«ეროვნული მოძრაობის» ეპიტაფია

«ეროვნული მოძრაობის» ეპიტაფია

      

        «საქართველოს «ბებერმა მოჯაჰედინმა» (როგორც მას ოდესღაც გია ჭანტურიამ უწოდა), «მხედრიონის» უცვლელმა ლიდერმა, ბატონმ («დაახლოებით იმავე აზრით, როგორც ინგგლისელები ხმარობენ «სერ»- ღირსებითი აღმატებულების ნიშნად) ჯაბა იოსელიანმა, მცირე ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «ეს ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები სამარცხვინო ხალხიაო».
        თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე ინტერვიუში ჯაბა იოსელიანმა საკმოად დადებით კონტექსტში მოიხსენია არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ზურაბ ჟვანია და საპარლამენტო უმრავლესობა («ეგენი რაღაცას მაინც წარმოადგენენო») - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ «სამარცხვინო პოლიტიკოსებში», ანუ «სამარცხვინო ხალხში» ბატონი ჯაბა იმათ გულისხმობდა, ვისთანაც 1988 წლიდან ჰქონდა საქმე.
        ოღონდ აქაც კარგად უნდა გავარჩიოთ - იოსელიანს მანამდე ედუარდ შევარდნაძესთანაც ჰქონდა «საქმე» (თუნდაც იმ აზრით, რომ, როგორც თვითონ ამბობს, კომუნისტურ წყობას მთელი ცხოვრება ებრძოდა), ჯუმბერ პატიაშვილთანაც, შემდეგ გივი გუმბარიძესთან, მაგრამ საეჭვოა, ისინი ეგულისხმა - იგი უდავოდ იმათ ეხმაურებოდა (ციხიდან), ვისაც პირველად 1988 წელს შეეხმიანა «ფიზკულტურის ინსტიტუტის» უკან მოედანზე, სადაც ახლახან დაწყებული «მოძრაობის» აქტივისტები იკრიბებოდნენ: «ნუ გეშინიათ, ბიჭებო, თუ რამეა, თქვით, რომ თქვენთან არის ჯაბა იოსელიანი!» სინამდვილეში «ბებერ მოჯაჰედინს» პოლიტიკური ურთიერთობები მანამდე არავისთან ჰქონია, მაგრამ ათწლიანი (უფრო ზუსტად, - შვიდწლიანი, ციხეში მოხვედრამდე) ანალიზის საფუძველზე მოტანილი მისი დასკვნა «სამარცხვინო ხალხის» შესახებ მთლიანად დაადასტურა ზოგიერთმა გამოსვლამ პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე, - სავიზო რეჟიმის შესახებ.
        საერთოდ, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას რამდენიმე «დაუვიწყარი» სხდომა შემორჩა. მათ შორის 1994 წლის 1 მარტის, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ტანისამოსი შემოიხიეს და თმები დაიგლიჯეს დსთ-ში შესვლის საპროტესტოდ. ის სხდომა «ეროვნული მოძრაობის» ერთ-ერთი უკანასკნელი გამოვლენა იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა პირდაპირი (ქრონოლოგიური) და გადატანითი (მსოფლმხედველობრივი) მინიშვნელობით. დღევანდელი საზოგადოების განწყობაც ისე განსხვავდება იმდროინდელისგან, როგორც ცა და დედამიწა.
        ამდენად, სრულებით აღარ იყო გასაკვირი იმის ხილვა და მოსმენა, თუ «სავიზო რეჟიმზე» მსჯელობისას, «მოძრაობის» ყოფილი აქტივისტები როგორ ამჟღავნებდნენ სიბრძნესა და სიფრთხილეს რუსეთის მიმართ - აქაოდა, «ისე ნუ მოვიქცევით, თითქოს ცხენებს ვკაზმავთ მოსკოვის დასაპყრობად, ნუ აღიზიანებთ («ვ»-ს გარეშე) დიდ მეზობელს, მეტი გულდადინჯება (გ)მართებ(თ) და ასე შემდეგ. თითქოს, 10-12 წლის წინათ სწორედ ეს «ბრძენკაცები» არ დარბოდნენ რუსთაველზე ბრიყვული ლოზუნგებით (მაგალითად - «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია») და თავად არ დაამკივდრეს ის ჩლუნგი რადიკალიზმი, რისი მსხვრეპლიც გახდა საქართველო.
