ელცინის ვიზიტის წინ

ელცინის ვიზიტის წინ

რას მივაღწიეთ?

    ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, მოსწრებული ქართული თქმა მოგაგონდება: ერთი ცხვრისკენ, ერთიც - მგლისკენო... მართლაცდა, მოვიდა დრო, როდესაც ნახევრადსიმართლე სიმართლით უნდა შეიცვალოს და პრინციპულად დაუპირისპირდეს იმ ახალ, «ედუარდისტულ» სტერეოტიპებს, რომლებიც ძველი «ზვიადისტური» სტერეოტიპების ნაცვლად მკვიდრდება (თუ ამკვიდრებენ) ჩვენს ცნობიერებაში.
    რუსულენოვან ყირგიზ მწერალს, ჩინგიზ აიტმატოვს აღწერილი აქვს «მანქურთთა» კასტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავზე შემოჭდობილი ცეცხლოვანი სალტით საკუთარი წარსული დაავიწყებინეს. მწერალს სურდა მხატვრული ენით ეთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში სწორედ ასეთ მანქურთებად აქციეს მრავალი ხალხიც, რომლებსაც, ამ ადამიანთა მსგავსად, დაავიწყებინეს საკუთარი წარსული.
    მართლაც, წარსულის იგნორირება, წარსულის მიჩუმათება, წარსულისადმი ფარისევლური, არაგულწრფელი დამოკიდებულება კომუნისტური ტოტალიტარიზმის უპირველესი ნიშანთვისებაა და ამ ნიშანთვისებით ყოველთვის შეგვიძლია შევიცნოთ თუნდაც ათასგზის სახეცვლილი და «გადემოკრატებული» იდეოლოგიაცა და ამ იდეოლოგიის მატარებელი «გაკეთილშობილებული» კომუნისტიც.
    თვით საზოგადოებაც კი, მთლიანობაში, თავისი არსით, კვლავ ტოტალიტარულია, თუკი ურიგდება სტერეოტიპებს და არ ცდილობს (ან არ ანებებს) მათ დამსხვრევას.
   

    ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპის თანახმად, რომელსაც დღეს გაბატონებული (უფრო სწორად, კვლავ გაბატონებული) საზოგადოებრივი ელიტა ამკვიდრებს, თუ დეკემბერ-იანვრის მოვლენებს არ იწონებ და არც ედუარდ შევარდნაძის მიერ შემდგომში გატარებული სახელმწიფო კურსი მიგაჩნია სწორედ და მიზანშეწონილად, მაშინ უეჭველად «ზვიადისტი» ხარ. არადა, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის! ძალიან ბევრ მათგანს, ვინც გამსახურდიას მხარს არასდროს უჭერდა და მისთვის ხმა არ მიუცია (მათ შორის მეც), მიაჩნდა და მიაჩნია, რომ დეკემბერ-იანვრის მოვლენები იყო ან უდიდესი შეცდომა, ან წინასწარგანზრახული დანაშაული საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე.
    «ხე ნაყოფით შეიცნობაო» ნათქვამია... რამდენიც არ უნდა ეცადოს ოფიციალური პროპაგანდა, საზოგადოებრივი შეგნება უკვე იჟღინთება იმ აზრით, იმ მიხვედრით, რომ ბოლო ორ წელიწადს საქართველოს თავსდატეხილ უბედურებათა ახსნა სწორედ იმ ავადსახსენებელ მოვლენათა საიდუმლოებაში უნდა ვეძიოთ.
    ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნებისთანავე თქვა,  რომ ის რაც მაშინ მოხდა «დემოკრატიული რევოლუცია» იყო. ამასვე ამტკიცებს დღემდე მისი ერთგული «ელიტაც» და კვლავ, ისევე, როგორც კომუნისტურ პერიოდში, თუკი წარსულის სტალინისეულ შეფასებებს არ ეთანხმებოდი, უეჭველად «ტროცკისტი» იყავი, ან «ბუხარინელი», «მემარჯვენე ცენტრისტი» და საერთოდ «ხალხის მტერი». დღეს, თუ არ იზიარებ აზრს, რომ დეკემბერ-იანვარში საქართველოში «დემოკრატიული რევოლუცია» მოხდა, უეჭველია, ისევ და ისევ «ზვიადისტი» ხარ.
