გულუბრყვილობასაც აქვს ზღვარი

გულუბრყვილობასაც აქვს ზღვარი

    ბატონ ვახტანგ გოგუაძეს ინტელექტის სიმწირეს ნამდვილად ვერავინ დასწამებს. პირიქით, ქართველ ინტელექტუალთა შორის იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ცოდნისა და განათლების სიღრმით, მაგრამ პოლიტიკური გონი და ალღო, როგორც ჩანს, სულ სხვა ფენომენია, სხვა ნიჭია, რომლის დაუფლებისათვის მხოლოდ ცოდნა არ კმარა.
    მაგალითად, ბატონი ვახტანგ გოგუაძე, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ ჭკვიანი და განათლებული მოღვაწეა, პოლიტიკაზე მსჯელობისას ზოგჯერ ისეთ გულუბრყვილობას ამჟღავნებს, ზოგიერთ ავისმოსურნეს (ვინც კარგად არ იცნობს ბატონ ვახტანგს) შეიძლება მის მოტივაციაშიც კი შეეპაროს ეჭვი.
    საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლების «ანტირუსეთულ» კურსს, თუმცა, ყოველთვის უჭირს კონკრეტულად იმის თქმა, მაინც რაში გამოიხატება ამ პოლიტიკური კურსის «ანტირუსეთულობა». ზოგადად კი პოლიტიკაში «მარტივ რეცეპტზე» საშიში არაფერია. ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის გადასაჭრელად «მარტივი გადაწყვეტილების» შემოთავაზება ყველაზე ადვილიც არის და ყველაზე საშიშიც. ერთ-ერთ ინტერვიუში ვახტანგ გოგუაძე ამტკიცებს, რომ, როგორც კი ედუარდ შევარდნაძემ პავლე გრაჩოვთან «ბაზების თაობაზე» ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რუსეთმა უმალვე «კინწისკვრით გააგდო» აფხაზი ბოევიკები გალის რაიონში მდებარე ენგურჰესის სამართავი პულტიდან. არადა, ეს ხომ გულუბრყვილო ზღაპარია?! მკითხველმა თავად განსაჯოს: თუ რუსებმა «ბოევიკები» მართლაც გააძევეს სამართავი პუნქტიდან, როგორღა შეძლებდა არძინბა ამ პულტიდან გამოერთო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი «იმერეთი», რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება? ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
    რა თქმა უნდა, უზნეო ცილისწამებაა, ვახტანგ გოგუაძეს დააბრალო რაიმე ფორმით მონაწილეობა «მხედრიონის» კრიმინალური ხროვის შეთქმულებაში ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, მაგრამ 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის შემკვეთებსა და ორგანიზატორებს კი ნამდვილად ექნებოდათ გათვალისწინებული, რომ პარლამენტის სპიკერსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა არსებობდა სტრატეგიულ საკითხებში. «წარმატების» შემთხვევაში ეს ფაქტორი მათთვის პოლიტიკური გარანტია იქნებოდა.

მოქალაქე, 30 აპრილი, 1997 წ.