        «ავიღოთ ცეცხლოვანი მახვილი და მივწვდეთ კრემლს!» ამ ლოზუნგით დღევანდლ «სიდინჯემდე» და «ჭკუადამჯდარობამდე» ხომ მთელი ეპოქაა, მაგრამ ამათ ინტელექტუალურ ევოლუციას ამდენი უდანაშულო ხალხი და ასეთი ტერიტორიები რატომ უნდა შეწირვოდა მსხვერპლად? სად გაქრა ის აღტკინება, ის «სულიერი მხურვალება», ის შეურიგებლობა... ამ ფონზე, უბრალოდ, ტრაგიკომიკური უსამართლობა იქნება, თუ ყოველივე დაბრალდება ამ ხელისუფლებას (ჟვანიას, შევარდნაძეს და ასე შემდეგ) ხოლო ის ხალხი, ვინც სხვადასხვა სისხლიანი პროვოკაციით თავს მოახვია საქართველოს რადიკალური კურსი - მედიდური ჭკუის მასწავლებლის პოზას დაიკავებს, როდესაც ეს კურსი ამჟამად ლოგიკური შედეგით, ანუ საივზო რეჟიმით სრულდება.
        კიდევ ერთი ძალზე ნიშანდობლივი მოვლენა, რაც აშკარა იყო «სავიზო რეჟიმის» თაობაზე საპარლამენტო დებატებისას: დეპუტატები, რომლებიც ერთსა და იმავე კოალიციას («პოლიტიკურ ბლოკს» განეკუთვნებიან, გამოთქვამენ დიამეტრალურად საპირისპირო აზრებს, მაგრამ (მიაქციეთ ყურადღება) თითქოს ვერ ამჩნევენ ამ უხერხულობას.
        არადა, ელემენტარული ნონსენსია, ერთი და იმავე პოლიტიკური ძალის სხვადასხვა წარმომადგენელს კატეგორიულად შეურიგებელი დამოკიდებულება ჰქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ. ერთი აცხადებდეს: «რუსეთთან ურთიერთობათა გარკვევა საკუთარი შეცდომების აღიარებით უნდა დავიწყოთ», ხოლო მეორე: «მზადდება ახალი ღალატი, - მინსკიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტი გამოგვიცხადებს, რომ იძულებული გახდა დაეთმო ბაზების საკითხში, რათა სავიზო რეჟიმი აეცილებინა თავიდან». სინამდვილეში, არაფერს მსგავსს ედუარდ შევარდნაძე არ განაცხადებს, ვინაიდან «ბაზები» სულაც არ არის «სავიზო რეჟიმის» ადეკვატური საფასური. «ბაზების საკითხის» გადაწყვეტა შეიძლებოდა მოლოდ და მხოლდ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პარალელურად და ამ პირობით.
        ამრიგად, «სავიზო რეჟიმი» უკვე გარდაუვალია და ყოველგვარი სიყალბის გარეშე შეიძლება ითქვას: ეს არის რუსეთის უდიდესი შეცდომა, რომლითაც მან საბოლოოდ დაკარგა ყოველგვარი დასაყრდენი საქართველოში. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად სიმპტომატური იყო ელდარ შენგელაიას გამოსლვა. იმ დროს, როდესაც ყოფილი «მოძრაობის» დღეს «დაბრძენებული» ლიდერები «მოქალაქეთა კავშირს» - შევარდნაძესა და ჟვანიას - რუსეთის მიმართ «მეტი სიფრთხილისა და თავდაჭერილობისაკენ» მოუწოდებდნენ, - ელდარ შენგელაიამ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირიომ უარი განაცხადა რუსეთ-საქართველოს «დიდი ხელშეკრულების» რატიფიცირებაზე და, ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულების დენონსირება მოითხოვა. სწორედ ეს არის რუსული პოლიტიკის კრახი და პუტინის რუსეთის ჩლუნგი «დერჟავულობის» გამოვლენა. ელდარ შენგელაიას რომ შენი მეგობრიდან - «არცთუ მეგობრად აქცევ, მაშასადამე, მართლა იმპერია ხარ და მართლა «დერჟიმორდა»! სხვები უფრო ადრე მიხვდნენ, რასთან და ვისთან ჰქონდათ საქმე. მაგალითად, რომან მიმინოშვილმა, რომელიც 1992-1993 წლებში «კრემლის რეზიდენტა»დ გამოაცხადეს, - 1995 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის სხდომაზე თქვა: «ჩვენ ადრე ხშირად ვამბობდით, რომ რუსეთს არა აქვს პოლიტიკა საქართვლეოს მიმართ. მაგრამ რაც დრო გადის და რაც მეტად ვუფიქრდები, მით უფრო მიმტკიცდება აზრი:სინამდვილეში, პოლიტიკის არქონა არის სწორედ პროლიტიკა».
