ელცინის ვიზიტის შემდეგ

ელცინის ვიზიტის შემდეგ

    რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტის შედეგები, მიუხედავად მაჟორული განცხადებებისა, დაკვირვებულ და უემოციო ანალიზს მოითხოვს, რათა ნათლად გავაცნობიეროთ მიღწეულ შეთანხმებათა დადებითი და უარყოფითი რეზულტატი საქართველოსათვის.
    ოღონდ, იმთავითვე უნდა ვიგულისხმოთ, რომ XX საუკუნეს არ შეუცვლია (და ვერც შეცვლიდა) დიდი პოლიტიკის ძირითადი კანონი, რომლის თანახმად, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დიდ სახელმწიფოს ყოველთვის უფრო მეტი უფლება და შანსი აქვს, ვიდრე მცირეს.
    ვერავითარი «ქარტიები» თუ «დეკლარაციები» ამ ტრაგიკულ ვითარებას ვერ შეცვლიან. რუსეთის მმართველი ელიტა სრულყოფილად ფლობს «შესაძლებლის მაქსიმალურად გამოყენების» ხელოვნებას და ყოველთვის მოქმედებს რა ამ «შესაძლებლის» ფარგლებში, ცდილობს მაქსიმალური შედეგი «გამოწუროს» მისგან.

    ბევრს გაუკვირდა რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი თბილისში ჩამოვიდა არა დელეგაციასთან ერთად, არამედ ერთი დღით ადრე.
    ასეთი რამ შემთხვევით არასოდეს ხდება. სავსებით გასაგები მიზეზების გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თითოეულ გადაადგილებას მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებით კი დასავლეთში) ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.
    გრაჩოვი საქართველოში ელცინის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე იმისთვის ჩამოვიდა, რათა მთელი მსოფლიოს თვალწინ მოეხდინა დემონსტრირება, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია ჩავიდეს იმ ქვეყანაში (ვგულისხმობ: საქართველოს ხელისუფლებისაგან და მის მიერ გატარებული პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად), სადაც განლაგებულია რუსეთის ჯარები; რაც მსოფლიო-პოლიტიკურ ენაზე ნიშნავს საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე.
    ამასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ იმავე გრაჩოვის შარშანდელი, დემონსტრაციული, საქართველოს ხელისუფლებისაგან დაუკითხავი ვიზიტები გუდაუთასა და ბათუმში.
    ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსეთი საქართველოს მიმართ ატარებს უაღრესად რაციონალურ, პრაგმატულ პოლიტიკას და მეფურ ბანკეტზე «ისრიმ-მაყვალში ჩაწყობილი მწყერი», ამ პოლიტიკას მას ვერ შეაცვლევინებს.
    ამავე ვიზიტთან დაკავშირებით, რუსეთის მმართველი ელიტის მეორე ეშელონში, რომელიც ამჟამად «სახელმწიფო სათათბიროშია» თავმოყრილი, ნამდვილი ისტერიკა ატყდა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ერთგვარი ხელოვნურობა.
    ნიშანდობლივია, რომ მიმართვას რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომლითაც ფრაქციათა ლიდერები მას მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინა რუსეთ-საქართველოს შორის «დიდი ხელშეკრულების» ხელმოწერისაგან, სხვებთან ერთად ხელი მოაწერეს ეგორ გაიდარმა და გენადი ბურბულისმა, რომლებიც, მიუხედავად გადადგომისა, კვლავ რჩებიან ელცინის უახლოეს თანამებრძოლებად და თანამოაზრეებად.
    როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს რუსეთის (და არა მარტო რუსეთის) პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდთან, რომლის არსი ისაა, რომ რუსული სახელმწიფოს ამა თუ იმ გეოპოლიტიკური ინტერესის სფეროში მოხვედრილი ძალებისათვის კრემლის პოლიტიკის «არაერთგვაროვნების» დემონსტრირება სწორედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის «თეატრალური დაპირისპირების» გზით ხდება.
    კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, რუსეთი ერთნაირად (ან თითქმის ერთნაირად) არის დაინტერესებული როგორც საქართველოს დარჩენით მის გეოპოლიტიკურ სივრცეში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის მმართველი ელიტების ლოიალობით.
    და რადგან ეს ორი ძალა დღეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, ანტაგონისტურადაა განწყობილი, რუსეთი ზემოთაღწერილი ხერხით სათავისოდ იყენებს ამ ანტაგონიზმს: თუ საკანონმდებლო ხელისუფლება (სახელმწიფო სათათბირო, ადრე კი უმაღლესი საბჭო) უფრო ჩრდილოეთ კავკასიელებისაკენ «იხრება», აღმასრულებელი ხელისუფლება (პრეზიდენტი) უფრო საქართველოს მიმართ იჩენს კეთილგანწყობას.
    კვლავ და კვლავ ვუსვამ ხაზს, რომ სინამდვილეში, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესის მონოლითურობის გამო, ასევე მონოლითურია რუსეთის პოლიტიკური ელიტაც ამ საკითხში.
    ყოველივე ეს კიდევ უფრო სარწმუნო ხდება, თუ გავაანალიზებთ მიღწეულ შეთანხმებებს და ზოგიერთ განცხადებას, რომელიც უმაღლეს დონეზე გაკეთდა.
    როგორც ცნობილია, მიღწეულია პრინციპული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაფუძნების თაობაზე. პირველი ორი ბაზა თბილისში (ვაზიანში) და ახალქალაქში იქნება, მესამე კი მთლიანად მოიცავს საქართველოს შავიზღვისპირეთს - ბათუმიდან გუდაუთამდე.
    ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ამ ბაზის სისტემაში გაერთიანდება მთელი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე სამხედრო პორტები და დასავლეთ საქართველოს სამხედრო აეროპორტები (სხვაგვარად, ესოდენ მასშტაბური ბაზის ნორმალურად ფუნქციონირება ყოვლად წარმოუდგენელია).
    მაშასადამე, საქართველოს ერთადერთი რეალური სიმდიდრე - გასასვლელი შავ ზღვაზე და ბოსფორის გავლით მსოფლიო სისტემაში ჩართვის პერსპექტივა გადაეცემა რუსეთს.
    ახალქალაქის სამხედრო ბაზა კი, რუსეთისათვის აუცილებელი და მძლავრი პლაცდარმია - თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების გასანეიტრალებლად.
    მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამ რეგიონის ეთნიკურ შემადგენლობას, ამ ბაზას მეორე ფუნქციაც ექნება. რუსეთის სამხედრო ბაზების შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ სივრცეში, რადგან ამ ბაზებს, მათი რაოდენობის მიუხედავად, ტექნიკური თვალსაზრისით სრული საშუალება ექნებათ გააკონტროლონ საქართველოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური სადაზვერვო-საინფორმაციო სისტემების მეშვეობით.
   

