„მიშა“ vs „ბოკერია“: აცდენის წერტილი

„მიშა“ vs „ბოკერია“: აცდენის წერტილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საარჩევნო კამპანია ურთიერთთავდასხმებითა და „შეურიგებადი“ ბრალდებებით დაიწყეს.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედის, მაგრამ აწ უკვე უკანმოუხედავად გახლეჩილი გუნდის ღია დაპირისპირების კულმინაციად იქცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება გიგა ბოკერიას „ანტიქრისტიანული“ (ან „არაქრისტიანული“) და არამართლმადიდებლური, ანტისაეკლესიო საქმიანობის შესახებ.

აქ უკვე გამჟღავნებულ და აქტუალურ პოლიტიკურ განხეთქილებაზე არანაკლებ საინტერესო ისაა, საერთოდ ოდესმე არსებობდა თუ არა მათ შორის ღირებულებითი ჰარმონია მაშინაც კი, როცა ერთად იყვნენ ხელისუფლებაში.

***

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის განცხადება გიგა ბოკერიას შესახებ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს სპონტანური და ემოციური. სინამდვილეში (და ეს ზოგადად ახასიათებს ამ პოლიტიკოსს), გარეგნული ემოციურობისა და ეპატაჟურობის მიუხედავად, წინასწარ მოფიქრებული, ანუ გათვლილი იყო; თანაც „მიზნობრივ აუდიტორიაზე“ გათვლილი. რასაკვირველია, სააკაშვილმა შესანიშნავად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მის ინვექტივას გიგა ბოკერიას წინააღმდეგ.

ზუსტი დასკვნის გამოსატანად აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მესამე პრეზიდენტის განმარტებასაც სულ რამდენიმე საათის შემდეგ: „სუფთად“ ლიბერალური იმიჯით - ველოსიპედით, ბრენდული მაისურითა და კეპით, შორტით... ანუ მთელი თავისი ვიზუალით, სააკაშვილი აშკარად მანიფესტირებდა შემდეგ მესიჯს: „როგორ ვერ ხვდებით, მე რაც ვთქვი, ვთქვი იმიტომ და იმ მიზნით, რომ არსობრივად კონსერვატიულ ქართველ ამომრჩეველთა ხმები, ქართული სახელმწიფოს აშენებაში რომ უნდა დაგვეხმაროს, 2020 წელს წამოვიღოთ ჩვენ, - ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლებმა - და არ წაიღონ ეს ხმები ინაშვილმა, თარხან-მოურავმა, ვასაძემ...“ ანუ „პოლიტიკური ტექნოლოგიაა და მეტი არაფერი - nothing personal“.

შესაბამისად, „ბრენდულ კეპსა და მაისურს შორის“ გამომეტყველებით ისიც იკითხებოდა, რომ თუ ამ საქმეს, პოლიტიკის უმოწყალო, ამორალური კანონების შესაბამისად, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გამოუსწორებლად „მონსტრუალიზებულ“ გიგა ბოკერიაზე ღიად დარტყმა სჭირდება, მაშინ... ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს და ვერაფერს ვიზამთ - დიდი ფლორენციელი, ნიკოლო მაკიაველი ხომ გვასწავლის და ქართველი ერი კი გამოხატავს სიღრმისეულად ხალხური გამოთქმით: „პოლიტიკა ბინძური საქმეაო“.

ბუნებრივია, ოპონენტებმა ეს „მანიფესტი“ გაიგეს, მესიჯიც მიიღეს, რასაკვირველია არ დაეთანხმნენ, შესაბამისად გამოთქვეს კიდეც (მეტ-ნაკლები წარმატებით - არტიკულაციის უნარების შესაბამისად), მაგრამ სანამ უმთავრეს საკითხზე ვიმსჯელებდეთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია (!) საერთოდ ამგვარი „მაკიაველიზმი“ ქართული რეალიების გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა იმაზე, საერთოდ არსებობდა თუ არა (სინამდვილეში) „ღირებულებითი ჰარმონია“ აი ამ ორ ფენომენს: პირობითად, კრებით „ბოკერიასა“ და კრებით „მიშას“ შორის, თუ მათ საზოგადო აღქმასთან დაკავშირებულ meme-ებად ქცეულ „ნიკ-ნეიმებს“ მოვიშველიებთ.

„ევროპული საქართველოს“ უდავოდ ნიჭიერი „სფოუქსპერსონები“ (თავად გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე, სერგი კაპანაძე...) ახლა გვიმტკიცებენ, რომ „მიშამ“, ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, თურმე „დეგრადაცია“ განიცადა, „უღალატა ლიბერალურ ფასეულობებს“ და ა.შ.

