კურდღლების ქვეყანა

კურდღლების ქვეყანა


    მხედრიონელებმა სცემეს ქვემო ქართლის გუბერნატორი

    ბოლო დროს გადატანილი კატაკლიზმების ფონზე და სწორედ ამ კატაკლიზმებში მონაწილე ძალთა რაობის გამო, «რუსთავის ინციდენტი» სრულიადაც არ იყო გასაკვირი და მას არც არავინ გაუკვირვებია – ეს იყო მორიგი აქცია, რომელიც სავსებით «თავსდებოდა» დღეს საქართველოში მიმდინარე «გავლენის სფეროთა გადანაწილების» კონტექსტში.
    ოღონდ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ ამ შემთხვევაში რა იგულისხმება «გადანაწილებაში». უფრო ზუსტად ვინ, რა ძალები ახდენენ გადანაწილებას – ორი კრიმინალური დაჯგუფება ხშირად, ბევრ ქვეყანაში ებრძვის ერთმანეთს, მაგრამ იშვიათობაა ხანგრძლივი ბრძოლა ხელისუფლებისა და მის მიერვე «კრიმინალურ ხროვად» შერაცხულ დაჯგუფებას შორის გავლენის სფეროთა გადანაწილებისათვის. თანაც, ამ შემთხვევაში იმდენად თვით ხელისუფლების (ან მისი უმაღლესი წარმომადგენლის) ანგარებასა და კრიმინალობას არ ვგულისხმობ, რამდენადაც მათ სრულ უსუსურობასა და უმწეობას.