        პარლამენტის სხდომაზე მეასედ გაიმეორეს «მთავარი ბრალდება»: ხომ გეუბნებოდით მაშინ (1993-1994 წწ.), რომ დსთ-ში შესვლა არაფერს მოგვცემს...» ესენი კი ამბობდნენ, მაგრამ არსებობდა სხვა კატეგორიის ხალხი, ვინც ამჟამად ხმაგაკმენდილია, ოღონდ მაშიშნ საქართველო თუ დსთ-ში არ «შეითრეოდა», ესენი დღეს უეჭველად იტყოდნენ: «აი, მაშინ რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესულიყავით... ახლა ყველა პრობლემა (აფხაზეთის ჩათვლით) გადაწყვეტილი გვექნებოდა». ეს ხალხი ამჟამად ჩუმად არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათი არგუმენტაციის «ამოწურვა» აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ვეღარ ასცდებოდა. ახლა რამდენიც უნდა «იხტუნაონ», ვეღარავის დაარწმუნებენ, რომ რუსეთისადმი დათმობებით «აფხაზეთს როგორც გვინდა ისე მივიღებთ». სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას: დსთ-დან საქართველოს გასვლა )რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის შემოღების პასუხად) ამჟამად უდიდესი შეცდომა იქნებოდა და აი, რატომ: ბოლოს და ბოლოს უნდა გავითვალისწინოთ, რომ «დსთ» არ არის მხოლოდ რუსეთი. თუ რუსეთი გავიდა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან, რათა საქართველოსთან (!) სავიზო რეჟიმის შემოღების საშუალება ჰქონოდა - ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს, «უვიზო მიმოსვლის შესახებ» კონვენციამ არსებობა შეწყვიტა. საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს შენარჩუნებული «თანამეგობრობის» თითქმის ყველა ქვეყანასთან; დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლამ კი შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს, როდესაც იძულებულნი ვხდებით არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც ვაწარმოოთ მოლაპარაკება «უვიზო რეჟიმის» თაობაზე და არავინ იცის, რამდენად წარმატებული იქნება ეს მოლაპარაკება. გარდა ამისა, არსბეობს «დსთ»-ის სხვა კონვენციები (მათ შორის ეოკნომიკური ხასიათისაა), რომლებიც სავსებით შეესაბამება საქართველოს ინტერესებს - განურჩევლად იმისა, აღიარებს თუ არა ამ კონვენციებს რუსეთი. ამიტომაც იყო თავიდანვე მტკნარი სისულელე იმის თქმა, თითქოს «დსთ»-ში შესვლა რუსეშთი შესვლას ნიშნავს» და ასე შემდეგ. უკრაინა, ყაზახეთი ან მოლდოვა თუ «დსთ»-ში შევიდნენ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, ითთქოს ისინი, «რუსეთში შევიდნენ». რა თქმა უნდა, დსთ- გარკვეულწილად, მართლაც აღიქსირებდა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს, მაგრრამ ამას სხვებიც ითვალისწინებდნენ და «მშვიდობიანად გაყრის აუცილებელ საფასურად» მიიჩნევდნენ. ხოლო თუ მაინცდამიანც გვინდა, ჩვენს მიმართ რუსეთის არამეგობრული ნაბიჯის პასუხად «დსთ»-ს საწინააღმდეგო დემარშის გაკეთება, საამიოსდ საკმარისია, საქართველომ აღარ მიიღოს მონაწილეობა იმ სამიტებში, რომელიც მოსკოვში გაიმართება, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ მისთვის მიუღებელია დსთ-ს შინაარსის ის კომპონენტი, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა სახელმწიფო ხომ თანასწორუფლებიანია. რატომ უნდა იმართებოდეს სამიტები, როგორც წესი, მოსკოვში და რატომ არ უნდა ხდებოდეს თავმჯდომარის როტაცია ლათინური, ან თუნაც, რუსული ანბანის მიხედვით? 