რას ვერჩოდით გენერალ იაკუშევს?

რას ვერჩოდით გენერალ იაკუშევს?

 

    გასულ კვირას საქართველოს ეწვია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაცია ვადიმ გუსტოვის მეთაურობით. დელეგაციის ოფიციალური მიზანი იყო «საქართველოსა და აფხაზეთს შორის მიღწეულ შეთანხმებათა მიხედვით განხორციელებული სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობაზე კონტროლის დაწესება და საქართველოსა და აფხაზეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრა».
    უკვე აქედან ჩანს, რისი მაქნისია ეს დელეგაცია და რა შინაგანი მოტივაცია ამოძრავებდა მის გამომგზავნს. ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისას დელეგაციას საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა სტუმრებმა იხტიბარი იოტისოდენად არ გაიტეხეს და ყველაზე მწვავე კითხვებზეც პოულობდნენ «არგუმენტირებულ» პასუხებს.
    გუსტოვის გამოსვლამ კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩეჩნეთის მოვლენებმა რუსეთს «ვერაფერი ასწავლა და არაფერი დაავიწყა». მისი პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ იოტისოდენად არ შეცვლილა. თავად განსაჯეთ: მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ელცინი უარს აცხადებს, თუნდაც განიხილოს საკითხი დუდაევთან რაიმე მოლაპარაკების გამართვის თაობაზე, მისი წარმომადგენელი, საქართველოში ყოფნისას საუბრობს მომავალ შეხვედრაზე ჟენევაში «საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტებს შორის - გაეროს ეგიდითა და რუსეთის შუამავლობით».
    ამაზე მეტი ცინიზმი ყოვლად წარმოუდგენელია! თუმცა ცინიზმი რუსეთის პოლიტიკისათვის (და პოლიტიკისათვის საერთოდ), როგორც ჩანს, დამახასიათებელი თვისებაა.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ჟენევაში მართლაც შედგება შეხვედრა «უმაღლეს დონეზე» შევარდნაძესა და არძინბას შორის ბუტროს გალის შუამავლობით - ეს იქნება ქართული პოლიტიკის საბოლოო კრახი და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარება.
    ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ თვალნათელი: ის «სამშვიდობო პროცესი», რომელიც დაიწყო 1994 წლის აპრილ-მაისში ცნობილი შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ - სრულ ჩიხში შევიდა. ლტოლვილთა დაბრუნება არ მიმდინარეობს; გალის რაიონში კვლავ ხოცავენ ქართველებს; გაეროს დამკვირვებლები კი, რომლებიც რეგიონში იმყოფებიან - გულგრილად ადევნებენ თვალს მოვლენებს, აწვდიან ინფორმაციებს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ მდივანს, რომლებიც ასეთივე გულგრილ განცხადებებს აკეთებენ: «საქართველოსა და აფხაზეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით».
    კი მაგრამ, რატომ ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა? ამას ხომ თავისი მიზეზი აქვს? - სავსებით აშკარაა, რომ «პროგრესის მიღწევა» ვერ მოხერხდა კონკრეტული მიზეზის გამო: თბილისი სთავაზობს აფხაზეთს პოლიტიკურ სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში, აფხაზური მხარე კი საქართველოს შემადგენლობაში არ თანხმდება არანაირ სტატუსს. აი, ეს გახლდათ მთავარი მიზეზი.
    თუ გაერო მართლაც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რატომ არ სურს მას დააფიქსიროს თვალნათელი - საქართველო «სტატუსის» საკითხს სვამს გაეროს მოთხოვნათა კონტექსტში, ხოლო აფხაზეთი - ამ კონტექსტის იგნორირებით?!
    რაც შეეხება რუსეთსა და მის «სამშვიდობო ძალებს» - აქაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისაკენ. გალის რაიონს რეალურად აკონტროლებს აფხაზური პოლიცია, ხოლო რუსეთის არმია ნამდვილად «სასაზღვრო ჯარის» ფუნქციას ასრულებს - იგი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა (თუკი) შეიქმნება რეალური საშიშროება საქართველოს სამხედრო ფორმირებების შეჭრისა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. უფრო მეტიც, რაოდენ აღმაშფოთებელიც უნდა იყოს მავანთათვის ეს განცხადება, მაინც ვიტყვი: გენერალი იაკუშევი აბსოლუტურად მართალია! იგი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ მის ფუნქციაში არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა და საპოლიციო ფუნქციის შესრულება; მართალია, როდესაც აცხადებს: «რუსეთის ჯარების ერთადერთი დანიშნულებაა საომარ მოქმედებათა შეწყვეტის უზრუნველყოფა საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვარზე - მდინარე ენგურის აუზში».
    არც ერთ ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ იყო ხელმოწერილი, არ არის ნათქვამი, რომ რუსეთის ჯარს საპოლიციო ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ადგილობრივ მოსახლეობა დაეცვა.
    პირიქით - ყველა დოკუმენტში, აფხაზური მხარის დაჟინებული მოთხოვნით, აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები არ ერევიან აფხაზური ადმინისტრაციის საქმიანობაში და არ უშლიან ხელს აფხაზურ პოლიციას, შეასრულონ თავისი ფუნქცია. თუ რა «ფუნქციაა» ეს - ყველასათვის ნათელია.
    არც ის არის მართალი, თითქოს რუსეთის ჯარები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ლტოლვილთა უსაფრთხოება - სინამდვილეში, ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, რუსეთის ჯარი ვალდებულებას კისრულობს, დაიცვას ლტოლვილები მხოლოდ ზუგდიდიდან - ენგურის ხიდზე გადასვლის მომენტში, მათ შემდგომ ბედზე კი იგი პასუხისმგებელი არ არის.