    ასეთი მორალური ტერორი ამჟღავნებს, რომ ამ «კონცეფციის» ავტორებს თავად არ სჯერათ საკუთარი სიმართლისა და განსხვავებული აზრის ეშინიათ.
    მაგრამ მოდით გულდამშვიდებით, ლოგიკურად გავაანალიზოთ: სად გაგონილა, «დემოკრატიული რევოლუცია» მოხდეს ოკუპირებულ, დაპყრობილ ქვეყანაში, რომელიც ყველა თვალსაზრისით, (ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად) ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი სისხლხორცეული ნაწილია? სად გაგონილა დემოკრატიულ რევოლუციაში (განსაკუთრებით «კონტრრევოლუციის» წინააღმდეგ) საოკუპაციო ჯარი მონაწილეობდეს? როგორ შეიძლება «დემოკრატიული რევოლუციის» ბელადი (კიტოვანი) საოკუპაციო ჯარის მთავარსარდლის კაბინეტში ათევდეს ღამეს, როგორც ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გვაუწყა გაზეთ «შანსისთვის» მიცემულ ინტერვიუში?
    საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვერსიით, შარშანწინ «დემოკრატიულ ძალებს» საქართველოში «ტირანია» დაუმხიათ. ერთი საინტერესო დაკვირვება: რამდენადაც მახსოვს, დღევანდელ საზოგადოებრივ ელიტას არასდროს არ გამოუყენებია სიტყვა «ტირანია» საქართველოში ადრე არსებული რეჟიმების აღსანიშნავად. მაგალითად: არასდროს არავის უთქვამს, რომ საქართველოში არსებობდა «ბერიას ტირანია», «მჟავანაძის ტირანია», «შევარდნაძის ტირანია» და ა.შ. სამაგიეროდ, თურმე საქართველოში «გამსახურდიას ტირანია» ყოფილა. არადა, ის უბედური გამსახურდია მართლა ტირანი რომ ყოფილიყო მისი ზოგიერთი «დემოკრატი» მოწინააღმდეგე მაშინაც ისევე იქნებოდა სოროში შემძვრალი შიშით, როგორც დღეს შეძვრება ხოლმე, როდესაც «მხედრიონის» ლიდერი, რაღაცაზე განაწყენებული, საპარლამენტო ტრიბუნაზე მუშტის დაბრახუნებას გადაწყვეტს.
    მკითხველს ვთხოვ, გაიხსენოს, რა განგაში იყო ამ ორი-სამი წლის წინ ატეხილი ზვიად გამსახურდიას «მერსედესის» გამო. დავუშვათ, ის «მერსედესი» უპატიებელი ცოდვა იყო, მაგრამ იმ ისტერიის ავტორებს მინდა ვკითხო: კი მაგრამ, თუკი გამსახურდიას (პრეზიდენტს!) მერსედესი არ ეპატიებოდა, დღეს, როდესაც არათუ ქვეყნის ხელმძღვანელი, არამედ «ეროვნულ ბანკთან» დაახლოებული არაერთი პარლამენტის წევრიც კიდევ უფრო ძვირფასი «მერსედესით» დაგრიალებს დამშეული თბილისის ქუჩებში - დღეს რატომ აღარ სტეხთ «ასეთსავე განგაშს?
    რაც შეეხება «დემოკრატიას». ამ დიდ ცნებასთან დაკავშირებით ზოგიერთი «გამოჩენილი» დემოკრატის ქცევა ხომ ნამდვილ კომედიად იქცა. ამასწინათ ერთი მათგანი საქვეყნოდ გაჰყვიროდა ტელევიზიით: ჩვენ, ქართველებს «დემოკრატია» კი არა, «ულვაშას მათრახი» გვჭირდებაო!
    მინდა კვლავაც ვიკითხო: კი მაგრამ, თუ მართლა ასე ფიქრობდით, მაშინ რაღას გვერჩოდით: «დემოკრატია გვინდაო»?
    როგორც ჩანს, მაშინაც საქმე «დემოკრატიაში» არ იყო, საქმე სხვა რამეში იყო. თუ რაში იყო საქმე სინამდვილეში, - ამაზე ქვემოთ.
    ყოველ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესს აქვს რაღაც მთავარი ნიშნები, უმთავრესი ვექტორი, რომელიც განსაზღვრავს მის საერთო მიმართულებას.
