იალტა - 98 და იალტა - 45

იალტა - 98 და იალტა - 45

  

    გასულ კვირას, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ყირიმში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იალტაში უნდა აღორძინდეს «დიდი სამეულის» ლეგენდარული შეხვედრის სულისკვეთება. 1945 წელს ყირიმში ერთმანეთს შეხვდნენ რუზველტი, სტალინი და ჩერჩილი მსოფლიოს ბედის გადასაწყვეტად. ედუარდ შევარდნაძე შემდეგს გულისხმობდა: ამჟამად უკვე უკრაინის კუთვნილ იალტაში შავი ზღვის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას თვით ამ ქვეყნებისათვის არანაკლები ისტორიული მნიშვნელობა ექნებოდა. სამიტზე გადაწყდა, რომ «ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს» ნაცვლად შეიქმნება «ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია».
    ალიანსის უშუალო დამფუძნებელთა გარდა, მასში დამკვირვებლების სახით გაწევრიანდნენ იტალია, ავსტრია, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები - აგრეთვე, ევროპული ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ ბისეკის წევრები არიან ის ქვეყნებიც (სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი), რომელთაც უშუალო გასასვლელი შავ ზღვაზე არ გააჩნიათ. ამ საკითხში საქართველოს ისედაც აქვს გარკვეული უპირატესობა უშუალო მეზობლებთან შედარებით.
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ოფიციალური თბილისი იმთავითვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ორგანიზაციას, როგორც რუსეთის ერთგვარად «დამაბალანსებელ» მექანიზმს. 1992 წელს, როდესაც სტამბოლში ბისეკის დამფუძნებელი სამიტი ჩატარდა, ედუარდ შევარდნაძემ მისთვის პოლიტიკური ფუნქციების მინიჭებაც კი მოითხოვა, მაგრამ მაშინ ეს წინადადება არ გაიზიარეს. სამაგიეროდ, ექვსი წლის შემდეგ იალტაში შეიქმნა სრულფასოვანი რეგიონალური ორგანიზაცია ყველა შესაბამისი ატრიბუტით: მიღებულია წესდება და დეკლარაცია, რომელშიც ბისეკის მიზნებია გაცხადებული; თუმცა ყველა წევრ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, საკუთარი მიზანი ჰქონდა იალტის სამიტზე. მაგალითად, უკრაინამ ამით დააფიქსირა, რომ ყირიმში სწორედ იგია მასპინძელი და არა რუსეთი, რომელსაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა.
    ელცინმა კი, გასაგებ მიზეზთა გამო, ყირიმში წასვლაზე უარი განაცხადა - იქ იგი «მასპინძლად» ვერ იგრძნობდა თავს. კიდევ კარგი (მისთვის კიდევ კარგი), არ წავიდა, თორემ უკრაინელებს ისე ეშმაკურად ჰქონდათ მოფიქრებული დახვედრა-გაცილების ცერემონიალი, ელცინი სხვა პრეზიდენტთა თანასწორად გამოჩნდებოდა, რაც მას, რასაკვირველია, არ ეპიტნავება, მით უმეტეს ყირიმში, რომელიც გულის სიღრმეში მაინც რუსულ მიწად მიაჩნია.
    აზერბაიჯანი და სომხეთი ბისეკს კიდევ ერთ ტრიბუნად განიხილავენ, რომელზეც ყარაბაღის თაობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ; ალბანეთმა კოსოვოში ალბანური მოსახლეობის «გენოციდის» საკითხი დასვა, თურქებმა შავ ზღვაზე თავიანთი ოდინდელი პრიორიტეტი გაიხსენეს და ა.შ.
    ამ პირობებში საქართველოს ამოცანა ის იყო, როგორმე დაეფიქსირებინა და გამოეხატა საგარეო-პოლიტიკური კურსის უცვლელობა. რა თქმა უნდა, გალის მოვლენათა შემდეგ, როგორც რეგიონის სახელმწიფოები, აგრეთვე სხვა დამკვირვებლებიც, სწორედ ამას ელოდნენ.
    შევარდნაძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავინდებურად ერთგულია ყველა იმ პროექტისა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშავა ცენტრალური აზიიდან, აგრეთვე აზერბაიჯანიდან ენერგომატარებელთა ტრანსპორტირებისათვის. ძირითადად ბისეკი ალბათ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა - ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებას. ოღონდ საქართველოს პრეზიდენტმა ქარაგმულად მიანიშნა კოლეგებს: თუ ისინი კრინტს არ დასძრავენ საქართველოს მხარდასაჭერად იმ პირობებში, როცა აშკარა აგრესია ხორციელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველა იდეა იდეადვე დარჩება და საქართველო «ხიდის» ნაცვლად უზარმაზარი რეგიონის «საცობად» იქცევა.
    ასეულობით მილიონი ადამიანი «ამოიკეტება» ამ ქვეყანაში და რუსეთს იქით გზა აღარ ექნება. სწორედ ამიტომ «ეკონომიკური თანამშრომლობა» შეუძლებელია პოლიტიკური უშიშროების გარეშე. ამ თვალსაზრისით ბისეკი სულ მალე ალბათ რეგიონალურ პოლიტიკურ ორგანიზაციადაც იქცევა, რომელსაც საკუთარი «კოლექტიური უშიშროების» სისტემა ექნება.
    დღეს ამგვარი პერსპექტივა თითქოს შორეული და ილუზორული ჩანს, მაგრამ როდესაც დასავლეთისაკენ საქართველოს გავლით ნავთობის უზარმაზარი ნაკადი დაიძვრება, ყოველივე სავსებით რეალური და აქტუალური გახდება.
    მაშინ ბისეკი უეჭველად იქცევა იმ საფუძვლად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები დაეყრდნობა. სხვათა შორის, უკვე გაისმა წინადადება, რომ ვაშინგტონი ბისეკში დამკვირვებლად მიიწვიონ - ამ იდეას საქართველომაც აქტიურად დაუჭირა მხარი.

მერიდიანი, 8 ივნისი, 1998 წ.