რეპორტაჟი აფხაზეთიდან

რეპორტაჟი აფხაზეთიდან

 
   

    რეპორტაჟი, რომლის სტენოგრაფიულ ჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, კვირას გადმოსცა რუსეთის რადიომ რუბრიკით «მეზობლები». იგი იმდენად საინტერესო და მრავლისმთქმელია, რომ სრულად ვთავაზობ მკითხველს, რათა მან თავად შეძლოს დასკვნების გამოტანა.

    დიქტორი: საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ ეს მდგომარეობა ზოგიერთ მათგანში კიდევ უფრო მძიმდება პოლიტიკური პრობლემების გამო. მაგალითად, საქართველოში ყოვლისმომცველი კრიზისის დეტონატორი უეჭველად აფხაზეთის კონფლიქტი გახდა, რომელმაც ქართველი ლტოლვილების  პრობლემა წარმოშვა. თბილისიდან გადმოგვცემს ჩვენი კორესპონდენტი, ნიკოლოზ მამულაშვილი.
    ნ. მამულაშვილი: «შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდმა ჯგუფმა დაიწყო საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ისინი მოითხოვენ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას და, რა თქმა უნდა, ყველა ლტოლვილის სახლში დაბრუნებას. რამდენად რეალურია ამ ეტაპზე მათი მოთხოვნების შესრულება - ძნელი სათქმელია. დამკვირვებელთა აზრით, აფხაზური მხარე, მიუხედავად გაეროს მრავალი რეზოლუციისა, საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევისა (!-ავტ.) ცდილობს მაქსიმალურად შეაფერხოს ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ გალის რაიონში ასი ათასამდე ლტოლვილის დაბრუნებაზე; სულ კი აფხაზეთიდან ლტოლვილთა რიცხვი ორას ორმოცდაათი ათასია. ქართული მხარე მოითხოვს, ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი განხორციელდეს ყოველგვარი ანკეტირებისა და თითოეულ ლტოლვილზე ინდივიდუალურად საბუთების შეგროვების გარეშე, - რასაც დიდი დრო მიაქვს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, რომელიც ვალდებულია ლტოლვილთა უსაფრთხოების გარანტი გახდეს. რაც შეეხება იმავე გალის რაიონში შექმნილ ოპერატიულ მდგომარეობას, საქართველოს ოფიციალური წყაროების თანახმად, ეს მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ არასტაბილურია. ხშირია ინფორმაცია აფხაზური მხარის მიერ ქართული მოსახლეობის დევნაზე - აფხაზი ბოევიკები ხოცავენ ქართველებს.
    დიქტორი: როგორც ხედავთ ასე ახასიათებს ვითარებას ქართული მხარე, ხოლო იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობდნენ ყოველივე ამის შესახებ ენგურის მეორე მხარეს - თვით აფხაზეთში? მოგვითხრობს ჩვენი კორესპონდენტი ანტონ გრიშინი.
    (ისმის აფხაზური «ვაჰარაიდა»)
 გრიშინი: აფხაზეთის გალის რაიონი უკვე წელიწადზე მეტია ცუდი რეპუტაციის სარგებლობს მთელს კავკასიაში. მცოდნეები ამბობენ, რომ ამ რაიონში მკვლელობა უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მთის საძოვრებზე წვიმა მოდის. კლავენ მშვიდობიან მოსახლეებს, აქტივისტებს რომლებიც იბრძვიან ახალი აფხაზეთისათვის, შემთხვევით ცნობისმოყვარეებსა და სოხუმელ პოლიტიკოსებს. კლავენ მიუხედავად «სამშვიდობო ძალების» და ადგილობრივი პოლიციისა, რომელიც მთელს გალის რაიონში სულ ორმოცი კაცია. უბრალო ადამიანები ამბობენ: ყველაფერი კარგად იქნება, - აი, გახსნის რუსეთი საზღვარს ფსოუზე, შეიძლება ლტოლვილებიც დაბრუნდნენ - აბა სად უნდა დაბრუნდნენ თუ არა საკუთარ სახლში. ოღონდ პოლიტიკოსებმა მოილაპარაკონ და ჩვენთანაც დაისადგურებს მშვიდობა. მერე ჩამოდით ჩვენთან - გალში სტუმრად. ახლა კი ჯობია პიცუნდაში ჩამოხვიდეთ - იქ ზღვა ახლოა და არც არავინ ისვრის.
    დღეს გალის რაიონში შიში მეფობს. ყველაფრის ეშინიათ - ავტომანქანებისა, რომლებიც ჩაის პლანტაციებს ცხრილავენ, სამშვიდობო ძალების ფორმაში ჩაცმული ქართველი ტერორისტებისაც, რომლებიც იქიდან მოდიან - იმ მხრიდან, ენგურის გაღმიდან, - ანუ საქართველოდან. აი, რას მოგვითხრობს აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იგი თავის ვინაობას არ ასახელებს და ჩვენც ვცდილობთ, ხმა შევუცვალოთ - ეს მისი თხოვნაა.
    - ყველა ეს ქართველი ტერორისტი გალის რაიონის ყოფილი მკვიდრია, თუმცა მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრებიც არიან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებიც ანუ, უბრალოდ, დაქირავებული ტერორისტებიც. აბესალომ არკანია და დათო შენგელია ცნობილნი არიან, როგორც დანაშუალებრივი სამყაროს წევრები, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ შენგელიას ქართული პოლიციის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მათ სინდისზეა არაერთი მკვლელობა გალის რაიონში - როგორც ადგილობრივი მშვიდობიანი მცხოვრებლების, ასევე აფხაზური მილიციის წარმომადგენელთა.
    მათ მიერ ჩადენილი ბოლო ტერორისტული აქტის შემდეგ აღმოჩენილი იქნა ბაზა, რომელშიც ვიპოვეთ დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი, ტანკსაწინააღმდეგი ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღი და, რაც მთავარია სამშვიდობო ძალთა ფორმები, - ცისფერი ჩაფხუტი წარწერით: «სამშვიდობო ძალები». ანუ საზღვრის გადალახვის დროს ისინი სამშვიდობო ძალთა ფორმას იცვამენ. დათო შენგელიასა და აბესალომ არკანიას ჯგუფის საერთო რაოდენობაა დაახლოებით 400 კაცი. გარდა ამისა, ზუგდიდში დისლოცირებულია კიდევ ერთი ტერორისტული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია პოდპოლკოვნიკი იბერია. ამ ჯგუფის ყველა წევრმა მომზადება გაიარა ტერორისტულ-დივერსიული მიმართულებით. ჯგუფის ნაწილი ამჟამად შეყვანილია ზუგდიდის პოლიციის შემადგენლობაში. ტერორისტები დისლოცირებული არიან აგრეთვე ანაკლიასა და ჯვარში, რომლებიც აფხაზეთს ესაზღვრებიან.

