ნახტომი წარსულში

ნახტომი წარსულში

 

    თენგიზ კიტოვანის სენსაციური დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარი «შტილი» შეინიშნება. გადაქანცული პოლიტიკოსები ძალებს იკრებენ და მომავალი, გადამწყვეტი შეტაკებისათვის ემზადებიან. ეს შეტაკება უეჭველად საგარეო პოლიტიკას (კერძოდ, ერთ-ერთ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ პრობლემას) მიეძღვნება. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას ჩეჩნეთში. არათუ ქართული საზოგადოება, მთელი მსოფლიო გრძნობს და ხედავს: ჩეჩნეთში დღეს წყდება არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ თვით რუსეთის ბედიც.
    თავისთავად საინტერესოა, რომ ამ უზარმაზარი სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის პრობლემა კავკასიასთან ურთიერთობის კონტექსტში მოიაზრება. მართლაც: კავკასია ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკური კარიბჭე, რომელზეც მტკიცე კონტროლის დაწესება ამ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ «მორღვეული ზღუდიდან» რუსულ სივრცეში დესტაბილიზაციის რამდენიმე მძლავრი ნაკადი შეიჭრება; ისტორიული წონასწორობის დარღვევას რუსულ ქვაბში «ჩახარშულ» ეთნიკურ სიმბიოზთა აფეთქება მოჰყვება; დაიშლება ჯერ ცეცხლითა და მახვილით შეკრული «რუსეთის ხალხი» (ნაცია) ანუ შაფარევიჩის ცნობილი კლასიფიკაციით «დიდი ერი», შემდეგ კი ის «მცირე ერიც», რომელიც დეტონატორის როლს შეასრულებს.
    ხოლო ერთა თვითიდენტიფიკაციის პროცესი, ამ უზარმაზარ, უპატრონოდ დარჩენილ სივრცეში, აღადგენს იმ ეთნიკურ და პოლიტიკურ სისტემებს, რომლებიც საუკუნეთა წინათ არსებობდნენ და საბოლოოდ არ განადგურებულან. ისინი მხოლოდ ახალი სისტემებით «გადაიფარნენ».
    გეოპოლიტიკური ტრადიცია მეტად მყარი რამაა. მისი საბოლოო დამსხვრევა თითქმის შეუძლებელია. რუსეთი დღეს ჩეჩნეთის გასანადგურებლად ზუსტად იმავე პოლიტიკურ მოტივს იშველიებს, რომელსაც 1840 წელს იყენებდა: იარაღის ამოღება, განიარაღება, უკანონო ფორმირებების დაშლა. . . . . დუდაევიც ზუსტად ისევე მიმართავს დღეს თურქეთის პრეზიდენტს, როგორც თავის დროზე შამილი - სულთანს.
    ქართული პოლიტიკაც თანდათანობით უახლოვდება ტრადიციულ ვექტორს. საქართველო დღეს «რუსული პლაცდარმის» ფუნქციის შესასრულებლად ემზადება იმავე მოტივით, როგორც მე-19 საუკუნეში, რათა გადაჭრას საკუთარი სახელმწიფოებრივი პრობლემები.
    ოღონდ, თუ ადრე პრობლემა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთში კონცენტრირდებოდა, ამჟამად იგი ჩრდილო-დასავლეთში (აფხაზეთში) არის კონცენტრირებული. რუსული სივრციდან გამოსასვლელად შუასაუკუნეებში ჩამოყალიბებულ სისტემათა იგნორირების და უფრო ადრეულ გეოპოლიტიკურ სისტემებზე დაყრდნობის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა.
    ერთიანი «კავკასიური ფრონტი» იმპერიის წინააღმდეგ ვერ შეიქმნა. ეს იდეა უმალვე ჰიპოთეტურად იქცა, როგორც კი რუსეთმა აამოქმედა შესაბამისი დამცავი მექანიზმები - მის მიერვე პროვოცირებულ თუ კონსერვირებულ წინააღმდეგობათა სახით.

    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს უშიშროების მინისტრმა, იგორ გიორგაძემ გააკეთა სენსაციური განცხადება, რომლის თანახმად, ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა თბილისში დააკავეს ჩეჩნეთის პარლამენტის ორი წევრი. ისინი დუდაევის მიერ საგანგებო დავალებით იყვნენ მოვლენილნი საქართველოში და ოპოზიციურ ძალებთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ.
    იგორ გიორგაძის თქმით, ჩეჩენი ემისრები ქართულ ოპოზიციონერებს თხოვდნენ მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. სამაგიეროდ (ეს ძალზე საინტერესოა - ავტ.) სთავაზობდნენ სრულ მხარდაჭერას - აფხაზეთის საკითხში. გიორგაძეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ «სტუმრები». არც მოლაპარაკებათა შედეგებზე უთქვამს რაიმე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოლაპარაკება კრახით დასრულდა - «კავკასიური სახლის» იდეა ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ მან, როგორც პოლიტიკურმა კურსმა, კარგა ხანია სული დალია. იგი გაისრისა ორ ანტაგონისტურ დოქტრინას შორის, რომელთაგან ერთი საქართველოს მოიაზრებს დასავლეთ ევროპის სივრცეში (რამდენიც უნდა ილაპარაკონ და ამტკიცონ, რომ «დასავლეთ ევროპა» არ არსებობს და ევროპა «ერთიანია და განუყოფელი». ჯერჯერობით ეს რეალობაა), ხოლო მეორე, კვლავ ევრაზიული «ზესახელმწიფოებრიობის» ჩარჩოებში.
    დღეს საქართველო ამ გზასაყარზე დგას და ჩეჩნეთის კრიზისის შედეგებზე დიდად იქნება დამოკიდებული მისი, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს მომავალი არჩევანი.
    დღევანდელმა ლიდერმა ეს არჩევანი უკვე გააკეთა. მისი ცალსახა განცხადებანი ჩეჩნეთის კრიზისთან დაკავშირებით (რუსეთის მხარდაჭერით) იმ მხედართმთავრის ქმედებას ჰგავდა, რომლის ბრძანებით მცირერიცხოვანი არმია უკანდასახევ ხიდებს წვავს, რათა მოწინააღმდეგეს უფრო შეუპოვრად ებრძოლოს.
    ამ შემთხვევაში შევარდნაძე მოქმედებს «ვა-ბანკის» პრინციპით - «ყველაფერი ან არაფერი». რა თქმა უნდა, რისკი დიდია, მაგრამ მოგებაც იმდენად დიდ იქნება, რომ მის მოსაპოვებლად თვით სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაც კი შეიძლება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირდაპირი აზრით.
    ცდება, ვინც ფიქრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კრემლი დაივიწყებს ედუარდ შევარდნაძის მიერ ბულგარეთში გაკეთებულ განცხადებას (ეს განცხადება მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა ნომერ პირველ სენსაციად აქციეს): «ვაფრთხილებ ევროპას, ვაფრთხილებ დასავლეთი ყველა პოლიტიკოსს, რომელიც დღე სიტყვით მხარს უჭერს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რეალურად ორჭოფული პოზიციით ხელს უწყობს სეპარატისტებს. რუსეთის დაშლა გლობალური კატასტროფა იქნება».
    დიახ, რუსეთი ამ განცხადებას არ დაივიწყებს. არა «მადლიერების გამო», რა თქმა უნდა, არა იმის გამო, რომ «კეთილშობილ რუს პოლიტიკოსებს» გული მოულბებათ და მოუბრუნდებათ საქართველოსკენ. ამგვარი კატეგორიებით პოლიტიკაში არ ოპერირებენ, მაგრამ წმინდა პრაგმატული მოსაზრებით არც იმას ივიწყებენ, რომ ლოიალობას დაფასება უნდა, რათა ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს სხვებისთვის. მით უმეტეს, იმ რეგიონში სადაც, რამდენიმე ფაქტორის გამო, რუსეთს მძლავრი დასაყრდენის გარეშე პოლიტიკური არსებობის შენარჩუნება ძალზე გაუჭირდება. მხოლოდ სომხეთი კი, ამ ფუნქციას ნამდვილად ვერ იტვირთებს. მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს რუსეთი თვით ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარებას ძალისმიერი ხერხებით.
    ამ საკითხის წამოჭრაც კი განცვიფრებას იწვევს. არადა, იგი ნამდვილად არსებობს. მრავალი პოლიტოლოგი გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ რუსეთს პრობლემის ძალით გადაწყვეტა ასე გაუჭირდებოდა. მაგრამ ეს რეალობა აღმოჩნდა. ჯერ-ჯერობით რუსეთის არმიის «სუპერელიტარული» ნაწილები მარცხს-მარცხზე განიცდიან ჩეჩენ მოლაშქრეებთან ბრძოლაში. გროზნოს «აღება» წმინდა პროპაგანდისტული ბლეფია. სინამდვილეში, დუდაევმა ქალაქში შეიტყუა რუსეთის არმია, რათა მისი უპირატესობა (სამხედრო ტექნიკაში) უმნიშვნელო ფაქტორად ექცია და მიაღწია კიდეც შედეგს.
    რუსეთმა უკვე ათასამდე მეომარი დაკარგა ერთი თვის განმავლობაში. მაშინ, როდესაც მთელ «ავღანურ კამპანიას» 15 ათასი მეომარი შეეწირა - ათი წლის განმავლობაში.
    «ბლიცკრიგი» ამბოხებული ერის დასათრგუნად ვერ შედგა - ომი, როგორც ჩანს, პარტიზანულ ხასიათს შეიძენს; ელცინის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, მაგრამ თუ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, არ შეიძლება ზოგიერთი უცნაურობა არ შევნიშნოთ - იმ დროს, როდესაც კრემლი კატასტროფის პირასაა, მოსკოვში თითქმის ერთდროულად ჩადიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ისინი «კავშირის აღდგენაზე» საუბრობენ. ამ ფონზე კი სრულიადაც არ ჩანს მოულოდნელი და უადგილო ანდრეი კოზირევის ღრმააზროვანი მეტაფორა: «СНГ»-ს სივრცეში დასრულდა გაყრის პროცესი, იწყება მიწათა ხელახალი შემოკრება».
    რუსეთი ალბათ ვერ მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას ჩეჩნეთში. იგი სტრატეგიული თვალსაზრისით ვერ გადაწყვეტს «ჩეჩნურ პრობლემას», მაგრამ ერთი რამ უეჭველია: კრიზისი რუსეთისა და საქართველოსთვის (ელცინისა და შევარდნაძისთვის) გახდება ერთგვარი «ტრამპლინი» ერთობლივი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პროექტის განსახორციელებლად. რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ომი ჩეჩნეთში (მორალური ზარალის კომპენსირებას ყოვლისშემძლე რუსული ტელევიზია მოახდენს), ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველოსთან იქნება მიღწეული ისტორიული კომპრომისი ამიერკავკასიაში უფლებამოსილებათა «გადანაწილების» სახით. ამ შემთხვევაში, ჩეჩნების თანდათანობით «მოხრჩობას» ხელს ვეღარავინ შეუშლის. ამრიგად, ჩეჩნეთში მიმდინარე ომი სინამდვილეში არის ომი მთელი კავკასიისათვის, ხოლო ომი კავკასიისათვის რუსეთის მესამე სამამულო ომია!

    გახსოვთ, ალბათ, ანალოგია რუსული ხალხური ზღაპრიდან: კოშჩეი უკვდავის სული ფრინველშია, ფრინველისა - კვერცხში, რომელიც ნემსს ინახავს. ანუ, იმ ნემსის გატეხვაა საჭირო.
    პოლიტიკა თავის საფუძველს დაუბრუნდა. საკითხს გადაწყვეტს ძალა და მხოლოდ ძალა. «ჩეჩნური ნემსი» კი, ადრე თუ გვიან, უეჭველად გატყდება.

«7 დღე». თებერვალი, 1995 წელი.