გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

გორდონ გეკო ამერიკის სათავეში

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს უეჭველად შევა დიპლომატიის ისტორიაში. წარსულის ქრონიკებს ასეთი რამ, რასაკვირველია, ახსოვს, თუმცა ძალიან დიდი ხნის წინ: XX საუკუნემ მოიტანა არა მხოლოდ ახალი ფორმაციები, არამედ დიპლომატიის ახალი სტილიც, რომელიც შესაბამის „უორდინგს“ და ნარატივს ეფუძნება. ტრამპის წერილი ამ სტილს ანგრევს, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სწორედ იგი არ აღმოჩნდება ბევრად უფრო შედეგიანი თანამედროვე მსოფლიოში, ვიდრე ტრადიციისა და შესაბამისი დიპლომატიური ფრაზეოლოგიის დაცვა იქნებოდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ანკარას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვივნენ. ამაზე მაღალი წარმომადგენლობა და „ელჩობა“ (ტერმინის პირველყოფილი აზრით) არც არსებობს - თუ თავად ბატონ ტრამპს არ მივიღებთ მხედველობაში, ვისაც ძალიან გაუჭირდებოდა პირდაპირი მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტთან მას შემდეგ, რაც მისი წერილი გამოქვეყნდა. 

თანაც, ინფორმაციის დართვით, რომ განრისხებულმა ერდოღანმა წერილი... „სანაგვე ურნაში მოისროლა“. რა თქმა უნდა, ესეც „საინფორმაციო ჭურვია“ ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიმდინარე დიპლომატიურ ომში - საეჭვოა პრეზიდენტ ერდოღანის ზღაპრულ სასახლეში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე წლის წინ განასრულა, ასეთი „ურნები“ დაედგათ. მით უმეტეს, სახელმწიფოს მეთაურის კაბინეტში.

ვლადიმირ პუტინმაც უმალვე დრო იხელთა ორ „დაუძინებელ მეგობარს“ შორის ატეხილი კლინჩისთვის „ცეცხლის შესანთებად“, როდესაც თავისი პრესმდივნის პირით ტრამპის წერილს „დიპლომატიურად უჩვეულო“ უწოდა.

მაინც რას წერს ასეთს გლობალური ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის, თურქეთის მეთაურს? ქართულად ამ „უსტარის“ ძირითადი პოსტულატები ასე ითარგმნება (ოღონდ, თარგმნისას ტონალობისა და სემანტიკური ნიუანსების შეძლებისდაგვარად დაცვით): მოდი ვიმუშაოთ კარგ გარიგებაზე. შენ ხომ არ გინდა გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის ხოცვა/ამოჟლეტაზე? მე კი არ მინდა ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის დანგრევა/განადგურებაზე. არადა, შემიძლია ამის გაკეთება... ახლა დაბეჯითებით ვმუშაობ შენი (!) ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად... ისტორია დაგიფასებს, თუ სწორად მოიქცევი... მაგრამ სამუდამოდ მოინათლები სატანად, თუ სწორად არ მოიქცევი... ნუ გაკერპდები/გაჯიუტდები და ნუ იქნები სულელი!“

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შექსპირული ვნებები დაეუფლებოდა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელსაც აქვს პრეტენზია (არცთუ უსაფუძვლო), რომ უდიდესი ფიგურაა თურქეთის უახლეს ისტორიაში თვით ქემალ ათათურქის („თურქთა მამის“) ანუ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის შემდეგ. 

თავდაპირველად განაცხადა, პენსსა და პომპეოს საერთოდ არ შევხვდებიო. თუმცა მაინც მიიღო და საინტერესო შეთანხმებასაც მიაღწია: სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ რამდენიმე დღით შეწყდება იმ პირობით, რომ თვით ქურთები დაეთანხმებიან რამდენიმეკილომეტრიანი „უსაფრთოების ზოლის“ შექმნას სირია-თურქეთის საზღვარზე და მესამე მხარეს ჩააბარებენ მძიმე შეიარაღებას. გარდა ამისა, თვითონ ააფეთქებენ საკუთარ საფორტიფიკაციო ნაგებობებს.

რა ბედი ეწევა ან ამ შეთანხმებას, ან მთელს სამხედრო ოპერაციას, ჯერჯერობით უცნობია. ამ მომენტისთვის უდავოდ გამარჯვებული მხოლოდ კრემლის ბინადარია: პუტინმა დაუყოვნებლივ დაძრა თურქეთის საზღვრისკენ მისი მარიონეტის, ბაშარ ალ ასადის არმია, რომელსაც სირიელი ქურთები სიხარულით შეხვდნენ; რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა კი დიდი ინტერესით „მოინახულეს“ ამერიკული სამხედრო ბაზები. ბოლო დღეებია რუსული ტელევიზიები ტკბებიან (смакуют) ამ კადრებით. 

როგორც ჩანს, წინასწარ არსებობდა გარკვეული შეთანხმება ანკარასა და მოსკოვს შორის: თურქეთი შეუტევდა ქურთებს, აიძულებდა ტრამპს, გაეყვანა ამერიკის მოკავშირეთა ტერიტორიიდან სამხედრო ქვედანაყოფები (ოღონდ შორს არ წასულან - იქვე, ერაყის ქურთისტანში დაბანაკდნენ), შემდეგ კი სირიის რეჟიმი, რუსულ ქვედანაყოფებთან ერთად, დაიკავებდა ბუფერული ზონის მიმდებარე ტერიტორიას, თვით ქურთებისავე თანხმობითა და მადლიერებით. ამრიგად, „ქურთისტანის“ შექმნის იდეა და მრავალსაუკუნოვანი ოცნება კიდევ ერთხელ დამარცხდა, თუმცა, ალბათ, არ დასამარებულა სამუდამოდ. 

