პირველი პარლამენტი

პირველი პარლამენტი - ეროვნული მოძრაობა

პირველი პარლამენტი

გაგრის დაცემამ შოკური ზემოქმედება მოახდინა ქართულ საზოგადოებაზე. შეიძლება ითქვას, ოქტომბრის არჩევნებში გაგრის ტრაგედიის შემდეგ იმ ადამიანებმაც კი მიიღეს მონაწილეობა, ვინც მანამდე, პრინციპული მოსაზრებებით (ხელისუფლების ძალადობით დამხობისადმი პროტესტის ნიშნად), არ აპირებდა «არჩევნებზე მისვლას».
   ამ მომენტს ბინძურად არ ითვალისწინებს ის ხალხი, ვინც დღემდე გაიძახის: «ეს რა ერი გვყოლია, - 87 პროცენტით გამსახურდიას მისცა ხმა და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ 90 პროცენტით მისი ანტიპოდი შევარდნაძე აირჩიაო». თანაც, ამას უმრავლეს შემთხვევაში ის ხალხი ამბობს, ვინც ხელისუფლების დამხობასა და (ანუ!) სამოქალაქო ომის გაჩაღებაში აქტიურად მონაწილეობდა. მათ მანამდე ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ არჩეული ხელისუფლების დამხობა უეჭველად უარეს შედეგს გამოიღებდა.
   ამასთანავე, მათ შესანიშნავად უწყიან, რომ აფხაზეთის ომი ჩაფიქრებული იყო, როგორც შოკური თერაპია - «ზვიადიზმისაგან» მოსახლეობის დიდი ნაწილის განსაკურნად.
   11 ოქტომბერს ადამიანები «ტყვიამფრქვევთა კაკანში მიდიოდნენ საარჩევნო ყუთებთან» სწორედ იმიტომ, რომ ტყვიამფრქვევები კაკანებდნენ, თორემ ეს «კაკანი» რომ არა, ბევრი მათგანი შეიძლება არც მისულიყო იმ არჩევნებზე და აქტიური ბოიკოტის ფორმაც აერჩია.
   ამავე დროს, თუ ცივი გონებით, პათოლოგიური აკვიატების გარეშე განვსჯით, უნდა ვაღიაროთ, რომ 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო უკანასკნელი შესაძლებლობა, სახელმწიფოებრივი განვითარებისა და გადარჩენის რაღაც შანსი მაინც შეენარჩუნებინა ამ ქვეყანას. თუმცა, სამოქალაქო ომის თავიდან აცილება უკვე შეუძლებელი იყო. ეს ომი მიმდინარეობდა კიდეც - აფხაზეთის ომის პარალელურად.
   თუმცა, თვისებრივად, არანაირი «არჩევნები» ის არ ყოფილა. ქართული პოლიტოკრატია სრული შემადგენლობით მოხვდა ახალ პარლამენტში. საარჩევნო სისტემა ისეთნაირად იყო შემუშავებული (ე.წ. «პრეფერენციების» გათვალისწინებით), რომ არჩევნებში წარუმატებლობის არანაირ შანსს არ უტოვებდა ბოლო წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად აქტიურ მოღვაწეს ან პოლიტიკურ ჯგუფს.
   «განა არ სჯობდა პარლამენტში ყოფილიყვნენ და არა ქუჩაშიო» - კი ბატონო, აბსოლუტურად გამართლებული, სწორი და რაციონალური მოსაზრებაა, მაგრამ «არჩევნებს» ამას ნუ ვუწოდებთ - არჩევნებთან ამ პროცედურას არანაირი კავშირი არა აქვს ფორმალურის გარდა.
   რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, 11 ოქტომბერს სინამდვილეში ერთადერთი ნამდვილი არჩევნები ჩატარდა: პარლამენტის თავჯდომარისა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძე უალტერნატივო კანდიდატი იყო. მაგრამ ამ უალტერნატივო კენჭისყრას, ისევ და ისევ თვისებრივად, «არჩევნები» ბევრად უფრო შეიძლება ეწოდოს, ვიდრე ე.წ. «პრეფერენციების» მეშვეობით ქართული პოლიტოკრატიის სრული შემადგენლობით კოოპტირებას 11 ოქტომბრის პარლამენტში.
