ლოთი ქობალიას საიდუმლო

ლოთი ქობალიას საიდუმლო


   გასულ წელს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს იდუმალებით მოცული ფრაზა წამოსცდა . . . . . . . .
    თუმცა პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მას ამგვარი რამ საერთოდ სჩვევია. ანუ, «პირდაპირ თქმა» არ გამოდიოდა, მაგრამ ქარაგმულად ნათქვამმა შედეგი მაინც გამოიღო: «როგორც ირკვევა, სამოქალაქო ომის დროს დასავლეთ საქართველოში ერთმანეთს შეხვდნენ ცნობილი ჩეკისტი იგორ გიორგაძე და ლოთი ქობალია. გიორგაძემ ზვიადისტთა ლიდერს შესთავაზა ჩემი დამხობა. მისი თქმით, შევარდნაძე აღარ უნდა იყოს საქართველოს ხელმძღვანელიო. აი, ვინ უნდა ყოფილიყო, - სანამ ცოცხალი ვარ, არ ვიტყვი».
    მაშინ თითქოს ვერავინ ვერაფერს მიხვდა.
    1993 წელს ლოთი ქობალიასა და გიორგაძის შეხვედრაზე ყურმოკვრით ბევრმა იცოდა, მაგრამ საუბრის შინაარსი მხოლოდ ივარაუდებოდა; მით უმეტეს, ვერავინ მიხვდებოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ის «მესამე» პირი, ვისაც უნდა შეეცვალა როგორც ზვიად გამსახურდია, ასევე ედუარდ შევარდნაძე.
    ჩვენი საზოგადოება იმიტომაც ვერ მიხვდებოდა ვერაფერს, რომ ლოთი ქობალიას მხრიდან ზვიად გამსახურდიას ალტერნატიული კანდიდატურის განხილვა შეუძლებლად მიაჩნდა.
    ლოთი ქობალიამ გიორგაძეს უარი უთხრა, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად დარჩა - იგორ გიორგაძე უკვე მაშინ ცდილობდა შევარდნაძის ხელისუფლების დამხობას.
    საინტერესო ისაა, რომ შევარდნაძის ალტერნატივად იგი ვიღაც «მესამეს» მიიჩნევდა, ვინც მანამდე ჩრდილში იმყოფებოდა.
    მაინც ვის გულისხმობდა «კომანდორი»? როგორც ჩანს, ასლან აბაშიძეს და არა ჯუმბერ პატიაშვილს, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა.
    ნიშანდობლივია, რომ პარლამენტში ედუარდ შევარდნაძის გამოსვლიდან ორიოდე დღის შემდეგ ასლან აბაშიძის თანამოაზრეებმა ფრაქცია «აღორძინებიდან» გააკეთეს განცხადება, რომლის თანახმად პროკურატურის თანამშრომლები ლოთი ქობალიასაგან ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ.
    როგორც ჩანს, აქ სწორედ ის ეპიზოდი იგულისხმება, როცა იგორ გიორგაძე ლოთი ქობალიას შეხვდა, მაგრამ დღემდე უცნობია, ესწრებოდა თუ არა ამ შეხვედრას თავად ასლან აბაშიძე. დამკვირვებლები იხსენებენ ძალიან უცნაურ დაპირისპირებას იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს შორის 1994 წელს.
    მაშინ აჭარის ლიდერმა საქართველოს უშიშროების შეფი ტერორისტად გამოაცხადა და ბრალად დასდო მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში - ეს ასლან აბაშიძის ჩვეული ტაქტიკაა: როდესაც სურს მისთვის საშიში და წამგებიანი პრეცედენტი თავიდან აიცილოს და დივერსანტად აცხადებს ამა თუ იმ პიროვნებას.
    ეტყობა, გიორგაძემ მას მართლა შესთავაზა შევარდნაძის ჩანაცვლება, მაგრამ აბაშიძემ ჭკუა იხმარა და გამჭრიახობაც ეყო, საქართველოს უშიშროების მესვეური უმალვე «მტრად» გამოეცხადებინა.
    შესაძლოა, ასლან აბაშიძეს ეჭვი ეპარებოდა, რომ გიორგაძის წინადადება ხაფანგი იყო. გარდა ამისა, თუკი გიორგაძე ამგვარ ოპერაციას გეგმავდა, ეს თბილისში სამხედრო გადატრიალების გარეშე არ მოხერხდებოდა. ერთი სიტყვით, რისკი მეტად დიდი იყო, ამიტომ ასლან აბაშიძემ იგორ გიორგაძის მტრად გადაკიდება არჩია.
    თავდაპირველად ამ უკანასკნელს გაუკვირდა კიდეც - რას მერჩისო? ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო ინტერვიუებიც გამოაცხო, რომლებშიც მას შენიღბულ სეპარატიზმში სდებდა ბრალს. მაგრამ ცოტა ხნის წინ უცნაური რამ მოხდა: საქართველოს «ერთიანი კომუნისტური პარტიის» ლიდერებმა არცთუ შეფარვით განაცხადეს რომ იგორ გიორგაძემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება აჭარაში იყაროს კენჭი და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდესო (თუ, რასაკვირველია, აჭარაში საერთოდ ჩატარდება ეს არჩევნები).
    რაც ყველაზე საინტერესოა, ამ განცხადებას ასლან აბაშიძის რეაქცია არ მოჰყოლია - არც დადებითი და არც უარყოფითი.
    არ არის გამორიცხული, საქართველოში მორიგი პოლიტიკური ინტრიგა ვითარდებოდეს, მით უმეტეს, რომ 9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ მრავალმნიშვნელოვნად იკითხა: «ვის უკაფავდნენ გზას ტერორისტები, ვინ უნდა მოსულიყო სათავეში პრეზიდენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში? საზოგადოებამ თავად განსაჯოს».
    ალბათ პრეზიდენტი იგორ გიორგაძეს არ გულისხმობდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ დაასახელა იგი პირდაპირ.

მერიდიანი, 22 მაისი, 1998 წ.