მოსკოვური გაზის დუპლეტი

მოსკოვური გაზის დუპლეტი


       

        როგორც მოსალოდნელი იყო, ზაფხულის პირველი დღებიდანვე დაიძაბა დედაქალაქის გაზით მომარაგების თემა და პოლიტიკური ჟღერადობაც შეიძინა.
        «მოსალოდნელი იყო», ვინაიდან საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია უზარმაზარი (50 მილიონ დოლარიანი) დავალიანება, ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავინდებურად არასტაბილურია - მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც «წკიპზე» დგას რუსეთის ბაზებისა და სტრატეგიული საკომუნიკაციო მაგისტრალების (ნავთობსადენისა და გაზსადენის) საკითხი.
        მართალია, «საქგაზის» ფაქტობრივი ხელმძღვანელი და «იტერას» (ანუ «გაზპრომის») პროკურატორი ლეონიდ დე-კალო აცხადებს, «თბილგაზი» რა ოხრად მინდა მისი უკიდეგანო დავალიანებითო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე: სინამდვილეში რუსეთი დიდი ხანია ცდილობს მთლიანად ჩაიგდოს ხელში საქართველოს მილსადენი ქსელი, რათა ხმელეთით გაიტანოს ბუნებრივი აირი თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში. იმ ვითარებაში, როდესაც შავი ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გაყვანის პროექტი შეფერხდა ცნობილი კორუფციული სკანდალის შედეგად, საქართველოს მილსადენი ქსელი «იტერასთვის» მსუყე ლუკმაა.
        საქმე ის გახლავთ, რომ რუსული გაზის იმპერია «გაზპრომისგან» «იტერას» მიღებული აქვს მანდატი მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გაზის ექსპორტის თაობაზე. ოღონდ იმ აზრით, რომ თუ იგი თავად შეძლებს ახალი კომუნიკაციების გაჭრას (ვთქვათ, თურქეთში) ხელს არ შეუშლიან.
        გაზპრომი ბალკანეთის გავლით ყიდის თურქეთში ბუნებრივ აირს, მაგრამ «კავკასიური» მიმართულება არანაკლებ მომგებიანი და ხელსაყრელია. იტერას გაზი კი სხვა არაფერია, თუ არა იმავე «გაზპრომის» ბუნებრივი აირი. «გაზის იმპერიას» ალტერნატივა ევრაზიაში არა აქვს, ვინაიდან თურქმენეთის მარაგები გამოკეტილია, ერთი მხრივ ავღანეთით, მეორე მხრივ კი - კასპიის ზღვით.
        ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი თურქმენბაშის ფადიშაჰურ ამბიციებს ეწირება.
        რა კავშირშია ეს ყოველივე თითოეული ჩვენგშანის ბინაში აგიზგიზებულ გაზქურასთან? აქ ყველაზე ნათლად ჩანს უშუალო მიმართება «მიკრო» და «მაკრო» გეოპოლიტიკურ სიდიდეებს შორის: თუ პრობლემა დიდი მაშსტაბით არ გადაწყდება, ვერც ერთი გაზქურა ვერ აინთება.
        აზერბაიჯანის გაზი საქართველოს შეეშველება, უკეთეს შემთხვევაში, 2002 წლის ნოემბრიდან - ისიც ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში. მანამდე კიდევ ერთი (2001-2002 წლების) ზამთარია, რომელიც შეიძლება შარშანდელზე მძიმე გამოდგეს. კულმინაციური მომენტი კი უახლოეს მომავალში დადგება.
        აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ შექმნილი ვითარებით და «იტერა» (მისი სახით, გარკვეულწილად, «გაზპრომიც») შემოვიტყუოთ საქართველოს გაზის ბაზარზე. თანაც არა მხოლოდ როგორც ექსპორტიორი, არამედ ქონების მფლობელი. სხვაგვარად ვერ შევქმნით «ინტერესთა კონფლიქტს» რუსულ ისტებლიშმენტში, - თუ კრემლი მიანც განიზრახავს საქართველოს «გაზის ყულფი» მოუჭიროს.
        «ინტერესთა კონფლიქტის» დეტონატორი კი შესაძლოა სწორედ თურქეთში რუსული გაზის ექსპორტი გახდეს.
        ბოლოს და ბოლოს, რა თავში ვიხლით ამ დამპალ მილსადენს, რომლის რეაბილიტაციას კიდევ 30-40 მილიონი დოლარი მიანც დასჭირდება? აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს ეს ხელს ვერ შეუშლის, ვინაიდან მისთვის ახალი გაზსადენის მშენებლობაა განსაზღვრული. ნებისმიერ შემთხვევაში ხომ ინვესტიცია-ინვესტიციად დარჩება. ამუშავდება «გამაწონასწორებელი» მექანიზმები, რაც შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს «დასავლური ვექტორების» საპირწონედ.
        არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პრეზიდენტმა უკანასკნელ რადიოინტერვიუში ისაუბრა ქობულეთში თბოელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივაზე, ანუ იგულისხმება გაზსადენის მცირე მონაკვეთის მშენებლობა ქობულეთამდე, რომელიც აჭარას შეუერთებს დანარჩენ საქართველოს. ამ პროექტსაც ერთდროულად რამდენიმე მახასიათებელი აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკური თვალსაზრისით.
        თუ რუსეთი დათანხმდა ამ წინადადებას (რასაც თვითონ აყენებდა წლების განმავლობაში) - «გაზის ყულფის» ამოქმედება მომავალ ზამთარს გამოირიცხება. ეს სავსებით რეალურია, ვინაიდან ყველა პრობლემის მიუხედავად, საქართველო (განსაკუთრებით თბილისი), ყოფილი სსრკ-ის კვალობაზე საკმაოდ კარგ გადამხდელად მიიჩნევა.
        ერთადერთი «გვერდითი ეფექტი» კი ის იქნება, რომ პროექტის განხორციელებისას ჩვენს პოლიტიკურ ბომონდში ისეთი ამბავი დატრიალდება - დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

დილის გაზეთი, 13 ივნისი, 2001 წელი