    ა. გრიშინი: ბოლო ტერორისტული აქტი გალის რაიონში გაზაფხულზე მოხდა. ტერორისტული ჯგუფი იმ მხრიდან («იმ მხრიდან» - ე.ი. საქართველოდან - ავტ.) სისხამ დილით მოვიდა. მათ გამოიარეს ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია, გვერდი აუარეს სამშვიდობო ძალებსა და აფხაზურ მილიციას, ჩასაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს სამგლოვიარო პროცესიას: გალელები თავიანთ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ - დაღუპულთა სია კიდევ ხუთი კაცით შეივსო. ტერორისტებს უკანა გზაზე დაეწივნენ - ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქართველმა ტერორისტებმა ორი კაცი დაკარგეს მოკლულთა სახით და რამდენიმეც დაიჭრა, მაგრამ მაინც გაასწრეს. ოღონდ ორი მძევალიც თან გაიყოლეს. ამ ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აბესალომ არკანია მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, სადაც იგი ამოიცნო სწორედ იმ რუსმა ჯარისკაცმა (სამშვიდობო ძალებიდან), რომელიც მას გალში ებრძოდა (!-ავტ).
    (კვლავ ისმის ვაჰარაიდა)
    ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობს ვინმე დათო შენგელია, ყოფილი «კანონიერი ქურდი» - ამჟამად ქართული პოლიციის პოლკოვნიკი. ამ ადამიანზე, ისევე, როგორც აბესალომ არკანიაზე, ოფიციალურ თბილისში თითქოს არავინ არაფერი იცის. ისევე, როგორც არაფერი იციან ქუთაისის ყოფილი სადესანტო ბრიგადის ბაზებსა და ლაგოდეხის ყოფილი დაჯგუფების ტერიტორიაზე ქართული დივერსიული ჯგუფების მომზადებაზე.
    - გასულ წელს თბილისში საიდუმლოებით მოსილ ვითარებაში მოკლეს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი. ეს ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც თბილისში იმყოფება. მათი ამოცანაა მოამზადონ ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლები დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩასადენად. ამავე დროს, საქართველოს სპეცსამსახურთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იგზავნებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიან მომზადებას სპეციალურ დაწესებულებებში (sic). რა თქმა უნდა, ქართულ ტერორისტულ ჯგუფებს აფხაზეთში სავსებით კონკრეტული ამოცანა აქვთ - ყველაფერი თბილისიდან იგეგმება. ამ ჯგუფების მიზანია, - გალის რაიონი მკვდარ ზონად გადააქციონ. ერთი თვის წინ 60 ჰექტარი ჩაის პლანტაცია დაწვეს, ხოლო ის ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ამ ბარბაროსობას წინ აღუდგნენ - უმოწყალოდ დახოცეს.

    ა. გრიშინი: დღეს გალის რაიონში შედარებით სიმშვიდეა, სოხუმში მსჯელობენ ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე. სამშვიდობო ძალები აკონტროლებენ გალის რაიონს, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე კვლავ დაკეტილია. ჟურნალისტები კი გატაცებით მსჯელობენ იმის თაობაზე იმყოფებოდა თუ არა აფხაზეთში შამილ ბასაევი. არავინ იცის, თუ რა მოხდება ხვალ - თუ ეს «ხვალინდელი დღე» საერთოდ იქნება.
    (კვლავ ისმის «ვაჰარაიდა»)
    დიქტორი: 1995 წელმა ახალი იმედები ჩაუსახა აფხაზეთის მრავალტანჯულ მოსახლეობას. მიუხედავად ყველაფრისა აფხაზები მაინც გვეუბნებიან - ჩამოდით ჩვენთან, გალში.

«მსგეფსი», 6 ივლისი, 1995 წელი.