პანკისი, როგორც სასინჯი ქვა

პანკისი, როგორც სასინჯი ქვა

        გასულ კვირას, უშიშროების საბჭომ განიხილა ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება და მიიღო გადაწყვეტილება ამ რეგიონში საგანგებო ზომების განხორციელების თაობაზე.
        ბუნებრივია, ზოგიერთი «საგანგებო ზომა» თბილისშიც ამოქმედდა და, მიუხედავად იმისა, რომ ამით «კორუფცირებული პოლიციელები» (ასე ვთქვათ), რასაკვირველია, გვარიანად იხეირებენ, სამართლიანობა და ობიექტურობა მაინც მოითხოვს, ითქვას: შექმნილ ვითარებაში, როდესაც ესპანელ ბიზნესმენებს თბილისში (!) თავხედურად იტაცებენ, ასევე, თბილისიდან იტაცებენ იტალიელ ჟურნალისტს და კლავენ გომბორთან, თითქმის აშკარად მოქმედებენ დივერსიული ჯგუები (იწყება ზუგდიდთან ანძის აფეთქებით) და ასე შემდეგ – ხელისუფლებამ თუ მანქანების საბარგულების შემოწმება გადაწყვიტა, ეს ჯერ კიედვ არ არის «ადამიანის უფლებათა დარღვევა».
        არ შეიძლება, ყველაფრის დაყვანა იდიოტიზმამდე. არც ერთ ებრაელს არასდროს მოუვა აზრად, გააპროტესტოს პოლიციის მოთხოვნა მანქანის შემოწმების შემსახებ, მიუხედავად იმისა, რომ კორუფცირებული იქაურ პოლიციაშიც ძალიან ბევრია.
        ისრაელი ამითაც ჰგავს საქართველოს. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, ჩვენს ქვეყანას ამჟამად ნაკლები საფრათხე ემუქრება, ვიდრე ისრაელს, ძალიან ცდება. სხვა საქმეა, რომ პოლიციას ზოგჯერ მართლა უნდა «წაუთაქო», რათა მეტისმეტი არ მოინდომოს და «დაუკრეფავში არ გადავიდეს». ამდენად, თბილისში (ისევე, როგორც კახეთსა და მთელ საქართველოში) გატარებული ზომები სავსებით ბუნებრივია.
        რაც შეეხება პანკისის ხეობას, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ორი კურდღლის დაჭერის სურვილი ჰქონდა და აქვს შანსი, ამჯერად მართლაც ორივე დაიჭიროს.
        ჯერ ერთი, ხეობაში შინაგანი ჯარების შეყვანით ხდება იმის დემონსტრირება, რომ თბილისი მთლიანად აკონტროლებს (სტრატეგიული თვალსაზრისით) ვითარებას ჩეჩნეთის მოსაზღვრე ამ ხეობაში, ხოლო რუსეთის განცხადებები, პანკისში «მეორე ჩეჩნური არმიის» დისლოცირების თაობაზე, აშკარა დეზინფორმაციაა.
        მიაქციეთ ყურადღება: რუსეთის მედია კრინტს არ სძრავს პანკისში საქართველოს შინაგანი ჯარის შეყვანისა და შესაბამისი ოპერაციების შემსახებ – ვითომ საერთოდ არაფერი ხდებოდეს. რატომ? – იმიტომ, რომ ამით ირღვევა ის პროპაგანდისტული ფონი, რაც რუსეთს ესაჭიროება არა მხოლოდ და არა იმდენად «სავიზო რეჟიმის», რამდენადაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა სახის აგრესიის გასამართლებლად.
        ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად «თავისუფალია» პუტინის ეპოქაში რუსული მედია – მათ შორის, წარსულში დამოუკიდებელი, იმპოზანტური «ნტვ».
        მეორე მიზეზი პანკისში განხორციელებული აქციისა, უდავოდ ის გახდა, რომ ხელისუფლებას მართლაც სურს, წესრიგი დაამყაროს ამ კრიმინალურ ანკლავში. პანკისის ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში იგივეა, რაც კოდორის ხეობა – დასავლეთ საქართველოში. პანკისში, ჩეჩნებს გარდა, თავს იყრიან კრიმინალი ნაძირალები მთელი კახეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოდან.
        შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულისთვის სამასამდე ძებნილიდან ნახევარი მაინც სწორედ პანკისის ხეობას აფარებს თავს.