1992 წლიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს უცვლელი თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტია. ბორის ელცინის ეს ტრადიცია ვლადიმირ პუტინმაც გააგრძელა. მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ საქართველო დსთ-დან უნდა გამოვიდეს. ფორმალურად, ამ თანამეგობრობის წევრობა სრულებითაც არ გვიშლის ხელს «ნატო»-ში გავწევრიანდეთ. მით უმეტეს, საქართველო კარგა ხნის წინათ გამოვიდა დსთ-ს «კოლექტიური უშიშროების» ხელშეკრულებიდან, რომელიც ჩვენთვის სრულებით უსარგებლო იყო. ეს ხელშეკრულება რუსეთს ისევ და ისევ საიმისოდ სჭირდებოდათ, რათა საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული სივრცე შემოესაზღვრა, მაგრამ რაც შეეხება საქართვლეოს სტრატეგიულ ინტერესებს (აფხაზეთს), ეს ნურას უკაცრავდა, რუსეთი სულაც არ აპირებდა «ჩვენი გულისათვის» სეპარატისტებთან ურთიერთობათა გაფუჭებას. ასეთ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა საქართველოს დარჩენას «კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებაში», თუ ეს ხელშეკრულება არათუ არ უზრუნველყოფს საქართველოს უშიშროებას (ანუ, ჩვენს შემთხვევაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას), არამედ არც კი ცდილობს ამ მიმართულებით, თუნდაც, ერთი ნაბიჯის გადადგმას. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ აქაც იგივე ალგორითმი მოქმედებდა: საქართველო 5 წლის განმალვობაში მონაწილეობდა (კოლექტიური უშიშროების ხენლშეკრულებაში და მხოლდ ამი სშემდეგ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.
        რაც შეეხება რუსეთის მხრიდან «სამხრეთ ოსეთთან» და «აფხაზეთთა»ნ საზვრის გახსნას, - ეს, რა თქმა უ ნდა, აშკარა და თავხედური ანექსიაა იმ ტერიტორიების, რომელსაც ისედაც, უმეტესწილად, რუსეთი აკონტროლებს (განსაკუთრებით «სამხრეთ ოსეთს»). ამით რუსეთი უკვე აშკარად აღიარებს, რომ თავს უფლებაომსილად მიიჩნევს, გაატაროს «ორმაგი სტანდარტის» პოლიტიკა. ერთი სტანდარტი - საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის, მეორე სტანდარტი – ჩეჩნეთისათვის. სწორედ ეს არის «იმპერიალიზმის», - როდესაც ძალა განსაზღვრავს უფლებას (და არა პირიქით) საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ ფონზე, უბრალოდ, გამაოგნებელია მრავალმნიშვნელოვანი ოხვრა-კვნესა (მათ შორის იმ ავე «მოძრაობის» წარმომადგენელთა მხრიდან) იმის თაობაზე, რომ, თურმე, პრეზიდენტ შევარდნაძეს არ უნდა ეთქვა «ჩვენის მხრივ საპასუხო ზომებს მივიღებთ, ჩვენც გავხსნით საზღვარს (იგულისხმება, რასაკვირველია, ჩეჩნეთი, პანკისის მონაკვეთზე, თუმცა, შევარდნაძეს იგი არ დაუსახელებია), და არა მგონია, ამით რუსეთმა რაიმე მოიგოსო». მიაქციეთ ყურადღება, რამდენად სტაბილური, არამყარი და გაუცნობიერებელია ჩვენი საზოგადოებრივი აზრი: ერთი მხრივ, «ეს არ უნდა ეთქვაო», მეორე მხრივ, თუ შევარდნაძე საერთოდ არაფერს იტყოდა, და საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგამდა, იგივე ხალხი უეჭველად იტყვის – უთავმოყვარეო და უმწეო ხელისუფლება გვყავსო. უბედურია ნებისმიერი ხელისუფლება იმ ერის და იმ საზოგადოებისა, რომელსაც თვითონ ვერ გაუგია, რა უნდა, რა უნდოდა და თავად არის დაავადებული «მონური ფსიქოლოგიით», მაშინ, როდესაც ამას საკუთარ ხელიოსუფლებას აბრალებს. ჩვენს ამ თვისებას მოსკოვში შესანიშნავად იცნობენ. მათ ხომ დანამდვილებით იციან: თუ საქართველოს ხელიოსუფლება აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» საზვრის გახსნის საპასუოდ, თუნდაც სიმბოლურ ნაბიჯებს გადადგამს, აუცილებლად გამოძვრება ყოფილი «მოძრაობის» რომელიმე იდეოლოგი და საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთისადმი «პროვოკაციულ-კონფრონტაციული კურსის» გატარებაში დაადანაშაულებს, რითაც საზოგადოების გაწყობას გამოეხმაურება. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში ამ საზოგადოებას ისიც მართებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დათმობები აღარ გამოაცხადოს «ქვეყნის გაყიდვავდ», თორემ იგი ნამდვილად ემსგავსება იმავე ბატონი ჯაბას ერთი ცნობილი ანეკდოტის ჩოხა ახალუხ ხანჯლიან პერსონაჟს (ბებერმა მოჯახედინმა ეს ანეკდოტი 8 წლის წინათ ნოტაციად წაუკითხა მთელს საქართველოს), რომელსაც აბანოში შეიტყუებენ).
        და საერთოდ, საკითხის საპარლამენტო მოსმენისას, გასულ პარასკევს, ის ხალხი, ვინც 10-12 წლის წინათ «წითელ ინტელიგენცია»დ და «კომუნისტურ ნომენკლატურად» გამოაცხადეს, გაცილებით უფრო სინდისიერად იქცეოდა, ვიდრე ჩვენი პოლიტოკრატიის ზოგიერთი წარმომადგენელი, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ თურმე, ნუ იტყვით, პოლიტიკაში ზომიერება, მოზომილობა, თავდაჭერილობა, კომპრომისულობა, წინდახედულება, ჯანსაღი პრაგმატიზმი,უ ბრალოდ, აუცილებელია. ახლა გაახსენდათ, როდესაც უკვე მიაღწიეს საწადელს და «იდეა» პირადიქონების «მატერიით» შეავსეს, თორემ «კომპრომისს» როგორ უხსენებდი «მაშინ», ანუ იმ დროს, როდესაც სოციალური თვითდამკვიდრებისათვის იბრძოდნენ და საამისოდ სრულებით უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას არ ერიდებოდნენ.
        რა მიზანს ისახავს რუსეთი «ვიზების» შემოღებით? რასაკვირველია, ჩეჩნეთი და «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა» აქ არაფერ შუაშია. ოღონდ, ნურვის ეგონება, თითქოს, ამით მოსკოვი ცდილობს აიძულოს საქართველოს ხელისუფლება ხელი მოაწეროს რაიმე დოკუმენტს «ბაზების თაობაზე».
        მისი მთავარი მიზანი, მართლაც, საქართველოში სამხედრო ყოფნის შენარჩუნებაა, მაგრამ მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ ეს ხელისუფლება ამგვარ კაპიტულაციას ხელს არ მოაწერს. ამდენად, «სავიზო რეჟიმით» რუსეთი ცილობს საქართვლეოში შექმნას დამატებითი სოციალური პრობლემები, რათა მოსახლეობა განაწყობს ხელისუფლების წინააღმდეგ და გაიმეოროს ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა 1991-1992 წლებში. ჩრდილოელი მეზობელი ხომ კარგად ხედავს და ამჩნევს ჩვენი სმაზოგადოების უმთავრეს თვისებას: დააკვირდით როგორ ჰგავს ამჟამინდელი ატმოსფერო იმას, რაც პირველი სამოქალაქო ომის წინათ იყო საქართვლეოში. რუსეთის «სპეცსამსახურებს», გრუ-სა და კგბ-ს ყველაფერს ნუ დავაბრალებთ: ისინი მხოლოდ ჩვენს თვისებრიობას იყენებენ დიდოსტატურად – მათ შორის ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებებს, რათა