დიდი გრეჩიხა

დიდი გრეჩიხა

        ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე ვაკეში იყრიდა კენჭს, მის წინასაარჩევნო კლიპში ასეთი ეპიზოდი იყო: «ძველი ძმაკაცები აბირჟავებდნენ» და მათ გვერდით გიორგი გაჩეჩილაძე ჩაჯდება.
        «ეს პატარა გრეჩიხაა – ლევანას ძმა» - ისმის კადრში ერთ-ერთი ბირჟავიკის წარდგენა
        აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სკოლიდან მოყოლებული, არსებობდა «პატარა გრეჩიხა» და «დიდი გრეჩიხა».
        თვით «კლიჩკის» წარმომავლობას, რასაკვირველია, ლევან გაჩეჩილაძის მომავალი ბიოგრაფები დაადგენენ და ისინი გაარკვევენ ალბათ, რატომ უწოდეს «პიდისიატპიატიში» ანუ საბჭოთა პერიოდის ყველაზე ელიტურ 55-ე სკოლაში ძმებ გაჩეჩილაძეებს «გრეჩიხები». უფრო ზუსტად, თავდაპირველად ლევანს უწოდეს, ხოლო შემდეგ მის პატარა ძმასაც - «პატარა გრეჩიხა».
        ორივე მათგანი «სტილით» კი განსხვავდება ერთმანეთისაგან, განსხვავებული ინტერესებიც აქვთ, მაგრამ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს «ბოჰემური სულისკვეთებითა» და «შეურიგებლობა-შეუპოვრობა-სიჯიუტით».
        ორივე უდავოდ ნიჭიერი ადამიანია; თუმცა თავ-თავის საქმეში; და საკუთარი თაობიდან იმით გამოირჩევიან, რომ ასეთ «საქმეს» მიაგნეს – განსხვავებით მრავალი ვაკელი თანატოლისაგან, რომელიც გაჩეჩილაძის თქმით «სულ იმის ხვეწნაშია - ხუთი ლარი მომეციიიიი ..ათი ლარი მომეციიიი…».
        უფროსმა «გრეჩიხამ» კი, 90-იან წლებში, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი «წიკი»; მისი «წიკი» თურმე მოდური ფეხსაცმელებია, რასაც უხვად ჩუქნის მეგობრებსაც.
        ლევან გაჩეჩილაძე (ისევე, როგორც მამუკა ხაზარაძე) მაგალითია «ახალი ქართველისა», რომელმაც განსხვავებით «წითელ დირექტორ» გოგი თოფაძისაგან «500 დოლარით», ანუ სერიოზული პროტექციისა და რესურსების გარეშე დაიწყო ბიზნესი და საკმაო წარმატებასაც მიაღწია.
        ყოველ შემთხვევაში, 90-იან წლებში ლევან გაჩეჩილაძის «GWS» ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია იყო. თვით «დიდი გრეჩიხა» წარმატებას იმით ხსნიდა, რომ «მაქვს ფინანსური ნაკადების სწორი მართვის უნარი».
        ფულის «სწორი მართვის» შედეგად, ლევან გაჩეჩილაძე 90-იანი წლების ერთ-ერთი მილიონერი იყო, რომლის მოსვლა პოლიტიკაში იმან განაპირობა, რომ 1999 წლის საპარლამენტო აჩევნების შედეგად ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს სურდათ პოლიტიკაში მოეყვანათ ახალი ტიპის ბიზნესმენები – ნაცვლად ძველი, დრომოჭმული «წითელი დირექტორებისა».
        შევარდნაძემ ამ პროცესს ხელი შეუწყო, თუმცა «გრეჩიხას» ხასიათიდან გამომდინარე, მალე მწარედ ინანა უპირველეს ყოვლისა, გაჩეჩილაძემ ომი გამოუცხადა შევარდნაძის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ გულუას. სწორედ ამ ნიადაგზე დაუახლოვდა იგი განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს და რაკი «მოქალაქეთა კავშირის» იმდროინდელი ლიდერი სოფლის მეურნეობის მინისტრს უპირისპირდებოდა, «გრეჩიხა» მისი საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი და ხელმძღვანელი გახდა ვაკეში.