   ამ პარლამენტში, მათ შორის, მოხვდნენ აშკარად ანეგდოტური ფიგურები და «დედმამიშვილთა» პოლიტიკური პარტიები. რეალურად, 11 ოქტომბრის პარლამენტი კი არ «აირჩა», არამედ «დაკომპლექტდა» ამა თუ იმ ძალის ამბიციის, გავლენისა და ძალის (უპირველესად ფიზიკური ძალის) გათვალისწინებით. «ქუჩაში» არ დაუტოვებიათ არავინ (შეურიგებელი «ზვიადისტების» გარდა – და მათაც თავად არ მოინდომეს), ვისაც კი იქედან შეეძლო პრობლემები შეექმნა ხელისუფლებისათვის.
   უმალვე გამომჟღავნდა, რამდენად ბრიყვული იყო იმათი გათვლა, ვისაც იმედი ჰქონდა, გამსახურდიას დამხობით მთლიანად «მოძრაობასაც» მოაშორებდა ქვეყანას და 1992 წლის გაზაფხულზე გაიძახოდა, ვთქვათ ჭანტურიას პარტიაზე: «. . . . ხა, ხა, ხა, აი, ნახავთ, არჩევნებზე ჭანტურიას პარტია რამდენ ხმას მიიღებს - ნოლი მთელი ნოლ ნოლ ნოლ ნოლ ნოლ ერთი - დამთავრდა მაგათი ამბავი!»
   კი, როგორ არა! მაგ ჭკუაზე იყო სწორედ გია ჭანტურია, ეს დაეშვა.
   11 ოტომბერს მოქმედებდა პრინციპი: «ყველა, მინუს ერთი». პირველ სხდომაზე მამუკა გიორგაძემ მახვილგონივრულად იხუმრა: «რომელ შერიგებაზე საუბრობთ ბატონებო? ვის უნდა შევურიგდეთ? - თუ წინა ხელისუფლებას, ისინი უკვე აქ არიან (კაკო ასათიანი-ავტ.) თუ იმის წინას, - ისინიც აქ ბრძანდებიან (ჯუმბერ პატიაშვილი)».
   ედუარდ შევარდნაძე, როგორც მოგახსენეთ, პირდაპირი კენჭისყრით აირჩიეს პარლამენტის თავჯდომარედ. თვით პარლამენტმა კი იგი «სახელმწიფოს მეთაურად» აირჩია. კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღეს დროებითი «კანონი ხელისუფლების შესახებ» ანუ, იგივე ძირითადი კანონი. სახელმწიფოს მეთაურს მხარს უჭერდა ბლოკი «მშვიდობა», რომელშიც რამდენიმე თითქოს სრულიად სხვადასხვა შინაარსის ძალა გაერთიანდა. მაგალითად, ავთო მარგიანის «დემკავშირი» და თემურ ჟორჟოლიანის «კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია».
   «11 ოქტომბერს გამოჩნდება, რა გზას აირჩევს საქართველო. . . .» - ჟღერდა ყოველდღიურ საარჩევნო კლიპში. ხელისუფლებისათვის მთავარი თვით არჩევნების ფაქტი იყო და არა შედეგი, რომელიც იმთავითვე ცხადი გახლდათ. ამ თვალსაზრისით არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა: მასში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტიქტი შერჩენოდა.
   არჩევნები გაიმართა აფხაზეთის ტერიტორიაზეც (რა თქმა უნდა, გაგრის, ტყვარჩელისა და გუდაუთის გარდა). ამით დაფუძნდა ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო (ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად ლეგიტიმური, ვიდრე «სამხედრო» და «სახელმწიფო» საბჭოები).
   მაგრამ თვისებრივი დაპირისპირების აღმოფხვრას მეორე ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან და მის მომხრეებთან არჩევნები რა თქმა უნდა ვერ შეძლებდა.
   აქტიური ზვიადისტები, ვისაც ვერაფერს შეასმენდი და რომელთაც ყოველდღე არბევდნენ თბილისშიც და სამეგრელოშიც, ახალ ხელისუფლებას არ სცნობდნენ და «სატანის მოციქულად» აცხადებდნენ. ამ ვითარებაში «დემოკრატიაზე» საუბარი, რასაკვირველია სასაცილო იქნებოდა. დაიწყო ძალიან რთული სახელისუფლებო თამაში, რამაც სამ წელს გასტანა - 1995 წლის 29 აგვისტომდე და ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
   სულ მალე, პარლამენტში ჩამოყალიბდა უმრავლესობა (იგი ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერებს აერთიანებდა) და უმცირესობაც, ანუ სახელმწიფოს მეთაურის კატეგორიულ მოწინააღმდეგეთა გაერთიანება. თუმცა, მთლიანობაში, ის პარლამენტი მაინც კონსოლიდირებული იყო «ზვიადისტური საფრთხის» წინააღმდეგ.
