აფხაზეთში მეგრულ სკოლებს ხსნიან

აფხაზეთში მეგრულ სკოლებს ხსნიან

 

    რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აფხაზი სეპარატისტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაციის შესახებ. აფხაზეთის  «განათლების სამინისტრომ» მიიღო დადგენილება აფხაზეთში მეგრული სკოლების დაარსების თაობაზე. ამავე დროს, შეიქმნა სამთავრობო კომისია ვინმე ასტამურ ქეცბას ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა შექმნას «მეგრული ანბანი» - რუსულ გრაფიკაზე დაყრდნობით.
    ამ გადაწყვეტილების პროვოკაციულობა იმთავითვე თვალნათელია: როგორც ჩანს, აფხაზ სეპარატისტებს განზრახული აქვთ ღრმა დივერსია განახორციელონ ქართველი ერის მთლიანობის წინააღმდეგ; მათ სურთ საერთოდ წაშალონ ქართული და ქართული სახელმწიფოებრიობის ნიშანწყალი აფხაზეთში და კიდევ უფრო მეტი - სამეგრელოშიც აამღვრიონ წყალი.
    ამჟამად ენგურს გაღმა ქართული (მეგრული) მოსახლეობა თითქმის საერთოდ აღარ დარჩა, მაშ, რისთვის იხსნება სკოლები? როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს უაღრესად მზაკვრულ და შორსმიმავალ ჩანაფიქრთან - აფხაზებს სურთ ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს აფხაზეთში იმ ქართველ ლტოლვილებს დააბრუნებენ, რომლებიც თავს «ქართველად» აღარ ჩათვლიან და «მეგრელად» ჩაეწერებიან - სინამდვილეში ესეც ბლეფია, ვინაიდან არძინბას არანაირად არ აძლევს ხელს დღეს არსებული დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა აფხაზეთში.
    არძინბას ეს პროვოკაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რაოდენ უპასუხისმგებლო და საზიანოა თეზისი «აფხაზეთში ჯერ ლტოლვილთა დაბრუნებისა და საქართველოს იურისდიქციის აღდგენის მეორადობის» შესახებ - სინამდვილეში კი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯერ სწორედ იურისდიქციის საკითხი გადაწყვიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნოს ლტოლვილები. ვერც რუსეთის სამშვიდობო ჯარებისათვის საპოლიციო ფუნქციების მინიჭება და ვერც «აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი» ამ პრობლემას ვერ წყვეტს, რაკი განათლების საკითხები ნებისმიერი ფედერაციულ სახელმწიფოშიც ფედერაციის სუბიექტის კომპეტენციას განეკუთვნება და არა ცენტრალური ხელისუფლებისას. არძინბამ კი შეიძლება სცადოს ამ უფლების გამოყენება უკვე თვით ქართველი ერის ეთნიკურ მატრიცაში დამანგრეველი პროცესების პროვოცირებისა და გაღრმავებისათვის.

«მიმომხილველი», 14 თებერვალი, 1996 წელი.