გაეჩაღებინათ შეურიგებელიო დაპირისპირება. შემდეგ კი ყოველივე «ტექნიკის საქმე იყო და რუსეთმა 1999 წლამდე გაიხანგრძლივა «სამხედრო ყოფნა» საქართველოში, ვინაიდან სამოქალაქო ომშიშ ჩართულ ორივე მხარეს ეშინოდა, ვაითუ «რუსის ჯარი» მოწინააღმდეგემ გამოიყენოსო და მისი «ნეიტრალიტეტის» უზრუნველყოფას ცდილობდა. დღესაც იგივე მეთოდოლოგია ხორციელდება, ოღონდ, სხვა სტერეოტიპების გამოყენებით: მათ შორის ისეთი ცნებებით მანიპულირებთ, როგორიცაა «კორუფცია», აგრეთვე ჭორების გავრცელების სამსახური, რომელსაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ვინაიდან, მცირე მცდელობაც კი ნოყიერ ნიადაგს პოულობს და ასე შემდე. ეს ყოველივე იმ ფონზე, როდესაც რიგი სუბიექტური, მაგრამ აგრეთვე რიგი ობიექტური მიზეზის გამო სოციალური ვითარება ქვეყანაში მართლაც დაძაბულია, ხოლო «სავიზო რეჟიმი» მას კიდევ უფრო გაამწვავებს. აქედან გამომდინარე, დარმწუნებით შეიძლება ითქვას: «სავიზო რეჟიმის» შემოღებით რუსეთი ცდილობს დაიწყოს საქართველოს ამჟამინდელიო ხელისუფლების დამხობის პროცესი! მისი მიზანი ისევ და ისევ არის არა საქართველოს პოლიტიკის შეცვლა, არამედ, უბრალოდ, ახალი ქაოსისა და არეულობის პროვოცირება, რათა «საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნის შეწყვეტა» არავის გაახსენდეს. თორემ ის კი შესანიშნავად იციან, რომ არც ერთი ხელისუფლება «რუსეთ-ბელორუსიის კავშირში» საქართველოს არ შეიყვანს. თუომცა ეს არც სჭირდებათ, მაინცდამაინც.
        რა მიიღო საქართველომ პირველი სამოქალაქო ომის შედეგად? – ნგრევა და ისედაც ძალზე მყიფე სახელმწიფოებრივი საყრდენების (მათ შორის «ცნობიერი საყრდენების») კიდევ უფრო «მოფამფალავება». გარდა ამისა, საქართველო აღმოჩნდა ტაჯიკეთთან ერთად ის ქვეყანა, რომელმაც, ძალთა გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან. სომხეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინაიდან რუსეთის ჯარები ღიად მონაწილეობდნენ სომხეთის მხარეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში და ბუნებრივია, ერევანს არანაირი საფუძველი არა აქვს, რათა ამ ჯარების გაყვანა მოითხოვოს. არადა, რუსეთს სამხედრო ბაზა არ გააჩნია ბელორუსიაშიც კი»! ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ რუსეთის პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: «ჩვენ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ვაფორმებთ რუსეთთან, შეიძლება ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოც კი შევქმნათ მომავალში, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები დღეს ან თუნდაც ხვალ უნდა განლაგდეს ბელორუსიის ტერიტორიაზე». წარმოგიდგენიათ?! ამ დროს კი საქართვლეოში, ვისი ტერიტორიებიც რუსეთმა, ფაქტობრივად, დაიპრყრო და ხელი შეუწყო სეპარატისტებს ეთნიკურ წმენდათა განხორციელებაში, ვისთან «მეგობრობისა და კეთილმეზობლობის» ხელშეკრულების რატიფიცირებაზეც რუსეთი უარს აცხადებს, - ოთხი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული. საამისოდ კი, რათა ამ ბაზების გაყვანა არ დაუშვას, რუსეთ ს შემოაქვს «სავიზო რეჟიმი», კიდევ უფრო რომ გაართულოს სოციალური ფონი, გამოიწვიოს ახალიო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი.
