რა მოხდა ბათუმში?

რა მოხდა ბათუმში?

       

        გუშინდელმა დღემ მთლიანად დაადასტურა, რამდენად ზუსტი იყო ედუარდ შევარდნაძის რეაქცია (ბრიფინგზე) აჭარაში მომხდარ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. არანაირი «შოკი» და «აბობოქრება» თბილისურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ამ გადაწყეტილებებს არ მოჰყოლია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ გადაწყვეტილებები არ არის შოკისმომგვრელი - უბრალოდ, საზოგადოებას პოლიტიკა საერთოდ აღარ აინტერესებს, პოლიტიკურ ელიტას კი საკუთარი პარტიულ-ჯგუფური მისწრაფებანი მიაჩნია პრიორიტეტულად.
        ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის მშვიდი და გაწონასწორებული რეაქცია სავსებით ბუნებრივია. უცნაური იქნებოდა, სწორედ მას გაემწვავებინა ვითარება, როდესაც ამას ყველა უფრთხის. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, მან დაავალა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება მიღებული საკანონმდებლო აქტები საქართველოს კონსტიტუციას. ანალოგიური დავალება მიიღო პარლამენტის იურიდიულმა სამსახურმა.
        მაგრამ ვითარების «უცნაურობას» ის განაპირობებს, რომ მიღებული დოკუმენტები თბილისში არავის უნახავს. რა უნდა შეისწავლონ, როდესაც «შესასწავლი მასალა» არ არსებობს?
        ნუ გაგიკვირდებათ და შარშან აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო აქტები (ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის შესახებ) დღემდე არ არის თბილისში ჩამოსული. «დოკუმენტები დაიბეჭდებაო», - შეიძლება დაიბეჭდოს სპეციალიზებულ ბიულეტენში 50 ეგზემპლარად, აჭარის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მკაცრი მეთვალყურეობით და დაურიგდეთ «სანდო პირებს», მათ შორის, ავტონომიის პარლამენტის დეპუტატებს.
        ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რა უნდა შეისწავლონ შესაბამისმა სამსახურებმა? მოსთხოვონ - მოგვაწოდეთ დოკუმენტები შევისწავლოთო და არ «მიაწოდებენ». რას იზამ ასეთ შემთხვევაში? არ მოგაწოდებენ დოკუმენტებს და მორჩა. ყველა გეტყვის - «მე არა ვარ კომპეტენტური». ის ზემოთ მიუთითებს, მეორე - ქვემოთ, მესამე - სხვაზე და ასე შემდეგ. «საკონსტიტუციო სასამართლო» ჩვენ ჩვენი გვაქვსო - გეტყვიან. მაგრამ, დავუშვათ, გაიღეს მოწყალება - ჩამოვიდა შესაბამისი დოკუმენტები თბილისში. ვერანაირ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციასთან საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აღმოაჩენს იმ უბრალო მიზეზით, რომ კონსტიტუციას აკლია შესაბამისი თავი «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული» მოწყობის შესახებ.
        ამით «რეფორმის» ინიციატორები ოსტატურად სარგებლობენ და ფორმალურად ვერც შეედავები. რას უნდა «ეწინააღმდეგებოდეს», როდესაც არ არსებობს ის, რასაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს?
        მართალია, კონსტიტუციაში ჩამოთლვილია «ცენტრის» ექსკლუზიური (განსაკუთრებული) კომპეტენციის შემადგენელ კომპონეენტთა ნუსხა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და აი, რატომ: მაგალითად, თუ «საზღვაო აკვატორიის დაცვა ცენტრის კომპეტენციაა», - ამაზე გპასუხობენ, რომ «აჭარის საზღვაო აკვატორია არ არსებობს, მაგრამ არსებობს საქართველოს საზღვაო აკვატორიის აჭარის მონაკვეთი, რომელსაც იცავს შესაბამისი უწყების ქვეუწყება».
        ძნელი მისახვედრი არ არის, ის «ქვეუწყება» რეალურად ვის ემორჩილება.
        საქართველოს კონსტიტუცია ვერ აუკრძალავს აჭარის ავტონომიას, დააფუძნოს «რესპუბლიკის მეთაურის» (ფაქტობრივად, პრეზიდენტის) ინსტიტუტე. ისევ და ისევ იმის გამო, რომ კონსტიტუცია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას არ განსაზღვრავს. იგივე ითქმის «ორპალატიან პარლამენტზე», აჭარის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და ასე შემდეგ. მოდელი მართლაც უახლოვდება «კონფედერაციას», ანუ ორი სახელმწიფოს კავშირს და არა ერთიან სახელმწიფოს.
        რაც შეეხება «ერთიანი უფლებამოსილების» ნუსხის განსაზღვრას, სრული დემაგოგიაა იმის თქმა, რომ ეს საკითხი უნდა გარკვეულიყო მაშინ, როგორც კი კონსტიტუციაში დადასტურდა აჭარის, როგორც «რესპუბლიკის» (ანუ სახელმწიფოს) სტატუსი. ასეთი შეთანხმება მართლაც არსებობდა, ერთობლივი კომისიაც უნდა შექმნილიყო, მაგრამ ეს უკვე აღარ შედიოდა ბათუმის ინტერსებში, ხოლო კომისიის შექმნის გაჭიანურებას რა უნდა?
        ამრიგად, იურიდიული თვალსაზრისით, არანაირი მექანიზმები ბათუმში მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაბათილებლად არ არსებობს, თუმცა, ეს შინაარსს არ ცვლის.
   
        დილის გაზეთი, 10 ივლისი, 2001 წელი