რატომ დუმს ნინო ბურჯანაძე?

რატომ დუმს ნინო ბურჯანაძე?

Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)

    ბოლო დღების მთავარი პოლიტიკური ინტრიგა კვლავ ორი ყველაზე სერიოზული ოპოზიციონერის - ნინო ბურჯანაძისა და ბიძინა ივანიშვილის ერთი შეხედვით საკმაოდ „ბუნდოვან“ ურთიერთობას უკავშირდება. სულ ახლახანს, თვით ქალბატონი ნინო ნაძალადევი სიხარულით უყვებოდა ჟურნალისტებს, რომ თურმე „შედგა თანამშრომლობა სახალხო კრებასა და ქართულ ოცნებას შორის“. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ეშმაკური (ანუ პოლიტიკურად ძლიერი) ნაბიჯი გადადგა და „სახალხო კრების“ ცნობად სახეებს მაჟორიტარობა შესთავაზა: გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი და კობა კურტანიძე სიხარულით დათანხმდნენ. ბუნებრივია, ბურჯანაძეს ეს დიდად არ ეპიტნავა, მაგრამ იძულებული გახდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ძალიან უხარია და მოსწონს, როგორ „წაიყვანა“ ბიძინამ მისი მთავარი „დამრტყმელი ძალა“ საკუთარ ბანაკში.
    თუმცა, საუბარი „თანამშრომლობის“ შესახებ უმალ გაფერმკრთალდა და შეწყდა მას შემდეგ, რაც ბოლო პრეს-კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრეს-მდივანმა, მაია ფანჯიკიძემ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „არავითარი თანამშრომლობა ნინო ბურჯანაძესთან არ შემდგარა და ასეთ თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილი არც გეგმავს“. ბუნებრივია, ფანჯიკიძე ამგვარ განცხადებას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებდა - ეს ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალება იყო. მაგრამ ყველაზე უცნაური აქ თითქოს ისაა, რომ ნინო ბურჯანაძე დუმილს ამჯობინებს და ფანჯიკიძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. სხვათა შორის „დემოკრატიული მოძრაობის“ საიტიც გათიშული იყო გაუგებარი მიზეზების გამო. ამიტომ იქ კომენტარის ძიებაც უშედეგო ამოჩნდა.
    არადა, სულ ცოტა ხნის წინ, მეორე ოპოზიციური ბანაკიდან წამოსულ არც ერთ უსიამოვნო სიახლეს უპასუხოდ არ ტოვებდა. როგორც ჩანს, იგი მიხვდა (ყველა ყველა და ჭკუა ამ ქალბატონს ნამდვილად არ აკლია), რომ დღეს შექმნილ ვითარებაში გონივრული და მიზანშეწონილი ტაქტიკა სწორედ დუმილია. მართლაც, პოლიტიკაში ხშირად იქმნება ხოლმე სიტუაცია, როცა პოლიტიკოსი ერთგვარი „ცუგცვანგის“ სიტუაციაში ექცევა, ანუ ნებისმიერი სვლა ვითარების გაუარესებას იწვევს. ამიტომ სჯობს საერთოდ არაფერი გააკეთო. ხოლო ქრონომეტრი, რომელიც მოჭადრაკეებს სვლების გაკეთებას აიძულებს, - ისევე, როგორც ჭადრაკის შესაბამისი წესები, - პოლიტიკაში არ მოქმედებენ! პირიქით, ნინო ბურჯანაძე არც თუ მთლად უსაფუძლოდ მიიჩნევს, რომ ეს ქრონომეტრი ბიძინა ივანიშვილისთვისაა ჩართული და ზუსტად აღნუსხავს წამებს მის პოლიტიკურ კრახამდე.
    ეს კრახი - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, - მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვება. ნინო ბურჯანაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ იმ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ წააგებს: ბუნებრივია, 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, პარლამენტში მოხვდება, ოციოდე სადეპუტატო მანდატსაც დაისაკუთრებს, მაგრამ თუ გავითვალსიწინებთ, რომ ივანიშვილის ამბიცია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იყო, ეს მაინც დამარცხებად იქნება აღქმული.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძემ? საეჭვოა თვით ბურჯანაძის პარტია აპირებდეს არჩევნებში მონაწილეობას. ბევრად უფრო დიდია ბოიკოტის ალბათობა, რაკი „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არა არა აქვს. ამ სიტუაციაში ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება არჩევნების ბოიკოტირება! სწორედ ამიტომ ჩაიშალა მოლაპარაკება ბურჯანაძის პარტიასა და კუკავა-ასათიანს შორის საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე. თუ ბურჯანაძე არჩევნების ბოიკოტს გეგმავს, მაშინ ბლოკის შექმნაც არ სჭირდება, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით პირდაპირ ვერ ამბობს, რადგან ეს უკვე „სახალხო კრების“ ლიდერებთან დაპირისპირებაც იქნება. სწორედ ამიტომ იყო ივანიშვილის სვლა (ნონა გაფრინდაშვილისა და სხვებისთვის მაჟორიტარობის შეთავაზებით) ძალიან ჭკვიანური და გონებამახვილური.
    მიუხედავად ნინო ბურჯანაძის დაბალი რეიტინგისა, მისი „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან ძალიან ადრეა. მას აქვს სერიოზული რესურსი. პირველ რიგში „სახელისუფლებო ქარიზმა“ (არ აგერიოთ პოპულარობაში) და გავლენა ისტებლიშმენტზე, რაკი მრავალი წელი სახელმწიფოში მეორე პირი იყო. ამიტომ, თუ „მიშას გემი“ ჩაძირვას დაიწყებს, საშუალო და დაბალი რგოლის ბიუროკრატთა და მოხელეთა უდიდესი ნაწილი (ბევრი მათგანი ბურჯანაძე-ბიწაძის „კადრია“) ამ გემიდან - „ნინოს გემზე“ გადახტომას მოინდომებს. სწორედ ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. ეს, უდავოდ, ნინო ბურჯანაძის შანსია. მაგრამ როდის შეეცდება იგი ისარგებლოს ამ შანსით? უეჭველად 2013 და არა 2012 წელს!
    ჩვენში „რატომღაც“ ითვლება, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს „მეორადი მნიშვნელობა“ აქვთ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. და რომ საქართველოს მომავალი მმართველი ის ძალა გახდება, ვინც ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობას შექმნის; საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კი (თუნდაც ოპოზიციონერი იყოს) მხოლოდ „გუდურა პრეზიდენტი“ იქნება და ვერავითარ გავლენას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ვერ მოახდენს. ასეთი შეხედულება ძირშივე მცდარია. უფრო მეტიც: ძალიან საშიში და ბრიყვული არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა!
    თუკი მხოლოდ ფორმალურად მივუდგებით, ახალი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის უფლებები მართლაც სერიოზულად იზრდება 2013 წლის შემდეგ, ხოლო ძალაუფლების ძირითადი წყარო პარლამენტი, ესე იგი მინისტრთა კაბინეტი და მისი თავკაცი ხდებიან. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, თუ ისინი მოიგებენ საპარლამენტო მარათონს.
    მაგრამ ჯერ ერთი, იმავე კონსტიტუციით, პრეზიდენტს ძალიან სერიოზული ბერკეტები უნარჩუნდება ძალისმიერ სტრუქტურებზე გავლენის სახით: პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთარად, ანუ „ქაღალდზეც“ კი არანაკლები უფლებები ექნება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. თუმცა, ფორმალურ უფლებამოსილებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის არაფორმალური გავლენაა. საქართველოში „ხალხი“, პოლიტიკური კლასი, ისტებლიშმენტი და, რაც მთავარია, ბიუროკრატია მიჩვეულია, რომ სწორედ პრეზიდენტია „პირველი კაცი“. მით უმეტეს (ვიმეორებ) რომ იგი საყოველთაო კენჭისყრით აირჩევა. ამიტომ, თუ პრეზიდენტი ოპოზიციონერი გახდება, მაშინ არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, რა წერია კონსტიტუციაში და რამდენად დიდია („ქაღალდზე“) პარლამენტისა თუ პრემიერ-მინისტრის უფლებები. ეს უფლებები „საცერში გაშვებული წყალივით“ გაეპარება პრემიერს ხელიდან, რადგან სულ მალე მაჟორიტარული კორპუსი, ისევე როგორც მმართველი პარტიის კონფორმისტული ნაწილი, რეგიონული ელიტები, საშუალო და ქვედა რგოლის ბიუროკრატია, ბიზნეს-ელიტა (მათ შორის მედია მფლობელები!) პრეზიდენტის მხარეს გადავლენ. ანუ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია სულ მალე იქცევა ისევ „საპრეზიდენტო პარტიად“ და ტრანსფორმირდება ახალი პრეზიდენტის (ვთქვათ ნინო ბურჯანაძის) უმრავლესობად საკანონმდებლო ორგანოში.
    მიზეზი მარტივია: ჩვენ პოსტსაბჭოური საზოგადოება ვართ; დემოკრატიის და „ხელისუფებათა გაყოფის“ არანაირი ტრადიცია არ გაგვაჩნია, ამიტომ სოციუმის ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი (და, მთლიანობაში, საზოგადოებაც) ინსტიქტურად მიდრეკილია, რათა ქვეყანაში ძალაუფლების მხოლოდ ერთი წყარო არსებობდეს - პრეზიდენტის სახით. ხოლო ქაღალდზე (კონსტიტიციაში) რა წერია - მეასეხარისხოვანი საკითხია.
    პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ეს „ძალაუფლებრივი დუალიზმი“ უკეთეს შემთხვევაში (ვიმეორებ) დასრულდება დღევანდელი მმართველი პარტიის ტრანსფორმაციად ახალი პრეზიდენტის პარტიად, - თუ ეს პრეზიდენტი ოპოზიციონერი იქნება. უარეს შემთხვევაში კი, სამოქალაქო დაპირისპირებასა და შემდეგ სამოქალაქო ომშიც შეიძლება გადაიზარდოს.
    სულ სხვა საქმე იქნებოდა, პრეზიდენტი რომ პარლამენტს აერჩია და არა „ხალხს“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ყოველივე ზემოთგანხილული შესანიშნავად იცის ნინო ბურჯანაძემ. ამიტომაც, იგი ემზადება არა 2012 წლის საპარლამენტო, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის! ანუ, რამდენადაც სათუოა მისი მონაწილეობა წლევანდელი ოქტომბრის არჩევნებში, იმდენადვე უეჭველია, რომ საპრეზიდენტო მარათონში იგი აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე მიიღებს მონაწილეობას!
    ჯერ ერთი, როგორც უკვე ითქვა, მის პარტიას შემოდგომაზე წარმატების არანაირი შანსი არა აქვს, ხოლო დამარცხება და 5 პროცენტიანი ბარიერის „ვერგადალახვა“ დაასუსტებს. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ ერთია საპარლამენტო, ესე იგი პარტიული არჩევნები და მეორეა საპრეზიდენტო, როდესაც ნინო ბურჯანაძე უკვე პერსონალურად დაუპირისპირდება სახელისუფლებო კანდიდატს, ხოლო ეს კანდიდატი მიშა სააკაშვილი ვეღარ იქნება! ამ ფონზე, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ხმას ყოველთვის „ძლიერს“ აძლევს, შეიძლება ჩათვალოს, რომ „უფრო ძლიერი“ უკვე ნინოა და არა მიშა. ყოველ შემთხვევაში, აქ ბურჯანაძეს უჩნდება შანსი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას არა აქვს. ეს ყოველივე კი იმის გამო მოხდა, რომ „ნაციონალებმა“ თავის დროზე დაუშვეს უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც დათანხნმდნენ პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის, არამედ მთელი მოსახლეობის მიერ!
    ამიტომაც სდუმს ნინო ბურჯანაძე და მოთმინებით ელის ხელსაყრელ მომენტს „გასროლისათვის“. ეს ე.წ. „სახალხო კრებაც“ მას უკვე ჩირად აღარ უღირს, რაკი მის ინტერესებს არ ითვალისწინებენ და თავად ვერ ხვდებიან, რამდენად არახელსაყრელი და შეურაცხმყოფელია ნინოსთვის მაჟორიტარული კანდიდატების გადასვლა ივანიშვილის ბანაკში.
    არსებითი დასკვნა კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად დამკვიდრებული აზრის და ფორმალობებისა, ანუ მიუხედავად იმისა, რა წერია ახალ კონსტიტიციაში, მთავარი (ესე იგი ისტორიულად გადამწყვეტი) არჩევნები საქართველოში არა 2012 წლის ოქტომბერში, არამედ მაინც 2013 წლის მიწურულს გაიმართება! სწორედ ის არჩევნები განსაზღრავს ქვეყნის მომავალს უახლოეს ათწლეულებზე. და თუ „მმართველი პარტია“ ვერ მოახერხებს იმ არჩვევნებისთვის ძლიერი კანდიდატურის წამოყენებას, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს, იგი აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას, როგორი უპირატესობითაც არ უნდა მოიგოს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები და რამდენი მანდატიც არ უნდა მიიღოს ახალ პარლამენტში. ეს მანდატები სულ მალე „პრეზიდენტ ბურჯანაძის“ რესურსად იქცევა!
    ნინო ბურჯანაძემ ეს იცის; დღეს იგი „ჩასაფრებულია“, დუმს და ელოდება.

2012