რა ღირს ქართული პოლიტოკრატია?!

რა ღირს ქართული პოლიტოკრატია?!


   

    ის აჟიოტაჟი, რომელიც ქალაქის საკრებულოში ვიცე-მერთა დამტკიცებას მოჰყვა, მრავალმხრივ საყურადღებო და სიმპტომატურია.
    ფაქტობრივად, ამ მოვლენით 15 ნოემბრის არჩევნების შედეგებით მოგვრილ ეიფორიას ოპოზიციურ ბანაკში და დევიზს - «ყველანი მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ» - საფუძველი ეცლება.
    ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილება, დაერღვია საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ ფრაქციებს შორის წინასწარ მიღწეული შეთანხმება ვიცე-მერებად თითო-თითო ლეიბორისტისა და სოციალისტის გაყვანის შესახებ, კრახით და სოციალისტთა ლიდერის აპოკალიფსური გამოსვლით დასრულდა.
    ვახტანგ რჩეულიშვილმა მოკავშირე პარტიის ლიდერი ღალატში ამხილა და მომხდარზე რეაგირება ოპოზიციის მექასა და მედინას, - ბათუმის ხელისუფლებას მოსთხოვა.
    მოკლედ, ნათელაშვილის ნაბიჯი მისი მხრიდან შეფასდა როგორც «ანტიმოქალაქური ალიანსისთვის» ზურგში ლახვრის ჩაცემა და წმიდათაწმიდა მიზნის ხელყოფა, რამაც ამომრჩეველს ოპოზიციისადმი ნდობა უნდა დააკარგვინოს.
    შეიძლება ითქვას, ამ მოვლენამ დაასამარა საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილის იმედი იმის თაობაზე, რომ თუნდაც საპარლამენტო არჩევნებამდე, ალიანსის წევრები შეძლებდნენ პარტიული ამბიციების დაცხრომას და მმართველ ძალაზე ერთიანი ფრონტით გალაშქრებას.
    თუმცა, საერთო მდგომარეობისა და ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესთა ბუნებიდან გამომდინარე, მოულოდნელი არც არაფერი მომხდარა.
    სხვა ბედი არც ეწერა იმ «პოლიტიკურ ვინეგრეტს», რომლის საფუძველს არა იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი ერთიანობა, არამედ შიშველი ბოღმა და ანგარიშსწორების სურვილი წარმოადგენდა.
    აბა, სხვა რა საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან სახალხოელებსა და ლეიბორისტებს თუ ტრადიციონალისტებს, ან ყველას ერთად - აღორძინებასთან?! არაფერი! უფრო სწორად ის, რაც ქართული პოლიტოკრატიის წყვდიადსაც ანათებს. პლუს ანგარიშსწორება. შეიძლება პირველი მეორის «საიმედო პარტნიორიც» იყოს (ნაპოლეონს თუ დავუჯერებთ, ომში გამარჯვებისათვის საჭიროა ფული, ფული და კიდევ ფული), მაგრამ სახელმწიფოებრივ ამოცანებთან და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებთან, ერთს ან მეორეს რომ არაფერი აკავშირებს, ეს ცხადია;
    შეიძლება ითქვას, ქართველი პოლიტოკრატიის მაქსიმა ამ მოვლენის შემდგომ ყველაზე ზუსტად ნათელაშვილის განმარტებაში გამჟღავნდა. პოლიტიკა არც ხალხური ზეპირსიტყვიერებაა და არც ფოლკლორი. ეს ფრაზა მან შეთანხმებასთან კონტექსტში ახსენა;
    რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რეალობა სწორედ ამგვარია და საზოგადოებისთვის ჭკუის სასწავლებელიც.
    ამ ფონზე პოლიტიკოსთა ტირადები და გულში მჯიღის ცემა - «იყიდება საქართველო», თუ სხვა ამგვარი, ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს. აბა, რა გეგონათ, - ჩვენი ახლადგამომცხვარი პარტიული ბოსები «მაღალ მატერიებს» გამოეკიდებოდნენ და ამგვარ საქციელს არ იკადრებდნენ?
    ან რომელი იდეურ-პოლიტიკური ასკეტი შალვა ნათელაშვილია? «ზოგიერთი პოლიტიკურ ვაჭრობას ეწევა, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, ნებისმიერი პარტიის ყიდვა ას ლარადაც შესაძლებელია». აბა, რას იზამს?
    ჩვენს პოლიტოკრატიას მადა, მართალია, მგლისა აქვს, მაგრამ თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ და თითოეული პარტიის მიერ სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი ღვაწლის კოეფიციენტს განვსაზღვრავთ, ყოველი მათგანის ფასი მართლაც გროშია.
    ასე რომ, ასი ლარი, დიახაც, კარგი ფასია!
    რაც შეეხება შექმნილი სიტუაციის შეფასებას, მართალია, ვერანაირად ვერ გავიზიარებთ ამ მოვლენით «სახტად დარჩენილთა» პათეტიკას, მაგრამ კომპენსაციის სახით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საქართველოში, დიახაც, ყველა და ყველაფერი იყიდება; ოღონდ, გააჩნია, რამდენად და როდის. ამ მხრივ პოზიცია-ოპოზიცია მართლაც კონსოლიდირებულია.
    საზოგადოებამ კი ვნებები უნდა დაიცხროს და დასკვნებიც ემოციების გარეშე გამოიტანოს.
    ერთადერთი, რაც მას დღეს ძალუძს, ისაა, რომ ამ პოლიტსანახაობათა ორგანიზატორებს, მასში ელექტორატის ჩართვით მიღებული სიამოვნება და ქულების დაწერის შესაძლებლობა წაჰგვაროს და კონფლიქტის მონაწილეებს აცადოს, - ურთიერთობა თავად გაარკვიონ. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ესეც შედეგი იქნება.

მერიდიანი, 26 თებერვალი, 1999 წელი