    რუსთავის ინციდენტის «ფაქტურა» დაახლოებით ასე გამოიყურება: ქვემო ქართლში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის, ლევან მამალაძის ინიციატივით და სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, რეგიონში 1-2 მარტს ჩატარდა (სახელმწიფოს მეთაურის შეფასებით), «ბრწყინვალე» ოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ყაჩაღობასა და ძარცვაში ეჭვმიტანილი რამოდენიმე პირი, რომლებიც წითელი ხიდის საბაჟოსა და საავტომობილო ტრასებს აკონტროლებდნენ. შევარდნაძის თქმითვე, მათი ყოველდღიური შემოსავალი 5 მილიონ რუსულ რუბლს აღემატებოდა.
    მეორე დღეს, ე.ი. 3 მარტს, რუსთავისა და თბილისის «მაშველთა კორპუსის» (იგივე «მხედრიონის») ასორმოცდაათკაციანი რაზმი «შეიჭრა რუსთავში». თუმცა, კაცმა რომ თქვას, არსად „შეჭრა“ მათ არ დასჭირდებოდათ, რადგან რუსთავში მხედრიონს უზარმაზარი სამხედრო ბაზა აქვს (რკინის მესერითა და მავთულხლართით შემოვლებული), ამდენად დისლოკაციის ადგილი  არც შეუცვლიათ – უბრალოდ, ქალაქის ერთი შენობიდან „გადაადგილდნენ“ მეორე შენობაში.
    „მხედრიონელებმა“ დაიკავეს მერიის შენობა, სადაც განთავსებულია ქვემო ქართლის ადმინისტრაცია და ფიზიკურ-სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (უბრალოდ რომ ვთქვათ, სცემეს) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ლევან მამალაძეს.
    ყოველ შემთხვევაში, რეგიონის პროკურორი და სახელმწიფოს მეთაური მომხდარ ინციდენტს სწორედ ამგვარ კვალიფიკაციას აძლევენ. თუმცა, თავად ლევან მამალაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მის კაბინეტში მხოლოდ «ჩხუბი მოხდა», მაგრამ ძიებისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს.
    მამალაძის კაბინეტში შეჭრილ კბილებამდე შეიარაღებულ რაზმს ხელმძღვანელობდნენ მაშველთა კორპუსის თავმჯდომარე გიგა გელაშვილი და. . . . უშიშროების მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი.
    ინციდენტი მაინც შედარებით მშვიდობიანად დასრულდა, რადგან თუ გავითვალისწინებთ მამალაძის კაბინეტში იმ დროს კონცენტრირებული იარაღის ოდენობასა და ხარისხს – შედეგები (როგორც რუსები იტყვიან ხოლმე) «გაცილებით უფრო მეტად სატირალი შეიძლება ყოფილიყო».
    ინციდენტმა პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქართველო კვლავ დაემსგავსა უზარმაზარ ცირკს (ოღონდ ამ სიტყვის ანტიკური გაგებით), რომელიც ძველრომაული სანახაობის (ანუ ქართულად «სეირის») მაყურებლებით არის სავსე. მათი მდგომარეობა მეტად კომფორტული და სასიამოვნოც კია – პირადად არაფერი ემუქრებათ, სხედან უშიშარ ადგილას და თვალს ადევნებენ «გლადიატორთა ბრძოლას».
    ბრძოლას კი მართლაც საინტერესო პირი უჩანს. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფოს მეთაურის შემდეგ სიტყვებს: დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ცენტრში გამოსვლისას, მე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა კრიმინალური სამყაროს პოლიტიზაციას და პოლიტიკის კრიმინალიზაციას. ეს ტენდენცია ყველაზე ნათლად და მკაფიოდ შეიმჩნეოდა საქართველოში“.
    დააკვირდეთ ამ განცხადებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ სწორედ რუსთავის ინციდენტზე მსჯელობის კონტექსტში გაიხსენა. იგი უაღრესად მრავლისმეტყველია და, შეიძლება ითქვას, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებაზე მეტყველებს. ოღონდ, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუ კონკრეტულად ვისთვის, რომელი მხარისათვის დასრულდა ეს ეტაპი. ამას ძალთა რეალური თანაფარდობა გადაწყვეტს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოებრივ იერარქიასა და თანამდებობრივ სუბორდინაციას ყოველთვის როდი ემთხვევა.
    გარდა ამისა, ზემოთმოყვანილ განცხადებაში უაღრესად ნაცნობი ნოტებიც ჟღერს: ის ჩვენი ცოდვით სავსე პრეზიდენტი გამსახურდიაც ხომ დაახლოებით ამასვე ამბობდა, მაგრამ მაშინ მისი გაფრთხილება «ტირანიისა» და «შიზოიდური დიქტატურის» მორიგ გამოვლინებად იქნა მიჩნეული.
    ედუარდ შევარდნაძემ, აგრეთვე, ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ქარაგმებით ისაუბრა «მხედრიონის მეგობარ ინტელიგენტებზე». მაგალითად – კულტურის მინისტრ დავით მაღრაძესა და მწერალ ლაშა თაბუკაშვილზე, რომლებიც «ვალდებულნი არიან, საჯაროდ გამოვიდნენ და დააფიქსირონ თავისი პოზიცია მხედრიონის მიმართ».
    უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ამ შემთხვევაში მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ ინტელიგენტებს კი არ გულისხმობდა, არამედ ზოგიერთ სხვასაც, რომლებიც აგრეთვე არ ჩქარობენ თავიანთი «პოზიციის დაფიქსირებას».
    «საქართველოს მოქალაქეთა კავშირის» განცხადებით კი «ეს ფაქტი იყო პასუხი ქვემო ქართლის რეგიონში წესრიგისა და კანონიერების აღსადგენად ჩატარებულ ღონისძიებებზე, როდესაც ტრასა გაიწმინდა ყაჩაღური ფორმირებებისაგან, რეალური საფრთხე შეექმნა საქართველოში ნარკობიზნესისა და კონტრაბანდის ერთ-ერთ უმთავრეს არტერიას. ყველანაირი ნიღბები მოხსნილია. არჩევანი აღარ არსებობს. თითოეულმა ჩვენგანმა ან თავი უნდა დავუხაროთ ავტომატებითა და რაციებით აღჭურვილ ყაჩაღებს და ვაღიაროთ, რომ ისინი არიან ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონნი, ანდა მათ თარეშს საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას».
    ამ განცხადებაშიც, სიტყვა-ცნება «არჩევანი» ნამდვილად არ არის შემთხვევით ნაგულისხმევი ორმაგი მნიშვნელობით: ჯაბა იოსელიანის მიერ შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა ერთხელ უკვე მოახერხა «მოქალაქეთა» ნოკაუტირება და თუ მის მრავალმხრივ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მომავალი კენჭისყრაც შეიძლება ასეთი «არჩევანის» ეგიდით ჩატარდეს.
    ფაქტობრივად, იგივე თქვა პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა: «ბატონო ჯაბა, რაკი პარლამენტის წევრებს ვერ «იჭერს» პოლიცია მათი სადეპუტატო იმუნიტეტის გამო (მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა), ამიტომ, თუ გინდათ მხედრიონელებიც არ დაიჭირონ, ყველა მხედრიონელი უნდა გახდეს პარლამენტის წევრი».
    რჩეულიშვილის ამ განცხადებას დამსწრეთა ჰომერული ხარხარი და ბატონი ჯაბას მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი მოჰყვა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ეს სხდომა მართლაც უფრო ტრაგიკომიკურ ფარსს გავდა, ვიდრე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინციდენტზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მსჯელობას. ერთადერთი, ვინც სიმშვიდესა და აკადემიურობას ინარჩუნებდა, თვით ჯაბა იყო. სხვები კი (მისი საყვარელი გამოთქვა რომ ვიხმაროთ) «კურდღლებივით ცახცახებდნენ» მისი მრისხანე მზერის ქვეშ. ოპოზიციაც ცდილობდა, ურთიერთობა მხოლოდ იმდენად გაემწვავებინა, რამდენიც რეალურ საფრთხეს არ შეუქმნიდათ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციონერები ბევრს საუბრობდნენ სახელმწიფოს მეთაურის მიერ დაშვებულ «უკანონობებზე», რაც, რასაკვირველია, აღარ უტოვებს მათ საშუალებას, რეალურად გაკიცხონ «ის გულმხურვალე ბიჭები», რომლებსაც სხვადასხვა უკანონობას აბრალებენ.
    საერთოდ კი, ეს ინციდენტი მართლაც უძლიერესი დარტყმაა ამ წრეებზე (გვარსა და ვინაობას არ დავასახელებ), რომლებიც მომავალ არჩევნებში გამარჯვებას «აპირებენ». შეუძლებელია ხალხმა მხარი დაუჭიროს იმ ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენელთა ცხვირ-პირის დამტვრევა მხოლოდ «მსჯელობას» იწვევს და არა თვით ამ ინციდენტის უშუალო მონაწილეთა თუნდაც თანამდებობიდან გადაყენებას, სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
    აბა, როგორ გგონიათ? – «დემოკრატია ლობიოობა არ არის – დემოკრატიის მტრები ადგილზე იქნებიან განადგურებულნი!».

«ივერია-ექსპრესი», 10 მარტი, 1995 წელი.