    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა: რას ვერჩით გენერალ იაკუშევს? როგორ შეიძლება მოვთხოვოთ მას იმ ფუნქციების შესრულება, რომელთა შესრულებას მას არაფერი ავალდებულებს? იგი ხომ გენერალია და სავსებით ბუნებრივია, თუ მოქმედებს მხოლოდ იმ ინსტრუქციის თანახმად, რომელიც, ხელმოწერილი შეთანხმებებიდან გამომდინარე, მიიღო საკუთარი ხელმძღვანელებისაგან.
    თუმცა დავაკვირდეთ: ჩვენ თავად შევქმენით ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთის ჯარს (რომც მოინდომოს) არ შეუძლია, დაეხმაროს ლტოლვილებს. მაგალითად: თუ აფხაზური პოლიცია რაიმე საბაბით განახორციელებს რეპრესიებს ქართული მოსახლეობის მიმართ გალის რაიონში, ხოლო რუსეთის ჯარი ამ რეპრესიებს წინ აღუდგება, გაეროს მეთვალყურენი გულგრილად დააფიქსირებენ, რომ «რუსეთის ჯარი ერევა ადგილობრივი ადმინისტრაციის საქმიანობაში და ამით აჭარბებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თავის უფლებამოსილებას».
    გაეროს დამკვირვებლებს, რომელთაც, რა თქმა უნდა, იოტისოდენად არ აღელვებთ საქართველოს ბედი, არც ის აინტერესებთ, ვინ რა აზრი ჩადო იმ ხელშეკრულებებში და არც ის, თუ ვის რისი იმედი ჰქონდა - მათ იციან მხოლოდ ერთი: დარღვევა უნდა დაფიქსირდეს და გაკეთდეს საპროტესტო განცხადება.
    გახსოვთ ალბათ, 1994 წლის 14 სექტემბერს, როდესაც გენერალმა კონდრატიევმა ერთპიროვნულად სცადა (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა) გალში ლტოლვილთა დაბრუნება - გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მეთაურმა, ლასლო საბომ მრისხანე პროტესტი განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს - როგორ ბედავთ ხელშეკრულების დარღვევასო. ქართული მხარის საპასუხო რეაქციის შემდეგ (ლტოლვილთა დაბრუნების გაჭიანურებასთან დაკავშირებით) გაეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ «ლტოლვილთა დაბრუნება მიმდინარეობს ხელშეკრულებათა თანახმად».
    იმ დოკუმენტებში კი თურმე «არსად არ წერია, თითქოს აფხაზური მხარე ვალდებულია დღეში ასეულობით ლტოლვილი მიიღოს».
    ერთი სიტყვით, ჩვენ თავად შევედით ჩიხში, თავად მოვაწერეთ ხელი იმგვარ დოკუმენტებს, რომლებიც არანაირი მანევრის საშუალებას არ გვიტოვებენ და ახლა გვსურს ყველაფერი გენერალ იაკუშევს და რუსეთს გადავაბრალოთ.