ეს ან გულწრფელი შეცდომა და თავის მოტყუებაა ან... ჩვენ ვგონივართ მეტისმეტად „გულუბრყვილოები“.

სინამდვილეშიმიხეილ სააკაშვილი „ლიბერალი“ არასდროს ყოფილაიგი თავის მრწამსითღირებულებებით დააქედან გამომდინარე „პოლიტიკური პროექტით“, ყოველთვის იყოარის და იქნება „ეტატისტი“! (Etat – ფრანგულად „სახელმწიფო“). შესაბამისად, „სახელმწიფოებრიობისტი“ (ბოდიში მკითხველთან ხელოვნურად კონსტრუირებული ქართული ტერმინისთვის), აი, რასაც რუსები უწოდებენ „государственник“.

ერთ-ერთი ფენომენოლოგიური და ტიპოლოგიური გამოხატულებით, ეს არის კლასიკური ნაციონალიზმი და ტრადიციონალიზმი, ხოლო ქართული ნაციონალიზმის (თუნდაც არა ეთნიკური, არამედ სახელმწიფოებრივი, ევროპული, ზეეთნიკური გაგებით) საყრდენი - ეკლესია. ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი. ზუსტად ასე აღიქვამდა მას პრეზიდენტი სააკაშვილი.

და აქ რაიმე ახალია ლიბერალებისთვის თუ, მაგალითად, მიშასავე რჩევით „შეხედავენ საქართველოს სახელმწიფო დროშას - მისი ხუთი ჯვრით?“ ან თუ გაიხსენებენ 2004 წლიდანვე მის ხშირ გამოსვლებს პოლიტიკური განცხადებებით საეკლესიო კათედრებიდან და ლამის ამბიონიდან, სამებაში, სვეტიცხოველში, ქაშუეთში, ბაგრატში...

კლასიკური ლიბერალიზმი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, „იგივე“ ნამდვილად არ არის - ფუნდამენტური სხვაობაა!

როდესაც სააკაშვილი ამბობს (ყოველთვის ამბობდა და ახლაც ამბობს), რომ „სახელმწიფო არ არსებობდა“ 2003 წლამდე და/ანუ ჩვენი მისია სახელმწიფოს აშენება იყოო, ეს ვუალირებულად ნიშნავს იმ დისკურსში წერტილის დასმას, რაც უკვე შორეული 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა: „ჯერ დამოუკიდებლობა (სახელმწიფოებრიობა) თუ ჯერ დემოკრატია?“

თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, რაკი „ბოკერიას“ გავლენიან სოციო-პოლიტიკურ ფენომენთან და შესაბამის ელიტებთან აშკარა დაპირისპირება მისთვის ხელსაყრელი არ იყო, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად მანევრირებდა, „აბალანსებდა“, ტაქტიკურ კომპრომისებსაც მიმართავდა, მაგრამ უკაცრავად, ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ როდესაც მისი ბრძანებით სატვირთო ავტომანქანით შეანგრიეს ტაძრის კარი, რათა იქიდან ერთ-ერთი მართლმადიდებლური სექტის ლიდერი გამოეთრიათ, ეს სულაც არ იყო „ეკლესიის ნგრევა“: დომინანტი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის ინტერესების გათვალისწინებით (მაღალი ალბათობით მისივე თხოვნით) გაკეთდა და არა „ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგოდ“.

აღარაფერს ვამბობ ეკლესიის მრავალმილიონიან, თანაც მუდმივად მზარდ დაფინანსებაზე.

ამას მაშინ ვერ ამჩნევდით, ახლაღა აღმოაჩინეთ?

და რომელ „მიშას ოდინდელ ლიბერალიზმზეა“ საერთოდ ლაპარაკი, თუ იმდროინდელ პრიორიტეტებს გავიხსენებთ: მათ შორის კანონმდებლობის (!) კარდინალური გამკაცრებით სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, პროკურატურის, სპეცსამსახურების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზება „სახელმწიფო მშენებლობის“ ლეგიტიმური პრიორიტეტებით, საჯარო-სატელევიზიო დაპატიმრებები და ა.შ. და ა.შ.