    დღეს ასეთი ძირითადი მნიშვნელი უეჭველად იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო, თანდათანობით, ნელ-ნელა მაგრამ განუხრელად კარგავს დამოუკიდებლობას. ჯერ ე.წ. «სნგ»-ში შეგვიყვანეს, ახლა «რუსული ფულის» კვლავ შემოტანას აპირებენ, შემდეგ ჯარს შემოიყვანენ (რა თქმა უნდა «კრიმინალებთან» საბრძოლველად) და, ბოლოს და ბოლოს, რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ფული და ჯარი!
    თუ ამ ორი კომპონენტის გარეშე საქართველო მაინც დარჩება საქართველოდ, ასეთი «სახელმწიფო» ჩრდილოეთ ოსეთი და ბაშკირეთიც კია.
    რა თქმა უნდა, დღევანდელ ხელისუფალთ სათანადო არგუმენტაცია მოჰყავთ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: «რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არ არის, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ რუსეთი მეტისმეტად ძლიერია, მეტისმეტად მჭიდრო აღმოჩნდა ეკონომიკური კავშირები, მეტისმეტად სუსტია საქართველოს ეკონომიკა, ამიტომ უნდა შევურიგდეთ რეალობას, - პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, მთავარია ქვეყანა ფიზიკურად არ დაიღუპოს, არსებობს შესაძლებელი და არსებობს შეუძლებელი, უნდა შევურიგდეთ ბედს» და ა.შ.
    მართლაც ძალიან ძლიერი არგუმენტაციაა და ენა ვერ უნდა მოგიბრუნდეს კაცს, რომ ამის მთქმელ ხელისუფლებას არ დაუჯერო, მისი არ ირწმუნო, ეს არგუმენტები დამაჯერებლად არ მიიჩნიო.
    ხელისუფლებას მართლაც აქვს უფლება, ყოველივე ეს უთხრას ხალხს და ხალხიც ვალდებულია, მას დაუჯეროს, მაგრამ. . . . როდესაც ამას ამბობს ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლება ძალით დაამხო, ქვეყნის დედაქალაქი დაანგრია, ქვეყანაში სისხლის ტბა დააყენა, შემდეგ ქვეყანა ჩაითრია აბსოლუტურად უპერსპექტივო ომში - ათასგზის უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, ეს ომი (ისედაც წინასწარ წაგებული) უნიჭოდ, უნიათოდ წარმართა, სამარცხვინოდ დამარცხდა და უსიტყვო კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა, აი, როდესაც ყოველივე ამას ამბობს ეს ხელისუფლება, მაშინ ზემოთ მოყვანილი არგუმენტაცია ყოველგვარ დამაჯერებლობას კარგავს!
    გარდა ამისა, ჩნდება სავსებით საფუძვლიანი ეჭვიც - ხომ არ იყო დეკემბერ-იანვრის მოვლენები ინსპირირებული სწორედ იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც შემდგომ, მის მიერ ამ ხერხით ხელდასმულმა ხელისუფლებამ სრული კაპიტულაცია და ლოიალობა გამოუცხადა?
    რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება თუ «რევოლუცია» ყოველთვის არ არის სათანადო გამართლებას მოკლებული. ისტორიაში ხშირად მომხდარა, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ და სამხედრო დაჯგუფებას თავის თავზე აუღია მთელი პასუხისმგებლობა ერის ბედზე და ქვეყანა ბედნიერებისა და აყვავების გზაზეც დაუყენებია.
    ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი: «გამარჯვებულებს არ სჯიან». არავინ ასამართლებს ფრანგ დემოკრატებს - ძირძველი ფრანგული არისტოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული მხეცური, სისხლიანი ტერორის გამო. არავინ ასამართლებს პინოჩეტს, რომელმაც, მიუხედავად სისხლიანი გადატრიალებისა, ქვეყანა აყვავების გზაზე დააყენა, მაგრამ. . . როცა სახელმწიფო გადატრიალებას ახორციელებს ის ხელისუფლება, რომლის შემდგომი მმართველობის შედეგად ქვეყანა კარგავს თავისი ტერიტორიის საუკეთესო ნაწილს; ასეულობით ათასი ადამიანი იქცევა ლტოლვილად, ხოლო ათეულობით ათასი - ფიზიკურად ნადგურდება; ეკონომიკა ინგრევა და პირწმინდად იძარცვება, ხოლო სახელმწიფო ფაქტობრივად კარგავს დამოუკიდებლობას ანუ ერი - სახელმწიფოებრიობას, მაშინ «გამარჯვებულებს» უკვე აღარაფერი ეპატიებათ და ვერავითარი «კონტრრევოლუციური» ხრიკებით ისინი თავის მარცხს ვერ გაამართლებენ!
