აფხაზური არჩევნები ნასახლარზე

აფხაზური არჩევნები ნასახლარზე

 

 როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები და «პლებისციტი» აფხაზეთში «ტრიუმფით» ჩატარდა. არძინბამ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა – არჩევნები და რეფერენდუმი ნაწილობრივ გალის რაიონშიც გაიმართა, ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოასწრო სამურზაყანოს დატოვება და ენგურს გამოღმა გადმოსვლა.
        მიუხედავად ამისა, სეპარატისტთა ტელევიზია მაინც რიხიანად აცხადებს, რომ «რეფერენდუმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა».
  დიდად სამწუხაროდ, სეპარატისტები, მცირე გამონაკლისის გარდა, სიმართლეს ამბობენ – გალის რაიონში დისლოცირებული ე.წ. «რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა», რა თქმა უნდა, აფხაზეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა და «დემოკრატიულ პროცედურას» ხელს არ შეუშლიდა.
        ერთადერთი მონაკვეთი აფხაზეთის ტერიტორიისა, სადაც კვლავინდებურად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, კოდორის ხეობაა. ამ ხეობაში გამაგრებულმა ქართულმა მოსახლეობამ არ მისცა საშუალება სეპარატისტებს, დალი-სვანეთშიც დაედგათ იგივე «შოუ», თუმცა «არძინბისტები» ამ ფაქტორს ყოველნაირად ჩქმალავენ და წამდაუწუმ გაიძახიან, რომ მათი იურისდიქცია აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.
        რაც შეეხება საკუთრივ არჩევნების შედეგებს, რა თქმა უნდა, არძინბამ გაიმარჯვა – მისმა ძირითადმა ოპონენტებმა (ოზგანმა და შამბამ) გადაწყვიტეს, არ წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები, რათა ურთიერთდაპირისპირებით ხელი არ შეეწყოთ აფხაზეთში შიდა დაძაბულობის ესკალაციისთვის.
        აფხაზ სეპარატისტებს სათანადო პოლიტიკური კულტურა ნამდვილად აქვთ, თუმცა ეს მათი ლიდერების ფაშისტურ ბუნებას სულაც არ ცვლის. იმავდროულად, არძინბა გაცილებით მეტ მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, «რეფერენდუმს» ანიჭებდა.
        იურიდიულად, აფხაზეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ხმა მისცა ორი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში «სუვერენიტეტის» შესახებ პუნქტის შეტანის თაობაზე. კონსტიტუციის ამ მუხლის შესაბამისად, აფხაზეთი არის სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო.
        უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ დაფიქსირებულია ორივე ტერმინი («სუვერენულიც» და «დამოუკიდებელიც»); სეპარატისტები ხელმძღვანელობენ «საბჭოთა სამართლის» ნორმებით, რომელიც სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას არ აიგივებდა. არადა, რეალურად ეს ერთი და იგივეა. ყოველ შემთხვევაში, დასავლური იურისპრუდენცია მთლიანად აიგივებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამიტომ, დასავლურ ავტონომიებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ «სუვერენიტეტი»; «საბჭოთა ავტონომიებს» კი (ფორმალურად) სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშან-თვისება ჰქონდათ, სუვერენიტეტის ჩათვლით.
        ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა, რათა ე.წ. «ავტონომიები» ექციათ «მოკავშირე რესპუბლიკებში» ჩადებულ შეყოვნებული მოქმედების ნაღმებად. ამ ნაღმებმა «წარმატებით» იმუშავა იმპერიის დაშლისთანავე; თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ მათი ამოქმედება კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა განზრახული - «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» უფლებრივი გათანაბრების ფორმით.
        აფხაზეთში რეფერენდუმის გამართვით არძინბას ხელისუფლებამ იურიდიულად «ლოგიკურ დასასრულამდე» მიიყვანა სეპარატისტული პროცესი, საპრეზიდენტო არჩევნები კი, სეპარატისტული ხელისუფლების სტრუქტურიზების საბოლოო აქტი გახლდათ.
        ისე გამოდის, რომ ამიერიდან, პოლიტიკური თვალთმაქცობის მიზნითაც კი, არძინბას ხელისუფლება ვეღარ გამართავს მოლაპარაკებას თბილისთან «სახელმწიფოებრივ - სამართლებრივი ურთიერთობების აღდგენის» თაობაზე.
        მოლაპარაკებათა საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ურთიერთობათა «დადგენა» - როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის და არა მათი «აღდგენა» - არძინბამ კატეგორიულად უარყო გაეროს გენერალური მდივნისთვის «გაგზავნილ წერილში» საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული აფხაზეთის მომავალი სტატუსის თეზისები და ამ პრინციპებს «ხელახალი ავტონომიზაციის» გეგმა უწოდა.
        დასკვნა შექმნილი ვითარებიდან შეიძლება მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი იყოს: ხუთწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, სრულ და გამოუვალ ჩიხში შევედით. უფრო ზუსტად, ამ ჩიხში შეგვიტყუეს არძინბამ და რუსეთმა;
        პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ვცადოთ ჩიხიდან გამოსვლა ძალის მეშვეობით, თუმცა საეჭვოა, ამან სასურველი შედეგი მოგვცეს.
        არსებობს სხხა საშუალებაც – სეპარატისტთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული «არჩევნები» შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რათა დავსვათ საკითხი სამშვიდობო პროცესისა და მოლაპარაკებათა ამჟამინდელი ფორმატის შეცვლის შესახებ.
        შესაბამისი «პოლიტიკური არგუმენტები» უხვად გვაქვს, რათა რუსეთს მისთვის უაღრესად ხელსაყრელი «მთავარი შუამავლის» წოდება და ფუნქცია ჩამოვართვათ.
        მომდევნო ეტაპზე კი ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანაც თანდათან მომწიფდება. სულ ერთია, საქართველოს სხვა გზა აღარ დარჩა -– მას შემდეგ, რაც მდინარე ფსოუზე გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა, დრო კიდევ უფრო მეტად «მუშაობს» ჩვენს წინააღმდეგ.
        სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლით შეიძლება ვცადოთ, რამე მაინც შევინარჩუნოთ, თუ მთლიანად, ძველი ფორმითა და სტატუსით ვეღარ დავიბრუნებთ აფხაზეთს.

დრონი, 5 ოქტომბერი, 1999 წელი