   

    ერთ-ერთ პირველ სხდომაზე თენგიზ სიგუამ განაცხადა დროებითი მთავრობის გადადგომის შესახებ და ტრიბუნიდან არ ჩამოსულა - მდუმარედ გასცქეროდა დარბაზს. უხერხული სიჩუმე ისევ შევარდნაძემ განმუხტა - «როგორც ჩანს, არც აღფრთოვანება იგრძნობა განსაკუთრებით და არც მწუხარება».
   გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ ტრიბუნიდან ფეხმოუცვლელობით სიგუა თითქოს ეუბნებოდა პოლიტოკრატიასა და «ელიტარულ ინტელიგენციას»: არაფერი შეგეშალოთ, - მე წასვლას არსადაც არ ვაპირებო.
   მიუხედავად ამისა, მთავრობის დამტკიცებისას გაუთვალისწინებელი მაინც მოხდა. ჯერ ერთი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც თენგიზ სიგუასთან ძველი ანგარიშები ჰქონდა, მისი პრემიერად დამტკიცების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდა. ხოლო თემურ ჟორჟოლიანმა პირდაპირ თქვა: ბატონო თენგიზ, იქნებ იმ როლის გათვალისწინებით, რაც თქვენ ითამაშეთ, თავად გეთქვათ უარი პრემიერობაზე და პარლამენტი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგეყენებინათო.
   სიგუას «წასვლა» მაშინ, რასაკვირველია არარეალური იყო. თენგიზ სიგუას მართლაც სასიკვდილოდ ჰქონდა თავი გადადებული. მან იმდენი მოსისხლე გაიჩინა, თუნდაც უშიშროების გარანტიათა გამო არ დათმობდა თანამდებობას. პირიქით - გააფთრებით იბრძოლებდა ხელისუფლებაში დასარჩენად და საამისოდ ყველა ხერხს გამოიყენებდა.
   ედპ-ს დემარშმა სიგუა იმდენად ააღელვა, ოთარ მელქაძეს (იმ დროს ამ პარტიის წევრს) ცოტა არ იყოს უცნაური არგუმენტი მიახალა: შენ არ იყავი, მანქანა რომ მთხოვე და მაშინვე მოგეციო. ასეთ «წამოძახილში» მისი მენტალიტეტი სრულად გამომჟღავნდა.
   ამ პერიპეტიების შედეგად, სიგუას კანდიდატურა «ჩავარდა». ორგზის ექსპრემიერი უმალვე ფეხზე წამოდგა და თეატრალური გაანჩხლებით შეეწინააღმდეგა კენჭისყრის განმეორებას. მის გვერდით მჯდომ კიტოვანს, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემხედვარეს, სიბრაზისაგან ყბა მოექცა. მან იქვე, სხდომათა დარბაზის ფოიეში მყოფ პირადი დაცვის ბიჭებს ჩაუჩურჩულა რაღაც და ეს უკანასკნელნიც, შესვენებაზე დარბაზში შემოიჭრენ. მაშინ შედგა სწორედ ქართველ «პროვინციელ დემოკრატთა» განკითხვის ჟამი მორალური თვალსაზრისით: ის «დემოკრატები», ვინც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ ზვიად გამსახურდიას «ტირანიის» წინააღმდეგ ბრძოლისას, შიშით მოკუნტულნი, აცახცახებულნი ისხდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც მათ კიტოვანისა და სიგუას დაცვა აგინებდა, აფურთხებდა, წიხლით სცემდა და იარაღის ტარს ურტყავდა თავში - «ბატონი თენგიზის»კანდიდატურის ჩაგდება როგორ გაბედეთო.
   ალბათ საქმე არც ცემა-ტყეპა-გინებით ამოიწურებოდა, ედუარდ შევარდნაძეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო - იგი მთელი ღამის განმავლობაში «არწმუნებდა» სიგუას, დათანხმებულიყო ხელმეორე კენჭისყრაზე. მეორე დღეს კი (რაკი დაითანხმა) გაიმართა ახალი კენჭისყრა - ყველაფერი პულტების გაუმართაობას დააბრალეს და სიგუა მაინც დაამტკიცეს პრემიერად.