    რაკი მთელი პასუხისმგებლობა იკისრეთ სახელმწიფო გადატრიალებისას, მაშინ კეთილი ინებეთ და ყველაფერზე აგეთ პასუხი - სამოქალაქო ომზეც, სამამულო ომზეც, მაფიაზეც და კრიმინალურ სიტუაციაზეც.
    კვლავ ვიმეორებ: ზვიად გამსახურდიას მომხრე, მითუმეტეს მისი თაყვანისმცემელი, არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს აღშფოთებას იწვევს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური უნიათობის უმძიმესი შედეგი ექსპრეზიდენტის მომხრეებს გადააბრალოს.
    აი, მაგალითად: ოფიციოზი დღეს გააფთრებით ცდილობს, დაამკვიდროს სტერეოტიპი, რომლის თანახმად, აფხაზეთი თურმე «ზვიადისტების ღალატის შედეგად დაიკარგა».
    სინამდვილეში კი, თუ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი წარმოებულ პოლიტიკას (უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიმართ) გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ აფხაზეთი საქართველომ დაკარგა არა ღალატის, არამედ ჯერ ავანტურისტული, ხოლო შემდეგ უნიჭო და უნიათო პოლიტიკის შედეგად!
    საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა იძახოს: ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყიაო, - რეალურად მან მისცა აფხაზ სეპარატისტებს იმის დაფიქსირების საშუალება, რომ ომი დაიწყო სწორედ იმ დღეს, როდესაც ამ ტერიტორიაზე ქართული ჯარი შევიდა.
    რაც შეეხება «ღალატს». აქაც ბევრი რამ გაურკვეველია: მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ლოთი ქობალიამ არ გადალახა კოდორი და არ მიეშველა სოხუმს ოჩამჩირედან მაშინ, როდესაც ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლო.
    კარგით, დავუშვათ, ლოთი ქობალია მართლაც სამშობლოს მოღალატეა, მაგრამ იქ ხომ სხვებიც იყვნენ? - იქ იყო თენგიზ კიტოვანი, იყო ჯემალ ჭუმბურიძე, იქ იყო პირველი საარმიო კორპუსის ხელმძღვანელობა, იქ იყო ბევრი სამხედრო ხელმძღვანელი, რომელთაც «ზვიადისტობას» ნამდვილად ვერ დასწამებ. . . მათ რატომ არ გადალახეს კოდორი, თუკი ეს ასეთი ადვილი იყო? ისინიც მოღალატეები არიან? დავუშვათ, ისინიც მოღალატეები არიან, მაშინ რითღა აიხსნება ის კიდევ უფრო უცნაური გარემოება, რომ «ღალატიდან» (ანუ სოხუმის დაცემიდან) სულ რაღაც ორიოდე კვირის შემდეგ, ერთი ამ «მოღალატეთაგან» ახლადაღდგენილი გვარდიის სარდლად ინიშნება, მეორე -საპატიო მთავარსარდლად, მესამე კვლავ აგრძელებს მუშაობას თავდაცვის სამინისტროში - ხელმძღვანელ პოსტზე.
    აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: რამდენჯერ შეიძლება მოტყუვდეს ჭკვიანი კაცი? ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანი კაცი საერთოდ არ მოტყუვდება დიდ საქმეში. უბრალოდ ჭკვიანი კაცი შეიძლება მოტყუვდეს მხოლოდ ერთხელ. ნაკლებად ჭკვიანი კაცი შესაძლოა მოტყუვდეს სამჯერაც კი, ოღონდ სამჯერვე - სხვადასხვა ხერხით და მეთოდით.
