ოპოზიცია «სახალხო ფრონტს» ქმნის

ოპოზიცია «სახალხო ფრონტს» ქმნის

     

        საპარლამენტო და გარესაპარლამენტო ოპოზიციამ იკდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გაერთიანებისკენ. გუშინ გადაწყდა ერთგვარი «პაქტის» გაფორმებაც, თუმცა, ზუსტი თარიღი მაინც უცნობია.
        «თავდაუსხმელობის პაქტისგან» განსხვავებით, ეს სწორედ «თავდასხმის პაქტია», ანუ მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ შეტევისა.
        თუმცა, უკანასკნელ შეკრებაზე მაინც არ განუხილავთ «ფეთქებადი თემები», როგორიცაა, მაგალითად, მომავალი ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი.
        ამ საკითხზე აზრთა ერთიანობა რომ არსებობდეს, იცოცხლე, განიხილავდნენ, მაგრამ უკვე სავსებით ცხადია: ეს «ბოიკოტი» არ გამოვა. ჯერ ერთი, საქართველოში «მაჟორიტარული არჩევნების ბოიკოტი» უაზრობაა. გარდა ამისა, «მრეწველები» და «ტრადიციონალისტები» ბოიკოტში მონაწილეობას არ აპირებენ.
        ამის მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს, ტაქტიკურ პრობლემებს შესწიროს სტრატეგიული ინტერესები - მათ შორის, «გაერთიანებისა» და მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლის იდეა. ეს ერთგვარი «სახლხო ფრონტის» მაგვარი გაერთიანება იქნება. ნიშანდობლივია, თუ ამ «ზეახალ გაერთიანებაში» შედის 12 წლის წინ შექმნილი საკუთრივ «სახალხო ფრონტი» - ყოველ შემთხვევაში, «გარესაპარლამენტო ოპოზიციის» წარმომადგენლები («ზვიადისტები» და ასე შემდეგ) ნოდარ ნათაძის პარტიასთან (და არა «მოძრაობასთან») საკმაოდ ახლოს არიან.
        ზვიად ძიძიგური კი ხშირად სტუმრობს საპარლამენტო ოპოზიციის შეკრებებს.
        მაშასადამ,ე მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა თანდათან იკრიბება იმ ორბიტაზე, რომელიც, ჩახლართული ხაზის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც ბათუმის ეკვილიბრიუმში გადის.
        იქმნება, დაახლოებით ისეთი ვითარება, როგორიც 1997 წლის ზაფხულში, როცა ქართულმა პოლიტოკრატიამ საქართველოს «საზღვაო დედაქალაქში» მოუხშირა სტუმრობას სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად.
        შესაძლოა, მართლაც შეიქმნას «ერთი დიდი» საარჩევნო სია და მომავალ (2003 წლის) პარლამენტში, ისევ ოპოზიციის სახით მოხვდეს ათეულობით პარტიის ლიდერი - პარტიის სხვა წევრების გარეშე.
        ერთი სიტყვით, ეს უკვე ნამდვილი «გაფორმებული» ანეკდოტი იქნება.
        არადა, ასლან აბაშიძისთვის ამგვარი რამ არანაირი პრობლემა არ არის: დღევანდელ პარლამენტში «აღორძინების» სიით სულ 2-3 ბათუმელი (ანუ აჭარის ისტებლიშმენტის წევრი) მოხვდა. დანარჩენი «გავლენის რესურსია», რომელიც თავის მხრივ, აჭარის ამოუწურავი ელექტორალური რესურსით იქმნება.
        მაგრამ ამ რესურსის ხარჯზე პოლიტიკაში დაბრუნების ან დარჩენის მოსურნე ქართველი პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ, რომ ამგვარი რესურსული «უზრუნველყოფით» «მარადი ოპოზიციონერის» როლში დარჩებიან.
        ნებისმიერ შემთხვევაში, «ერთი დიდი» შეკრება ბათუმში გარდაუვალია. შესაძლოა, მასპინძელმა ჯერ არ იჩქაროს ახალი «ბლოკის» (კიდევ უფრო ფართო კოალიციის» გაფორმება, მაგრამ «ჩასვლა» კი ყველას მოუწევს - «ტრადიციონალისტებზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია (კაკო ასათიანი, თვალსა და ხელს შუა, ნაწივმარი სოკოსავით სწრაფად იზრდება), - აგრეთვე «მრეწველები», «ახლები», «ზვიადისტები», «კომუნისტები» - ვერა და ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ეკლექტურ გაერთიანებას საქართველოში პერსპექტივა არ გააჩნია, ანუ აქვს მხოლოდ ოპოზიციური პერსპექტივა.
        «არანაირი ქუჩის გამოსვლები მოსალოდნელი არ არის - ამას, უპირველეს ყოვლისა, არ ადუშვებს «ფართო კოალიციის» ლიდერი, რომელსაც უახლოეს მომავალში აჭარაში «მეთაურის» საყოველთაო არჩევნები აქვს ჩასატარებელი.
        მიუხედავად ბრავურული და ოპტიმისტური განცხადებებისა, საეჭვოა, ახალმა, უფართოესმა კოალიციამ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს: ფორმულა «ყველა მინუს ერთი» საქართველოში არ მუშაობს რიგი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გამო.
        გარდა ამისა, «უფართოეს კოალიციაში «ისეთი ფიგურებიც არიან, რომელთაც თავად აქვთ «სრული ლიდერობის» პრეტენზია.

დილის გაზეთი, 11 აგვისტო, 2001 წელი