   სახელმწიფოს მეთაურისთვისაც ეს ოპტიმალური გამოსავალი იყო, ვინაიდან, ყველაფერთან ერთად, საშუალებას აძლევდა პასუხისმგებლობა «გადაენაწილებინა» და მისთვის ჩვეული «ბალანსირების» ტაქტიკა განეხორციელებინა.
   მინისტრებად, პრემიერის წინადადებით, ძირითადად აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაამტკიცეს. ეს იყო ფაქტობრივად ერთადერთი სოციალური კატეგორია, რომელსაც «ნომენკლატურული» იმიჯი არ ჰქონდა და თუმცა საქმეშიც ბევრი არაფერი გაეგებოდა (მინისტრობისათვის ემპირიული ცოდნა საკმარისი არ არის), - რაც მთავარია, ოპოზიციას არ აძლევდა შესაბამის არგუმენტს ხელისუფლების წინააღმდეგ.
   პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე (სპიკერი) ვახტანგ გოგუაძე გახდა, ხოლო ვიცე სპიკერები - რუსუდან ბერიძე და ვახტანგ რჩეულიშვილი. ამ უკანასკნელს იმთავითვე კონფლიქტი ჰქონდა ნოდარ ნათაძესთან, რომლის კანდიდატიც ჩუღურეთის რაიონში ეპაექრებოდა.
   საპარლამენტო კომისიათა ხელმძღვანელი თანამდებობებიც შესაბამისად გადაინაწილეს. ნოდარ ნათაძე «თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების» კომისიას ჩაუდგა სათავეში. ვაჟა ადამია - «კანონიერებისა და მართლწესრიგის» კომისიას, შალვა ნათელაშვილი - «იურიდიულ» კომისიას და ა.შ. თანამდებობების გადანაწილებაც კონსენსუსის პრინციპით ხდებოდა.

    1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა დიდი აურზაურის, ცემა-ტყეპის, დედის გინების, ჩხუბის, გაწევ-გამოწევის შემდეგ, 1995 წლის 24 აგვისტოს მაინც მოახერხა მთავარი: მიიღო კონსტიტუცია, რითაც მან თავისი ისტორიული მისია შეასრულა. მაგრამ ამ აქტს წინ უძღოდა ტრაგიკომიზმით აღსავსე სამი წელიწადი - ინტრიგებით, პოლიტიკური დეკლარაციებით, განცხადებებით, ალიანსებით, ბლოკებით და სახელმწიფოს მეთაურის გარშემო ორომტრიალით.
   ედუარდ შევარდნაძე იმ პარლამენტშიც (იმ ხელისუფლებაში), რა თქმა უნდა ცენტრალური ფიგურა იყო.

    იმდროინდელი ვითარების შესაფასებლად და შესასწავლად უაღრესად საინტერესოა მაშინდელი სპიკერის, ვახტანგ გოგუაძის მოსაზრებანი, რომელთაც იგი რამდენიმე წლის შემდეგ გამოთქვამდა სახელმწიფოს მეთაურის შესახებ.
   გოგუაძე ყველაფერს პირდაპირ დღესაც არ ამბობს, მაგრამ ზოგადად, მთლიანობაში, შეიძლება ასეთი სურათი ჩამოვაყალიბოთ: შევარდნაძის ჩამოყვანა «ელიტარულმა ინტელიგენციამ» (მათ შორის გოგუაძემ) გადაწყვიტა სწორედ იმისათვის, რათა მას ზვიად გამსახურდიას მიერ რუსეთთან «ჩაოხრებული» ურთიერთობა გამოესწორებინა. მაგრამ შევარდნაძემ ეს «რატომღაც» არ გააკეთა. გოგუაძე მიიჩნევს, რომ ეს სწორედ სუბიექტური მიზეზით მოხდა, ხოლო «ოპოზიციის წინააღმდეგობა» არაფერ შუაში იყო, ვინაიდან (მისი აზრით) შევარდნაძეს რომ მოენდომებინა, მის წინააღმდეგობას უეჭველად დაძლევდა.
   გოგუაძე არ აკონკრეტებს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, იგი გულისხმობს (მათ შორის) იმას, რომ ედუარდ შევარდნაძემ ჩამოსვლისთანავე (ან 11 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ) საქართველო დსთ-ში არ შეიყვანა, რაც თითქოსდა პანაცეა გახდებოდა შემდგომი უბედურების თავიდან ასაცილებლად.