    ახლა კი დავსვათ კითხვა: რას იღებს საქართველო სანაცვლოდ? ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით, პერსპექტივები უცნაურობამდე ბუნდოვანია. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დადებული ხელშეკრულება მხოლოდ პირველი ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების დიდ გზაზე, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევის განცხადებით კი, ხელშეკრულებები მხოლოდ სტიმულია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისათვის, მაგრამ თვით «გაჯანსაღება» იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოგვარდება (და მოგვარდება თუ არა საერთოდ) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა.
    პაველ გრაჩოვი კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი თქმით: «ეს ხელშეკრულება იმას როდი ნიშნავს, თითქოს რუსეთი იღებს ვალდებულებებს უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და მოამარაგოს ქართველი ჯარი იარაღით. ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივაა და დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ გადაწყდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა».
    კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება? თუ ეს ხელშეკრულებები, ეს დათმობები საქართველოს მხრიდან არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს (ან თუნდაც ხელს არ შეუშლის) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თუ კვლავ მოითხოვენ ჩვენგან, წავიდეთ დათმობებზე აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიმართ, მაშინ რატომ მიდის საქართველო ცალმხრივად ასეთ დიდ დათმობებზე?
    გარდა ამისა, ზემოთ კი ვთქვი, - დაპირისპირება რუსეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ერთგვარი სპექტაკლია, მაგრამ ეს საშუალება ელცინმა შეიძლება ბრწყინვალედ გამოიყენოს და არ შეასრულოს არანაირი პირობა საქართველოსადმი იმ საბაბით, რომ ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული რუსეთის პარლამენტის მიერ.
    ესე იგი, რა გამოდის? - გამოდის, რომ საქართველომ რუსეთს უნდა დაუთმოს სამხედრო ბაზები, უნდა დაუთმოს კონტროლი შავიზღვისპირეთზე, ანუ შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც აიღო, ხოლო რუსეთს კი ამ დროს ხელ-ფეხი გახსნილი რჩება, რადგან სახელმწიფო სათათბირო არ მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას.
    ისმის კითხვა: თუკი რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება ნაკისრი ვალდებულების შესრულებას განუხრელად უკავშირებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მათ რატიფიცირებას, მაშინ რატომ ასევე არ აკავშირებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება 1 ივლისიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გახსნას - საქართველოს პარლამენტის მიერ ამავე ხელშეკრულების რატიფიკაციასთან?
    გამოდის, ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, მაშინ, როდესაც რუსეთმა შესაძლოა არ შეასრულოს არაფერი?!

    აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც (მრჩება ასეთი შთაბეჭდილება) არ ითვალისწინებს ქართული მხარე. როდესაც რუსები, აფხაზები და ოსები ლაპარაკობენ «სტატუსის» შესახებ (მაგალითად: რა სტატუსი ექნებათ ამ რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში) ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად თანახმანი არიან, დარჩნენ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში.
    საქმე ის გახლავთ, რომ რადგან საერთაშორისო სამართალი იურიდიულად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სეპარატისტები ამავე სამართლის ფარგლებში მოითხოვენ მოლაპარაკებას სტატუსის შესახებ, მაგრამ არა საბოლოო შედეგის მისაღწევად, არამედ იმისათვის, რათა ეს მოლაპარაკება უსასრულოდ გაჭიმონ და ამ მარტივი ეშმაკობით «დაამშვიდონ» საერთაშორისო საზოგადოება.
    გარწმუნებთ, რა «სტატუსიც» უნდა შესთავაზოს საქართველომ გუდაუთელ სეპარატისტებს, ისინი ნებისმიერ სტატუსზე იტყვიან უარს და მოლაპარაკება ამ «სტატუსზე» უსასრულოდ გაგრძელდება. სამაგიეროდ დაფიქსირდება: მიმდინარეობს დიალოგი! სწორედ ეს სჭირდება რუსეთს და მის სტრატეგიულ მოკავშირეებს კავკასიაში.
   

    მაგრამ საქართველოსაც აქვს თავისი კოზირები და მათგან უპირველესი, ყველაზე მძლავრია დაპირისპირება რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჩრდილოეთ კავკასიურ ელიტებს შორის.
    ეს უკანასკნელნი რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდიან სწორედ იმის გამო, რომ რაც უარესი ურთიერთობა ექნება რუსეთს–საქართველოსთან, მით მეტი საშუალება ექნებათ ჩრდილო-კავკასიელებს მოსკოვის შანტაჟირებისათვის.
    მიუხედავად იმისა, რომ ეს კრემლშიც შესანიშნავად ესმით, მათ მაინც არ შეუძლიათ რაიმეს შეცვლა, რადგან საქართველოსაგან მყარი გარანტიები სჭირდებათ. ასეთი გარანტია კი, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ფედერალიზაცია, რაზც შევარდნაძე, მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, ჯერჯერობით არ თანხმდება.
    ეს უკვე, რა თქმა უნდა, სულ სხვა, უაღრესად რთული თემაა.
    ალბათ მკითხველისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად იზიარებს სტატიის ავტორი საქართველოს ფედერალიზაციის იდეას ანუ ხელშეკრულების დადებას საქართველოს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და აჭარას შორის და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ქცევას, ერთიან, მაგრამ ფედერაციულ სახელმწიფოდ.
    მაგრამ მთავარი აქ ეს არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ გატარებული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კურსის პირობებში (ხაზს ვუსვამ: ამ კურსის პირობებში) ეს აბსოლუტურად გარდაუვალია, ამიტომ რაც უფრო მალე აღიარებს ამას საქართველოს ხელისუფლება, მით უკეთესი.

«ივერია-ექსპრესი», 5 თებერვალი, 1994 წელი.