        ეს თუ იმპერიალიზმი და შოვინიზმი არ არის, მაშინ ამ ცნებათა შინაარსის გარკვევა საერთოდ შეუძლებელი ყოფილა. თუმცა, საქართველოში ჯარების შენარჩუნების სურვილს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური მიზეზიც აქვს. ეს მიზეზი ისევ და ისევ გვაბრუნებს 1988-1993 წლებში, როდესაც ამჟამინდელ ვითარებას ჩაეყარა საფუძველი. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ წლების გახსენებისა და სათანადო ანალიზის გარეშე დღევანდელობის აღქმა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
        რაც შეეხება რუსული საზოგადოების განწყობას, მისი მტკივნეული რეაქცია საქართველოდან ჯარების გაყვანაზე იმითაც არის განპირობებული, რომ მაშინ (8-10 წლის წინათ) საქართველოს სამაგალითო დასჯა, მისი დაცინვა და დამცირება ამ საზოგადოებისთვის სსრკ-ს დაშლით გამოწვეული ტკივილის გარკვეული მორალურ კომპენსაციად იქცა! მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: 1993 წელს, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ტელეკომპანია «ოსტანკინომ» (დღევანდელ «ორტ»-ს მაშინ ასე ერქვა) უჩვენა ლეონიდ გაიდას ფილმი «კავკასიელი ტყვე ქალი», რომელიც (მიაქციეთ ყურადღება) 1988 წლიდან არ გამოჩენილა «საკავშირო» ტელეეკრანზე, ანუ მას შემდეგ, რაც კავკასიაში ვითარება დაიძაბა. იქნებ, ეს ფილმი ჩვეულებრივი, მხიარული, კეთილი კომედია გგონიათ? აბა, ერთი ყურადღებით ნახეთ და დააკვირდით. როგორ გეკადრებათ, რის «კეთილი კომედია». ხოლო მან, ვინც მაინც ამას დაიჟინებს, ალბათ, უნდა გაარკვიოს, თუ ეს მართლაც «მხიარული და კეთილი» კომედიაა, რატომ არ უჩვენებდა ამ ფილმს «საკავშირო ტელევიზია» 1988 (!) წლიდან და რატომ უჩვენა მაინცდამაინც სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ?
        ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ტკბებოდა რუსული საზოგადოება ამპარტავანი «გრუზინების» დამცირებით. ამიტომ, როდესაც დღეს საქართველო «თავს სწევს», რაღაც მოთხოვნებს აყენებს, საკუთარ ინტერესებს აფიქსირებს, ჯარების გაყვანაზე საუბრობს – რუსულ საზოგადოებაში ეს ძალზე მტკივნეულ რეაქციას იწვევს: «კი, მაგრამ, ესენი კიდევ რამეს თქმას ბედავენ? ესენი კიდევ ცოცხლები არიან? ხომ ჩავწიხლეთ და დავტკბით მათი დამცირებით?!! კიდევ ახერხებენ კრინტის დაძვრას?» აქედან გამომდინარე, პუტინის ადმინისტრაციაც «უხერხულ მდგომარეობაში» ვარდება _ ისე გამოდის, რომ მისმა წინამორბედმა, ბორის ელცინმა უზრუნველყო საქართველოს დამცირება, ოლო პუტინი ურიგდება იმას, რომ ქართველები ჯარების გაყვანას მოითხოვენ (ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება კიდეც მიაღწიონ ამას) და შეიძლება გამოივდნენ კიდეც ამ მდგომარეობიდან, რითაც რუს ხალხს ტკივილი მიაყენონ. ჩვენ უნდა გავიგოთ რუსი ხალხის ტკივილი. აი, სწორედ ეს საზოგაოდებრივ-ფსიქოლოგიური განწყობა არის მიზეზი იმ უცნაურობისა, რომ რუსეთში სულაც არ აღიქვამენ მტკივნეულად ჯარების გაყვანას და ბაზების არარსებობას აზერბაიჯანში, უკრაინაში (სევასტოპოლი სხვა ფენომენია), ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ლიტვაში, ესტონეთში, მაგრამ საქართველოს ანალოგიური მოთხოვნა საშინლად მტკივნეულ რეაქციას იწვევს.
        თვით «სავიზო რეჟიმის» თაობაზე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ღონისძიების ნეგატიური შედეგი აშკარად გადაჭარბებულია. საპარლამენტო დებატებისას ზოგიერთები, «რუსეთის ბაზრის» დაკარგვის შედეგად», სრულ კატასტრფოას გვიწინასწარმეტყველებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 85 პროცენტი რუსეთში გადის საექსპორტოდ. ჯერ ეით, არა «წარმოებულის», არამედ მხოლდ «ექსპორტიტრებულის» 85 პროცენტი, რაც წარმოებულის, არა უმეტეს, 40 პროცენტია.
