ვინ შეჭამა ელექტროენერგია?

ვინ შეჭამა ელექტროენერგია?

      

        დენთან და «შუქებთან» დაკავშირებულ სკანდალებს გუშინ განსაკუთრებით საარელი ფონი შესძინა «ეი-ი-ეს თელასის» ორი თანამშრომლის სიკვდილმა. ეს ტრაგედია რაღაცით სიმბოლურიცაა, ვინაიდან, ელექტროენერგია «სასიკვდილო ფაქტორი» ხდება საქართველოში.
        საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნით, კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადრე დაგროვილი «ენერგოვალების» გასტუმრება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იმ პაკეტში, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფონდი «სიღატაკის აღმოფხვრისა და ეკონომიკური ზრდის» პროგრამით გათვალისწინებულ მორიგ ტრანშს აღარ გადმოგვირიცხავს, რაც მთელი პროგრამის შეჩერებასა და 2001 წლის ბიუჯეტის დანგრევას ნიშნავს. ამას კი შეუძლებელია, პოლიტიკური გართულებები არ მოჰყვეს იმ პირობებში, როდესაც, ისევ და ისევ, ქვეყანა ემზადება ღრმა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის.
        ელექტროენერგიის ტარიფის მატება თითქოს ყველაზე რთული არ არის (ბიუჯეტის სეკვესტრთან და გადასახადების ადმინისტრირების გაძლიერებასთან შედარებით), მაგრამ სოციალური შედეგებით იგი მართლაც ყველაზე სარისკოა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თბილისში ამჟამად არსებულ ვითარებას: მთავრდება მრიცხველების გამოტანა, ანუ სულ მალე შეიქმნება ჯერ არნახული ვითარება, როდესაც ხელმოკლე ოჯახებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ პურსა და ელექტროენერგიას შორის. ასეთი მდგომარეობა კი თბილისში და მთელ საქართველოში არასოდეს ყოფილა. ბევრი არ აქცევს ყურადღებას ამ ფენომენის სოციოფსიქოლოგიურ ასპექტს: ერთია, როდესაც ელექტროენერგიის საფასურს არავინ იხდის და ყველას დღე-ღამეში 4 საათის განმავლობაში აქვს შუქი და სულ სხვაა, როცა ერთ მეზობელს აქვს ელექტროენერგია და მეორეს - არა.
        ელექტროენერგიაზე ფასის მომატება 1996-97 წლებში არანაირ რეაქციას არ იწვევდა, ვინაიდან მაინც არ იყო, ან თუ იყო - მიზერული ოდენობით. დღეს კი ტარიფის მატება უკვე სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს სოციალურად დაბალ ფენებში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ტარიფის ზრდა, ყველა თვალსაზრისით, გარდაუვალია. სსფ-ის ძირითადი დანიშნულება მსოფლიოში ფინანსური «თამაშის წესების» მკაცრი დაცვაა. ამიტომ, ვალებს არავინ გვაპატიებს, ოღონდ გასარკვევია, რა ვალებთან გვაქვს საქმე.
        დამკვიდრებული სტერეოტიპის შესაბამისად, ეს ვალები «ვიღაცამ შეჭამა» და ახლა მოსახლეობას უნდა დააკისრონ მათი გადახდა. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის: საქმე ეხება იმპორტირებულ ელექტროენერგიას (და არა საქართვლეოში წარმოებულს), რომელიც ჩვენ მოვიხმარეთ და ახლა დადგა დრო ვალის გასტუმრებისა. სხვათა შორის, ავსტრიულ «კომერცბანკთან» დაკავშირებული სკანდალი სწორედ ამას მეტყველებს, ოღონდ ეს მხოლოდ «მწვერვალია აისბერგისა». საწარმოებმა იმ ელექტროენერგიის მხოლოდ 10-15 პროცენტი მოიხმარეს, დანარჩენი მოხმარდა თბილისის კვარტალების უფასოდ განათებას. დღეს მოვალეებს (და მათ ქართველ პარტნიორებს) სურთ ისარგებლონ იმ გარემოებით, რომ ამერიკულმა სადისტრიბუციო კომპანიამ მოაწესრიგა გადახდის აღრიცხვა დედაქალაქში, ანუ ამჟამად შესაძლებელია ის, რაც შეუძლებელი იყო ორი წლის წინათ - მოსახლეობისგან იმ ვალის ამოღება.
        ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ «ეი-ი-ეს თელასს» (იგი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის) ამ საქმესთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. გულმოდგინედ გვიმალავენ, რომ 9,8 თეთრიდან «ეი-ი-ეს»-ის წილი მხოლოდ 3,9 თეთრია. რატომ გვიმალავენ ამას? იმიტომ, რომ როდესაც ხსენებული ვალების გასასტუმრებლად ტარიფი გაიზრდება, მოსახლეობის სიძულვილი მიმართული იყოს სწორედ «ეი-ი-ეს»-ისადმი.
        სხვა საქმეა, რომ სქუოლი აყენებდა საკითხს მათი წილის გაზრდისა დღგ-ის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ დღგ-ის რეჟიმის დაწესება და ფასის «არგაზრდის» მოთხოვნა ურთიერთსაწინააღმდეგო ვექტორებია. სხვა საკითხია, რამდენად გაიზრდება ტარიფი, თუ ლაპარაკია სსფ-ის მოთხოვნებზე («ეი-ი-ეს» ის წილი გამორიცხვით) - მხოლოდ იმპორტირებული ელექტროენერგიის ვალის გადასახდელად, მაშინ ფასი შეიძლება 12-13 თეთრამდე გაიზარდოს და ეს არის აბსოლუტურად გარდაუვალი, თუ რასაკვირველია, სავალუტო ფონდს არ ვუწყობთ სოციალისტურ რევოლუციას და ექსპროპრიაციას.

დილის გაზეთი, 11 მაისი, 2001 წელი