   ეს ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტია, რის შესახებაც ქვემოთ კიდევ გვექნება საუბარი. სინამდვილეში, ედუარდ შევარდნაძემ ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» უკანასკნელ კოზირად შემოინახა და ბრწყინვალედ, უდიდესი ოსტატობით გამოიყენა კრიტიკულ სიტუაციაში (1993 წლის ოქტომბერში) ზვიადისტების წინააღმდეგ.
   შეუძლებელია იმის სერიოზულად გაფიქრებაც კი, რომ 1992 წლის მარტში ან ნოემბერში რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი (თუნდაც შევარდნაძე) გაბედავდა ეხსენებინა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» და «საქართველო» ერთიან კონტექსტში - გავიხსენოთ იმდროინდელი ვითარება: ამის თქმასაც კი ვერავინ შეძლებდა, არათუ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას!
   მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას «სკეპტიკურად» უყურებდა. ვახტანგ გოგუაძე ერთში მართალია: რეალურად, შევარდნაძეს ოპოზიციის კი არ ეშინოდა, არამედ სხვა მოტივი ჰქონდა. მაგრამ რა იყო ეს «სხვა მოტივი», - ბევრი დღემდე ვერ მიმხვდარა. სინამდვილეში, შევარდნაძე დსთ-ში შესვლის, ან თუნდაც ასეთი სურვილის დეკლარირების წინააღმდეგი გახლდათ იმიტომ, რომ იმდროინდელი სპიკერისაგან განსხვავებით შესანიშნავად ესმოდა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა რეალურად არაფერს მისცემდა საქართველოს (ან ხელისუფლებას) იმ სიტუაციაში, - ზვიადისტურ ოპოზიციას კი განუზომლად გააძლიერებდა.
   ის კი არა (sic) ბევრი არაზვიადისტი ოპოზიციონერი-პარლამენტარიც შეიძლება «ზვიადისტების» მხარეს გადასულიყო.
   განა დსთ-ს წევრი არ იყო მოლდავეთი, რომელმაც მაინც დაკარგა დნესტრის მარცხენა ნაპირი რუსეთის აგრესიის შედეგად? განა დსთ-ს წევრი არ იყო ტაჯიკეთი - მერედა განა ამით აიცილა სამოქალაქო ომის საშინელება? განა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მუტალიბოვმა 1991 წლის დეკემბერში, ალმა-ატაში, ხელი არ მოაწერა დსთ-ს შექმნის ხელშეკრულებას - რა მოიგო ამით აზერბაიჯანმა ყარაბაღში?
   ეს ყოველივე შევარდნაძემ შესანიშნავად უწყოდა, მაგრამ იმასაც ხედავდა, რომ შიშით აცახცახებულ რუსოფილებს (იმავე «ელიტარული ინტელიგენციის» საკმაოდ დიდ ნაწილს), რომელთა წარმოდგენასა და ცნობიერებაში რუსეთი ყოვლისშემძლე ჯადოქარი იყო («უნდა დაგვღუპავს, უნდა გადაგვარჩენს») - ამას ვერ აუხსნიდა და ვერ შეაგნებინებდა. სწორედ ამიტომ ამჯობინა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ოპოზიციის ეშინოდა და მხოლოდ ამიტომ ვერ დგავდა ნაბიჯებს «რუსეთისაკენ».

    «იბერია-სპექტრი» წერდა დეკემბერში: «სევდიანად მოგვიახლოვდა ქრისტეშობისთვე».
   მართლაც, საზოგადოებაში კვლავ ის სულისკვეთება იგრძნობოდა, რომლითაც ჯერ კიდევ 9 აპრილის შემდეგ გაიჟღინთა ატმოსფერო - იმედგაცრუების, უილაჯობის, უპერსპექტივობის განცდა თითქმის საყოველთაო გახდა.
   ამ შეგრძნებას ხშირად ვუსვამ ხაზს, რათა, შეძლებისდაგვარად ნათელვყო, რომ ქვეცნობიერად «ეროვნულ მოძრაობას» იმთავითვე ერთი სულისკვეთება გასდევდა თავიდან-ბოლომდე.
   ეს იყო საზარელი მარცხის წინათგრძნობა

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა