ნატო საქართველოს აკვირდება

ნატო საქართველოს აკვირდება

        დღეს საქართველოში ჩამოდის «ევროატლანტიკური ალიანსის» კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი - ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე დიტერ შტოკმანი. იგი ორ დღეს დაყოფს ჩვენს დედაქალაქში. დადეგმილია მისი შეხვედრები თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან და გენერალური შტაბის უფროს ჯონი ფირცხალაიშვილთან.

მოლაპარაკებათა თემატიკა ჯერჯერობით, არ ზუსტდება, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ უნდა იყოს «რიგითი ვიზიტი».
        საქმე აქ გენერალ შტოკმანის რანგში როდია – თბილისში არაერთგზის ჩამოსულან მასზე გაცილებით მაღალი რანგის სამხედროები. მათ შორის, თვით ნატოს გაერთიანებული ჯარების მთავარსარდალი, ნატოს გენერალური მდივანი და ასე შემდეგ.
        მაგრამ შტოკმანის ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც იწყება ნატოს პროგრამის - «წვრთნისა და აღჭურვის» მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს გახლავთ უშუალოდ სამხედრო-საველე წვრთნა. ამერიკული პროგრამის მიმართ ნატოს დამოკიდებულება ტრადიციულად თავშეკავებული იყო, ვინაიდან ევროპელები ყოველთვის ერიდებოდნენ რუსეთის მეტისმეტდ გაღიზიანებას, მაგრამ შტოკმანი მე-11 ბრიგადასაც მოინახულებს, ანუ ამერიკული პროგრამის მიმდინარეობითაც დაინტერესდება.
        ამით ევროპული სარდლობა ამ პროგრამის «ლეგიტიმაციას» მოახდენს. ზოგიერთი ცნობით, გენერალი შტოკმანი დაინტერესდება, აგრეთვე, სტამბოლის შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობით. როგორღაც ყველას მიგვავიწყდა, რომ რუსეთი ამ ხელშეკრულების შესრულების «რეჟიმში» იმყოფება. ამჟამად, «ფლანგური შეზღუდვების» შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება იმყოფებოდეს 220 ტანკი და 135 საარტილერიო სისტემა. რუსეთის ბათუმისა და ახალქალაქის ბაზაზე განლაგებული სამხედრო ტექნიკა გარკვეულწილად «ავსებს» საქართველოს დანაკლისს, მაგრამ საკმარისია საქართველომ ეს დანაკლისი თვითონ «შეავსოს», რომ რუსეთი იძულებული გახდება ღიად განაცხადოს «ფლანგური შეზღუდვების» ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
        ბუნებრივია, ამ თემაზე მოლაპარაკებებს, ძირითადად, დიპლომატები აწარმოებენ, მაგრამ სამხედროთა პოზიციაც «წონადი» იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ამ თვალსაზრისით, მოსკოვში არსებულ ვითარებას, სადაც სწორედ გენერალიტეტი (გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი კვაშნინი და მისი გარემოცვა) ქმნის «ოპოზიციას» და კატეგორიულად ეწინააღმდეგება «ჩვეულებრივი შეიარაღების შეცმირების შესახებ» 1990 წლის (პარიზის) ხელშეკრულების სტამბოლში ადაპტირებული დოკუმენტის შესრულებას. ასეთ ვითარებაში პრობლემა უკვე სამხედრო-პოლიტიკურ სახეს იძენს და არა მხოლოდ პოლიტიკურს. ნატოს მაშსტაბური და აქტიური მხარდაჭერის გარეშე საქართველო კიდევ კარგა ხანს ვერ მიაღწევს რუსეთის ჯარების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან.
        მეორე მიზეზი, რამაც ნატოს ევროპული სარდლობის გააქტიურება გამოიწვია, უეჭველად გახლავთ პრაღის ისტორიული სამიტის მოახლოება. 2002 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამიტი, რომელმაც ალიანსში ახალი წევრების მიღება უნდა გადაწყვიტოს. წინასწარი მონაცემებით, ნატოში მიიწვევენ სლოვენიას, რუმინგეთს, ბულგარეთს, ესტონეთს (!) სლოვაკეთსა და ხორვატიას. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას რუსეთის გააფთრებული რეაქცია მოჰყვება, ამდენად, ევროპული გაერთიანება, ისევ და ისევ, სამხედრო, სტრატეგიული თვალსაზრისითაც ცდილობს წინასწარ გარკვეული «საპირწონე არგუმენტების» შექმნას. ზემოთ ხსენებული ხელშეკრულება ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ საამისოდ შესანიშნავი წყაროა, ისევე, როგორც საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, უახლოეს წლებში ეს საკითხი არ განიხილება. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე რუსეთის ჯარი არ დატოვებს საქართველოს და კონფლიქტებს მშვიდობიანად არ გადავწყვეტთ.

დილის გაზეთი, 19 აგვისტო, 2002 წელი