        დავუშვათ, ამ 40-მა პროცენტმა ვერ იპოვა გზა რუსეთის ბაზარზე შესაღწევად (რაც ზღაპარია, ვინაიდან მესამე ქვეყნებიდან მაინც შევა, რაკი მოთხოვნა არსეობბს). მივაქციოთ ყურადღება: წელს გვალვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება (მთელი წარმოება და არა მხოლოდ ექსპორტი) სწორედ 40 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ქვეყანა ამით არ დაქცეულა. თუ მოთხოვნა არსებობს, საექსპორტო საქონელი (ვიმეორებ) გზას მაინც იპოვის ან ორიენტაციას შეიცვლიოს. ის ხალხი, ვინც «რუსეთის ბაზარს» მისტირის, რატომღაც, არ ითვალისწინებს, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე იმავე ნაწარმთან უხდება კონკურირება, რაც უკრაინაში, თურქეთში, საფრანგეთში თუ ყაზახეთში. რუსეთის ბაზარი რომ (ადრინდელივით) სხვა პროდუქციისთვის «დახურული» იყოს – მაშინ სხვა საქმეა.
        ახლა, რაც შეეხება რუსეთიდან ქართველების «გამოყრას». შეუძლებელია, აქ ისეთ ციფრებზე იყოს საუბარი, რაც სახელდება – ერთი მილიონი, ან თუნდაც ნახევარი მილიონი. არ არის გამორიცხული, 300-400 ათასი ქართველი (ხაზს ვუსვამ – ეთნიკური ქართველი და არა სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ) მართლაც ცხოვრობდნენ უმეტესწილად მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში, მაგრამ თუ მათი უმრავლესობა რუსეთში სამუდამოდ გადასახლდა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს. მიიღებს თუ არა რუსეთის მოქალაქეობას? განა რა აზრი აქვს, მართლაც, თუ შეინარჩუნებენ საქართველოს მოქალაქეობას და მუდმივად რუსეთში იცხოვრებენ? ხოლო, თუ რუსეთში დროებით აპირებენ ცხოვრებას და 5-10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან, რა ბედენაა, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღიდგინონ ისევ ქართული! ასე რომ, «მასობრივი გამოყრა» რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ნამდვილად არ ემუქრებათ. მათგან რამდენიმე ათეული ათასი იძულებული გახდება დაბრუნდეს, მაგრამ ვერც ეს დააქცევს ქვეყანას.
        აქ ყველაზე საინტერესო ის რეაქციებია, რაც საქართველოში მჟღავნდება. პარლამენტის ხსენებულ სხდომაზე ეს რეაქციები საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა. ყოველ შემთხვევაში, ჟვანიას გამოსვლა და პოზიცია გაცილებით ურფო მკაფიო და დასაბუთებული იყო, ვიდრე «ევრონული მოძრაობიდან» მოსული სხვა პოლიტიკოსებისა. ვახტანგ ბოჭორიშვილი აღმოჩნდა გამონაკლისი, რმოელიც ადასტურებს წესს, თუმცა, მის მოყოლილ იგავს ვახტანგ რჩეულიშვილმა გენიალური კახური ანეკდოტი მოაყოლა – ყვავი რომ თვითმფრინავში დარჩენილ თანამეინახეთ შემოსძახებს გარედან «თუ არ შეგიძლია, არ უნდა...!
        ვინაიდან ამ კონტექსტში ეს ანეკდოტი, უეჭველად, საქართველოს დამოუკიდებლობას გულისხმობდა («თუ არ შეგიძლია, არც უნდა გამოაცხადო»), ამდენად უეჭველია, რომ ყვავის ნიშნის მოგებთი ნათქვაიმ, როგორც უნდა განვითარდეს საქართველოს ისტორია, იმ «მოძრაობის» ეპიტაფიად კი გამოდგება, გენერალ ალექსანდრე ლებედევთან «ვახტანგურად» რომ სვამდა «რუსეთ-საქართველოს ერთიანობის» სადღეგრძელოს.
        ან თუ ეს ეპიტაფია არ მოეწონებათ, მაშინ ბატონი ჯაბა იოსელიანის დაუვიწყარი ანეკდოტი «აბანოზე» - ერთი სიტყვით, არჩევანი აქვთ.

დილის გაზეთი, 27 ნოემბერი, 2000 წელი