ბუში რუსეთს აღარ ერიდება

ბუში რუსეთს აღარ ერიდება


        ავღანეთი, ფილიპინები, იემენი... საქართველო

        გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში-უმცროსმა 11 სექტემბრის ტრაგედიის ექვსი თვის გადასახედიდან, ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ამ საგანგებო ბრიფინგს მსოფლიოს ყველა უდიდესი ტელეკომპანია გადასცემდა პირდაპირ ეთერში.
        იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშის განცხადება (თავისთავად) უფრო ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა საქართველოში, ან 10 «იროკეზის» გადმოცემა.
        საქმე ის გახლავთ, რომ ჯორჯ ბუშის სიტყვა ეძღვნება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთ უდიდეს მოვლენას ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიაში – 11 სექტემბრის ტრაგედია «ძველი და ახალი ეპოქის» მიჯნად იქცა.
        მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდა სახელმწიფოს ლიდერის ამ სიტყვას. მან ერთგვარად «შეაჯამა» ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები - «უპირველესად, ანტიტერორისტული ოპერაცია და მთლიანად, ამერიკის ძალისხმევა ახალ «გამოწვევათა» წინააღმდეგ.
        პრეზიდენტმა ბუშმა დაადასტურა, რომ საქართველოში გამოიგზავნა (ან გამოიგზავნება ) ასეულობით სამხედრო ინსტრუქტორი. გარდა ამისა, (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) პრეზიდენტმა ბუშმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკა უშუალო სამხედრო დახმარებას გაუწევს საქართველოს არმიის ჩამოყალიბებაში. ეს აღარ არის მხოლოდ «ტექნიკური დახმარება». იგულისხმება სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოწოდებაც, რასაც უეჭველად თან სდევს სპეციალური (სადაზვერვო) ინფორმაცია. ეს კი ნებისმიერ იარაღზე ძვირად ფასობს თანამედროვე მსოფლიოში.
        პრეზიდენტ ბუშის განცხადებაში ყველაზე საყურადღებო მაინც ის არის, რომ იგი არ მოერიდა რუსეთის მძვინვარე რეაქციას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოში სამხედრო შემოსვლის ფაქტი და იარაღის მოწოდების გადაწყვეტილება მან დაადასტურა ცოტა ხნის წინანდელი ისტერიული რეაქციის შემდეგ და მის მიუხედავად.
        აქედან კი ერთი, მთავარი დასკვნა გამომდინარეობს: საქართველო ნამდვილად გაჩნდა და დამკვიდრდა ამერიკის გეოპოლიტიკურ განზრახულობათა «რუკაზე». არათუ 15 ან 10, არამედ 3-4 წლის წინათ ამაზე ოცნებაც კი სითამამედ ჩაითვლებოდა. დღეს ეს რეალობაა და პრეზიდენტმა ბუშმა «ღიად თამაში» ამჯობინა. მაშასადამე, საქართველო «პატარა კოზირი» აღარ არის. ამერიკული დივიზიები საქართველოში, არ გადმოსხდებიან, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოში არანაკლები ფასი აქვს.

დილის გაზეთი, 12 მარტი, 2002 წელი