ირინა სარიშვილის მარადიული ომი

ირინა სარიშვილის მარადიული ომი

    მთავრობის სხდომაზე ედპ-ს თავმჯდომარის გამოსვლა - შინაგან საქმეთა მინისტრის «მამხილებელი» მასალებით მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. როგორც ჩანს, სარიშვილი-ჭანტურიამ შემოდგომამდე «მოცდა» (როდესაც საქართველოს პარლამენტი განაახლებს მუშაობას) სარისკოდ ჩათვალა თავისი რეპუტაციისათვის, რაკი დაპირდა საზოგადოებას, რომ «უახლოეს მომავალში» გამოაქვეყნებდა შინაგან საქმეთა მინისტრის კორუმპირებულობის დამამტკიცებელ საბუთებს. ამიტომ გადაწყვიტა, ესარგებლა «მთავრობის გაფართოებული სხდომით», რათა მორიგი «ბომბი» აეფეთქებინა და კიდევ უფრო გაემწვავებინა ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ფენომენისადმი.
    არაერთგზის ითქვა, ედპ-ს ამჟამინდელი ლიდერი ერთდროულად არათუ ორს, არამედ რამდენიმე კურდღელს დასდევს და (საოცარია) იჭერს კიდეც, მაგრამ ამ დევნაში შეიძლება თავად გაებას «დათვის მახეში».
    «ომეგას» და «ელიზის» დაპირისპირების მიღმა რომ კლანური ინტერესები იდგა, იმთავითვე ყველა ხვდებოდა, მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ეს «მაფიოზური რაზბორკა» სახელმწიფოებრივი კრიზისის წყაროდ აქცია. მისი თქმით, ორი «სიგარეტის ფირმის» შეჯახება სინამდვილეში უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესთა შეჯახება იყო. ამ ჭიდილში თავდაპირველად შსს სამინისტროს «გაუმარჯვია» (სარიშვილის ლოგიკით), ხოლო ელიზბარაშვილი «კვირაიას კაცი» გამოდის.
    ერთი სიტყვით, ძალზე რთულად არის საქმე. იმდენად რთულად, რომ მსხვერპლი კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს. მხოლოდ კვირაიას «მოშთობით» ქალბატონი ირინა, როგორც ჩანს, არ დაკმაყოფილდება. მაგრამ არც კახა თარგამაძე ჩანს ადვილად დასაჩაგრი. ყოველ შემთხვევაში, იგი უკვე დაემუქრა ოპონენტს: «მე მოვითხოვ ამ ბრალდებათა სამართლებრივ შეფასებას. ვაპირებ, საკითხი განვიხილო სასამართლო წესით, ხოლო როდესაც ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება, მე თავად გამოვაქვეყნებ მასალებს, რომლებიც ცხადყოფენ, ვინ არის ვინ» (იგულისხმება: ვინ არის და რას წარმოადგენს ირინა სარიშვილი).
    შეიძლება თუ არა, კახა თარგამაძეს მართლაც ჰქონდეს რაიმე მასალა? არ არის გამორიცხული. სხვა საკითხია, ეს დოკუმენტები რამდენად დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისა და სასამართლოსათვის, თუმცა ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, «შსს ფლობს სერიოზულ მამხილებელ მასალებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომელთაც ახლო წარსულში კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ სამყაროსთან». არ არის გამორიცხული, 1991-94 წლების ბობოქარ მოვლენათა კონტექსტში ბევრი «უცნაურობა» მართლაც აღმოჩნდეს არა მხოლოდ «გამსახურდიას ტირანიასთან ბრძოლის», არამედ «ძველი პარლამენტის» ეპოქიდანაც. რევოლუციურ ეპოქაში რომელიმე პარტია აქცევს მეტისმეტად ყურადღებას თავისი რიგების სიწმინდეს? ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ «დემოკრატიული ოპოზიციის» საწინააღმდეგოდ, რომ იგი კრიმინალურ ბანდას მფარველობდა და «წილს იყოფდა». რას არ გაიგებს კაცი?!

მერიდიანი, 29 ივლისი, 1997 წ.