კავკასიაში დიდი ომი იწყება!

კავკასიაში დიდი ომი იწყება!

 

        როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარება დაღესტანში მეტად გამწვავდა. ამრიგად, «ხარისხობრივი» გამოხატულება ჰპოვა ათეულობით ინციდენტმა, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხდებოდა ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე.
        შაბათს, ორი ათასამდე (!) მეომარმა დაიპყრო ჩრდილოეთ დაღესტნის სტრატეგიული სიმაღლეები და ეს ტერიტორია (დაახლოებით, 300 კვადრატული კილომეტრი) «თავისუფალ დაღესტნად» გამოაცხადა.
        რუსეთის ტელევიზია, მისთვის ჩვეული ცრუპენტელობით ცდილობს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს «ჩეჩნები შეიჭრნენ დაღესტანში». სინამდვილეში, აქცია განახორციელეს დაღესტნელებმა - უპირველეს ყოვლისა, დაღესტანში მცხოვრებმა ჩეჩნებმა და ავარელებმა (ეს უკანასკნელი დაღესტნის ძირითადი ეთნოსია), რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემზადებოდნენ ჩეჩნეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე.
        სხვათა შორის, იმავე ბაზებზე გადიოდნენ წვრთნას «ზვიადისტებიც», რომლებიც ისლამისტების ხელმძღვანელობით ამზადებდნენ 9 თებერვლის ტერაქტს შევარდნაძის წინააღმდეგ.
        დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ დაღესტანში მიმდინარე მოვლენები რუსეთ - დაღესტნის ომის მომასწავებელია. როგორც ჩანს დაღესტანშიც იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დღემდე ამ ომის დაწყებას აფერხებდა ის გარემოება, რომ დაღესტანში ასეულობით ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვმა 100 წლის განმავლობაში შექმნა «დაჰყავი და იბატონეს» განსაკუთრებული სისტემა, - დაღესტნის მმართველი ელიტა (განსხვავებით ჩეჩნეთის ელიტისაგან) არ არის დაინტერესებული ომით, ვინაიდან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს.
        აქვე უნდა ითქვას: ძალზე ცდებიან ისინი, ვინც მიიჩნევს, თითქოს რუსეთმა «უაზრო ომი» აწარმოა ჩეჩნეთში; სინამდვილეში, ამ ომის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეროვნული (რეგიონული) ელიტების დაშინება, რამაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც მიზანს.
        მაგრამ დაღესტნის მოსახლეობის (განსაკუთრებით ავარელთა) უდიდეს ნაწილს უკვე აღარ სურს რუსულ სახელმწიფოში ცხოვრება და მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისათვის. ისლამის რადიკალური მიმდინარეობა (ვაჰაბიზმი) მხოლოდ იდეოლოგიაა ავარელთათვის ისევე, როგორც რადიკალური თალიბანური იდეოლოგია იქცა მძლავრ იარაღად და საფარველად ავღანელი პუშტუნებისათვის.
        ავღანეთსა და დაღესტანში არსებული ვითარება საოცრად ჰგავს ერთმანეთს - იგივე პოლიეთნიკურობა, მოსახლეობის განათლების დაბალი დონე, ტრადიციული მეომრული სულისკვეთება და ა.შ. დაღესტანში ავარელებმა შესაძლოა იგივე როლი შეასრულონ, რასაც პუშტუნები ასრულებენ ავღანეთში, ანუ შეიარაღდნენ ვაჰაბისტური იდეოლოგიით და სცადონ დაღესტნის გაერთიანება ამ რადიკალური ისლამური მიმდინარეობის დროშებქვეშ.
        ასეთ შემთხვევაში, რუსეთს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება, ვინაიდან თუ ავღანეთი შორს, - ცხრა მთასა და ოთხი სახელმწიფოს იქეთაა და რუსეთს შეუძლია მშვიდად არეგულიროს საომარ მოქმედებათა მიმდინარეობა პუშტუნებს, ტაჯიკებსა და უზბეკებს შორის, ანალოგიური პროცესები დაღესტანში შიგნიდან «ააფეთქებს» რუსეთს.
        გარდა ამისა, ავარელებმა «შამილის იდეით» კიდეც შეიძლება გააერთიანონ დაღესტნელი ხალხები - რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად, რუსეთი დაკარგავს დაღესტანს, რაც მისი სახელმწიფოებრიობის კრახი გახდება.
        დაღესტანს აქტიურად დაუჭერენ მხარს ვოლგისპირეთის თურქულენოვანი რესპუბლიკები, იფეთქებს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილი და ა.შ. ნუ დავივიწყებთ, რომ დაღესტნის კასპიისპირეთი კიდევ უფრო მდიდარია ნავთობით, ვიდრე აზერბაიჯანის სანაპირო ზოლი. არ არის გამორიცხული, სწორედ ნავთობი იყოს მთავარი «პრიზი» ამ ბრძოლაში.
        თუ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომის გაშლას ვერ შეძლებს, სულ მალე იძულებული გახდება, შეურიგდეს დაღესტნის დაკარგვასაც. შეიქმნება უმძლავრესი ჩეჩნეთ-დაღესტნის უნია – ჩეჩნეთი მიიღებს გასასვლელს გარე სამყაროში დაღესტნისა და აზერბაიჯანის გავლით.
        საქართველოსთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანის ნავთობს (ნახევარი მილიონი ტონის ოდენობით) შეიძლება დაემატოს კიდევ ნახევარი მილიონი ტონა დაღესტნის ნავთობი, რაც უფრო გაზრდის დასავლეთის ინტერესს ჩვენი რეგიონისადმი. კარდინალურად შეიცვლება ძალთა განაწილებაც ამ რეგიონში - რუსეთი იძულებული გახდება, უფრო მეტად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები - თუნდაც იმავე აფხაზეთთან მიმართებაში და ა.შ.
        არ არის გამორიცხული, რუსეთმა მაინც სცადოს ჯარების შეყვანა (არადა, დაღესტანი ჩეჩნეთზე ბევრად ძლიერია) და ყველა პრობლემის გადაწყვეტა საჰაერო დარტყმებით დააპიროს.
        მაგრამ ამ გზით იგი მხოლოდ უფრო მეტად განაწყობს თავის წინააღმდეგ დაღესტნის მოსახლეობას. დაღესტნელი და ჩეჩენი მეომრები კი, მაშტაბური საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში, უეჭველად განახორციელებენ შეტევებს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე – სტავროპოლის მხარეში. შესაძლოა, როსტოვიც კი აიღონ.
        რუსეთს ის გამოსავალიღა დარჩება (თუ ეს გამოსავალია) ატომური იარაღი გამოიყენოს ომის სასწრაფოდ დასასრულებლად. ეს არც ისე ფანტასტიკური და შეუძლებელია, როგორც ერთი შეხედვით ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კონკრეტული ეპიზოდი მშვიდობიანადაც რომ დამთავრდეს, ჩრდილო კავკასიაში დიდი ომი იწყება.
        საქართველოს შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. მაგალითად, ყოვლად დაუშვებელია, რუსეთის ავიაგამანადგურებლები საქართველოს აეროდრომებს იყენებდნენ ჩრდილო კავკასიის დასაბომბავად. ასეთი დათმობები (თანაც არაფრის მომცემი) აღარ უნდა განმეორდეს.

7 დღე, 9 აგვისტო, 1999 წელი