ვახტანგ რჩეულიშვილის ერთგულება

ვახტანგ რჩეულიშვილის ერთგულება


      თამამად შეიძლება ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძის მიერ ათწლეულთა განმავლობაში შექმნილ ქართულ ისტებლიშმენტში ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა. ვახტანგ რჩეულიშვილი განუხრელად იმკვიდრებს ელიტის ერთ-ერთი ლიდერისა და «უერთგულესი თანამებრძოლის» იმიჯს. ბრძოლისუნარიანობისა და შეურიგებლობის თვალსაზრისით, რჩეულიშვილს ამ პოლიტიკურ ელიტაში ბადალი არ ჰყავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სახელისუფლო ოლიმპზე.
    საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერის კარიერა იმთავითვე ოპოზიციასთან მკვეთრი დაპირისპირებით დაიწყო: ჩუღურეთის რაიონში ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში თავდაპირველად «სახალხო ფრონტის» კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ რჩეულიშვილმა (არჩევნების ფალსიფიცირებულობის მოტივით) შეძლო მიეღწია ხელმეორე კენჭისყრისათვის, რის შედეგადაც საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ გამარჯვება მას მიაკუთვნა.
    ამგვარი დებიუტი უკვე შეიცავდა საკმაო პოლიტიკურ კაპიტალს; სწორედ ამიტომ, 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც პარლამენტის ფრაქციები თანამდებობათა გაყოფასა და ძალთა სტრუქტურირებას შეუდგნენ, რჩეულიშვილი შევარდნაძის მიერ უკვე აღიქმებოდა, როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა - ამიტომაც, იმ პერიოდში გაშლილ გააფთრებულ პოლიტიკურ სპეკულაციებში მას საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი ერგო.
    შევარდნაძემ სპიკერატის «სამეულში» ორი ადგილი იმთავითვე დაჯავშნა და ამ ორგანოში უმრავლესობაც მოიპოვა. მას ალბათ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მეორე ვიცე-სპიკერი - რუსუდან ბერიძე თავისი სოციალურ-პოლიტიკური წარმომავლობის გამო, ადრე თუ გვიან, ოპოზიციისაკენ გადაიხრებოდა, რაც დადასტურდა კიდეც.
    რჩეულიშვილის პირველი სერიოზული გამოცდა გახდა შახრაი - აბდულატიპოვის ვიზიტი საქართველოში (გაგრის დაცემის შემდეგ) და ამ ვიზიტის შედეგად ხელმოწერილი კომუნიკე. როგორც ცნობილია, ოპოზიციის გააფთრებული პროტესტის შედეგად, ეს კომუნიკე უარყოფილ იქნა, ხოლო პარლამენტის რისხვა თანაბრად დაატყდათ თავს რჩეულიშვილს, კავსაძესა და გოცირიძეს.
    ამ სამეულიდან ყველაზე «მყიფე» მდგომარეობაში სწორედ რჩეულიშვილი აღმოჩნდა, ვინაიდან «რესპუბლიკელებს» იგი ყველაზე მეტად სძულდათ. რჩეულიშვილმა თავდაჭერილობა გამოიჩინა და არ გაამხილა სახელმწიფოს მეთაურის როლი იმ კომუნიკეს ხელმოწერისას, რითაც «დარტყმა» საკუთარ თავზე აიღო და პოლიტიკური პერსპექტივაც კიდევ უფრო გაიძლიერა.
    «დედალმაშო» და მშიშარა «უმრავლესობაში» რჩეულიშვილი მართლაც გამოირჩევა  პრინციპულობით - მან ნამდვილად შეძლო ნათაძის დამარცხება, როდესაც ამ უკანასკნელმა შევარდნაძის გვერდით მჯდომ ვიცე-სპიკერს «ნაბიჭვარი» უწოდა, ხოლო რჩეულიშვილი შეურაცხმყოფელს ბორჯომით გაუმასპინძლდა. მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სიმპათია ამ შემთხვევაში უეჭველად მის მხარეს იყო, რადგან ქართველი კაცის ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის იმის მხარეს დგას, ვინც საკუთარ «კაცურ» ღირსებას იცავს, - ნებისმიერი საშუალებითა და ხერხით.

    რა თქმა უნდა, ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების შემდეგ, რჩეულიშვილს «მოქალაქეთა კავშირში» ბრწყინვალე მომავალი ელოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს ახალ, «სოციალისტურ» პარტიას და ამრიგად, წყვეტს ურთიერთობას «შევარდნაძის პარტიასთან».
    ერთი შეხედვით ეს თითქოს შევარდნაძესთან გამიჯვნასაც უნდა ნიშნავდეს. მაგრამ სინამდვილეში, რჩეულიშვილის ნაბიჯი კვლავ სახელმწიფოს მეთაურის პოზიციათა განმტკიცებისაკენაა მიმართული. საქმე ის გახლავთ, რომ შევარდნაძეს, ბოლო დროს, ძალზე აშინებს პანტელეიმონ გიორგაძის «კომპარტიის» გაძლიერება, რადგან ერთის მხრივ, ამ პარტიას მომავალ არჩევნებში სავსებით შეუძლია გარკვეული სოციალური მენტალიტეტის მატარებელი ელექტორატის მიმხრობა, ხოლო მეორეს მხრივ, პანტელეიმონ გიორგაძის მეგობრობა ჯაბა იოსელიანთან ამ ალიანსს არაფორმალური გავლენის სისტემითაც აძლიერებს.
    რჩეულიშვილმა და შევარდნაძემ, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, როლები გაინაწილეს - პირველი ქმნის ალტერნატიულ პარტიას გიორგაძე - იოსელიანის ელექტორატის დასაშლელად, ხოლო მეორე - ამძაფრებს შეტევას საზოგადოება «არჩევნების» წინააღმდეგ.
    თუ გავითვალისწინებთ, რომ ვახტანგ გოგუაძეს შევარდნაძის მიერ შექმნილ პოლიტიკურ კონფიგურაციაში სხვა ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებულ მომავალ გააფთრებულ ბრძოლებში რჩეულიშვილი საკვანძო ფიგურის მნიშვნელობას იძენს, რაც (გამარჯვების შემთხვევაში) კიდევ უფრო ზრდის მის პერსპექტივებს.

«მიმომხილველი», 21 ივნისი, 1995 წელი.