დისკუსია «სოციალისტებთან»

დისკუსია «სოციალისტებთან»


    ბოდიშს ვუხდი «სოციალისტურ პარტიას»

    «7 დღეში გამოქვეყნებულ ჩემს წერილთან დაკავშირებით «სოციალისტური პარტიის» პრესცენტრმა «მსგეფსში» ერთობ საინტერესო პასუხი მაახლა. «საინტერესო», სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ იგი მთლიანად ადასტურებს წინა წერილში მოტანილი ქართული «თქმის» ფსიქოლოგიურ სიზუსტეს: «გაუგიათ, ალია მომკვდარაო»... ასე «გაიგეს» ევროპის ბევრ ქვეყანაში «მემარცხენე» ძალთა გ ამარჯვების მიზეზებიც და (რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესოა) «7 დღეში» გამოქვეყნებული წერილის შინაარსიც.
    ერთი გონებამახვილური ანეკდოტისა არ იყოს («შენ რომ ზანგებს აწვალებ»), დაუჟინიათ: «ქართველმა მემარჯვენეებმა რა გააკეთესო» - თითქოსდა მე იმ წერილში რაიმე თვალსაზრისით ვადარებდი ჩვენში არსებულ მდგომარეობას - ევროპაში შექმნილ სიტუაციასთან.
    რუსებს აქვთ ასეთი შეფასება: «Для особо непонятливых» ანუ (ქართულად თუ ვიტყვით): «განსაკუთრებულად გაუგებარი ხალხისათვის». აი, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთა გასაგონად კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარს: დასავლეთში, 70-იანი წლების ბოლოს დაწყებულმა ნეოკონსერვატიულმა რევოლუციამ გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია «სოციალისტური» მარაზმისაგან. სწორედ მემარჯვენეთა ძალისხმევით იქნა შენარჩუნებული ამ ცივილიზაციის საფუძვლები.
    მას შემდეგ, რაც «მემარჯვენეებმა» (რეიგანმა, ტეტჩერმა და სხვებმა) ეს ისტორიული მისია შეასრულეს, - დასავლურმა საზოგადოებამ კვლავ სოციალისტებს დაუთმო ასპარეზი, რათა მათი მეშვეობით მოეხსნა ნეოკონსერვატული რევოლუციის პერიოდში წარმოშობილი სოციალური დაძაბულობა. ანუ (უხეში შედარებით) «ორთქლი გამოუშვა სოციალური ქვაბიდან».
    დასავლეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა: თუ ქართველ სოციალისტებს ორიოდე წიგნი მაინც წაუკითხავთ (რა თქმა უნდა, მარქსისა და ლენინის «შრომების» გარდა) ეცოდინებათ, რომ 1945 წ. ბრიტანელმა ხალხმა აღარ აირჩია პრემიერ-მინისტრად გენიალური უინსტონ ჩერჩილი (რაკი არ აირჩია მისი პარტია), მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან გადაარჩინა ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს. ოღონდ ჩერჩილის «გენიალობას» ქართველი სოციალისტები აბა როგორ დაიჯერებენ - ისინი ხომ დღემდე დარწმუნებულნი არიან ბინძური სისხლიანი პირუტყვის - სტალინის «გენიალურობაში».
    დასავლური სამყაროს ლიდერებმა შესანიშნავად უწყიან: დღეს «მემარცხენეები» ვეღარ შეარყევენ ცივილიზაციის საფუძვლებს, - განსხვავებით 70-იანი წლებისაგან, როდესაც მათ ზურგს უმაგრებდა «სოციალისტური იმპერია». ეს იმპერია სწორედ დასავლეთის «მემარჯვენე» ლიდერებმა დაანგრიეს. თუმცა, ჩვენებურ სოციალისტებს იქნებ მართლა ჰგონიათ, რომ კეთილშობილმა «ბაბუა გორბაჩოვმა» საკუთარი კეთილი ნებით დაიწყო პერესტროიკა?
    ბოლოს კი მინდა გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ქართველ სოციალისტებს. ღმერთო ჩემო, ეს რა დამემართა! განათლებით ისტორიკოსი ვარ.. . . . . გარდა ამისა. მაიმუნებს იშვიათად ვაკვირდები უკანა მხარეს - აკი მაიმუნი მაინც მაიმუნია. . . . მაგრამ სოციალისტები, რა თქმა უნდა, დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ამიტომ მათთვის ამ წმინდა ცხოველის შეურაცხყოფას ნამდვილად არ მაპატიებენ! ვაღიარებ: დამავიწყდა, რომ შიმპანზეს კუდი არა აქვს!!! ამდენად სტატიაში უნდა დამეწერა არა «შიმპანზე», არამედ «მაიმუნი – მაკაკა». იმედს გამოვთქვამ, ქართველი სოციალისტები მათთვის ჩვეული კეთილშობილი დიდსულოვნებით მაპატიებენ ამ უნებლიე შეცდომას.

მსგეფსი, 2 ივლისი, 1997 წელი.