        ამ ვითარებაში არცთუ უსაფუძვლო ჩანს ადგილობრივი ჩეჩნების აღშფოთება იმის გამო, რომ ახმეტელი ბიზნესმენის, აგრეთვე, ესპანელების გატაცება მაინცდამაინც «ჩეჩნებს» უკავშირდება.
        ზოგიერთი ცნობით, ქისტი უხუცესები თავად მოითხოვდნენ ხეობაში შინაგანი ჯარის ნაწილთა შემოყვანას, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს არ დაემსგავსებოდა რუსულ «ზაჩისტკებს» - უდანაშაულო ადამიანთა ახოცვა-ჟლეტითა და სოფლების ბომბარდირებით.
        სწორედ ახლა გამოჩნდება, რამდენად ორგანიზებული და დისციპლინებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ეს ნაწილი – უდიდესი შეცდომა იქნეობდა მათ მაინცდამაინც სოფლებში ეცადათ შესვლა. საკმარისია, გააკონტროლონ გზები და საკვანძო ადგილები. ჩეჩნეთში გადასასვლელოი ბილიკები კი ისედაც დახშულია ერთი მხრივ დიდთოვლობით, მეორე მხრივ კი (რუსეთის მხრიდან) – უამრავი ქვეითსაწინააღმდეგო ნაეღმით.
        სხვათა შორის, პრეზიდენტ პუტინს რატომღაც დაავიწყდა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი ივანოვის განცხადება: «საქართველოდან ჩეჩნეთში გადასასვლელი ბილიკები ისე უხვად არის დანაღმული, უახლოესი 50 წლის განმავლობაში სრულებით გაუვალია».
        ყველაზე საინტერესო მთელ ამ ისტორიაში ესპანელ ბიზნესმენებთან დაკავშირებული, იდუმალებით მოცული ამბებია. ხუთშაბათს ესპანეთის მთავრობის ერთ-ერთმა ვიცე-პრემიერმა დახმარება აღუთქვა ანტონიო ტრინოლიოსისა და ფრანცისკო როდრიგესის ოჯახებს. ოფიციალური ვერსიით, ისინი გამოსასყიდის წასაგლეჯად გაიტაცეს თბილისის შემოგარენიდან და პანკისის ხეობაში გადაიყვანეს.
        თუმცა, ეს ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის და ცოტა არ იყოს, უცნაურ შთაბეჭდილებასაც სტოვებს. თავად განსაჯეთ: ესპანელები გაიტაცეს თბილისის ერ-თერთ გზატკეცილზე, გამტაცებლებმა უვნებლად გაუშვეს მათი თანმხლები პოლილციელი. საყურადღებო ეპიზოდია, ვინაიდან არ «თავსდება» კლასიკურ სქემებში. ამ სქემების შესაბამისად კი, გამორიცხულია გამტაცებლებს მოწმე ასე ადვილად გაეშვათ. თუ არ მოკლავდნენ (ღმერთმა დაიფაროს), თან მაინც წაიყვანდნენ. მათ კი მოწმე იქვე დატოვეს. ვიმსჯელოთ ლოგიკურად: ეს პოლიციელი, რაკი უცხოელების დაცვა ვერ შეძლო, მაქსიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ხომ მაინც შეატყობინებდა ამ ამბავს პოლიციას? 45 წუთში შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა გზისა და გასასვლელის გადაკეტვას მოასწრებდა. ასეთ პირობებში როგორღა გაიყვანდნენ მოტაცებულ ესპანელებს 200-250 კილომეტრით მოშორებულ პანკისის ხეობაში?
        ანუ, აქ «რაღაცაშია საქმე», გარდა ამისა, თვით ესპანური პრესის ცნობით, ეს ორი ბიზნესმენი არც ისეთი «მამა აბრამის ბატკანი» იყო, როგორც თავდაპირველად სურდათ წარმოეჩინათ. იმავე პრესის ცნობით, ფრანცისკო როდრიგესს საქართველოდან მარმარილო და ხე-ტყე გაჰქონდა ესპანეთში. ამ სფეროში რა მაფიოზური კლანები მოქმედებს, საყოველთაოდ ცნობილია. ეს ორი საქონელი ყველაზე მომგებიანი და ხელსაყრელი საექსპორტო მასალაა. თანაც, შეუძლებელია, აქ სხვადასხვა კრიმინალური მიმართება არ არსებულიყო.