    რა თქმა უნდა, რუსეთი უარს არ იტყოდა მისთვის ძალზე ხელსაყრელი პოზიციის დაკავებაზე ენგურის აუზში, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე იგი ხომ ვერ შემოიყვანდა რეგიონში თავის «სამშვიდობო» ფორმირებებს?
    რაც შეეხება ქართველ პარლამენტართა აღშფოთებას ელცინისა და რუსეთის ფედერალური საკრებულოს მიერ სამშვიდობო ჯართა მანდატის «ცალმხრივად გაგრძელების თაობაზე» (1995 წლის 15 მაისამდე) - არც ეს არის მართალი.
    საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაშიც იურიდიულად აბსოლუტურად მართალია - СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ (საქართველოს თანხმობით) გააგრძელა «სამშვიდობო ოპერაციის» ვადა სწორედ 15 მაისამდე. ანუ, საქართველოს თანხმობა მიღებული იყო, ხოლო რუსეთის «სამშვიდობო» ჯართა ყოფნა ენგურის აუზში სწორედ ამ სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა.
    რუსეთისათვის პრეტენზიის წაყენების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ СНГ-ს მეთაურთა საბჭო არ გააგრძელებდა ოპერაციის ვადას, ხოლო რუსეთი მაინც დატოვებდა გალის რაიონში თავის ჯარებს.
    რაც შეეხება «სამშვიდობო კონტინგენტის» გაყვანას საქართველოდან - ეს უკვე შეუძლებელია. არაერთგზის აღნიშნულა, რომ საქართველოს მოთხოვნის თანახმად, ჯარი გავა მხოლოდ ენგურის მარცხენა ნაპირიდან, ხოლო მარჯვენა ნაპირზე დისლოცირებული სადესანტო ათასეული რეალურად არსად არ წავა - იგი იარაღს გადასცემს აფხაზურ მხარეს ან (რაც უფრო მოსალოდნელია) თავად შეინიღბება «აფხაზურ ლაშქრად» - როგორც ეს ხდებოდა 1992-1993 წლებში.
    გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნებს ამ ჯარის გაყვანის თაობაზე უეჭველად მოჰყვება ოპოზიციის გააქტიურება თბილისში, რადგან მას გაუჩნდება მძლავრი არგუმენტი: რა საჭირო იყო ჯარის შემოყვანა, - იმისათვის, რომ ახლა გააფთრებით ვიბრძოლოთ მისი გაყვანისთვის?
    პრობლემის გადასაჭრელად ჯერ რეალობა უნდა გავიცნობიეროთ: სამშვიდობო პროცესი იმ საფუძველზე და იმ ფორმით, როგორც იგი დღემდე ხორციელდებოდა, სრულიად უპერსპექტივოა. შედეგის მისაღწევად ახალი სამშვიდობო სისტემისა და ფორმატის შექმნაა საჭირო - სრულიად სხვა საფუძველზე.
    სჯობს ძალიან გვიან, ვიდრე არასდროს.

«ივერია-ექსპრესი», 31 იანვარი, 1995 წელი.