    მაგრამ როდესაც სამჯერ გატყუებენ, სამჯერვე ერთი და იგივენი გატყუებენ და, რაც მთავარია, სამჯერვე გატყუებენ ერთი და იმავე მეთოდით, მაშინ ჭკვიანი კაცი ნამდვილად აღარ გეთქმის.
    თანაც, სამჯერვე, ამ შენს «გაცურებას» ქვეყნისა და ერისთვის უმძიმესი, კატასტროფული შედეგები მოჰყვა. . .
    სოხუმის დაცემის ისტორია ხომ ტყუპისცალივით ჰგავს გაგრის დაცემის ისტორიას. მაშინაც იყო ე.წ. «შეხვედრა» უმაღლეს დონეზე, მაშინაც იყო ელცინის ტკბილი ღიმილი, მაშინაც იყო ხელშეკრულება, რომელმაც მისცა საშუალება მტერს, თავისი ძალების მობილიზებით მოეხდინა მიზანდასახული, მოულოდნელი დარტყმა და ქართველთა გენოციდი.
    ზუსტად იგივე განმეორდა სოხუმშიც, რატომ დაეცა გაგრა? იქაც ლოთი ქობალია იყო? თუ იმიტომ, რომ იქაც იგივე პოლიტიკა იყო, რაც შემდგომ - სოხუმში?
    დღევანდელ ხელისუფალთ რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ფაშიზმი ყოფილა გამეფებული და ამის უპირველეს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მაშინ «ქართველები ოსებს წყვეტდნენო».
    დაუშვათ, ეს მართლაც ფაშიზიმი იყო. მაშინ ისმის კითხვა: განა ქართველები აფხაზებს არ წყვეტდნენ ომის დროს? მაშ ეს რატომ არ იყო ფაშიზმი?
    თუკი ის, რასაც ქართული ჯარი სამაჩაბლოში აკეთებდა ფაშიზმი იყო და არა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა, მაშინ რატომ არ იყო ფაშიზმი ის, რასაც ქართველი ჯარი აფხაზეთში აკეთებდა?
    და თუ ქართული ჯარის მოქმედება აფხაზეთში ფაშიზმი არ იყო (მე ამ აზრს ვიზიარებ) მაშინ რატომ იყო «ფაშიზმი» მისი მოქმედება სამაჩაბლოში?
    პოლიტიკური მოწინააღმდეგისადმი სიძულვილმა და შიშმა ისე როგორ უნდა დაგაბრმავოს, საკუთარ ერს «არგუმენტირებულად» მოსცხო ჩირქი. . .
    გამსახურდიას მომხრეობა არ არის აუცილებელი, რათა ნათლად დაინახო, რაოდენ ტენდენციური, არაგულწრფელი, ფარისევლური, უსამართლო იყო ზოგიერთი ბრალდება მის მიმართ. «მერსედესებზე» უკვე ვთქვით. . . . ახლა მეორე გავიხსენოთ: «პრეზიდენტი თავისუფალ მეწარმეობას არ აძლევს გასაქანს და კერძოდ ინიციატივას ახშობსო».
    მართლაც მძიმე ბრალდება იყო. «რევოლუციის» უმალვე, გამარჯვებულმა «დემოკრატიამ» მიიღო კანონი «თავისუფალი ვაჭრობის» შესახებ. მერე და რა დაემართა საქართველოს, ჩვენს ეკონომიკას ამ კანონის მოქმედების შედეგად იმ ვითარებაში, როცა ყველას და ყველაფერს შეიარაღებული ბანდები აკონტროლებდნენ? - პირწმინდად გაიძარცვა ქვეყანა. ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა რუსეთში ან თურქეთში, - დაწყებული მთელი ქარხნებით, დამთავრებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით - გაიტანეს და გაყიდეს.
    თუ ამას დავუმატებთ ე.წ. «ეროვნული ბანკის» ეპოპეას, სავსებით ნათელი გახდება, რომ ორი წლის წინანდელი პროპაგანდისტული კაკაფონია «თავისუფალი მეწარმეობის შეზღუდვის» თაობაზე სწორედ იმ კრიმინალურ-მაფიოზური ხროვის მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც შემდგომ, «დემოკრატიის» მიერ ფრთაშესხმულმა, ლამის ნაჭერ-ნაჭერ გაყიდა საქართველო რუსეთისა და თურქეთის ბაზარზე.
