დისკრედიტაციის მოტივაცია

დისკრედიტაციის მოტივაცია

          პროპაგანდისტული ისტერია საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარშემო ნიშანდობლივია იმ აზრით, რომ იგი სწორედ ამჟამად უნდა დაწყებულიყო, - როდესაც თავდაცვის სამინისტრო თანდათან იძენს რეალურ ფუნქციას და ამ ფუნქციას წარმატებითაც ახორციელებს.
            სარწმუნო წყაროთა ცნობით, ვითარება შეიარაღებულ ძალებში იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ გაჩნდა გაუმჯობესების სიმპტომები. შესაძლოა ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ მოხდა შეიარაღებულ ძალთა მნიშვნელოვანი რაციონალიზაცია, დაიწყო ჭეშმარიტად კომპეტენტური კადრების მოსვლა.
            ნებისმიერ შემთხვევაში, დავით თევზაძე დღეს ერთადერთი ფიგურაა, ვინც ყოველმხრივ შეესაბამება ამ პოსტს. თავდაცვის მინისტრის პოსტი კი ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში. თევზაძეც სწორედ იმიტომ უშლის საღერღელს გარკვეულ ძალებს, სწორედ იმიტომ აბრალებენ მექრთამეობას, რომ იგი ვერაფრით თავსდება მოვლენათა გარკვეული განვითარების გეგმაში.
            ეს გეგმა კარგა ხანია დამუშავებულია და აპრობირებულიც ზოგიერთ «მოკავშირე რესპუბლიკაში», მათ შორის საქართველოში; არ იყო შემთხვევითი, როცა მოსკოვი 1992-1995 წლებში დაჟინებით მოითხოვდა ნომენკლატურული სამხედრო პირის დანიშვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრად. ბოლოს და ბოლოს, მიაღწია კიდეც ამას ვარდიკო ნადიბაიძის სახით. მცდარი აზრი, თითქოს ნადიბაიძე («ზაკვოს» ყოფილი მნე) «კრემლის აგენტი» იყო ან გრუ-ს მსტოვარი.
            სინამდვილეში, ნადიბაიძის ნომენკლატურულობა სავსებით საკმარისი იქნებოდა მოსკოვისათვის, ვინაიდან, რუსულ სამხედრო ნომენკლატურაში გაზრდილი და ჩამოყალიბებული პიროვნება გარკვეულ ვითარებაში (განსაკუთრებით ექსტრემალურ ვითარებაში) სავსებით განსაზღვრულად იმოქმედებდა და იმოქმედებს - იმ სქემებისა და სტერეოტიპების შესაბამისად, რომელსაც ძალაუნებურად ატარებს. ეს სქემები კი მასში იმ სისტემამ «დანერგა», რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო ათწლეულების განმავლობაში.
            სწორედ იმიტომ ითხოვდა რუსეთის ხელისუფლება ნომენკლატურულ პიროვნებათა დანიშვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად და ა.შ. ყველა შემთხვევაში ამ ტაქტიკამ შეიძლება არ გაუმართლოთ, მაგრამ ზოგჯერ უმართლებთ. არაფერს კარგავენ - ეს წაუგებელი თამაშია. დავით თევზაძე ამ სქემაში «არ ჯდება». ნადიბაიძის გათავისუფლებამ და მისმა დანიშვნამ მოსკოვი იმდენად გააცოფა, რომ უეჭველად სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მაისის გალის მოვლენების, აგრეთვე ე.წ. «ელიავას ბუნტისა».
            დავით თევზაძე ერთადერთი მინისტრია «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» წევრი ქვეყნების მინისტრთა შორის, ვინც «ამოვარდნილია» წინასწარ განსაზღვრული სქემიდან და ვერაფრის დიდებით ვერ იქნება მართვადი ფიგურა იმათთვის, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პროცესების (მათ შორის არმიის მშენებლობის) «გარედან» მართვა და გაკონტროლება ყოვლად აუცილებლად მიაჩნიათ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
            იმავდროულად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ თევზაძის ხელქვეითები - მათ ნომენკლატურულობას უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ასე იოლად ვერ გამოიყენებს. მთლიანად «არანომენკლატურულ» არმიას, რომლის ოფიცრობას (ასე ვთქვათ) სამხედრო განათლება ქართულ ენაზე ექნება მიღებული, ჩვენ, რასაკვირველია, ვერ შევქმნით. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ამ გარემოებას უნდა შევურიგდეთ, - ხელისუფლებამ კი შესაბამისი კონტრზომები უნდა მიიღოს ანუ საწინააღმდეგო სისტემები დაამუშავოს.
