტიური მედიევისტური ხანისაგან, რომელიც ერთი უწყვეტი, უსინათლო უკუნეთია თითქმის ყოველგვარი გამონათების გარეშე.
    პეტრე დიდმა სცადა ძალით მოეხვია რუსული ცივილიზაციისათვის პროგრესი, მაგრამ მისი რეფორმა ფაქტობრივად, ბოიარებისათვის წვერის შეკრეჭით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, უმალვე წარმოიშვა ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი დოქტრინა («პოჩვენიჩესსტვო»), რომელიც პეტრეს რეფორმებს, დასამარცხებლად განწირულ მის მცდელობას რუსეთისათვის უცხოდ და მიუღებლად თვლიდა.
    ასევე კრახით დასრულდა სტოლიპინის რეფორმები; ამჟამად კრახით სრულდება გორბაჩოვ-ელცინის რეფორმაცია. არადა, უკანასკნელ შემთხვევაში, კრემლის ახალმა მპყრობელებმა იმპერიის ორი მესამედი «მოიშორეს» (სცნეს ყოფილი კოლონიებისა და «მოკავშირე რესპუბლიკების» დამოუკიდებლობა), რათა რეფორმების გატარება გაადვილებოდათ. ეს იყო უდიდესი შემობრუნება რუსეთის ისტორიაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პრობლემის არსი თვით იმპერიალიზმიც არ ყოფილა. პრობლემა უფრო ღრმა და რთულია. იგი უფრო ღრმად არის ჩაძირული რუსულ-ბიზანტიურ თვისებრიობაში. სწორედ ამ თვისებრიობის შეცვლა ვერ ხერხდება. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამას ცდილობს, უმალვე აღიქმება ისეთივე უცხოდ და «თავსმოხვეულად», როგორც ნაპოლეონის არმია.
    ნაპოლეონიც ხომ ცდილობდა რუსეთისათვის პროგრესული გარდაქმნა ძალით მოეხვია თავს.
    იმავდროულად, ევროპაში ჭეშმარიტი რეფორმაცია ჩქეფდა. მე-13-მე-14 საუკუნიდან დაწყებული, ევროპული ცივილიზაციის თვისებრიობამ (გარდაქმნის, განახლების უნარმა) ძალუმად იჩინა თავი. რელიგიურ რევოლუციათა მთელი წყება სწორედ ამ განახლების გამოვლინება გახდა. ლუთერი და კალვინი ახალი, განახლებული, სიცოცხლითა და ახალგაზრდობით აღსავსე ცივილიზაციის საფუძვლებს ქმნიდნენ; შემდგომმა საუკუნეებმა, ცივილიზაციის შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მათი სიმართლე.
    სწორედ ევროპა იქცა საკაცობრიო პროგრესის ლოკომოტივად, ევროპულმა ცივილიზაციამ «აღმოაჩინა ამერიკა» და ბოლოს, შექმნა «ამერიკის შეერთებული შტატების» ფენომენი, მან მისცა ბიძგი მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, სახელმწიფოებრივი მოწყობის ყველაზე პროგრესულ და მიზანშეწონილ, რაციონალურ ფორმას (ლიბერალურ დემოკრატიას), მან გამოიმუშავა საკაცობრიო მნიშვნელობის ფასეულობანი, მან დაუკავშირა პროგრესი უზენაეს ღირებულებას - პიროვნებას და მის უფლებებს. ფუჭი აღმოჩნდა დიდი ოსვალდ შპენგლერის წინასწარმეტყველებანი «ევროპის მზის ჩასვენების» შესახებ. ხუთსაუკუნოვანი განუწყვეტელი პროგრესის შემდეგ ევროპული (დასავლური) ცივილიზაცია აგრძელებს განვითარებას.
    ზემოთთქმული ვერ სცემს პასუხს კითხვაზე: მაინც რა ძირითადი თვისებით შეძლო ევროპულმა ცივილიზაციამ განუწყვეტელი პროგრესის უზრუნველყოფა? პასუხი იქნებ მოულოდნელიც იყოს: ადამიანური მანკის გაკეთილშობილებით!
    გავიხსენოთ, რას ქადაგებდა კალვინიზმი და რა იქცა პროტესტანტული ეთიკის საფუძველთა საფუძვლად: შრომის, დაგროვების სრულიად ახალი მოტივაცია! დიახ, არა მხოლოდ შრომა, არამედ დაგროვებაც, ანუ ორივე ერთად, განუყოფელ მთლიანობაში!
    ევროპული ცივილიზაციისათვის შრომა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა (განსხვავებით მარქსიზმისაგან, რომელმაც რუსეთში ჰპოვა კლასიკური გამოხატულება) მხოლოდ ფიზიკურ შრომას. არანაკლებ ღირსეული და ეთიკური იყო ბანკირის, ან თუნდაც მევახშის ან ვაჭრის შრომა. «სიმდიდრის გამრავლებით, დაგროვებით მსახურებ ღმერთს» - ასეთია ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაციური შედეგი XV-XVI საუკუნეების ევროპული რეფორმაციისა.