    სხვა რაღა დარჩა ამ ჩვენი უნიათო დემოკრატიის ღარიბ-ღატაკი პროპაგანდისტული არსენალიდან? სიტყვის თავისუფლება?
    დღევანდელ «ტერორისტულ ცენზურას», სხვაგვარად მოაზროვნე გაზეთების დარბევას (ე.წ. «კრიმინალების» მიერ), ტელევიზიის «ედუარდიზაციას» ნამდვილად ვერ ვუწოდებთ «სიტყვის თავისუფლებას». . .
    «დემოკრატიას» რაც შეეხება: ბევრს, ვინც ამ მართლაც დიადი ცნებისადმი ერთგულებას გამოხატავდა, მისი ჭეშმარიტი, სიღრმისეული მნიშვნელობა ნამდვილად არ ესმოდა და ერთი კოლეგის მოსწრებული თქმისა არ იყოს «ახლადშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული შესცქეროდა ელცინსა და მის ვითომ დემოკრატიას».
    არადა, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მაშინდელი ჩვენი ვითომ «ევროფილები», რომლებიც ვითომცდა «ევროპული ცივილიზაციისკენ» მიისწრაფოდნენ, საბოლოო ჯამში, საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ჩვეულებრივი «რუსეთუმეები» აღმოჩნდნენ.
    ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ მაშინ გვეგონა, ისინი იმისათვის იბრძვიან, რათა ქართულ კინოს კანის ბრწყინვალე ფესტივალებისაკენ გაუკვალონ გზა, სინამდვილეში კი, თურმე, ის აღელვებდათ, რომ ქალაქ შოსტკიდან საწარმოო გაერთიანება «სვემას» მიერ დამზადებულ ფირებს ვეღარ მიიღებდნენ. აკი თქვა კიდეც, პარლამენტში ერთმა კინო-ქალბატონმა, - თუ «სვემამ» ფირი არ გამომიგზავნა, ქართული კულტურა როგორღა შევქმნაო.
    ამ ქალბატონის გასაგონად ვიტყვი, რომ როდესაც დიდი სულხან-საბა ორბელიანი თავის გენიალურ «სიტყვის კონას» ქმნიდა, მაშინ არც კინო არსებობდა და არც ქალაქი შოსტკა აეგოთ ჯერ «დამკვრელ კომკავშირელებს», მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა ქართული კულტურა შეექმნა და საერთოდ, თუ ქართული კულტურის არსებობა-არარსებობა იმაზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ამქვეყნად ქალაქი შოსტკა და გვექნება თუ არა მასთან კეთილი დამოკიდებულება (ანუ, მოგვაწვდის თუ არა იგი ფირებს), მაშინ ქართული კულტურა საერთოდ არ არსებულა და არც ყოფილა არსებობის ღირსი!
    ჰო, მართლა. ჯერ არაფერი მითქვამს ე.წ. «კრიმინოგენულ ვითარებაზე», რომელიც უეჭველად «დეკემბერ-იანვრის დემოკრატიული რევოლუციის» უმთავრესი მონაპოვარია. ამასთან დაკავშირებით ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთმა «გამოჩენილმა» წარმომადგენელმა წარმოთქვა: «როგორც ჩანს, სიტყვა «დაყაჩაღებაში» არის რაღაც გრამატიკულად სხარტი, რაკი ესოდენ შეისისხლხორცა ქართულმა ენამო»...
    ვაი ჩვენს პატრონს!
    კიდევ ერთხელ «დემოკრატიის» შესახებ: ყველას კარგად გვახსოვს ლოზუნგი: «ჯერ დემოკრატია, შემდეგ დამოუკიდებლობა». არადა, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი, თავისუფლებისათვის მებრძოლი ერისათვის მისაღები შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი დევიზი: «ჯერ სახელმწიფოებრიობა, შემდეგ დემოკრატია».
    როცა ჯერ სახელმწიფო არ გაქვს, «დემოკრატიაზე» ლაპარაკი დემაგოგიაა და სხვა არაფერი. ან, უარეს შემთხვევაში, გაქნილი მტრის მიერ შემოგდებული პროვოკაცია.
