ირაკლი წერეთელმა ისევ დაგვიბარა

ირაკლი წერეთელმა ისევ დაგვიბარა

   ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე კარგა ხნის პოლიტიკური «ძილქუშის» შემდეგ როგორც ჩანს, «მრისხანედ იღვიძებს» და კვლავ აქტიურობას იწყებს.
    გასაკვირი არაფერია: 1998 წლის 26 მაისი იმდენად «მრგვალი თარიღია» (პირველი რესპუბლიკის 80 წლისთავი), რომ წარმოუდგენელია, ამ დღეს სერიოზული დემარში არ განახორციელოს პოლიტიკოსმა, რომლის მთელი მოღვაწეობის არსი სწორედ «საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის», იდეალთა აღორძინებაში მდგომარეობდა
    ის, რასაც ირაკლი წერეთელი მეშვიდე კლასის მეორე სემესტრიდან გაიძახოდა, დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკადაა გაცხადებული და უმაღლეს დონეზე აღინიშნება.
    «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია» პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით თითქოს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება (ჩვენ თუ დაგვავიწყდა, წერეთელი შეგვახსენებს), რომ 1918-1921 წლების რესპუბლიკის თემა სწორედ წერეთელმა აქცია პოლიტიკურ დოქტრინად გია ჭანტურიასთან ერთად.
    ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, საბჭოთა კონსტიტუციის მიმართ შედარებით უფრო ლოიალურად იყვნენ განწყობილნი. ეს გარემოება წერეთელს დღესაც აძლევს გარკვეულ უპირატესობას. ყოველ შემთხვევაში, მას შეუძლია თითქმის ყველა დღევანდელ პოლიტიკოსს წამოსძახოს: როცა მე ჟორდანიას სურათს ვეძებდი და შინდისფერ დროშას ვმალავდი, თქვენ კომკავშირის კრებებს ატარებდითო.
    თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში საეჭვოა ეს სერიოზული არგუმენტი გახდეს - შეიძლება ითქვას, ირაკლი წერეთლის ოცნება თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც ასრულდა. ედუარდ შევარდნაძე ამ იდეათა აღმასრულებელი გახდა - ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია პრეზიდენტს პრეტენზიებს ვერ წაუყენებს.
    ერთადერთი არგუმენტი «რუსეთის საოკუპაციო ჯარია», მაგრამ ამასაც მოევლება. ბოლოს და ბოლოს, საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯართა გაყვანა სულ მალე დაიწყება, ხოლო «საოკუპაციო ჯარი» მართლაც სასაცილო მაშტაბებამდე შემცირდა: ახალქალაქის, ვაზიანის, ბათუმისა და გუდაუთის სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული რუსული კონტიგენტის საერთო რაოდენობა 4500 ჯარისკაცსა და ოფიცერს არ აღემატება. აქედან ორი მესამედი ქართველები (აჭარლები) და სომხები არიან. საქართველოს «დამპყრობთა» ფუნქციას ისინი არ შეასრულებენ. ამგვარი ბრძანებაც რომ მიიღონ. მაშასადამე, ირაკლი წერეთელს შეეძლო ჩაეთვალა, რომ თავისი ისტორიული ფუნქცია შეასრულა და მშვიდად ეცხოვრა მისი «ოცნების ქვეყანაში», მაგრამ მაინც გადაწყვიტა ძველი მოწოდებების გახსენება, - თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა შემოკრება.
    26 მაისს მან დაგეგმა «გრანდიოზული მანიფესტაცია», რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის 80 წლისთავს მიეძღვნება. ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ ირაკლი წერეთელი პოლიტიკურ ფაქტორს აღარ წარმოადგენს.
    ჩვენებური «რუსეთუმეები», რომლებიც ბოლო დროს ზომაზე მეტად გააქტიურდნენ, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ ამ ფაქტორს, ვინაიდან ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია მათი არგუმენტების «გაბათილება» ირაკლი წერეთლის მოწოდებებით.
    მაგალითად, თუ შევარდნაძის ხელისუფლების მთავარ ნაკლად ის ცხადდება, რომ იგი თურმე «იდეოლოგიურ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ», მაშინ ამ ომის შეწყვეტის შემთხვევაში ირაკლი წერეთელი ხელისუფლებას დაუპირისპირდება სწორედ დიამეტრალურად განსხვავებული მოტივით: ხელისუფლება იდეოლოგიურ ომს არ აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ და შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებსო.
    ეს არგუმენტი შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვინაიდან საეჭვოა, პრორუსული პოლიტიკის მომხრეებმა ქუჩების გადაკეტვა მოინდომონ და შეძლონ - მათ სხვაგვარი მენტალიტეტი აქვთ (კომკავშირში დემონსტრაციების გამოცდილება 1 მაისითა და 7 ნოემბრით შემოიფარგლებოდა) მაშინ, როდესაც ირაკლი წერეთელი 1988 წლიდან «მშვიდობიანი, გრანდიოზული, მრავალასეულათასიანი მანიფესტაციებისა და დემონსტრაციების ერთ-ერთი ავტორია».
    მისი მოთხოვნა «თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ქრისტიანული და ძლიერი საქართველოს შესახებ კვლავაც აქტუალურია. ამრიგად, სხვადასხვა ყაიდის «რუსოფილები» თავადაც ვერ ამჩნევენ, თავიანთი პროპაგანდით რამდენად უწყობენ ხელს დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალთა გააქტიურებას.
    ხელისუფლებამ კი სწორედ ეროვნულ-რადიკალთა პოზიციას უნდა გაუწიოს მეტი ანგარიში, რადგან პოტენციურად ეს უფრო სერიოზული ძალაა და მნიშვნელოვანი პროცესების (მათ შორის, ფართომაშსტაბიანი დესტაბილიზაციის) პროვოცირება შეუძლია.
    განსხვავებით წინა წლებისგან, ირაკლი წერეთელი «მეორე ეროვნული მოძრაობის» უდავო ლიდერი გახდება და თავის პარტიაში შემოიკრებს ყველა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს თუ პოლიტიკანს, ვინც წინა წლებში «ეროვნული მიმართულების» სხვადასხვა პარტიაში იყო გაერთიანებული და დღეს კიდევ გაჩერებულნი არიან, ვინაიდან არგუმენტები შემოაკლდათ, თორემ «საგარეო პოლიტიკური კურსის» შეცვლის შემთხვევაში თბილისის ქუჩებში კვლავ იფეთქებს «მოძრაობა» და ირაკლი წერეთლის ხმა მეგაფონით ისევ მოეფინება რუსთაველის გამზირს.

მერიდიანი, 11 მაისი, 1998 წ.