            რაც შეეხება დავით თევზაძეს, მას ალბათ შესანიშნავად ესმის, რომ ასე ადვილად არ მოასვენებენ. ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ მრავალი პრობლემა «შიგნიდან» ექმნება; ესე იგი თვით თავდაცვის სამინისტროდან ჟონავს პროვოკაციული ინფორმაცია, რასაც შემდგომ აქტიურად იყენებენ თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისთვის.
            მთავარი სამიზნე, რასაკვირველია, არის არა თვით თევზაძე, როგორც მინისტრი, არამედ მისი ფუნქცია და თვით საქართველოს შეიარაღებული ძალები, - ქართული არმია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, მაგრამ მაინც ემსგავსება არმიას.
            თბილისის გარეუბნის მცხოვრებთ ხშირად აღვიძებს სისხამ დილით (5-6 საათზე) ქართველი სერჟანტისა და ოფიცრის ომახიანი შეძახილი, რომელიც თავის ოცეულსა ან ასეულთან ერთად ასრულებს დილის გარბენს.
            შეუძლებელია, საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარ ადამიანს არ გიხაროდეს, როდესაც ხედავ თითქოსდა წვრილმან სამხედრო დეტალებს: ერთნაირად ჩაცმული ჯარისკაცები უსიტყვოდ ასრულებენ ბრძანებებს. მათ აშკარად ეტყობათ რიდი და ერთგვარი შიშიც ბრძანების გამცემის მიმართ - ასეც უნდა იყოს.
            რამდენიმე წლის წინ მსგავს სურათს ვერ ნახავდით ვერც თბილისში, ვერც რომელიმე სხვა ქალაქსა თუ რეგიონში. და ეს ყოველივე ხდება იმ პირობებში, როდესაც მიზერულია დაფინანსება, არსებობს საკვების პრობლემა და ასე შემდეგ.
            მაშასადამე, დავით თევზაძესა და მის გუნდს მაინც აქვთ უნარი, რაღაც გააკეთონ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად.
            ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს საქართველოში არ არსებობს. თუ ქვეყანამ შეძლო ბრძოლისუნარიანი არმიის ჩამოყალიბება, გეოპოლიტიკურ კოზირებთან ერთად იგი გადამწყვეტ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
            დავით თევზაძე უშვებს მხოლოდ ერთ (მაგრამ ძალზე საყურადღებო) შეცდომას, - იგი არ სწყალობს ქართველ ჟურნალისტებს, არ ცდილობს აქტიური კონტაქტის დამყარებას მასმედიასთან. პირიქით, ყოველნაირად ემიჯნება მას, თავად ქმნის «სიტყვაძუნწი» მინისტრის იმიჯს, ბევრს ამით აღიზიანებს (არცთუ უსაფუძვლოდ) და რაც მთავარია, - იმავე ძალებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ ამ გარემოებით თავიანთი პროვოკაციების განსახორციელებლად, რომელთა საბოლოო მიზანი ცხადია.
            «გაღიზიანებული» და «განაწყენებული» ქართული მასმედია შესანიშნავი ფონი იქნება «შესაბამისი პროცესების» განსავითარებლად, რაც დავით თევზაძემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
            გასაგებია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს არ წყალობს და არც ენაწყლიანობით გამოირჩევა. ნორმალურ ვითარებაში, - ნორმალური, მყარი სახელმწიფოებრიობის პირობებში ასეც უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავს ვერ მისცემს ასეთ ფუფუნების უფლებას - ჩვენ ჯერჯერობით არც ნორმალური სახელმწიფო ვართ და კაცმა რომ თქვას, არც მყარი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გაგვაჩნია.
            თუ დავით თევზაძე გააქტიურდა და ეს გარემოება არ გაითვალისწინა, - მის კრახს ნელ-ნელა «შეამზადებენ» და განახორციელებენ კიდეც.

მერიდიანი, 7 აპრილი, 1999 წელი