    გავიხსენოთ, როგორ ირჯებოდა იმ დღეებში რუსეთის ტელევიზია და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: რატომ ეხმარებოდა იგი ესოდენ აშკარად სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს? რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ მის მიმართ რაიმე სიმპათია ჰქონდა. მას უბრალოდ სურდა, საქართველოში მაქსიმალური დესტაბილიზაცია შეექმნა, სურდა, ქართველები ერთმანეთს დავრეოდით და შემდეგ მღვრიე წყალში თავისი «ოქროს თევზი» დაეჭირა «მართვადი ქაოსის» მექანიზმების გამოყენებით.
    მისი სურვილი და მისწრაფება გასაგებია, მაგრამ ეს ჩვენი «დემოკრატები» როგორ ვერ მიხვდნენ - მტერი არასდროს არ დაგეხმარება, თუ საკუთარი მიზანი არა აქვს და თუ არ გინდა, ქვეყანა დაღუპო - ცამდე მართალიც რომ იყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო ის, რაც მტერს გაუხარდება!
    «დეკემბერ-იანვარში» ჩვენ სწორედ ის გავაკეთეთ, რაც მტერს გაუხარდა, რამაც მისცა მას საშუალება, ხელთ ეგდო საქართველოს სამართავი ყველა ბერკეტი, მოეხდინა ომის პროვოცირება, სამოქალაქო კონფლიქტის გამწვავება, ეკონომიკის განადგურება - მის სამსახურში მყოფი მაფიის ხელით, აფხაზეთის დაპყრობა, სამაჩაბლოს ანექსია, აჭარის აფორიაქება, სამეგრელოს სამარადჟამო შეურაცხყოფა და ა.შ.
    სტერეოტიპებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ და უნდა დავიწყოთ მათ შორის ყველაზე მყარი და, ერთი შეხედვით მძიმე სტერეოტიპებით. აი, კიდევ ერთი მათგანი: «გამსახურდიამ 1991 წლის აპრილში სამტრედიის სარკინიგზო კვანძი გადაკეტა და ბრიყვული თვითბლოკადა მოიწყო». ამის მთქმელთ, მგონი, თავად არ ესმით, რა მდგომარეობაში იგდებენ თავს. რას ნიშნავს «თვითბლოკადა»? აბა ერთი გავიხსენოთ, რა ხდებოდა მაშინ საბჭოთა კავშირში - სწორედ იმ დღეებში (1991 წლის აპრილში), მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორია გაფიცვებმა მოიცვა - გაიფიცნენ დონბასელი მეშახტეები, გაიფიცა კუზბასი, გაიფიცა ყარაგანდა, გაიფიცა რამდენიმე მეტალურგიული ქარხანა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს რუსეთის მთელმა ოლქებმა, გაფიცვისთვის ემზადებოდა რკინიგზა, მეტალურგიული ქარხნები და ა.შ. სწორედ ამ დროს მოეწყო სამტრედიის აქცია. პოლიტიკური მოთხოვნით - სამაჩაბლოდან რუსის ჯარის გაყვანა. მაშ ეს «ბრიყვული თვითბლოკადა» იყო?
    დავუშვათ, ეს მართლაც ასე იყო. მაშინ რა გამოდის? - გამოდის, დონბასელმა მეშახტეებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს ვაგონების მიღებასა და დატვირთვაზე, აგრეთვე «ბრიყვული თვითბლოკადა» მოუწყვეს საკუთარ თავს, გამოდის, უკრაინის რამდენიმე მეტალურგიულმა ქარხანამ, რომელმაც მეშახტეებთან სოლიდარობის მიზნით უარი განაცხადა სარეზერვო ქვანახშირის მიღებაზე - აგრეთვე «ბრიყვული თვითბლოკადა» მოიწყო, გამოდის რომ ის სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებმაც გაფიცვა დაიწყეს და მთელი ოლქები მოწყვიტეს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემას - აგრეთვე თვითბლოკადა მოიწყვეს. გამოდის, შახტა «ფარაგორსკაიას» მეშახტეებმა, რომლებიც შახტაში ჩავიდნენ და უარს აცხადებდნენ იქიდან ამოსვლაზე (პოლიტიკური მოთხოვნებით) აგრეთვე «ბრიყვული თვითბლოკადა» მოიწყვეს. . .
