რა შეუძლია ნატოს?

რა შეუძლია ნატოს?

    ჩრდილო ატლანტიკური კავშირის «მინისტერიალმა» მიიღო მორიგი მკვეთრი განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საწინააღმდეგოდ და კვლავ მოითხოვა (ამჯერად კოლექტიურად გამოხატული ნებით) ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანა.
        თუმცა, აქაც არის გარკვეული ნიუანსები, რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, უპირობოდ მოითხოვა არა მხოლოდ გორიდან, არამედ «სამხრეთ ოსეთიდან» და აფხაზეთიდან  ჯარების გაყვანა, ხოლო გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, მედვედევთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ «რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიის ბირთვი».
    რა იგულისხმება «ბირთვში»? რა თქმა უნდა, არა ცხინვალი, მით უმეტეს მთელი «სამხრეთ ოსეთი», არამედ გორი და შიდა ქართლის ის ტერიტორია, რომელიც «სამხრეთ ოსეთს» არასდროს განეკუთვნებოდა.
    ივარაუდება რუსეთის ჯარების გაყვანა თუნდაც ხაშურიდან, სენაკიდან, ფოთიდან, იგოეთიდან და «აღმოსავლეთ-დასავლეთის» საავტომობილო მაგისტრალის, აგრეთვე სხვა სტრატეგიული კომუნიკაციების გათავისუფლება.
    დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვს ნიკოლა სარკოზის. მასაც უფრო მეტად ამ «ბირთვიდან» და მნიშვნელოვანი კომუნიკაციებიდან რუსეთის ჯართა გაყვანა აღელვებს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
    მაშასადამე, «ძველი ევროპის» ფაქტობრივი ლიდერების ამ განცხადებებითაც თვალნათელია, რომ მიუხედავად «მინისტერიალზე» მიღწეული კონსენსუსისა, ნატოს ქვეყნები გარკვეულწილად სხვადასხვაგვარად ხედავენ ვითარებას.
    შეფასებითი თვალსაზრისით, სრული თანხმობა არ არის აგრეთვე «ახალ ევროპაშიც». მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა უარყო ანალოგიები «პრაღის 1968 წლის მოვლენებთან», როდესაც ჩეხო-სლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და ძალზე ნიშანდობლივი არგუმენტი მოიტანა: «ჩეხები მაშინ კარპატებში მცხოვრებ რუსებს თავს არ დასხმიან და საბჭოთა კავშირის ქმედება სრულებით გაუმართლებელი იყოო».
    გარდა ამისა, კლაუსის თქმით, იგი «არ ეთანხმება ამჟამად შექმნილ მითს «ოქროს საქართველოსა» და «ბოროტი რუსეთის» შესახებ. მან მიანიშნა აგრეთვე, რომ ჩეხეთ-სლოვაკეთის დაშლას არ მოჰყოლია ჩეხების აგრესია – სლოვაკების წინააღმდეგ ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად.
    მართლაც, ჩეხებმა პირველებმა სცნეს სლოვაკთა დამოუკიდებლობა. და, კლაუსის აზრით, ამით «თავადაც მოისვენეს და სხვაც მოასვენეს».
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვართ დავასკვნათ, რომ რუსული პროპაგანდა მაინც ახერხებს ნაწილობრივ მიზნის მიღწევას და ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ «ოქროს ოსეთს» - «ბოროტი საქართველო» დაესხა თავს».
    ახლა კი, დავუმატოთ ამას ის საოცარი (თითქოსდა) გარემოება, რომ თურქეთმა (რეგიონში ნატოს ფორპოსტმა თურქეთმა!!!) უარი უთხრა ამერიკის შეერთებულ შტატებს შავ ზღვაში გემების შესვლაზე, - საქართველოს მხარდასაჭერად.
    და ეს იმ დროს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაფუჭებაში, სტრატეგიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი როლი სწორედ იმ ნავთობსადენებმა და გაზსადენებმა, სწორედ იმ სარკინიგზო მაგისტრალმა, იმ «ევრაზიულმა დერეფანმა» შეიტანა, რომელიც კასპიის ზღვიდან – თურქეთისაკენ და ევროპისკენ ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების ალტერნატიულ (რუსეთის ალტერნატიულ) გზებს ქმნიდა!
    ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი, კიდევ უფრო ყურადღებით გაეცნო ერთ-ერთი ქართველი დეპუტატის გამოსვლას პარლამენტში, რომელმაც ომის დაწყებიდან მეორე დღეს აღნიშნა, რომ «თუ საქართველო ამ ბრძოლაში მარტო დარჩა, იმ ყბადაღებულ ნავთობსადენს საკუთარი ხელით ამოვთხრიო».
    უკვე ისტორიული ფაქტია, რომ მიუხედავად თბილისში გაკეთებული განცხადებებისა «ჰუმანიტარული დახმარების შესახებ», პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირა მოსკოვს. ერთ-ერთი მოტივი ისაა, რომ თურქებს ნამდვილად არ ეპიტნავებათ საქართველოს ქცევა ამერიკის პლაცდარმად რეგიონში, რაკი ეს ვაშინგტონისათვის მათ მნიშვნელობასა და საჭიროებას შეამცირებს.
    მაგრამ აქ ძალზე მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ანკარას მეორე, მთავარი მოტივაცია: საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვის ქმედებები «სამხრეთ ოსეთსა» და საქართველოში ძალიან ჰგავს (შინაარსობრივად და ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია) 1974 წელს თურქეთის მიერ კვიპროსზე განხორციელებულ ოპერაციას, როდესაც თურქეთმა კვიპროსის ლამის ნახევარი დაიპყრო (ბერძნების აგრესიისაგან იქაური თურქების დაცვის მოტივით) და, ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს სტატუს-ქვოს.
    ამ აზრით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია უკვე მეორე ევროპული პრეცედენტია, ხოლო თურქეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოსკოვმა აქ წარმატებას მიაღწიოს – რაც კვიპროსის მიმართ თურქეთის პოზიციის გარკვეული ლეგიტიმაციაც იქნება.
    აქვე უნდა ითქვას (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ანალოგია), რომ კვიპროსის ტრაგედიის დროს, ჩრდილოეთ კვიპროსიდან გამოძევებული ბერძნები «სულ მალე სამშობლოში დაბრუნებას და ევროპის მეშვეობით სამართლიანობის აღდგენას» ელოდნენ.
    და ეს მოლოდინი უკვე 34 წელი გრძელდება.
    ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ასეა, რატომ გამოიჩინა «მინისტერიალმა» ესოდენი ერთსულოვნება საბოლოო განცხადების მიღებისას? იმიტომ, რომ დასავლეთს ნამდვილად ეშინია პრეცედენტისა, რომელიც, თუ იგი რეალობა გახდა «სტატუს-ქვოს» ნიშნები შეიძინა და გარკვეულწილად დაკანონდა (იმ თვალსაზრისით, რომ რეალობა უეჭველად იძენს ლეგიტიმურობის ნიშნებს უკვე იმიტომ, რომ რეალობაა), მაშინ ეს პრეცედენტი კონტინენტის სხვა რეგიონებშიც გამოიღებს დამანგრეველ შედეგს.
    თუმცა არც ამ აზრს ეთანხმება ყველა დასავლელი მოღვაწე. მაგალითად, «ნიქსონის ფონდის» პრეზიდენტმა, დმიტრი საიმსმა განაცხადა, რომ «რუსეთს არა აქვს გაყინული კონფლიქტები საკუთარ საზღვრებზე სხვა მეზობელ ქვეყნებთან, ამიტომ «სამხრეთ ოსეთის» კაზუსის განმეორება ამ სახით მოსალოდნელი არ არისო».