        «გრეჩიხა» არასდროს შეურიგდებოდა და არ აპატიებდა გულუას მოლდავეთისთვის ქართული «ღვინომასალების» მიწოდებას, რის შედეგადაც ქართველ მეღვინეებს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდათ რუსეთში.
        «მე სახელმწიფო ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია არასდროს მქონია» - განაცხადა «გრეჩიხამ» შევარდნაძესთან გამართულ ერთ-ერთ დაუსრულებელ თათბირზე.
        ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც ჟვანიას გუნდში სერიოზულად ალაპარაკდნენ გაჩეჩილაძის სახელმწიფო მინისტრობაზე. «უჰ, ზოგიერთებს თანამდებობები მოუნდათ» - ჩაილაპარაკა მაშინ შევარდნაძემ და სახელმწიფო მინისტრად გია არსენიშვილი დანიშნა.
        ამის შემდეგ «გრეჩიხა» უკვე ღია ოპოზიციაში გადავიდა. მიხეილ სააკაშვილმა მას «ოლიგარქი» უწოდა კომიტეტის სხდომაზე და «ახალი მემარჯვენეები», რომლებშიც ჟვანიას კონტროლიდან გამოსული «ახალი ქართველები» გაერთიანდნენ, რევოლუციურ მისწრაფებებს დაუპირისპირდნენ.
        «გრეჩიხა» 2003 წლის რევოლუციის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან გონიერება ეყო მიმხვდარიყო, რომ ის რევოლუცია სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობას ნიშნავდა.
        ამის მიუხედავად, რევოლუციის შემდეგ «GWS»-სმა ღვინო «სააკაშვილი» ჩამოასხა.
        ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება იმ პროცესს უკავშირდებოდა, რომლის ფარგლებშიც შევარდნაძის დროინდელმა ზოგიერთმა ბიზნესმენმა ბიზნესი დაკარგა და კორუფციის ბრალდებით ციხეშიც აღმოჩნდა.
        თუმცა, ლევან გაჩეჩილაძის თქმით, გადაწყვეტილება ღვინო «სააკაშვილის» ჩამოსხმის შესახებ მან კი არა, კომპანიამ მიიღო. ანუ ლევან გაჩეჩილაძის გარეშე ჩამოსხმულა ღვინო «სააკაშვილი», მაგრამ ამის ინიციატორები კომპანიის მფლობელს რატომღაც არ დაუსჯია. ბუნებრივია, თვით «გრეჩიხამ» ყველაზე უკეთ იცის, რამდენად მონაწილეობდა იგი ამ ღვინის ჩამოსხმაში და, მისი ხასიათიდან გამომდინარე, «რეალური სააკაშვილისადმი» მისი დამოკიდებულების ხარისხი მით უფრო მწვავე იქნებოდა, რაც 2007 წლის დაუვიწყარ მიტინგზე ორ სიტყვაში გამოიხატა «ჩემო ჯიგრებოოოოო!!!».
        ამ ორმა სიტყვამ აქცია «გრეჩიხა» საპრეზიდენტო კანდიდატად, რადგან როგორც აღმოჩნდა, «თბილისელ ჯიგრებს» მის გარდა ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ მართავს.
        მაგალითად, როდესაც ირაკლი ალასანიამ 2009 წლის აპრილის მიტინგზე «დიალოგი» ახსენა და «ჯიგრები» აღშფოთებით აბღავლდნენ, მათ «გრეჩიხამ» იქით აგინა ლამის და გააჩუმა. ამით დაადასტურა, რომ «ჯიგრების» ენა მხოლოდ გრეჩიხამ იცის და ოპოზიციისათვის ამიტომაც შეუცვლელია.