        საყურადღებოა, რომ ფირმა «გეომადერასთან», რომელიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული საქართველოში, მხოლოდ ფრანცისკო როდრიგესს ჰქონდა ოფიციალური კავშირი. მეორე ესპანელი (ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსი) «გეომადერას» დოკუმენტებში საერთოდ არ ფიგურირებს.
        სამაგიეროდ, იგი ესპანელი მილიონერია და მადრიდში 7 საიუველირო მაღაზიას ფლობს. რას შეიძლებოდა დაეინტერესებინა ესპანელი იუველირი საქართველოში? რა თქმა უნდა, მესამე კრიმინალურ ბიზნესს: ძვირფასი ქვების იმპორტსა და ექსპორტს. ამ სფეროშიც (ისევე, როგორც ხე-ტყისა და მარმარილოს ბიზნესში) სრული განუკითხაობა სუფევს. საქართველოდან ძვირფასი ქვების კონტრაბანდა, ისევე, როგორც ყალბი ოქროს და ალმასის შემოტანა, ნედლეულის ექსპორტ-იმპორტი და სხვა საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია.
        მსოფლიოში ასობით ფირმაა, რომელიც უდიდესი ოსტატობით ამზადებს ყალბ ბრილიანტსა და სხვა «პატიოსან» თვლებს. ჩვენს პირობებში ნამდვილისგან მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. გამოცდილ იუველირს ამ საქმეზე გვარიანი «ფულის გაკეთება» შეეძლო, - რა თქმა უნდა, ქართველ პარტნიორებთან და ხელისშემწყობებთან ერთად.
        ანუ, სრულებითაც არ არის გამორიცხული, ესპანელი ბიზნესმენების გატაცება «კომერციული გარჩევა» ყოფილიყო, როგორც ამას მადრიდის გაზეთები უწოდებენ.
        ფულის თვლა ქართველებმაც იციან. ან შესაძლოა, ეს ძალზე ეშმაკურად ჩაფიქრებული და განხორციელებულიო პროვოკაციაა რუსეთის სპეცსამსახურთა მხრიდან, რომლებმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ გვგონია.
        ყოველ შემთხვევაში, რუსეთში ესპანეთის ელჩთან (იგი იმავდროულად, საქართველოში ელჩიცაა) რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: «არ ვიცოდით, თუ საქართველოში უსაფრთხოების საკითხები ასე ცუდად იყო გადაწყვეტილი».
        მაშასადამე, რომ სცოდნოდათ, აუცილებლად გააფრთხილებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არამც და არამც არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და არანაირი საქმე არ დაეჭირათ «ამ ქვეყანასთან».
        რასაკვირველია, ესოდენ მკაცრი დასკვნა იქედანაც მომდინარეობს, რომ საქართველოში ესპანეთის ელჩის ფუნქციას სწორედ მოსკოვში ამ ქვეყნის ელჩი ასრულებს.
        სულ სხვა თემაა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო ასეთ პრაქტიკას, როდესაც საქართველოში ელჩის ფუნქციას ამა თუ იმ ქვეყნის «მოსკოველი ელჩები» ასრულებენ.
        თუ მაინცდამაინც, რაღა «მოსკოველმა ელჩმა» უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და არა, ვთქვათ, იმავე ესპანეთის ელჩმა ანკარაში, კიევში ან სოფიაში?
        ვითომ მოსკოვი ბევრად უფრო ახლოსაა? ხოლო თუ ესპანელების გატაცება მართლაც რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებულია, მაშინ ჯერ ერთი, მათ ახლობლებს შეუძლიათ, ისინი გამოიტირონ და მეორე ასეთ შემთხვევაში, მათი «აორთქლებაც» გასაგებია.
        რადგან ვაზიანის სამხედრო ბაზა (გრუ-ს უძლიერესი ბაზა სამხრეთ კავკასიაში) იქვეა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ესპანელთა გატაცების მიზეზი და თუნდაც «ლეგენდარული მოტივი» (სპეცსამსახურთა ტერმინოლოგიით), ესპანელთა «არალეგალური» საქმიანობა იქნებოდა.

დილის გაზეთი, 11 დეკემბერი, 2000 წელი