თელასის მფლობელი სქოული მოკვდა...

თელასის მფლობელი სქოული მოკვდა...

     

        «აეს» - ის გენერალური მენეჯერის წასვლამ საქართველოდან ლამის საერთო ეროვნული მნიშვნელობა შეიძინა.
        მაიკლ სქოული, კონცერნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თურქეთში გადაჰყავთ, სადაც კიდევ უფრო დიდ სადისტრიბუციო კომპანიას ჩაუდგება სათავეში.
        შეიძლება ითქვას, მას აწინაურებენ, თუმცა აეს-ის მმართველი ელიტა, ალბათ, საქართვლეოში შექმნილ ვითარებასაც ითვალისწინებდა - სქოულის «გადაყვანა» ორთქლის გამოშვების საშუალება იყო, ვინაიდან ვითარება მეტისმეტად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აეს-მა ტარიფის 27 თეთრამდე გაზრდა მოითხოვა.
        ეს არ ნიშნავს, თითქოს ამერიკული კომპანია საერთოდ უარს აცხადებს ტარფიის მომატებაზე და ასეთი განზრახვა არა აქვს.
        თუმცა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, მათი მიზანია, ტარიფის გაზრდა არა 27 ან 17, არამედ 12 თეთრამდე - როგორც ამას ჯერ კიდევ შარშან მოითხოვდნენ.
        მაშინ მოხდა დროებითი ტარიფის შემოღება (9,8 სწორედ ასე აღიქმებოდა), ხოლო შემდგომი მოვლენები დამოკიდებული იყო დღგ-ს საკითხის გადაწყვევტაზე, რომელიც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაწყდა.
        ბოლო ცნობებით, მაიკლ სქოულის «უკანასკნელ წყევლად» იქცა მუქარა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის შესახებ. თუ საქმე აქამდე მივიდა, საქართველო პროცესს უეჭველად წააგებს და სოლიდური ჯარიმის გადახდაც დაეკისრება.
        არ არის გამორიცხული, ენერგეტიკის სფეროში სერიოზული გადაწყვეტილებების ზღურბლზე ვიდგეთ. მათ ორი ძირითადი გამოხატულება ექნებათ: უპირველეს ყოვლისა, სქოულის განცხადება ენერგეტიკაში «ლიფსიტების ჭერის» შესახებ იმ შედეგს გამოიღებს, რომ ყოფილი და აწ «მცურავი» ღლავების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას უნდა ველოდოთ.
        გასულ კვირას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა «უშიშროების საბჭოს» სხდომა, რომელმაც იმსჯელა კორუფციისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
        ბუნებრივია, «ანტიკორუფციული პროგრამის» გამოქვეყნების პარალელურად, ამ სფეროში (უპირველესად, სწორედ ენერგეტიკაში) განვითარდება ახალი სკანდალური სასამართლო პროცესები.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, დარგის ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისში არ იმყოფება - დიდი ხანია, მოსკოვში გადაბარგდა დედაწულიანად და თბილისიდან ვეღარც უკავშირდებიან.
        მეორე მიზეზი აეს-ის დემარშისა უეჭველად გენერაციის ობიექტების შემდგომ პრივატიზებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟია.
        ყველაფრის მიუხედავად, ამერიკელებს, «ხრამჰესების» ხელში ჩაგდება სურდათ. ესეც ძალზე ნიშანდობლივი სურვილია - მაშასადამე, აეს-ის მმართველი ელიტა არ გამორიცხავს მთელი საქართველოს ენერგეტიკის გაკონტროლებასაც, - ხრამჰესი «აღმძრავი» სადგურია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ენერგოსისტემისთვის.
        «ხრამჰესის» მფლობელს შეეძლება იგი პირდაპირ ან ირიბად გააკონტროლოს. სწორედ ამიტომ არიან წინააღმდეგნი ქართველი «ენერგომამები» ხრამჰესისა და ხრამჰეს-2-ის პრივატიზებისა, სანამ ხელისუფლებას არ მიუღია პრინციპული გადაწყვეტილება, გაუშვას თუ არა ხელიდან ქვეყნის მაშტაბით ენერგოსისტემის მართვის სადავეები.
        რასაკვირველია, ეს უპირველესად, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. მოვლენათა და პროცესთა ლოგიკა მას უეჭველად «ამწიფებს». თუმცა, სჯობს შემოვიდეს მეორე კომპანია და არა იგივე «აეს» - მა მოიპოვოს «ბუნებრივი მონოპოლია».

დილის გაზეთი, 12 მარტი, 2001 წელი