ზღაპარი კავკასიის ერთობაზე

ზღაპარი კავკასიის ერთობაზე

 

        რუსეთის არმიამ, ხანგრძლივი დაბომბვის შემდეგ, საკმაოდ დიდი მსხვერპლით შეძლო დაღესტნის იმ სოფლების დაპყრობა და რუსული «იურისდიქციის» გავრცელება, რომლებიც სამი კვირის წინ დაღესტნელმა (და არა ჩეჩენმა, როგორც რუსეთის მედია ამტკიცებს) მეამბოხეებმა გაათავისუფლეს და «თავისუფალი დაღესტანი» გამოაცხადეს.
        სამხედრო თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსული ავიაციის მიერ ე.წ. «ვაკუუმური ბომბების» გამოყენებას.
        ეს არის საშინელი იარაღი, რომელსაც რუსეთი თითქმის ყოველი დაბომბვის დროს იყენებდა სოხუმელთა წინააღმდეგ 1993 წელს. ამ იარაღის მოქმედების შედეგად სოხუმში ასეულობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.
        როგორც ჩანს, ერთი მუჭა დაღესტნელმა მეამბოხეებმა (ძირითადად ავარელებმა და დაღესტნის მკვიდრმა ჩეჩნებმა) ვაკუუმურ ბომბებს ვერ გაუძლეს და ჩეჩნეთში, თავიანთ ბაზებზე დაბრუნდნენ.
        მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ (ისევე, როგორც შამილ ბასაევმა, ჩეჩნეთის სახელით პირნათლად მოიხადა თავისი «ვალი» და ბოლომდე იბრძოლა), მაგრამ რაკი დაინახეს, რომ არც დაღესტნის მოსახლეობამ, არც ჩრდილო კავკასიამ მათ არათუ რეალურად, არამედ სიტყვითაც კი არ დაუჭირა მხარი, უკან დაიხიეს.
        სწორედ ეს არის რუსეთის უდიდესი გამარჯვება ამ «მიკროკავკასიურ ომში» და არა ერთი მუჭა მეამბოხეების განდევნა სოფლებიდან; ისიც არა პირდაპირი შეტევით, არამედ - განუწყვეტელი დაბომბვითა და საარტილერიო ცეცხლით.
        თვით დრო ამბოხებისათვის, რა თქმა უნდა, ცუდად იყო შერჩეული, ვინაიდან კარგმა ამინდმა რუსეთს საშუალება მისცა წარმატებით გამოეყენებინა ავიაცია და შორსსასროლი არტილერია. მაგრამ ამბოხებულებს, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ, რომ მათ დასახმარებლად მთელი ჩრდილო კავკასია ფეხზე დადგებოდა. ბრძოლები ხომ იმ ადგილებში მიმდინარეობდა, სადაც 150 წლის წინათ, ლეგენდარული შამილი, უმამაცეს ავარელ და ჩეჩენ მეომრებთან ერთად ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ვორონცოვისა და ბარიატინსკის არმიებს.
        სწორედ ამ ადგილების მახლობლად, სოფელ ღუნიბთან დაატყვევეს რუსებმა შამილი. მას შემდეგ ჩეჩნები ხშირად საყვედურობდნენ კიდეც ავარელებს, - შამილი ჩეჩენი რომ ყოფილიყო, ცოცხალი თავით მტერს არ ჩაჰბარდებოდაო.
        შამილისა და «დიდი კავკასიური ომის» ისტორია ჩრდილოკავკასიელთა სიამაყის საფუძველია. სწორედ ეს იდეოლოგია აერთიანებდა და აერთიანებს მთის ხალხებს. ყოველ შემთხვევაში, თავად ისინი ასე თვლიან: ამაყობენ შამილით, ამაყობენ კავკასიური ომით და სხვათა შორის, ქართველი ხალხისადმი ანტიპათიასაც არ მალავენ – აქაოდა, რუსები კავკასიაში თქვენ შემოიყვანეთო.
        ეს ერთ-ერთი მოტივი იყო აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ «კავკასიელი მთიელების» ერთობისა. მაგრამ დავაკვირდეთ, რა სამარცხვინოდ მოიქცნენ ის «პატიოსანი და კეთილშობილი» მთიელები, რომლებიც ასეთ ვაჟკაცობას იჩენდნენ სუსტი საქართველოს გასანადგურებლად (რაკი, ზურგს იგივე რუსეთი უმაგრებდათ): ჩეჩნების გარდა არც ერთმა «მთიელმა ხალხმა», თვით დაღესტნელთა ჩათვლით, კრინტი არ დაძრა, როდესაც 5 რუსული დივიზია უმოწყალოდ ჟლეტდა იმავე დაღესტნელებს, რომლებიც აკეთებდნენ მხოლოდ იმას, რაზეც გულის სიღრმეში ვითომ ყველა კავკასიელი მთიელი ოცნებობს.
        სად იყვნენ ის მეომრები, რომლებმაც «მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხისა და კავკასიელ მთიელთა ღირსების» დაცვისას ასეთი სისასტიკე გამოავლინეს აფხაზეთის მშვიდობიანი ქართველების მიმართ? სად გაქრნენ, როცა უკვე არა ქართველებს, არამედ რუსეთის არმიას უნდა დაპირისპირებოდნენ იმავე «ღირსების» გადასარჩენად – რატომ არ ისმოდა მათი ხმა, თუნდაც სიტყვიერი პროტესტი?
        მაშასადამე, სინამდვილეში «ამაყ კავკასიელ მთიელებს» არავითარი ღირსება არ გააჩნიათ. ისინი (რუსეთის დახმარებით) მხოლოდ ჩვენთან იყვნენ «მგლები», თორემ რუსეთთან კურდღლები არიან.
        არ დაიჯეროთ რუსული პროპაგანდის შეთითხნილი მტკნარი სიცრუე, თითქოს მეამბოხეთა მთავარი მოტივი ისლამი ან ვაჰაბიზმი იყო. სინამდვილეში მათ, უწინარესად, შამილისა და კავკასიური ომის რომანტიკა ამოძრავებდათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, «ამაყი მთიელების» დიდი უმრავლესობისათვის ეს რომანტიკა უკვე აღარ არსებობს;
        ჩვენც ისღა დაგვრჩენია, აღარ გვჯეროდეს სულელური ზღაპრებისა «კავკასიელთა ერთობის» შესახებ.

დრონი, 26 აგვისტო, 1999 წელი