გერმანია ყველაფერს გააკეთებს. . . . . . . . . . 

გერმანია ყველაფერს გააკეთებს. . . . . . . . . . 


        შევარდნაძე ბერლინამდე ოთხმა «ევროფაიტერმა» გააცილა
       

        ოთხშაბათს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძე სამშაბათს საღამოს ეწვია ბერლინს. აღსანიშნავია, რომ სტუმრისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად გერმანიის ლუფტვაფემ (სამხედრო საჰაერო ძალებმა) გერმანიის საზღვრიდან პრეზიდენტის თვითმფრინავს საპატიო ესკორტი აახლა ოთხი ავიაგამანადგურებლის სახით.
        ბერლინის აეროდრომზე კი 22-ჯერ გაისროლეს ქვემეხი საქართველოს დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის პატივსაცემად.
        როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ვიზიტად ეწვია არა ბონს, არამედ ბერლინს; მანამდე ეს პატივი ხვდა მხოლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ბარაქს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გერმანელების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას (წარსული დანაშაულის კომპლექსის გამო) ებრაელებისადმი, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამაგი მაინც სათანადოდ დაუფასეს. გარდა ამისა, ბარაქის ვიზიტს «სახელმწიფო ვიზიტის» სტატუსი არ ჰქონდა.
        გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ დახვედრის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გერმანელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ედუარდ შევარდნაძეს გადასცა გერმანიის უმაღლესი ჯილდო - პირველი ხარისხის ფედერალური დიდი ჯვარი.
        ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შევარდნაძე პირველი მიიწვიეს ბერლინში, როგორც გერმანიის დედაქალაქში, რათა ამით გამოეხატათ გერმანელი ხალხის მადლიერება მის მიმართ.
        იოჰანეს რაუს თქმით, შევარდნაძის ნებისყოფამ და პიროვნულმა ძალამ განაპირობა ის, რომ გრანდიოზულმა ისტორიულმა მოვლენამ, გერმანიისა და მთელი ევროპის გაერთიანებამ, უსისხლოდ ჩაიარა. «გერმანიის ხალხი არასოდეს დაივიწყებს წვლილს, რომელიც შევარდნაძემ შეიტანა იმ დაუვიწყარ პროცესებში», - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა;
        იოჰანეს რაუს აზრით, სწორედ შევარდნაძემ, მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, მისცა ბიძგი იმ სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც აუცილებელი იყო გერმანიის გასაერთიანებლად;
        თუმცა, იოჰანეს რაუმ და შევარდნაძემ პრესკონფერენციაზე არც ის დაივიწყეს, რომ ათი წლის წინანდელი მოვლენები მათი საუბრის მთავარი თემა არ ყოფილა. შევარდნაძე გერმანიაში ჩავიდა არა როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო მინისტრი, არამედ როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მისმა გერმანელმა კოლეგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეხმაროს საქართველოს. მას არც ის დავიწყებია, რომ «გერმანიაში ამ საკითხზე აზრთა უთანხმოება არ არსებობს – ყველა პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებით.»
        ოთხშაბათს საღამოს, ედუარდ შევარდნაძე შეხვდა გერმანიის ფედერალურ კანცლერს, გერჰარდ შრიოდერს; ოღონდ ამჯერად საუბარი უფრო კონკრეტულ პრობლემატიკას შეეხო.
        დიალოგი შრიოდერთან ნაკლებ ცერემონიული იყო, ვიდრე პრეზიდენტთან (გერმანიის პრეზიდენტი მხოლოდ ერისა და ქვეყნის სიმბოლოა); გაირკვა, რომ ისევე, როგორც ყველა გერმანელი, შრიოდერიც მადლიერია შევარდნაძის, ოღონდ საქართველო მას მხოლოდ ამ მადლიერების გამო როდი აინტერესებს.
        გერმანიის კანცლერის თქმით, შევარდნაძემ შეძლო, ეს პატარა ქვეყანა ექცია საინტერესო გეოპოლიტიკურ პარტნიორად. ბალკანეთის ომში აქტიური მონაწილეობის შემდეგ გერმანია საბოლოოდ განთავისუფლდა ზემოთხსენებული კომპლექსისაგან და, უახლოეს მომავალში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით, აპირებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უფრო აქტიურად შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.

დრონი, 14 ოქტომბერი, 1999 წელი