ვუტევთ თბილისს - სოხუმის გავლით

ვუტევთ თბილისს - სოხუმის გავლით

    ვინ ლოცულობდა რუსული იარაღის გამარჯვებისათვის?

    განვლილი წლის გახსენება და ანალიზი ყოველთვის შეიცავს ცთუნებას ისტორიული პარალელების გასავლებად. ძნელია, თავი შეიკავო და ეს წელიწადი ქვეყნის ისტორიის რომელიმე სხვა წელიწადს არ შეადარო - რომელიმე სხვა საუკუნიდან, სხვა ეპოქიდან. მით უმეტეს, რომ საქართველო თითქოს ისტორიულ კანონზომიერებათა დასადასტურებლად გაუჩენია ზენაარსს და თუ ვინმეს ეთქმის - «ვერაფერი ვისწავლეთ საკუთარი შეცდომებისაგან» - გვეთქმის ჩვენ.
    მაგრამ ამ შემთხვევაში ისტორიული პარალელები უადგილოდ და არამიზანშეწონილად მიმაჩნია, რადგან ამგვარი ატმოსფეროს დამკვიდრებით, ჩვენს საზოგადოებრივ შემეცნებაში სავსებით კონკრეტული დანაშაულებანი და შეცდომები ერთგვარი «ბედისწერის» ბურუსით იფარება, რაც საშუალებას აძლევს მრავალ ნაძირალას, - კონკრეტულ დამნაშავესა და მიზეზს დღევანდელი უბედურებისას - როგორღაც დაუძვრეს ისტორიულ პასუხისმგებლობას ან «კოლექტიური ცოდვის» არაფრისმთქმელი ცნება იფაროს.

    1994 წლის დასაწყისი წინამორბედი წლის საშინელი ეროვნული ტრაგედიის ნიშნით იყო აღბეჭდილი. სოხუმის დაცემამ, აფხაზეთის დაკარგვამ და სამოქალაქო ომის შედეგებმა უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი შექმნეს - საზოგადოებრივი ცნობიერება მოდუნდა, თითქმის დაიშალა და საყოველთაო აპათიის მორევში ჩაიძირა.
    პიროვნული ნიჰილიზმი იყო არაცნობიერი პროტესტი ქვეყნის საზარელი მარცხის გამო. სინამდვილეში, ამ მარცხს არავინ, არც ერთი ქართველი გულგრილად არ შეხვედრია, რადგან ყოველი ჩვენთაგანი ნათლად აცნობიერებდა: აფხაზეთის დაკარგვით დაიწყო ქართული სამყაროს დაშლა. . .
    1993-1994 წლების მიჯნაზე თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ. იგი მისტიურად დაემსგავსა კონსტანტინე გამსახურდიას გმირებს: ერთ-ერთი მათგანი ტყეში მოკვდა, მეორე - ენგურის გადალახვისას დაიხრჩო. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი სამოქალაქო ომს. თუმცა, ამავე დროს, მისი მტრების ნებისა და, შესაძლოა, რეალობის მიუხედავად, ამ თვითმკვლელობამ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მითი შექმნა. მითი, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდისტული ძალისხმევა ვეღარ დაშლის და «დამოკლეს მახვილად», მარადიულ ბრალდებად დაეკიდება მომავალი საქართველოს მმართველი ელიტის თავზე.
    1994 წლისთვის დასასრულს უახლოვდებოდა ამ ელიტის ფორმირების პროცესი. მან, როგორც იქნა, მოიშორა დაუძინებელი მტერი (გამსახურდიას სახით) და თვითდამკვიდრების გეგმის განხორციელებას შეუდგა. დღევანდელი საპარლამენტო «ოპოზიციაც», გარკვეული თვალსაზრისით, ამ ერთიანი ელიტის შემადგენელი ნაწილია და რამდენიც უნდა ეცადონ, როგორი წყევლა-კრულვითაც უნდა მოიხსენიონ - ისტორიისთვის ვეღარასოდეს გაემიჯნებიან ელიტის შემოქმედსა და აღიარებულ ლიდერს.

    1994 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის «მშვიდობიანი გადაწყვეტის» გზათა ძიებას შეუდგა. ოღონდ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ნებისმიერი ძალისხმევა (მით უმეტეს, სიბნელეში ხელების «ფათურით») მხოლოდ აძლიერებდა მოწინააღმდეგეს. ახალ ქართულ ელიტას მაშინ ჯერ კიდევ ეშინოდა იმის აღიარებისა, რომ 1993 წლის შემოდგომის მოვლენებმა და СНГ-ში გაწევრიანებამ დიდი ხნით დაუსვა წერტილი «ევროპეისტულ ილუზიებს» და ყოველი შემდგომი ძალისხმევა ამ მიმართულებით - არწივის კლანჭებში მოქცეული ბარტყის უმწეო ფართხალს ჰგავდა.
    რუსეთმა მიაღწია უმთავრესს: საქართველოში კვლავ გაბატონდა (უფრო სწორად - აღსდგა) უმწეობის, უიმედობის, უპერსპექტივობის, ისტორიული იმედგაცრუების ატმოსფერო, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში სუფევდა.
    თებერვლის დასაწყისში, პრეზიდენტ ელცინის ვიზიტი, ქართლ-კახეთში ნიკოლოზ I-ის სტუმრობას ჰგავდა. როგორც ცნობილია, 1832 წლის შეთქმულების «საზარელი შედეგებით» დაზაფრული ქართული ელიტის მიერ გატარებულ «შემრიგებლურ-მომნანიე» პოლიტიკურ კურსს მაიკო ორბელიანის კდემამოსილება შეეწირა.
    რომანოვთა მემკვიდრემ, 1994 წლის 3 თებერვლის «ელვისებური ვიზიტით» (ასე უწოდეს მას დასავლეთში), საბოლოოდ დაადასტურა დოკუმენტურად რუსეთის გავლენა ამ რეგიონში, რაც (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) მხოლოდ იურიდიული გაფორმება იყო როგორც 1993 წელს იმპერიის მიერ მიღწეული გამარჯვებისა, ასევე იმ მონური სულისკვეთების აღორძინებისა, რომლის თანახმად, «საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია» . ზუსტად ასე, სიტყვა-სიტყვით ითქვა კიდეც «იმპერატორ ელცინის» საპატივცემულოდ სასტუმრო «მეტეხში» გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე.

    ამასობაში კი, ჟენევაში, მთელი მსოფლიოს თვალწინ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და აფხაზეთს შორის. არძინბა და მისი მრჩევლებიც ლოგიკურად ასრულებენ სამხედრო გამარჯვების იურიდიულად გაფორმების პროცესს; მათთვის მთავარი მიღწეულია: დაფიქსირდა არა მხოლოდ «ფაქტობრივი საზღვარი» მდინარე ენგურზე (და უკვე მუსირებს ამ წყალგამყოფზე «სამშვიდობო ჯარის» შემოყვანის იდეა), არამედ დაფიქსირდა ორი სუბიექტი - საქართველო და აფხაზეთი, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებას «სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენის» თაობაზე.
    პარალელურად, საქართველოს პარლამენტში სრულდება პოზიციათა ფორმალური გამიჯვნა. იგი არა იმდენად კარგა ხნის წინ «წაგებული პარტიის» გადარჩენას ისახავს მიზნად, რამდენადაც ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ელექტორატზე ზემოქმედებას და ჯერ კიდევ შორეული არჩევნებისათვის მზადებას.

    1994 წლის გაზაფხულზე, სახელმწიფოს მეთაური მისთვის საერთოდ ძალზე არასასურველი «კონკრეტული დილემის» წინაშე დადგა: ერთის მხრივ გრძელდებოდა ე.წ. «უთანასწორო ბალანსირების» პოლიტიკა (ეს იმ მუშაითის ქმედებას ჰგავს, რომელიც ცალ ხელში ხავსითა და მეორე ხელში ორფუთიანი გირით ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას), ხოლო მეორეს მხრივ, უკვე აუცილებელი ხდებოდა სამოქალაქო ომის დროს აღებული ვალდებულებების შესრულება და «ჩრდილოური თამასუქის» განაღდება: 1994 წლის 1 მარტს, ბობოქარი დებატების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო დადგენილება «СНГ-ს წესდებასთან საქართველოს შეერთების» თაობაზე.
    ოპოზიციას ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა - მას უკვე თავისუფლად შეეძლო ეყვირა, ეკივლა, სკამები დაემტვრია. . . . არადა, საქართველოს დაბრუნება რუსეთის სივრცეში გადაწყდა მაშინ, როცა ედუარდ ბალტინის საზღვაო ქვეითთა ათასეული გადმოსხდა ფოთში «კომუნიკაციების დასაცავად». იმ ქარცეცხლიან დღეებში «1 მარტის გმირები» სადღაც დასაკარგავში იყვნენ შემალულნი და შიშისგან ცახცახებდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ: თბილისში ექსპრეზიდენტის დაბრუნების შემთხვევაში, «ახალი ელიტის» არც ერთ წევრს არ ასცდებოდა მძვინვარე შურისძიება სამხედრო გადატრიალებაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის გამო. სწორედ ამიტომ, ჯერ ისე არავის ულოცია «რუსული იარაღის გამარჯვებისთვის», როგორც შემდგომდროინდელ «შეურიგებელ პატრიოტებს».
    1994 წელს საერთოდ გასდევდა «წითელ ხაზად» ამ «პატრიოტთა» სულიერი ჭმუნვა და სინანული - «საქართველოს რუსეთში დაბრუნების გამო». ალბათ, ჯობდა ამ პრობლემებზე მათ წელს კი არა, მაშინ ეფიქრათ, როცა რუსეთის სპეცსამსახურთა პირველივე დაძახილზე ახლადშობილი ხბოსავით პირდაღებული დარბოდნენ რუსთაველის პროსპექტზე ან კიდევ მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ იმავე რუსთაველზე.
    СНГ-ში საქართველოს შესვლა 1994 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია არა იმდენად თვით ამ ორგანიზაციის არსისა და მისი განვითარების ძირითადი ვექტორის გამო (რაც თავისთავად საინტერესოა), არამედ უმთავრესად იმის გამო, თუ როგორ აღიქვა ეს ნაბიჯი საზოგადოებამ - მისთვის ეს იყო «ძველახალი» ერის დასაწყისი. უფრო სწორედ «ჩრდილოური მზის» ახალი ამობრწყინება, 1988-89 წლებში დასახული ისტორიული მიმართულების შეცვლა და «გაკვალულ ბილიკზე» დაბრუნება.
    აი, ეს არის მთავარი და არა ის, თუ რამდენად მძლავრია ინტეგრაციული ტენდენცია პოსტსაბჭოურ სივრცეში, არის თუ არა СНГ-ს «ეკონომიკური კომიტეტი» ფედერაციული ელემენტის შემცველი ინსტიტუტი და როდის გარდაიქმნება «თანამეგობრობა» - იმპერატიული იურიდიული სისტემებით აღჭურვილ კონფედერაციად.
    რაც შეეხება ძალაუფლებას, საქართველოში იგი თანდათანობით ტრანსფორმირდება სახელისუფლო დუალიზმში - სახელმწიფო მეთაური სულ უფრო აშკარად ეყრდნობა ერთდროულად როგორც ლეგალურ, ასევე არალეგალურ სტრუქტურებს; შევარდნაძე - იოსელიანის ნახევრადიძულებითი ტანდემი საბოლოოდ იპყრობს ოლიმპს; «ძლიერთა» კოჰორტა ძალუმად ისწრაფვის საკუთარი ნებისა და ვნებების ლეგალიზაციისკენ - იქმნება ახალი საარჩევნო ბლოკები, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული პოლიტოკრატიის გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება, რაკი მათ ამ ახალ ბლოკებში ძლიერი მოწინააღმდეგე შეიცნეს, ვისაც ჩვეულებრივი, ადრე აპრობირებული ხერხებით ვერაფერს დააკლებენ.

    ზაფხულში, რუსეთის სამშვიდობო ჯარები ჩადგნენ ენგურზე. მაგრამ მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, ლტოლვილთა დაბრუნება არ დაიწყო. ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან ჯარის ჩაყენება ენგურზე აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებას არ ისახავდა მიზნად. ხელისუფლების მხრიდან ეს იყო მცდელობა, უფრო დიდი განსაცდელის თავიდან აცილებისა. სახელმწიფოს მეთაურმა ამით მოუწყვიტა დაპირისპირებულ ძალებს შესაძლებლობა, აფხაზეთი და «აფხაზური პრობლემა» ექციათ საყრდენად - თბილისზე შეტევისთვის. იმავე პრინციპით როგორც 1992 წელს - «ვუტევთ თბილისს სოხუმის გავლით».
    ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძისთვის რუსეთის ჯარის «ყოფნა» ენგურზე ტოვებს შესაძლებლობას, «გაეროს მეთვალყურეობითა და СНГ-ს ეგიდით» განხორციელებული აქცია ერთბაშად ტრანსფორმირდეს სამმხრივ (რუსულ-ქართულ-აფხაზურ) ოპერაციაში ყოველგვარი «მეთვალყურეობის» გარეშე. ანუ, განმეორდეს ცხინვალის ვარიანტი ოდნავ უკეთესი შედეგებით. ეს «შედეგი» კი უკუპროპორციული იქნება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა.

    1994 წელი დამთავრდა 3 დეკემბერს, როდესაც მოკლეს გიორგი ჭანტურია. ამ მკვლელობამ, ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობამ 1993 წლის 31 დეკემბერს, - იმთავითვე დაასვა დაღი მომავალ წელს, რომელიც მრავლის განმსაზღვრელი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში.

«7 დღე», 31 დეკემბერი, 1994 წელი.