რეალურად, მთელს ამ ისტორიაში, რომელიც არც პირველია და არც უკანასკნელი, უმთავრესი ამერიკის სტატუსია: მოსწონს ვინმეს თუ არა, ისე წარმოჩნდა, რომ ამერიკამ „მიატოვა“ თავისი ერთგული მოკავშირეები (ქურთები), რომელთაც ათასობით ჯარისკაცი დაკარგეს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ მათ აიღეს ISIL-ის დედაქალაქი რაქკა. თუმცა, ყველა პრეტენზიის პასუხად, დონალდ ტრამპმა ქურთებს შეახსენა, რომ „დიდი ფულიც მიიღეს“ სანაცვლოდ და რომ... ნორმანდიაში, 1944 წელს, „მოკავშირეთა“ დესანტში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

ბუნებრივია, თუ ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ რეალურ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს, ეს ზომები თურქულ ეკონომიკას მართალია ვერ „დაანგრევს/გაანადგურებს“, მაგრამ ძალიან დააზიანებს! შესაბამისად, ერდოღანი მაინც იძულებული იქნება, ფრთხილად იმოქმედოს... ოღონდ „მოკავშირეთა მიმტოვებლის“ იმიჯს რა ეშველება? გლობალური ზესახელმწიფოსთვის „მოკავშირეობის“ ღირებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პრეცედენტიც - ბევრისთვის დამაეჭვებელი და შემაშფოთებელი. 

აქ უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას, რომ ვალდებულებები ქურთთა მიმართ პირადად დონალდ ტრამპს არ უკისრია: 2016 წელს, როდესაც პრეზიდენტი გახდა, მას დიდწილად დახვდა რეალობა „ადგილზე“ - სირიის ქურთისტანში. ემოციურ ტალღაზე არც იმას აქცევენ ყურადღებას, რომ არაფერი უჩვეულო და მისი „ფილოსოფიის“ საწინააღმდეგო პრეზიდენტ ტრამპს არ ჩაუდენია: იგი ხომ ქვეყნის სათავეში მოვიდა (ამერიკელებმა აირჩიეს!) სწორედ ამ დაპირებით: „მივხედოთ ჩვენს თავს“, „კისერი უტეხიათ ჩვენგან ათასობით კილომეტრში მყოფ მეომარ მხარეებს“, „სხვებმა იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებაზე“, „ჩემი მისიაა ამერიკის ეკონომიკური აღორძინება, მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსის აღმოფხვრა, მოგება... მოგება... მოგება...“

„Make America Great Again“ - ტრამპისთვის ლეგენდარული, ამჟამად ვირთხების ცარიელ სამფლობელოდ ქცეული დეტროიტის აღორძინება, ამერიკული ბიზნესის ინტერესებზე ზრუნვაა და არა ორი ოკეანის მიღმა მსოფლიოში მიმდინარე ომებში ჩართვა. 

დონალდ ტრამპი „თხემით ტერფამდე“ ბიზნესმენია მთელი თავისი მენტალობით, „პიროვნული კონსტიტუციით“, ცხოვრების წესით, ღირებულებებით... ანუ „გორდონ გეკო“, რომლის ხატება დიდმა ამერიკელმა რეჟისორმა, ოლივერ სტოუნმა შექმნა ეპოქალურ ფილმში Wall Street, მაიკლ დუგლასის ბრწყინვალე შესრულებით. 

სტოუნს არც დაუმალავს ოდესმე, რომ გეკოს პროტოტიპი ტრამპი იყო. უფრო მეტიც: მონაწილეობს კიდეც ერთ-ერთ ეპიზოდში, თუმცა იმდენად უგერგილო მსახიობი აღმოჩნდა (რაც ნიშანდობლივია - ნამდვილი პოლიტიკოსები კარგი აქტიორები არიან ხოლმე), რომ რეჟისორი იძულებული გახდა, ეს ეპიზოდი „ფილმიდან ამოეჭრა“. 

სხვათა შორის, ბევრს ისიც გაუკვირდა, რომ 20 წლის შემდეგ, სიქველში - Money Never Sleeps გორდონი ბევრად სიმპათიურ პერსონაჟადაა წარმოჩენილი, რაც მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს: როგორც ყველა დიდი ხელოვანი, სტოუნიც გრძნობდა ახალი ეპოქის სუნთქვას და კონკრეტული პიროვნების ხასიათშიც ამჩნევდა „ისტორიულ ძალთა“ ამოძრავებას.

ეს ძალები დღეს ამერიკის სათავეში მოვიდნენ. ამ გრანდიოზული ქვეყნის მასშტაბთა გათვალისწინებით, სწორედ მსოფლიო იქნება იძულებული ახალ რეალობას „შეეწყოს“ და არა პირიქით - ამერიკა მსოფლიოს, ანუ დღემდე არსებულ გეოპოლიტიკურ თუ დიპლომატიურ ტრადიციებს. 

18 ოქტომბერი 2019

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი