ვინ კლავდა გია ყარყარაშვილს?

ვინ კლავდა გია ყარყარაშვილს?

 

    ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე დიდი ტერორისტული აქტი განხორციელდა. მოკლეს გია ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, გია გულუა. ყველაზე ავისმომასწავებელი და იდუმალებით მოსილი მაინც მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტია. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა გენერალი პაატა დათუაშვილი. გია ყარყარაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სასწაულებრივად გადარჩენილი ყარყარაშვილი რამდენიმე წლით საწოლს მიეჯაჭვა.
    პირველი და, ამავე დროს, ყველაზე დამაჯერებელი ვერსიის თანახმად, ყარყარაშვილზე თავდასხმა მოაწყო უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ. გამოძიების ვარაუდით, სწორედ გიორგაძის მითითებით ჩაიდო ბომბი თვითმფრინავში, რომლითაც ყარყარაშვილი მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. თუ იგორ გიორგაძის «დღევანდელი იმიჯი» სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ მოსკოვში ტერაქტის მოწყობა, რუსეთის დედაქალაქში «მხედრიონის» გავლენის გათვალისწინებით, შეუძლებელი ნამდვილად არ იქნებოდა. «მხედრიონისა» და გიორგაძის მოტივი გასაგებია, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ ფიგურებს არ წარმოადგენდნენ, მათ მიღმა სავსებით რეალური ძალა იდგა. განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ამ ძალის მოტივაცია იწვევს.
    გასათვალისწინებელია გია ყარყარაშვილზე თავდასხმამდე საქართველოში მიმდინარე პროცესი: შეიქმნა პოლიტიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე ძლიერი სეგმენტი - ედეპე, ტრადიციონალისტები, რესპუბლიკელები, მოქალაქეთა კავშირი. აგრეთვე, რამდენიმე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა. მათ შორის, გია ყარყარაშვილიც. ამ გაერთიანებას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დროსაც.
    ნიშანდობლივია, რომ «პოლიტიკური კლუბი» ახლოს არ იკარებდა «მხედრიონსა» და იგორ გიორგაძის კლანს. ეს კლანი კი უკვე ემზადებოდა მომავალი «პუტჩისთვის», რომლის მიზანი უმაღლესი ხელისუფლება (ხელისუფალი) იყო. პოლიტიკურ კლუბს შეიძლებოდა შეექმნა «პუტჩისთვის» არასასურველი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფონი, ამიტომ დაიწყო საკვანძო ფიგურების განადგურება (გია ჭანტურია, შემდეგ გია ყარყარაშვილი). რუსეთის სპეცსამსახურებმა, ეჭვგარეშეა, იცოდნენ მოსკოვში «თბილისური კლანის» სამოქმედო გეგმა, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ, რადგან საქართველოში მორიგი დესტაბილიზაცია მათ ხელს აძლევდა. ანუ, თვალნათელი იყო «ინტერესთა თანხვედრა», როდესაც არც ერთი მხარე «დომინანტია», მაგრამ ორივე ერთი და იმავე მიმართულებით მოქმედებს.

მერიდიანი, 1997 წელი