    აქვე დავძენ: შემთხვევითი არ არის, რომ ევროპულ ერთაგან სწორედ ის ერები განვითარდნენ უფრო სწრაფად, რომლებსაც გარდაქმნის, ახლის შეთვისების, გარკვეულწილად პროტესტანტობის უნარი აღმოაჩნდათ; ის ერები კი, რომელნიც უფრო ორთოდოქსალურნი აღმოჩნდნენ ამ თვალსაზრისით (ესპანელები, იტალიელები) შედარებით ჩამორჩნენ ევროპული ცივილიზაციის წინსვლას.
    შრომის ამგვარმა მოტივაციამ შექმნა ცივილიზაციის უწყვეტი განვითარების ჭეშმარიტად უშრეტი წყარო. დასავლეთში ადამიანი, პიროვნება განუწყვეტლივ შრომობს (აგროვებს), ვინაიდან მისთვის (გამომდინარე იმ ეთიკური სისტემიდან, რომელიც ცივილიზაციამ ჩაუნერგა) დაგროვების პროცესია მთავარი და არა საბოლოო შედეგი.
    უხეშად თუ ვიტყვით, მაგალითად, ამერიკელისათვის მილიონი დოლარის დაგროვება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თვით დაგროვების პროცესი, - ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა.
    ზემოთ ხსენებული ეთიკური სისტემის შესაბამისად, მას სჯერა, რომ დაგროვებით ღმერთს ემსახურება. შეიძლება, კონკრეტულ პიროვნებას საერთოდ არ სწამდეს ღმერთი და ბიბლიაც არ ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ცივილიზაციამ ეს ეთიკური სისტემა მას მაინც ჩაუნერგა. დასავლეთში ცხოვრება გულისხმობს განუწყვეტელ შრომას, მუდმივ დაგროვებას, აქედან გამომდინარე, უმოწყალო კონკურენციას. მთლიანობაში კი პიროვნების ასეთი ძალისხმევა მთელი საზოგადოების შეუჩერებელი პროგრესის პირობებს ქმნის. ამიტომ მილიონის დაგროვების შემდეგ იგი მილიარდის დაგროვებას იწყებს და ა.შ.
    დავაკვირდეთ, როგორ ცხოვრობს პიროვნება დასავლეთში: ერთი წუთით ვერ მოდუნდები, ერთ წუთით ვერ შეასუსტებ ყურადღებას, ერთხელ ვერ მიცემ თავს რამე სისუსტის უფლებას, თორემ დაუყოვნებლივ გადაგქელავენ, გაგსრესენ, საზოგადოების ფსკერზე ჩაგძირავენ, საიდანაც ვეღარასოდეს ამოხვალ.
    დააკვირდით, რა ხდება ნებისმიერ დასავლურ ქალაქში, როგორი რიტმით ცხოვრობს იგი, როგორ შრომობენ ადამიანები, რამდენად მაღალია შრომის კულტურა (ეს ცნება რუსულ-ბიზანტიური ცივილიზაციისთვის სრულებით უცხოა). ადამიანი იღვიძებს დილის ექვს საათზე, გულმოდგინედ ემზადება მომავალი შრომითი დღისათვის, ჯერ ოჯახურ საქმეებს მიხედავს, 8 საათისათვის კი მთელი ქალაქი შემართული, დაუღალავი შრომისთვის განწყობილი ადამიანებით ივსება, ისინი სამუშაოდ მიიჩქარიან. შრომობენ თავაუღებლივ, ფანატიკურად. არა აქვს მნიშვნელობა სად, - «კრაისლერის» თუ «ფორდის», «მერსედესის» თუ «პორშეს», ამწყობ საამქროში, «ბენკ ოფ ამერიკის» თუ «სიტიკორპის» გრანდიოზული შენობის 97-ე სართულზე, კერძო ფირმის ოფისში თუ სხვაგან.
    შრომის კულტურა იქ ყველგან ერთნაირია, შრომა (დაგროვება) უმთავრესია, იგი «რელიგიაა». 6 საათისთვის სამუშაო მთავრდება, მიზანი მიღწეულია, დავალება შესრულებულია, ადამიანები სახლისაკენ მიიჩქარიან, ოჯახურ საქმეებს მოითავებენ, უმალვე დასაძინებლად წვებიან, რათა ძალა აღიდგინონ, მეორე დღისათვის მოემზადონ . . . . . . მეორე დღეს იგივე მეორდება თავიდან ბოლომდე. არავითარი გართობა, არავითარი ხანგრძლივი დასვენება. ტყუილად გვგონია, თითქოს დასავლეთში «საშუალო კლასი» განსაკუთრებით ეწაფება უამრავ სიკეთეს, რასაც დასავლური ცივილიზაცია და კულტურა სთავაზობს - ეს მისი საქმე არ არის. «საშუალო კლასი» კი 80 პროცენტია, რაც კიდევ ერთი თვისებით განასხვავებს დასავლურ ცივილიზაციას რუსულ-ბიზანტიურისაგან.
    საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ცხოვრების ასეთი წესი, ასეთი ეთიკური სისტემა და ამგვარი მსოფლაღქმა სრულებით უცხოა «ბიზანტინიზმისათვის». რუსეთში პეტრე დიდიცა და შემდგომდროინდელი რეფორმატორებიც ცდილობდნენ პროგრესული თესლის დამყნობას სრულებით უნაყოფო და დამპალ ნიადაგზე. ბუნებრივია, აქედან ვერაფერი გამოვიდოდა და ვერც გამოვა. ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარია, მისი თვისებრიობისა და მენტალობის გამოვლინებაა. რუსეთში ორივე მათგანი «უცხო სხეულად აღიქმება».
    იმავე ელემენტარულ დონეზე რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, რომელიც აგრეთვე მოშხამულია ამ გესლით, - არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს შრომის ასეთი კულტურა. ჩვენს ცივილიზაციაში შრომა აბეზარი, გულისმომკვლელი აუცილებლობაა, მეტწილად ფორმალობაა, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. შემოქმედებით შრომაზე, დაგროვებაზე (დასავლური გაგებით) ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
    პირობითად თუ ვიტყვით, რუსეთშიც და საქართველოშიც, თუ პიროვნება მილიონს იშოვის, შემდეგ «ფეხს ფეხზე შემოიდებს» და გულარხეინად იცხოვრებს, ვინაიდან ამერიკელისაგან, ინგლისელისაგან, გერმანელისაგან განსხვავებით, მისთვის სწორედ სიმდიდრის დაგროვებაა მთავარი და არა დაგროვების პროცესი.
    ბიზანტინისტურ ცივილიზაციაში შრომა არ არის რელიგია და ღვთისმსახურება. ამიტომ სრულიად ფუჭია ამ ცივილიზაციაში დასავლეთისათვის ჩვეული წესის დანერგვის მცდელობა. ის სოციალურ-ეკონომიკური და მენტალური სისტემები, რომლებიც დასავლეთში მუშაობს, ბიზანტინისტურ სამყაროში ვერ იმუშავებს.
    ამის გამოვლინებაა ის, რაც რუსეთში ხდება. ჯერ გორბაჩოვმა, შემდეგ ელცინმა, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთეს: გაათავისუფლეს პიროვნება, მოახდინეს საკუთრების განსახელმწიფოებრიობა, ჩააბარეს საკუთრება პიროვნებას (იფიქრეს, - უკეთ მოუვლისო), შექმნეს კერძო ინიციატივის გამოვლინების პირობები და ა.შ.
    ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, - რუსული კაპიტალიზმი კვლავინდებურად სუსტი, შეიძლება ითქვას, მკვდრადშობილია. რუსეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტი ნიდერლანდებისაზე ნაკლებია!!! ვერც ერთმა დარგმა, კაპიტალისტური ურთიერთობების დანერგვასთან ერთად, ვერ მოიპოვა განვითარების, ანუ სიცოცხლის ენერგია. ბუნებრივი პირობებით და რესურსებით ფანტასტიკურად მდიდარი ქვეყანა კვლავაც დასავლეთის მაჩანჩალად რჩება და რომ არა დასავლური მოწყალება (საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების სახით), კარგა ხნის წინ ჩაეშვებოდა მორიგი სამოქალაქო ომისა და სისხლიანი ანარქიის ჭაობში.
    ამ მოწყალებასაც დასავლეთი მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ რუსეთს 50 ათასი ატომური მუხტი აქვს და რამდენიმე ათეულჯერ შეუძლია მოსპოს პლანეტა. საზარელი სანახავია მიხრწნილი გვამი, რომელიც თავის ხრწნითა და ლპობით ემუქრება და წამლავს ირგვლივ ყველაფერ ცოცხალსა და მჩქეფარეს.
    ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველივე მხოლოდ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც საქართველოს ეხება. თუ არ გვინდა ჩვენც ასევე დავლპეთ და გავიხრწნათ, უნდა გავთავისუფლდეთ ბიზანტინიზმის მანკისაგან ყველა მისი ეთიკური ატრიბუტით. ეს ხრწნადი გვამი კისრიდან უნდა ჩამოვიგლიჯოთ და შორს მოვისროლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქცევით ჭეშმარიტად ევროპული ორიენტაციის ერად.

7 დღე, 24 აგვისტო, 1998 წ.