    ამ ლოგიკით გამოდის, რომ ყველა, ვისაც კი ოდესმე ეკონომიკური აქციისთვის მიუმართავს პოლიტიკური მოთხოვნებით, აგრეთვე «ბრიყვული თვითბლოკადა» მოუწყვია, რადგან ამგვარი აქცია ყოველთვის გულისხმობს რაღაცაზე უარის თქმას. ამ ლოგიკით მსჯელობას თუ გავაგრძელებთ, გამოვა, რომ თუ, მაგალითად, ექვსმა ირლანდიელმა დიდი ბრიტანეთის ციხეში სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა, აგრეთვე «ბრიყვული თვითბლოკადა» მოუწყო საკუთარ თავს - «თვითბლოკადაა» აბა რა არის, როდესაც საჭმელს გაძლევენ და არ ჭამ (შეადარეთ, როდესაც რუსეთიდან რაღაცას გიგზავნიან და შენ არ იღებ). ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ როდესაც მაგალითად, ინდოელები ეკონომიკური დაუმორჩილებლობას უცხადებენ ინგლისელებს, ისინიც «ბრიყვულ თვითბლოკადას» იწყობდნენ, რაკი მაშინ მათაც ძალიან ბევრი დაკარგეს ეკონომიკური თვალსაზრისით.
    ამ ბრიყვული ლოგიკის ავტორები თავად ვერ ამჩნევენ, რაოდენ აშკარა ხდება მათი მსოფლმხედველობის კომუნისტური საფუძველი - რადგან ამგვარი «ლოგიკა» სწორედ კომუნისტებს ახასიათებდათ.
    თუმცა, «ბოროტები ენები» სხვასაც ამბობენ. კერძოდ, იმას, რომ ამ აქციამ სულ სხვა მიზეზის გამო გამოიწვია ესოდენ დიდი რისხვა.
    კერძოდ, აი, რას ამბობენ «ბოროტი ენები»: მაშინ, 1991 წლის აპრილში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში გაბატონებულმა კომუნისტურმა მაფიამ ერთი დიდი საქმე «გააიმასქნა» მოსკოვში: კერძოდ, შეიძინეს უახლესი ფერადი ტელევიზორების დიდი პარტია. ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ასეულობით ათასი მანეთი დაუჯდათ, რაც დღევანდელი კურსით ასეულობით მილიარდ რუბლს უდრის. ტელევიზორები რკინიგზით უნდა შემოეტანათ თბილისში და სავაჭრო ქსელით გაენაწილებინათ. მათი მხოლოდ 5 პროცენტი უნდა გაყიდულიყო «თავის ფასში» (ეს ტერმინი ხომ არ დაგავიწყდათ?), დანარჩენი 95 პროცენტი კი . . . მაგრამ ეს გრანდიოზული გეგმა გამსახურდიას იმ «ბრიყვულმა თვითბლოკადამ» ჩაშალა. როდესაც სამტრედია გადაიკეტა, მატარებელი რომელსაც «ძვირფასი ტვირთი» მოჰქონდა, კრასნოდარში გაჩერდა. საოლქო აღმასკომის გადაწყვეტილებით, ტელევიზორები გადმოტვირთეს და. . . საკუთარ სავაჭრო ქსელში გაიტანეს რეალიზაციისათვის.
    ახლა როგორ გგონიათ, ის «საქმიანი ადამიანები» (მომავალი ქართველი კომერსანტები და დემურ დვალიშვილის კლიენტები), ზვიად გამსახურდიას ესოდენ «ფაშისტურ» საქციელს აპატიებდნენ? - რა თქმა უნდა არ აპატიებდნენ და არც აპატიეს.
    ეს პატარა მაგალითი სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა «დემოკრატიული რევოლუცია» მოხდა სინამდვილეში დეკემბერ-იანვარში.
    თუმცა, აქ ყველაფერი გასაგებია. ისევე, როგორც თვალნათელია, რომ ზემოთხსენებულ «საქმიან ადამიანებს» ისტორიული პასუხისმგებლობა არ შეაწუხებთ. მაგრამ რა ეშველებათ იმ «ორდენოსან გმირებს», რომლებმაც საკუთარი ქვენა, კარიერისტული, ანგარებითი ვნებების გამო, «ლომის წილი» შეიტანეს ჩვენი ბედკრული სამშობლოს უკანასკნელ ტრაგედიაში?!

«თემი» 20 იანვარი, 1994 წელი.