კონკრეტული ქეისების გახსენება ან მხოლოდ „გირგვლიანზე“ გაუთავებელი დემაგოგია არსებითი არ არის. არსებითი საერთო სტრატეგიაა: სახელმწიფოს გაძლიერება, ესე იგი - „ჯერ დამოუკიდებლობა, შემდეგ დემოკრატია!“

ამას თუ მიშას მაშინდელი, კონსოლიდირებული გუნდის წევრები იმ დროს ვერ ამჩნევდნენ (კი ბატონო, ვიფიქროთ, რომ გულწრფელად ვერ ამჩნევდნენ), ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი. სინამდვილეში, არავითარი „ღირებულებების ღალატი“ მიშას დღეს არ ჩაუდენია: მას ყოველთვის „ეტატისტური“ ღირებულებები ჰქონდა, რაც ბოლო ინტერვიუში გამოთქვა. 

იმავე ღირებულებებს გამოხატავს, როცა ამბობს (შინაარსობრივად სწორედ ამას ამბობს), რომ ევროპასთან სავიზო რეჟიმი პრობლემაა, რაკი ადამიანებს ეძლევათ საშუალება, საქართველოში კი არ იმუშაონ გროშებად, ვითარცა უზენაესი ვალდებულებით შებორკილ კირითხუროთ სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობაზე, არამედ „სადღაც პოლონეთსა და გერმანიაში“; იმავე ინტენციის მანიშნებელია განცხადებები ევროპის „კოლონიალისტურ“ მიდგომაზე საქართველოს მიმართ და მონათხრობი, რომ პუტინს პირდაპირ სთავაზობდა: „შენ ოღონდ აფხაზეთი-ცხინვალი დაგვიბრუნე, ამით საქართველოს სახელმწიფოს სრულყოფილ აღდგენაში დაგვეხმარე და... არანაირი NATO-EU არ გვინდაო“.

უცნაურია: ეს ყოველივე მხოლოდ დღეს გაიგეს, დღეს შენიშნეს - მაშინ არ იცოდნენ?

აქვე გავიხსენოთ მეტად ნიშანდობლივი ეპიზოდი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის იმ პერიოდიდან, როცა „ბოკერია“ და „მიშა“ ასევე უტევდნენ ერთმანეთს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში თქვა „ევროპულ საქართველოზე“: „რაც ცუდი მოხდა მაშინ (2004-2012 წლებში - დ.გ.), სწორედ მათ გამო მოხდა, - აი ძაააალიან ევროპელები რომ არიანო“.

რას გულისხმობდა? 100%-იანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამით მიხეილ სააკაშვილის ფრაზა გაიმეორა, მასთან პრივატულ საუბარში ნათქვამი, რომ „ბოკერიამ“ და მისმა „პროლიბერალურმა“ მცდელობებმა „გადაჰკიდეს“ მას თვისებრივად კონსერვატიული, ტრადიციონალისტური ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილი, რასაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საშიში სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტის ჩამოყალიბება, ხელისუფლებისგან ამ კატეგორიული უმრავლესობის გამიჯვნა, შემდგომ მისგან სრული გაუცხოება და ხელისუფლების საწინააღმდეგო მძლავრი მოძრაობა მოჰყვა, და საბოლოოდ კი 2012 წლის კრახით დასრულდა.

სწორედ ამაზე მიანიშნებდა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც (ვიმეორებ) აშკარად არა საკუთარ შეხედულებას, არამედ სააკაშვილის აზრს იმეორებდა.

რა თქმა უნდა, უადგილო არ იქნებოდა აქვე იმაზეც გვემსჯელა, თუ რამდენად მიზანშეწონილად მოიქცა სააკაშვილი დღეს, „აქ და ახლა“, როდესაც ეს „ღირებულებითი ფრონტი“ გახსნა „ბოკერიასთან“, ან შეძლებს თუ არა იგი ამჟამად „მიიზიდოს“, „გადაიყვანოს“ თავის მხარეს იმ დროს „დაკარგული“ ამომრჩეველი, დაარწმუნოს იგი ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი და ტრადიციონალისტური, ნაციონალისტური, სახელმწიფოებრივი ღირებულებების ერთგულებაში, მაგრამ ეს მაინც სხვა თემაა... უფრო „პოლიტტექნოლოგიური“ და საპროგნოზო. კი ბატონო, ორივე პროგნოზს აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება.

ოღონდ მთავარი „სათქმელი“ ამჯერად სხვაა: კრებითი „მიშაც“ და პერსონალურად არისტოტელესეული „პოლიტიკური ცხოველი“ მიხეილ სააკაშვილიც არასდროს „ლიბერალი“ არ ყოფილა! არ ყოფილა არც მისი „პოლიტიკური პროექტით“, არც შინაგანი ღირებულებებით და მრწამსით.

შესაბამისად, ეს საუბრები „ადრინდელ ღირებულებათა ღალატზე“ ან სიბრმავეა, ან ცრუპენტელობა!

 

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

„ლიბერალი“