    თითქოსდა ვერც შეედავები, რაკი დნესტრისპირეთი და ყარაბაღი რუსეთს არ ესაზღვრებიან, ხოლო ყირიმი «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში არ იმყოფება.
    გარდა ამისა, ევროატლანტიკურ თანამეგობრობას მოუწევს გასცეს პასუხი არანაკლებ რთულ კითხვაზე: მართლაცდა, ბოლოს და ბოლოს, რა საჭირო იყო «კოსოვოს პრეცედენტის» შექმნა მაშინ, როდესაც ალბანური მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის სავსებით საკმარისი იქნებოდა მაღალი დონის ავტონომია – უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მძლავრი და უეჭველი საერთაშორისო გარანტიებით?
    მოსკოვიც ხომ სწორედ ასე აყენებდა და აყენებს საკითხს: «თუ კოსოვო – თქვენი პრეცედენტი და თქვენი გამონაკლისია, მაშინ საქართველო – ჩემი გამონაკლისია: სხვაგან არსად ამის განმეორებას არ ვაპირებ და პრეცედენტულობის ნუ გეშინიათ».
    სხვა საკითხია, რაღა მაინცდამაინც ეს ჩვენი უბედური ქვეყანა უნდა გვექცია ამგვარ «სამაგიეროს გადამხდელ გამონაკლისად», თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არა მხოლოდ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს, არამედ მთელმა იმ «პოლიტელიტამ», რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში შესაბამისი პოლიტიკური და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტები შექმნა.
    მიხელ სააკაშვილი და მისი გუნდი სწორედ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ამ «მეინსრტრიმის» ჩარჩოებში მოქმედებდნენ, ხოლო ეს ნაკადი საბოლოოდ ქვეყანას უეჭველად მიიყვანდა ადრე თუ გვიან იქ, სადაც მიიყვანა – განურჩევლად ამა თუ იმ სახელისუფლებო ტაქტიკისა.

    და უმთავრესი კითხვა, რომელიც უკვე დღევანდელობის საჭიროებიდან გამომდინარეობს: რა შეუძლია დასავლეთს? რა შეუძლია ნატოს მოიმოქმედოს რუსეთის საწინააღმდეგოდ?
    ბევრიც არაფერი! ჩვენში რატომღაც ითვლება, რომ კრემლის ბინადარ «გბშნიკებს» ძალიან აშინებთ დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და «ცივი ომის» მდგომარეობის აღორძინება.
    სინამდვილეში კი პირიქით: პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ მოსკოვის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მწვავე გეოპოლიტიკური პაექრობის საბაბის მოპოვება იყო ყველა მიმართულებით: ირანიდან – ჩრდილოეთ კორეამდე.
    პუტინსა და მის იმპერიულ გუნდს მიაჩნიათ (ამაში არც თუ ძალიან ცდებიან), რომ რუსეთმა მიაღწია რესურსულ თვითკმარობას და დასავლეთი ბევრს ვერც ვერაფერს დააკლებს.
    განსხვავებით 90-იანი წლებიდან, დღეს მოსკოვს «საერთაშორისო სავალუტო ფონდის» კრედიტები სრულებით არ სჭირდება.
    აქედან გამომდინარე, რუსული გენერალიტეტი მაქსიმალურად გააჭიანურებს წასვლას «საქართველოს ბირთვიდან» (სხვა ტერიტორიებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) ანუ შეეცდება შეინარჩუნოს კონტროლი უმნიშვნელოვანეს კომუნიკაციებზე.
    რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისი-გორის საავტომობილო მაგისტრალი სამუდამოდ ჩაკეტილი დარჩება, ან რომ გორში მოსახლეობა საერთოდ ვერ დაბრუნდება; მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილად ნიშნავს რუსულ «ჩეკ-პოინტებს» იგოეთთან, გორთან და აგარასთან.